"ებრაელთა რთული ისტორია მათი გაძლიერების საფუძვლად იქცა" - კვირის პალიტრა

"ებრაელთა რთული ისტორია მათი გაძლიერების საფუძვლად იქცა"

დღეს იშვიათად იპოვით ადამიანს, რომელსაც არაფერი სმენია აღთქმული მიწის შესახებ, რომელიც ბიბლიის უძველესი გადმოცემებით უფალმა ებრაელებს აჩუქა და რომელზეც ისრაელის სახელმწიფოა დაარსებული. საინტერესო კი ის არის, რომ ბიბლიის უტყუარობას, რასაც კაცობრიობის ნახევარი არც იჯერებდა, დღეს მეცნიერები ადასტურებენ. მეცნიერებთან ერთად კი უძველესი არქეოლოგიური ექსპონატებიც. ბიბლია ასევე მოგვითხრობს იმაზეც, რომ აღთქმულ მიწაზე ებრაელების გვერდით უძველესი დროიდანვე ცხოვრობდნენ ფილისტიმელებიც (პალესტინელები). ეს უკანასკნელები დღემდე ამ მიწაზე არიან და არც აპირებენ სადმე წასვლას. ბიბლიური არქეოლოგიის ერთადერთი­ სპეციალისტს საქართველოში, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ მარიკა მშვილდაძეს სწორედ ამ თემაზე ვესაუბრეთ.

- ბიბლიის მიხედვით, ებრაელებიც და ფილისტიმელებიც (პალესტინელები) მომთაბარენი იყვნენ და დასამკვიდრებელ ადგილს ეძებდნენ. როდესაც მეცნიერებამ ამ უძველესი ცოდნის შესწავლა დაიწყო, ბიბლიის უტყუარობა თანდათან დადგინდა, ვინ იყვნენ ებრაელების პატრიარქები, მამამთავრები, როგორც აირჩია ისინი უფალმა - ესეც ბიბლიაში წერია და მეცნიერება ამ ცოდნასაც ადასტურებს. კაცობრიობამ კარგად იცის შუმერების შესახებ, რომლებიც შუამდინარეთში (ერაყის, სირიის, თურქეთ-სპარსეთის ნაწილობრივი ტერიტორიები) ცხოვრობდნენ, უდიდესი ცივილიზაცია შექმნეს და ამის შემდეგ არსებობა შეწყვიტეს. ამ დროისათვის, დაახლოებით ქრისტემდე სამი ათასი წლით ადრე, შუმერების ადგილას სემიტი ხალხი მივიდა. სწორედ სემიტებს­ გამოეყო იუდეველთა ხაზი, ებრაელები, რომელთაგან პირველი ებრაელი აბრაამი იყო. მან იცნო ჭეშმარიტი­ ღმერთი. სწორედ აბრაამი ითვლება ებრაელების პირველ პატრიარქად და მამამთავრად. აბრაამი და მისი ოჯახი ერთხანს მდიდარ ქალაქში, ურში ცხოვრობდნენ, მაგრამ მერე რატომღაც შედარებით ღარიბ ქალაქში, ხარანში გადავიდნენ. იქ აბრაამი მამასთან, თერახსა და ძმისშვილთან, ლოტთან ერთად გადასახლდა.

- რამდენადაც ვიცი, იყო დრო, როდესაც თვით ქალაქ ურის არსებობაც საეჭვოდ მიაჩნდათ მეცნიერებს, ვიდრე მისი არსებობა არქეოლოგიური გათხრებით დადასტურდებოდა და მდიდრული სამარხები აღმოჩნდებოდა. რას უნდა ეიძულებინა აბრაამის მამა, რომ მდიდარი ქალაქი დაეტოვებინა?

- მეცნიერთა ნაწილის აზრით, მიზეზი შესაძლოა რომელიმე დამპყრობლის შემოსევა იყო. თუმცა, როდესაც აბრაამს მამა გარდაეცვალა, მაშინ გამოეცხადა უფალი და უთხრა, რომ აქედანაც უნდა გადასახლებულიყო ახალ მიწაზე. მას მისია დაეკისრა, ახალ მიწაზე სწორედ მისგან უნდა დაწყებულიყო დიდი ხალხის ისტორია. აბრაამი უფალს უსიტყვოდ დამორჩილდა. თან წაიყვანა ცოლი სარა, ობოლი ძმისშვილი­ ლოტი და ხალხი, რომელიც მას ჰყავდა. ამის შემდეგ იყო, რომ უფალმა აბრაამი არა მარტო აღთქმულ ქვეყანაში ცხოვრებით­ დააჯილდოვა, რაც ბიბლიაში შესანიშნავად არის აღწერილი, არამედ ვაჟითაც. მას სტუმრების სახით ანგელოზები მოუვლინა, რომელთაც აუწყეს, რომ ვაჟი გაუჩნდებოდა, მისი ცოლი სარა დაფეხმძიმდებოდა. სარას შვილი არ ჰყავდა და ამას ძალიან განიცდიდა, მაგრამ იმ დროს შვილოსნობისთვის უკვე ასაკოვანი­ იყო და სტუმრების ნათქვამმა გააოცა, რაღა დროს არისო! სტუმრებმა კი მიუგეს, რატომ გიკვირს, ადამიანისთვის შეუძლებელი უფლისთვის შესაძლებელიაო! მალე სარამ შვა ვაჟი, ისააკი, ისააკმა - იაკობი, იაკობს კი 12 შვილი ჰყავდა.

