ცისარტყელას იქით სამშობლოა
ფერეიდნელი ქართველები ოთხი საუკუნეა ქართულ ენას ინარჩუნებენ. ირანში ქართული ანბანის ძეგლი დადგეს. ჩვენ კი, საქართველოში დაბადებული ქართველები, ქართულ სიტყვებს ნელ-ნელა საუბრიდან ვაგდებთ და უცხოური სიტყვები შემოგვაქვს... როდესაც მათ ვესაუბრებოდი, ჩვენი უწმინდესის სიტყვები გამახსენდა, ფერეიდნელ ქართველებში სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულიაო. ისტორიული სამშობლოსაგან მოწყვეტილ ქართველთან საუბრისას შევნიშნე, რომ სევდიანი სიხარულის ცრემლებით აევსოთ თვალები...
ეს სევდიანი ისტორია ბახთიარის მთებიდან იწყება, როცა მე-17 საუკუნის დასაწყისში ქართველთა დიდი ნაწილი ცენტრალურ ირანში, ისპაჰანიდან 200 კილომეტრში, ფერეიდანში ჩაასახლეს და სარწმუნოებასა და სამშობლოზე ათქმევინეს უარი. ასე გაჩნდა ირანში ქართული სოფლები: ზემო მარტყოფი, ქვემო მარტყოფი, ჩუღურეთი, რუისპირი, ვაშლოვანი და სხვა. ფერეიდნელებს სჯერათ, რომ თუ ცისარტყელას ქვეშ გაძვრებიან, სამშობლოში დაბრუნებას მოახერხებენ. ცისარტყელას იქით მათი სამშობლოა, რომელიც არასოდეს უნახავთ, რომლის ნატვრაშიც მთელი 400 წელი გავიდა. ისტორიული პროცესების ტყვეებმა სარწმუნოებისა და სამშობლოსი ვერა, მაგრამ ენის შენარჩუნება მოახერხეს. ამბობენ, რომ ენა ერთადერთია, რაც საქართველოსთან აკავშირებთ. ასე ფიქრობს ჩვენი რესპონდენტი სინა რაჰიმიც:
- ილიას თქმისა არ იყოს: სამი რამაა მნიშვნელოვანი, ენა, მამული და სარწმუნოება. მამული და სარწმუნოება დავკარგეთ, მაგრამ ბევრი ვიბრძოლეთ, რომ ენა შეგვენარჩუნებინა. ენა ხომ სამშობლოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი იყო ჩვენთვის... მართალია, შეიცვალა აქცენტები და ჩვენს ქართულში ხშირად სხვა სიტყვებია, სხვა ლექსიკა, უფრო ძველქართული, შეიძლება ძველმოდურიც, მაგრამ მთავარი ხომ ის არის, რომ ირანის შუაგულში 400 წლის განმავლობაში შემოვინახეთ ქართული ენა.
- როგორ ჩანს საქართველო ირანიდან?
- მთელი ბავშვობა დაბრუნებაზე ვოცნებობდი, ყველაზე მძაფრად ეს მახსოვს. ეს იყო ჩვენი წინაპრების ოცნებაც, მაგრამ მაშინ სად იყო ამის შესაძლებლობა. საქართველო ზღაპარივით ჩანდა იქიდან. ჩემს სახლში ფერეიდანში ყველა კედელზე საქართველოს რუკაა გაკრული, იქ პატარა საქართველოა. საქართველო არც გვენახა და მაინც გვენატრებოდა. ბევრი რთული და მძიმე სიტუაცია გამოიარეს ჩემმა წინაპრებმა, გადასახლებისას ბევრი დაიღუპა, მაგრამ სამშობლოს სიყვარული არასდროს დაუკარგავთ. ბევრს უნდა ჩამოსვლა, მაგრამ ვერ რისკავენ, ეშინიათ. მიწაზე მუშაობენ, სახლი აქვთ, მეგობრები ჰყავთ, ძალიან რთულია ცხოვრების ნულიდან დაწყება.
- როგორ ცხოვრობენ ფერეიდნელი ანუ მარტყოფელი ქართველები, და რა აქვთ მათ ჩვენთვის უჩვეულო ცხოვრების წესში?
- ოჯახში შესვლამდე ფეხზე უნდა გაიხადო. აქ მოწყენილი, ნასვამი და ხელგაწვდილი ადამიანი არ არსებობს. ქუჩაში სპეციალური ყუთები დგას, სადაც სურვილისამებრ შესაწირს დებენ და შემდგომ ქალაქის მუნიციპალიტეტი ანაწილებს საჭიროებისამებრ და რაც მთავარია, ამ 400 წლის განმავლობაში არც ერთ ქართველს ქართველზე ხელი არ აღუმართავს. გინებითაც კი არ იგინებიან. აქაურ ქართველებს ერთმანეთის დიდი პატივისცემა და მოწიწება აქვთ.
- ყველაზე დიდი დასახლება სად არის?
