ღაზა-ისრაელის კონფლიქტის მიზეზები - კვირის პალიტრა

ღაზა-ისრაელის კონფლიქტის მიზეზები

"უბოროტესი და სასტიკი აქტი, როდესაც "ჰამასის" ტერორისტული ორგანიზაციის მეომრები არ ინდობდნენ ქალებს, ძუძუთა ბავშვებსაც­ კი, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობამ დაგმო. საქართველოში, სადაც ისრაელისა და ებრაელების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებაა, ეს შემთხვევა ყველამ გულთან ახლოს მიიტანა და, ვბედავ განვაცხადო, თითქმის ისევე განიცადა, როგორც ისრაელის მოქალაქეებმა... ტერორისტულ აქტს, მითუმეტეს ასეთი მასშტაბისას და ასეთი მხეცობით ჩადენილს, გამართლება არა აქვს, მაგრამ შეიძლება ჰქონდეს ახსნა. შევეცდები მოკლედ შევეხო ისრაელ-პალესტინელთა კონფლიქტის წინა პირობებს, რაც მოიცავს სხვადასხვა მხარის მრავალ­ შეცდომას,­ რის შედეგსაც იმკიან დღევანდელი ადამიანები" - ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური გეოგრაფიის პროფესორი, ყოფილი ელჩი ისრაელში რევაზ გაჩეჩილაძე.

- ორი ათასი წლის წინ ებრაელები­ სახლ­ობდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა ისრაელის სახელმწიფოა. მაშინ ის რომის­ იმპერიის შემადგენლობაში იყო. ახ.წ. II საუკუნეში, ებრაელთა დიდი აჯანყების სისხლიანი ჩახშობის შემდეგ, რომაელებმა იერუსალიმში ცხოვრების უფლება აუკრძალეს მათ და იერუსალიმის ადგილზე ააშენეს ქალაქი ელია-კაპიტოლინა. რომი ამ ტერიტორიას უწოდებდა "სირია-პალესტინას", შემოკლებით "პალესტინას". ებრაელები ერთხანს პალესტინის სხვა ქალაქებში ცხოვრობდნენ, იერუსალიმის გარეთ, შემდეგ კი გაიფანტნენ რომის იმპერიასა და მეზობელ ქვეყნებში. საერთო რელიგია, იუდაიზმი (ებრაულ ენაზე ცნებები "ებრაელი" და "იუდაისტი" არ განსხვავდება: მათ ერთი სიტყვა გამოხატავს - "იუდი") იცავდა ებრაელებს სხვა ხალხებში გათქვეფისაგან. ევროპის ქრისტიანი მონარქები არ აძლევდნენ ებრაელებს მიწის ფლობის უფლებას. ებრაელები ქალაქის მოსახლეობად ჩამოყალიბდნენ, ვაჭრობა­-ხელოსნობას მიჰყვნენ და ზოგიერთი ძალიან გამდიდრდა. მას შემდეგ, რაც რომის იმპერიაში ქრისტია­ნობა გაბატონდა,­ იერ­უსალიმს ძველი სახელი დაუბრუნდა და ის ქრისტიანობის ცენტრად იქცა. მაგრამ ებრაელებს ამ ქალაქში ცხოვრების უფლება­ ისევ არ ჰქონდათ და ისინი დიასპორაში კვლავ ცხოვრობდნენ. VII საუკუნეში ქალაქი მუსლიმანებს ჩაუვარდათ ხელთ. დამპყრობელმა ხალიფა ომარმა ქრისტიანული­ ტაძრები არ დაანგრია, მან ნება დართო ებრაელებსაც დაბრუნებულიყვნენ იერუსალიმში, რითაც მხოლოდ მცირე ნაწილმა ისარგებლა. XX საუკუნემდე პალესტინას მუსლიმანები განაგებდნენ, XVI საუკუნიდან კი ეს იყო ოსმალეთის იმპერია. ღარიბ და ხრიოკ პალესტინაში არაბული იმიგრაცია დიდი არ ყოფილა, მაგრამ ისლამზე მოქცეული მოსახლეობის უმეტესობა არაბულ ენაზე გადავიდა. იქ ცხოვრობდნენ ქრისტიანებიც (ნაწილი - ბერძნულენოვანი, ნაწილი - არაბულენოვანი, იყვნენ სომხებიც) და მცირერიცხოვანი­ მორწმუნე ებრაელებიც.