- ამიტომაც არსებობს გამოთქმა, "გამრავლდი, ვითარცა ბიბლიური იაკობი"?

- დიახ. იაკობს ძალიან უყვარდა მე-11 ვაჟი და ისე გამოხატავდა ამ სიყვარულს, რომ ძმებმა იოსებზე იეჭვიანეს და პატარა ძმა ეგვიპტეში მიმავალ ისმაელიტიანთა ქარავანს მიჰყიდეს. იოსები იმდენად ჭკვიანი გამოდგა, რომ ეგვიპტეში, სრულიად უცხო ქვეყანაში დაწინაურდა, ფარაონის შემდეგ მეორე კაცად იქცა. ერთხელაც მან ფარაონის სიზმარიც ახსნა და გააფრთხილა, ამიერიდან პირველად მოვა შვიდი მოსავლიანი წელიწადი, შემდეგ კი შვიდი უმოსავლო და უღატაკესი წელიწადი დადგება. ამიტომ მოსავლიან წლებში მარცვლეული შეინახე, რათა როდესაც სიღატაკე დადგება, შენი ხალხიც გამოჰკვებო­ და მარცვლეულიც გაყიდო, ამით ეგვიპტეს გაამდიდრებო. ფარაონმა დაუჯერა იოსებს და მართლაც გამდიდრდა ეგვიპტე. როგორც ბიბლიაში წერია, იოსები ისე დაწინაურდა, რომ ეგვიპტეში მეორე კაცად იქცა...

რთულმა და უმოსავლო წლებმა ცხოვრება ებრაელების აღთქმულ მიწაზეც გააძნელა. ამიტომაც დაუძახა აბრაამისა და ისააკის შთამომავალმა იაკობმა თავის ვაჟებს და ეგვიპტეში წასვლა დაავალა მარცვლეულის საყიდლად. როდესაც იაკობის ვაჟები ეგვიპტეში ჩავიდნენ, იოსებმა ისინი იცნო და უთხრა, მახსოვს, როგორ გამყიდეთ, მაგრამ გაპატიებთო, თანაც არათუ აპატია, არამედ მამა, ძმები და მათთან ერთად რამდენიმე ათეული (80) ებრაელი ჩაიყვანა ეგვიპტეში და ნაყოფიერ მიწებზე დაასახლა. ასე დაიწყო ებრაელების ფეხის მოკიდება­ ეგვიპტეში. ბიბლიის მიხედვით, ებრაელები 400 წელი იყვნენ ეგვიპტეში, გამრავლდნენ, გაძლიერდნენ, მაგრამ შემდეგ სიტუაცია გართულდა: ებრაელებს დევნა დაუწყეს. სავარაუდოდ, ეს ემთხვევა პერიოდს, როდესაც ეგვიპტელებმა ოდესღაც შემოსეული ჰიქსოსები განდევნეს და მათ ნაცვლად კვლავ ეგვიპტელი დაჯდა ფარაონად.

- გასაკვირი არ არის - ეგვიპტელები თავიანთ მიწაზე ებრაელთა სიმრავლისა და ჭკუის გამოც შეშინდებოდნენ და მათ განდევნას მოინდომებდნენ...

- ოთხი საუკუნის განმავლობაში ეგვიპტეში ებრაელები იმდენად გამრავლდნენ, რომ რამდენიმე ათეული კაციდან 2 მილიონად იქცნენ. აქედან 600 000 მამაკაცი იყო. სწორედ ამ დროს დაიბადა ებრაელი მოსე, რომელსაც უფალმა ეგვიპტიდან ებრაელების გაყვანა და აღთქმული მიწისაკენ მათი გაძღოლა დაავალა... ყველა ის სასწაული, რაც მოსეს ხელით აღსრულდა, იყო ეგვიპტელებისთვის იმის ჩვენება, თუ ვინ იყო ნამდვილი ღმერთი და რამდენად ძლიერი იყო ის ეგვიპტელების კერპებზე. როდესაც ებრაელთა ღმერთმა ნილოსი წითლად შეღება ან მოსეს ხელში კვერთხი გველად გადააქცია, ესეც ეგვიპტელების კერპთა დაცემას ნიშნავდა. ნილოსიც გაღმერთებული მდინარე იყო ეგვიპტელებისათვის და გველიც გაღმერთებული ქვეწარმავალი... საბოლოოდ ებრაელები 40 წლის შემდეგ მივიდნენ აღთქმულ მიწაზე, დაახლოებით ქრისტემდე XIII საუკუნეში. სავარაუდოდ, ამდროინდელია ეგვიპტეში აღმოჩენილი მერნეპტაჰის სტელა, რომელზეც პირველად არის ნახსენები სიტყვა "ისრაელი".

