კენედის მკვლელობის დღეს „დაბადებული“ ფოტომემატიანე - კვირის პალიტრა

კენედის მკვლელობის დღეს „დაბადებული“ ფოტომემატიანე

"1963 წლის 22 ნოემბერს 20 დოლარად­ ვიყიდე ჩემი პირველი ფოტოაპარატი, იმ დღეს, როდესაც პრეზიდენტი კენედი მოკლეს დალასში. ზუსტად ამ დღიდან იწყება ჩემი, როგორც ფოტოგრაფის ბიოგრაფია", - იხსენებს ფოტოხელოვანი, ჯაზის მუსიკოსების მემატიანე ენტონი ბარბოზა,­ რომელიც ნახევარი საუკუნის წინ ახალი ცხოვრების დაწყების სურვილით ნიუ-იორკში დედ-მამამ ჩაიყვანა. პირველ დღეს, როდესაც მეგაპოლისში მოხვდა, ტაიმს-სკვერზე რიჩარდ ბარტონსა და ელიზაბეტ ტეილორს მოჰკრა თვალი: "ხალხი შემოხვეოდათ, ყველას უნდოდა ვარსკვლავური წყვილის ახლოს ნახვა. ჩემთვის ეს იყო ოცნებებთან პირველი შეხება". მოგვიანებით ბარბოზას ფოტოობიექტივი მხოლოდ ვარსკვლავებისკენ იქნება მიმართული. ენტონი ბარბოზა "კვირის პალიტრის" მკითხველს უამბობს საინტერესო ცხოვრების ეპიზოდებს:

"იმანმა პაემანზე წასვლის გამო გადაღება ჩაშალა"

395306851-684968380022043-6930467493001751523-n-1698613797.jpg

1977 წელი იყო. ახალი მოდელი უნდა გადამეღო, რომელსაც მოდის ინდუსტრიაში­ სენსაციად მიიჩნევდნენ - სომალელი იმან მოჰამედ აბდულმაჯიდი ("იმანი" არაბულად რწმენას ნიშნავს). ის ჩვენს შეხვედრამდე 1 წლით ადრე ფოტოგრაფმა პიტერ ბირდმა აღმოაჩინა. მე იმანი კომპანია "ეივონის" რეკლამისთვის უნდა გადამეღო. გადაღების პროცესში შევნიშნე, რომ მორცხვობდა და ნერვიულობდა, მაგრამ ცოტა ხანს ვესაუბრე და ჩემი გმირიც გაიხსნა. სამი თვის განმავლობაში ვიღებდით ფოტოებს პორტფოლიოსთვის. ეს სესია ანაზღაურების გარეშე იყო, თუმცა ორივეს გვჭირდებოდა პორტფოლიოსთვის ფოტოები. იმანი ძალიან მორცხვი იყო, ამიტომ სასმელის შეთავაზება გადავწყვიტე და შევუკვეთე ერთი ბოთლი ღვინო. დავლიეთ და ეს ძალიან დაგვეხმარა - იმანი მოდუნდა, გათავისუფლდა შებოჭილობისგან და მშვენიერი ფოტოები გამოგვივიდა. წლების შემდეგ ყველას უყვებოდა, როგორ დაგვეხმარა ერთი ბოთლი ღვინო წარმატებულ ფოტოგადაღებაში. 1978 წელს გამოცემა "ესენსმა" იმანთან გადაღება დაგეგმა, მთელი დღე უნდა გაეტარებინა ჩემს სტუდიაში - დილის 9-დან საღამოს 5-მდე. დაახლოებით 15-კაციანი შემოქმედებითი ჯგუფი იყო. იმანის ჩაცმა, თმისა და ვიზაჟის მოწესრიგება - ყველაფერი ძალზე რთული პროცესი იყო. მთელი გადაღების განმავლობაში თავის მაშინდელ მეუღლეზე, ამერიკელ კალათბურთელ სპენსერ ჰეივუდზე გველაპარაკებოდა.