დემოგრაფიული ვითარება პალესტინაში­ ერთგვარად შეცვლას იწყებს XIX საუკუნის მიწურულს, როდესაც რუსეთის იმპერიაში­ მზარდი იუდოფობიის (ანტისემიტიზმის) გამო ებრაელების მცირე ჯგუფები პალესტინაში გადადიოდნენ საცხოვრებლად. არსებითი იყო, რომ ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ ებრაელთა შორის ვრცელდებოდა სიონიზმი, ებრაული ნაციონალური იდეა, რომელიც მოუწოდებდა ისტორიულ სამშობლოში, იერუსალიმში დაბრუნებისაკენ,­ და რომლის სინონიმად გამოიყენებოდა­ "სიონი", ამ ქალაქის ერთი ბორცვის სახელი.­ ასეთ დაბრუნებას ებრაულად "ალია" ეწოდება. სიონიზმი­ 1897 წელს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გამართულ პირველ სიონისტურ კონგრესზე დაფუძნდა. ოსმალეთის იმპერიის დროს ალიას მცირე მასშტაბი ჰქონდა, თუმცა ებრაული საქველმოქმედო ფონდები და მდიდარი ებრაელები უკვე ყიდულობდნენ მიწას პალესტინაში ებრაული ახალშენების შესაქმნელად.

პირველი მსოფლიო ომის (1914-1918 წ.წ) დროს მეომარი ქვეყნები ცდილობდნენ მიემხროთ თავიანთ ქვეყნებში მცხოვრები ებრაელები, უპირველესად, ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებაში დახმარების დაპირებით - ასეთი პირობა მისცეს საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმაY თავიანთ მოქალაქე ებრაელებს. სხვათა შორის, გერმანიის ებრაელები იმ მსოფლიო ომში ეთნიკური გერმანელების მხარდამხარ იბრძოდნენ. ყველაზე რეალური აღმოჩნდა ლონდონის დაპირება, რადგან სწორედ ბრიტანული სამხედრო ნაწილები უტევდნენ ოსმალების ხელში მყოფ პალესტინას და აიღეს კიდეც იერუსალიმი 1917 წლის 9 ნოემბერს.

ამ სამხედრო წარმატებამდე ერთი კვირით ადრე, 2 ნოემბერს, ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა საგარეო საქმეთა მინისტრ ართურ ბალფურის სახელით გაუგზავნა დაპირება სიონისტური ფედერაციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ცნობილი ბანკირების, როტშილდების ბრიტანული შტოს წარმომადგენელ ლორდ როტშილდს. ბრიტანეთის მთავრობა აცხადებდა, რომ "კეთილგანწყობით უყურებს პალესტინაში ებრაელი ხალხისათვის ეროვნული კერის დაფუძნებას და გამოიყენებს მთელ თავის ძალისხმევას, რათა გააადვილოს ამ მიზნის მიღწევა, იმის ნათელი გაგებით, რომ არაფერი გაკეთდება ისეთი, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს პალესტინაში არსებული არაებრაული თემების სამოქალაქო და რელიგიურ უფლებებს". აქვე უნდა ითქვას, რომ ბრიტანელებმა ვერ დაიცვეს ის, რისი "ნათელი გაგებაც" ჰქონდათ, ხოლო ებრაელებმა ამ დათქმას ყურადღებაც არ მიაქციეს.

1919 წელს დაარსებულმა ერთა ლიგამ (ის გაეროს წინამორბედი იყო) ბალფურის დეკლარაცია საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე დოკუმენტად აქცია და დიდ ბრიტანეთს მიანიჭა პალესტინის მართვის­ მანდატი. შეიძლება ითქვას, ამ მანდატს ლონდონისთვის თავსატეხის გარდა, არაფ­ერი მოუტანია. პალესტინაში არ იყო არც ნავთობი, არც სხვა ბუნებრივი სიმდიდრე, რაც ბრიტანულ კაპიტალს დააინტერესებდა. ლონდონს უხდებოდა ადრე გაცემული დაპირების შესაბამისად პალესტინაში ებრაული იმიგრაციის მხარდაჭერა­ და იმავდროულად, მზარდი არაბული წინა­აღმდეგობის დაძლევა. 1930-იან წლებში,­ როდესაც ჰიტლერულ გერმანიაში ანტიებრაული კამპანია გაჩაღდა, გერმანიიდან­ პალესტინაში ათიათასობით ებრაელი გადასახლდა. დემოგრაფიული ბალანსი იცვლებოდა, რაც არაბებს ძალიან აშფოთებდა. მეორე მსოფლიო ომის წლებში ნაცისტებმა ებრაელებს ნამდვილი გენოციდი (ჰოლოკოსტი) მოუწყვეს. პალესტინის არაბი საზოგადოების ინტერესების ნაწილობრივი გათვალისწინებით ბრიტანელებს უხდებოდათ ევროპიდან ებრაული იმიგრაციის შეზღუდვა, რაც საშინელი დარტყმა იყო ჰოლოკოსტს გადარჩენილი ებრაელობისათვის: მათ ლტოლვილებს არცერთი ქვეყანა­ არ იღებდა და ამაში დამნაშავე გამოდიოდა ბრიტანეთის მთავრობა, რომელსაც ორ ცეცხლშუა უხდებოდა ყოფნა. სხვათა შორის, 1940-იანი წლების მეორე ნახევარში ბრიტანეთის ლეიბორისტული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ ერნესტ ბევინს, რომელიც ცოტა მკვახე გამონათქვამებით იყო ცნობილი, უთქვამს: "ბალფურის დეკლარაცია იყო ბრიტანული საგარეო პოლიტიკის უდიდესი შეცდომა XX საუკუნეში".