- პალესტინელებს როდისღა ახსენებს ბიბლია?

- თითქმის იმ დროსვე, როდესაც ებრაელები აღთქმულ ქვეყანაში შედიან, ისრაელის მიწაზე მკვიდრდებიან, ბიბლიაში­ ფილისტიმელებიც (პალესტინელები) ჩნდებიან. ისინიც ებრაელებივით მომთაბარე­ ხალხი იყო, ადგილს ეძებდნენ დასამკვიდრე­ბლად და ამიტომ შევიდნენ ისრაელში. ცხადია, ამის გამო ებრაელებმა ომი გაუმართეს. ამ დროიდან, დაახლოებით ქრისტემდე XII საუკუნიდან ვიდრე IX საუკუნემდე, ხმელთაშუაზღვისპირეთში დიდი არეულობის ეპოქაა - ყველაფერი ძველი ნადგურდება, განსაკუთრებით დამწერლობა, აღარ არსებობს უდიდესი სახელმწიფოები, მაგალითად, ხეთა ან კრეტა. არის უდიდესი მიგრაციები, ახალი სახელმწიფოების წარმოქმნა, ახალი მსოფლიო იწყებს დაბადებას. ებრაელები და ფილისტიმელებიც ერთ მიწაზე დასამკვიდრებლად იბრძვიან.

- ჩვენს ეპოქას მახსენებს ეს ამბები.

- დიახ, დგება კაცობრიობაში ეპოქა, როდესაც სხვადასხვა ხალხს ეკისრება თავიანთი ქვეყნების გადარჩენის მისია.

- დაახლოებით 31 საუკუნეა ებრაელთა და ფილისტიმელთა დაპირისპირება გრძელდება...

- ბიბლიის მიხედვით, ბრძოლა დაიწყო თითქმის მაშინვე, როდესაც ებრაელები­ ამ მიწაზე დამკვიდრდნენ და ძალიან მალე აქ ფილისტიმელებიც მივიდნენ. ფილისტიმელებთან ბრძოლას შეეწირა ებრაელთა მეფე. დეპორტაციის პროცესებიც ერთ-ერთმა პირველებმა სწორედ ებრაელებმა­ "იგემეს". ასურეთი პირველი მილიტარისტული სახელმწიფო იყო, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ხალხთა დეპორტაციის უმძიმეს პროცესებს. შემდეგ ეს საშინელება სხვა სახელმწიფოებმაც გაიმეორეს. ისევე როგორც ჩვენ, ქართველები, შაჰ-აბასმა­ აგვყარა და ფერეიდანში გადაგვასახლა, ებრაელებიც გადაასახლა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა (ძვ. წ. VI ს.) სხვა ტერიტორიებზე. მანვე დაუნგრია ებრაელებს სოლომონ მეფის აშენებული ტაძარი. გადასახლება რამდენიმე წელს გრძელდებოდა და დაიწყო ეპოქა, რომელსაც ებრაელები 79-წლიან ტყვეობას უწოდებენ. ებრაელები საკუთარ მიწაზე აქემენიანთა ირანის მეფე კიროს დიდმა დააბრუნა. სხვათა შორის, ბიბლიაში ესეც წერია, ებრაელები ამბობენ, მოვა მეფე-მამა, რომელიც გვიხსნისო. ამ ბიბლიური მოვლენის დამადასტურებელი არტეფაქტიც არსებობს: კიროს დიდის "ცილინდრი", რომელშიც მოთხრობილია ეს ამბავი, რომ კიროსმა ყველა ხალხს მისცა თავის მიწაზე დაბრუნების უფლება. როდესაც ებრაელები თავიანთ მიწაზე დაბრუნდნენ, ტაძარი მეორედ ააშენეს. სხვათა შორის, კიროს დიდის ცილინდრი ირანის უკანასკნელმა შაჰმა რეზა ფეჰლევმა ისე წარუდგინა მსოფლიოს, როგორც ადამიანთა უფლების პირველი დეკლარაცია­ და მსოფლიომ ის აღიარა. ებრაელთა რთული ისტორია მათი გაძლიერების საფუძვლად იქცა. ვფიქრობ, მთელ ბიბლიასა და საერთოდ კაცობრიობის ისტორიაში სამაგალითო და უმნიშვნელოვანესი სწორედ ეს არის.