- ფერეიდანშაჰრი დიდი ქართული დასახლებაა, სადაც მცირე რაოდენობით ირანელები, იეზიდები და სომხები ცხოვრობენ. თითქმის ყველა ოჯახს 7-8 შვილი ჰყავს. ორი ან სამი აქ არ არსებობს. ისპაჰანი, ფერეიდანი, თავრიზი, შირაზი - ამ ქალაქებშიც ცხოვრობენ ქართველები, მაგრამ ქართული ენა მხოლოდ ფერეიდანში შეინარჩუნეს. ფერეიდანში თითქმის ყველა ქუჩას ქართული წარწერა აქვს. მანქანებს "საქართველო" ან "სამშობლო" აწერია, ზოგსაც "საქართველო, მიყვარხარ". ისე არიან ერთ მუშტად შეკრული, რომ ქართველს რომ ვინმემ რაიმე დაუშავოს, არ გაახარებენ... როცა აქ საქართველოს რომელიმე კუთხიდან ვინმე ჩამოდის, საყვირებით ხვდებიან... რამდენიმე წლის წინ უწმინდესი ბრძანდებოდა, აქ ძალიან უყვართ ილია IIII. უამრავ ოჯახშია მისი ფოტო. წმინდა კაცს ეძახიან. 2001 წელს, როდესაც მისი უწმინდესობა ირანში ჩამობრძანდა, ფერეიდნელი ქართველებიც მოინახულა. როგორც ამბობენ, დაცვა მოხსნა პატრიარქმა და ისე შევიდა დასახლებაში. არსებობს ვიდეო, როგორ ტირის პატრიარქი, მას ხელზე კოცნიან და ეფერებიან...
- ფერეიდანში უკვე ქართველების მე-17 თაობაა...
- დიახ. იცით, მთებს ქართულ სახელებს არქმევენ, რომ არ დაავიწყდეთ ქართული. მარტყოფში არის ქართველებისათვის ძვირფასი მთა. შაჰ-აბასის გარდაცვალების შემდეგ ქერიმ-ხანს გადაუწყვეტია ხარკის აკრეფა და ისე გართულდა ვითარება, დაუნდობელი ბრძოლა გამართულა მის ლაშქარსა და ფერეიდნელ ქართველებს შორის. იმ ბრძოლისას კაცებმა ცოლ-შვილი გახიზნეს მთაში, მას ციხემთას ეძახიან. შემდეგ ის წმინდა ადგილი გახდა მათთვის. უთანასწორო ბრძოლა გაიმართა ციხემთასთან, ვინც ვერ გაიხიზნა, ამოხოცეს. იქ ბევრი ქართველის სისხლია დაღვრილი, მრავალი ქართული გვარიც ამოწყდა... მაგრამ ვინც გადარჩა, მაინც მოიტანეს ქართველობა ჩვენამდე და მე თუ დღეს სიამაყით ვამბობ, რომ ქართველი ვარ, ჩემი წინაპრების დამსახურებაა.
- რამდენი გვარია ქართული?
- 16-მდე გვარი იყო ადრე. ახლა ზოგიერთმა გვარი შეიცვალა, სპარსული გვარები აქვთ. თუმცა კარგად იციან, რომ მათ გვარს ქართული წარმომავლობა აქვს. ძირითადად ონიკაშვილები, დავითაშვილები, იოსელიანები, ხუციშვილები, გოგიჩაიშვილები და ბათუაშვილები ცხოვრობენ. მარტყოფში ადრე გვარების მიხედვით იყო დასახლება. ახლაც არის შემორჩენილი, მაგალითად, ბათუანთ უბანი, ონიკაანთ უბანი და ასე შემდეგ. მოსახლეობა ძირითადად მიწათმოქმედია, ახალგაზრდები კი სწავლობენ.
- ირანში მართლმადიდებლებისთვის ქართული ეკლესია არსებობს?
- ისპაჰანში ერთი ეკლესიაა ქართველებისათვის, მაგრამ სომხებმა დაიჩემეს, ჩვენიაო. სომეხს უფლება აქვს ირანში, რომ თავის ეკლესიას ჯვარი ჰქონდეს გამოსახული, ქართველებს - არა. ქართველებს უკრძალავენ, თორემ სომხები ბედნიერად ცხოვრობენ. ყველაზე მეტი მეჩეთი იქ დგას, სადაც ქართველები ცხოვრობენ, ვიდრე სხვა რეგიონებში. ერთ დიდ დასახლებაში უზარმაზარი სალოცავი ააშენეს და როდესაც მოლა ჩავიდა, არც ერთი ქართველი არ მისულა სალოცავად. უამრავი ოჯახი ვიცი, მალულად რომ ქრისტიანობენ, საქართველოში ჩამოდიან და ინათლებიან. შემდეგ მიაქვთ ბევრი საეკლესიო ლიტერატურა და კითხულობენ. უმეტესობა ოჯახებში ქართულად ლაპარაკობს. დღეს ჩემმა თაობამ უფრო მეტი იცის საქართველოზე, ვიდრე მოხუცებმა.ჩემი სურვილია, ორივე ქვეყანაში მშვიდობა და წინსვლა იყოს. ეს ორი ქვეყანა ძველთაგანვე ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. ახლაც არიან და მომავალშიც ასე იქნებიან. ნათქვამია, „კარგი მეზობელი 10 ახლობელს სჯობიაო.“ ირანი და საქართველო ერთმანეთის მეზობლები არიან. მათ ერთმანეთის დახმარება მეტად შეუძლიათ, ვიდრე სხვა ქვეყნებს, რომლებიც ჩვენგან შორს არიან.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველ საზოგადოებაში ვხედავ ხარვეზებს, მწამს, რომ საქართველო აყვავდება. ქართველებმა ერთმანეთი უნდა მივიღოთ და პატივი ვცეთ. იცოდეთ, ძალა ერთობაშია. მივესალმები ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობას, საქართველოს ეკონომიკას. ამისათვის საქართველოს ბევრი საშუალება აქვს, თუ სწორად გამოიყენებს და მართავს.
ქართველებს გადაეცით, რომ ჩვენ ისინი ძალიან გვიყვარს! არ გვავიწყდებიან და არც არასოდეს დავივიწყებთ! საქართველო, მიყვარხარ! ვიდრე ჩვენ, მათი სისხლი და ხორცი ვიარსებებთ, ფერეიდნელი ქართველები დავიწყებას არ მიეცემიან.
რუსუდან შაიშმელაშვილი