1947 წელს ბრიტანეთმა უარი თქვა პალესტინაზე, სადაც ებრაული და არაბული თემების დაპირისპირება სისხლის ღვრამდე მივიდა და ახალშექმნილ გაეროს გადაულოცა "პალესტინის პრობლემა". გაერომ დაადგინა პალესტინის გაყოფა ორ ეთნიკურ სახელმწიფოდ: ტერიტორიის 57%-ს ჰპირდებოდნენ ებრაულ თემს, ხოლო 43%-ს - არაბებს, რომლებიც იმ დროს ბევრად სჭარბობდნენ ებრაელებს. იერუსალიმი და მიმდებარე ტერიტორია საერთაშორისო კონტროლს უნდა დაქვემდებარებოდა.

შეცდომა იყო, რომ გაეროს არ შეუმუშავებია თავისი დადგენილების შესრულების მექანიზმი და თვითდინებაზე მიუშვა­ საქმე. საბჭოთა კავშირს სურდა მაქსიმალურად ევნო დიდი ბრიტანეთისათვის, თუმცა ლონდონი თვითონ ჩქარობდა თავიდან მოეშორებინა პალესტინის ტვირთი. სტალინის დავალებით პალესტინის გაყოფას მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ანდრეი გრომიკომ, ის ლამის სიონისტური სიტყვით გამოვიდა. პალესტინის გაყოფის გაეროს გეგმას ებრაელები დათანხმდნენ, არაბები კი არა. ეს ამ უკანასკნელთა დიდი შეცდომა აღმოჩნდა, რაც პალესტინელ არაბებს­ ძვირად დაუჯდათ. პალესტინელი არაბების თემი არ იყო შეკრული და სუსტი ლიდერები ჰყავდა, სხვა არაბული სახელმწიფოების იმედი კი ფუჭი გამოდგა.

1948 წლის 14 მაისს ბრიტანული მანდატი ამოიწურა და თელ-ავივში დაუყოვნებლივ გამოცხადდა ისრაელის სახელმწიფოს შექმნა. არაბულმა სახელმწიფოებმა, რომელთა შორის ლიდერობდნენ ეგვიპტე და ტრანსიორდანია, მაშინვე დაუწყეს ომი ისრაელს და წააგეს. ისრაელმა დაიკავა ყოფილი სამანდატო პალესტინის ტერიტორიის 78%, მათ შორის დასავლეთი იერუსალიმი. ღაზის სექტორი ეგვიპტის გამგებლობაში აღმოჩნდა, თუმცა კაირომ ეს ტერიტორია არ შეიერთა. მდინარე იორდანეს აღმოსავლეთით მდებარე ტრანსიორდანიის სამეფოს არმიამ, რომელსაც ინგლისელი გენერალი ედგა სათავეში, არაბულ სახელმწიფოებს შორის ყველაზე წარმატებით იომა: მან დაიკავა იორდანეს "დასავლეთი ნაპირი" და აღმოსავლეთი იერუსალიმი. ეს ტერიტორიები ტრანსიორდანიის მეფე აბდალამ შეიერთა და თავის სახელმწიფოს სახელიც შეუცვალა - ის "იორდანია" გახდა. მეფე აბდალას მიერ "დასავლეთ ნაპირის" ანექსირება სხვა არაბული სახელმწიფოების ლიდერებმა არ მოიწონეს: მათ ერჩივნათ იქ, თუნდაც მცირე, პალესტინის არაბული სახელმწიფო შექმნილიყო. აბდალას სიხარბე დიდი შეცდომა აღმოჩნდა.

ისრაელის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან გაიქცა 700-750 ათასი არაბი, რასაც ისინი "ნაკბას" (კატასტროფას) უწოდებენ. პალესტინელი მუსლიმანები გაიქცნენ იორდანიაში, ლიბანში, სირიაში, ღაზაში (ეგვიპტეში ისინი არ შეუშვეს). ლტოლვილთა შთამომავლობა 5 მილიონზე მეტს ითვლის. მათი დაბრუნება, რასაც არაბები­ ითხოვენ, მკვეთრად შეცვლიდა ისრაელის, ებრაული სახელმწიფოს, ეთნოდემოგრაფიულ სტრუქტურას. ისრაელი ამას არ დაუშვებს. ამავე დროს ბევრ არაბულ ქვეყანაში (იორდანიის გარდა), სადაც პალესტინელ ლტოლვილთა უკვე მესამე-მეოთხე თაობა ცხოვრობს, მათ არ აძლევენ ნატურალიზაციის საშუალებას. ეს ახლო აღმოსავლეთის კიდევ ერთი პრობლემაა.

შეცდომა აღმოჩნდა იორდანიის მეფე ჰუსეინის (აბდალას შვილიშვილის) ჩართვა 1967 წლის ისრაელის წინააღმდეგ ომში, რომელსაც "ცახალი" (ისრაელის არმია) უკვე უგებდა ეგვიპტესა და სირიას. ისრა­ელმა ელვისებურად დაამარცხა იორდანიის­ არმია, დაიკავა "დასავლეთი ნაპირი" და აღმოსავლეთი იერუსალიმი. "დასავლეთი ნაპირი" და ღაზის სექტორი დღემდე ისრა­ელს აქვს ოკუპირებული, აღმოსავლეთი­ იერუსალიმი კი ისრაელმა შეიერთა. ეს აქტი გაერომ უკანონოდ ცნო. ამის გამო უცხოეთის ქვეყნების საელჩოები, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, იერუსალიმში­ არ არის.

2018 წლის 14 მაისს, ისრაელის სახელმწიფოს გამოცხადების 70-ე წლისთავზე, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, რასაც მსოფლიოს ლიდერების უმეტესობა შეშფოთებით შეხვდა, დაიწყო ამერიკის საელჩოს გადატანა თელ-ავივიდან იერუსალიმში. მომავალი განსჯის საგანი იქნება, იყო თუ არა ეს შეცდომა. ღაზელმა არაბებმა კი იმავე დღეს, როდესაც ისინი "ნაკბას" აღნიშნავენ, დემონსტრაცია გამართეს და ქვები დაუშინეს ისრაელის ჯარისკაცებს, რომელთაც ცეცხლით უპასუხეს - მოკლეს 60-მდე არაბი და ორი ათასამდე დაჭრეს. ოკუპირებულ "დასავლეთ ნაპირზე" ისრაელმა 1967 წელსვე დაიწყო ებრაული ახალშენების დაარსება. გაერო, საერთაშორისო სამართლის მოხმობით, მათ არსებობას უკანონოდ მიიჩნევს, მაგრამ ისრაელის მთავრობა ამ აზრს არ ეთანხმება. ამჟამად 130-ზე მეტ ახალშენში (აქ ითვლება აღმოსავლეთ იერუსალიმის ებრაული უბნებიც) 700 ათასამდე ებრაელი ცხოვრობს. ახალშენების საკმაო ნაწილი ღრმადაა შეჭრილი "დასავლეთ ნაპირის" ტერიტორიაზე, რომლის ფართობი სულ 6 ათასამდე კვ.კილომეტრია. ახალშენები გზებით და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობებით ისრაელის ძირითად ტერიტორიას უკავშირდება. ასეთი გზები და დასახლებები მაღალი ღობეებითაა შემოსაზღვრული, რაც აქუცმაცებს არაბების განსახლების ზონას, მათი სოფლების მცხოვრებთათვის მიუღწეველს ხდის სახნავ-სათესს, ზეთისხილის კორომებს, სასმელ და სარწყავ წყალს. ეს დიდ უკმაყოფილებას წარმოშობს და ზრდის სიძულვილს მოახალშენეთა მიმართ, ახალშენების რაოდენობა კი მატულობს.

რაც შეეხება მცირე ფართობის მქონე­ (365 კვ.კმ) ღაზის სექტორს, იქ დაარსებული 8 ახალშენის ევაკუირება ისრაელმა 2005 წელს მოახდინა: მათი დაცვა ისრაელის­ არმიის დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. ღაზაში მხოლოდ არაბი მოსახლეობა დარჩა, რომლის სიმჭიდროვე მსოფლიოში უდიდესია - თითო კვადრატულ კილომეტრზე­ საშუალოდ 5 ათასზე მეტი კაცი ცხოვრობს, ხოლო მაღალი შობადობის გამო სიმჭიდროვე უფრო იზრდება.

ღაზის სექტორში მცხოვრებთა უმეტესობა პალესტინიდან ლტოლვილთა შთამომავალია.­ ისრაელელმა ჟურნალისტმა­ დანი რუბინშტაინმა გაზეთ "ჰაარეცში" მოიყვანა 1956 წელს ისრაელის არმიის გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ მოშე დაიანის სიტყვები, რომელსაც იმ წელს ღაზის სექტორის ახლოს არაბმა ტერორისტმა მეგობარი მოუკლა. სამგლოვიარო სიტყვაში დაიანს უთქვამს: "როგორ შეგვიძლია ვემდუროდეთ ღაზელების სიძულვილს ჩვენ მიმართ? უკვე რვა წელია ისინი ლტოლვილთა ბანაკებში სხედან, მაშინ, როდესაც მათ თვალწინ მათი წინაპრების მიწასა და სოფლებს ჩვენს საკუთარ სახლად ვაქცევთ".

დაიანის ამ სიტყვების შემდეგ თითქმის 70 წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ისრაელის მოძულეთა რიცხვი ღაზაში გაიზარდა. ღაზა მდიდარი არაბული ქვეყნების, ევროკავშირისა და გაეროს ჰუმანიტარული დახმარების ხარჯზე ცხოვრობს. წყალს, საწვავსა და ელექტროენერგიას ისრაელიდან იღებს. ის ძნელად გადასალახი, ელექტრონული სისტემებით აღჭურვილი ღობით ან ბეტონის კედლებით არის გამოყოფილი ისრაელისა და ეგვიპტისგან, რომელთანაც სამხრეთით მოკლე საზღვარი აქვს. ეგვიპტის ამჟამინდელი ხელისუფლებაც ბლოკადაში ამყოფებს ღაზას, სადაც მოსახლეობის დიდი სიმჭიდროვე, უმუშევრობა და ისლამისტური პროპაგანდა ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის ტერორისტების არმიის გასაზრდელად, თუმცა ღაზის მცხოვრებთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობაა.

დიდი სირთულეების გადალახვით ებრაელებმა სრულფასოვანი, ძლიერი, ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფო­ ჩამოაყალიბეს. მისი არმია ახლო აღმოსავ­ლეთში ერთ-ერთი უძლიერესია. მან დას­ძლია არაბული ქვეყნების მტრობა და დაამყარა ნორმალური ურთიერთობა ჯერ ეგვიპტესთან, შემდეგ იორდანიასთან, ახლა უკვე არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარე და ჩრდილოეთ აფრიკის ზოგიერთ არაბულ სახელმწიფოსთან. ისრაელის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია პალესტინელ არაბებთან ურთი­ერთობის ნორმალიზება. ეს შეიძლება მოხდეს პალესტინის არაბული სახელმწიფოს შექმნის შემთხვევაში, მაგრამ ეს პრობლემა ადვილად გადასაწყვეტი არ არის: საზღვრები დაუდგენელია და ებრაული ახალშენების ქსელის ზრდის გამო თანდათან უფრო ბუნდოვანი ხდება.

ამერიკის პრეზიდენტები "ორი სახელმწიფოს" პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობას, ჩვეულებრივ, თავიანთი მეორე, უკანასკნელი ვადის დროს იწყებენ ხოლმე, როდესაც აღარ უხდებათ ფიქრი მომავალი არჩევნებისთვის ფინანსების მოგროვებაზე, მაგრამ ყველა ასეთი მშვიდობისმყოფელი განზრახვა ისრაელის პოლიტიკური ისთებლიშმენტის კონსერვატიული ნაწილის წინააღმდეგობას აწყდება, რომელსაც საკუთარი ამომრჩეველი ეგულება "დასავლეთ ნაპირის" ებრაულ ახალშენებში.

წარსულის შეცდომები აწმყოსა და მომავალზეც ზემოქმედებს...

ესაუბრა მანანა გაბრიჭიძე