395491615-729448995885083-5298108688659125763-n-1698613797.jpg

იმ დღეს ბრუნდებოდა ნიუ-იორკში და იმანს სურდა აეროპორტში დახვედროდა, თუმცა ეს წარმოუდგენლად მივიჩნიეთ, რადგან შუადღეზე გადაღებას ვერ მიატოვებდა, მაგრამ დაახლოებით შუადღის 3 საათი იყო, როდესაც იმანის დაჟინებით გადაღება შევწყვიტეთ, მეუღლეს უნდა დავხვდე აეროპორტშიო, გამოგვიცხადა და წავიდა. იმდენად შოკირებული დავრჩით, რომ ცოტა ხანს მე და გადამღები ჯგუფი გაშეშებულები ვიდექით და ერთმანეთს შევცქეროდით - ვერ წარმოგვედგინა, რომ მოდელმა შეწყვიტა გადაღება, სადაც თითოეული წუთია გათვლილი და ყველაფერი ფულთან არის დაკავშირებული. 1980-იან წლებში ისევ შევხვდი იმანს, ქალის საცვლების რეკლამისთვის ვიღებდი, მასავით დახვეწილი, გრაციოზული მოდელი არასოდეს მინახავს. შემდეგ დევიდ ბოუის გაჰყვა ცოლად, ახლა კი თავისი კოსმეტიკის ბრენდი აქვს, ამჟამად უფრო მეწარმეა, ვიდრე მოდელი, თუმცა მისი მოძრაობები განუმეორებელია სამოდელო ბიზნესში.

"მაილზს თავში წამოარტყეს"

393230008-298159086404976-1875670988635592172-n-1698613796.jpg

1971 წელს მაილზ დევისის მუსიკა ნიუ-იორკში ძალიან პოპულარული იყო. მე იმხანად კარიერას ვიწყებდი და ვერც წარმოვიდგენდი, რომ ჩემი გამომცემლობა მაილსის გადასაღებად გამგზავნიდა, ჩვენ კი დავმეგობრდებოდით. მალიბუში ჩასულს ორივეს სახალისო თავგადასავალი გველოდა და მოგვიანებით მაილზ დევისი ანეკდოტივით უყვებოდა ყველას, როგორ გაგვაჩერა ლოს-ანჯელესის პოლიციამ და როგორ იმართლებდნენ მერე თავს, "ლამბორჯინის" საჭესთან ფერადკანიანი მამაკაცი­ იჯდა, სპორტულები ეცვა და ქურდი გვეგონა, რომელმაც მანქანა გაიტაცაო.

მალიბუში ჩასვლის მეორე დღეს მე და მაილზი აუზზე წავედით ფოტოების გადასაღებად. ჩემი მანქანით ვარჩიეთ წასვლა, რადგან მისი "ლამბორჯინით" შეიძლება ისევ პოლიციას გავეჩერებინეთ, ჩვენ კი გვეჩქარებოდა. მაილზი ძალიან გამხდარი, მოხდენილი კაცი იყო, ყელზე ორი ოქროს ჯაჭვით. თმა რომ არ დასველებოდა, გადაღების დროს რეზინის ქუდი დაიხურა. დავასრულეთ მუშაობა და საოცრება - ვერაფრით მოვხსენი რეზინის ქუდი. ამიტომ ახლომდებარე სალონში გადავწყვიტეთ წასვლა. მივედით ცოტა საშიშ უბანში, შევედით სალონში, სადაც ზორბა­ ფერადკანიანი ქალი გამოვიდა. თურმე ის კრეჭდა ხოლმე თმას მაილზს. ეს რა გიქნია­ თავზე, ბიჭოო, და წამოარტყა კეფაზე. გავოგნდი, მაშინ ეს ვერ წარმომედგინა. მიუხედავად ქალის უხეშობისა, დევისს არაფერი უთქვამს, მე მომიბრუნდა, სადილობის დროა და ჩვენთვის იქნებ ქათამი შეუკვეთოო. სწრაფი კვების ობიექტისკენ გავეშურე, მანქანაში რომ ჩავჯექი, ვნახე, მაილზს საფულე მანქანაში დარჩენოდა, 500 დოლარი ედო. ავიღე, ვიყიდე საჭმელი და სალონში დავბრუნდი. იმ ფერადკანიანმა სტილისტმა სულ ჩხუბითა და ბუზღუნით შეკრიჭა თმა მაილზს და საყვედურებით გამოუშვა, ბრაზობდა, თმას უფრო კარგად უნდა მოუაროო, მაილზს კი მხოლოდ ეღიმებოდა. იმ დღეს საოცარი ფოტოები გადავიღე. ჩვენ კიდევ ბევრჯერ შევხვდით ერთმანეთს, 1991 წელს მაილზ დევისის გარდაცვალება ჩემთვის ტრაგედია იყო.

"ერტა კიტი დედოფალს ჰგავდა"

396035076-1744297069351388-8238795995963430918-n-1698613797.jpg

ერტა კიტი პოპულარობის პიკზე იყო, როდესაც შევხვდი. მახსოვს, როდესაც ტელევიზორში გამოჩნდებოდა, მამა აყვი­რდებოდა, მოდიიით, ერტა კიტი გამო­ჩნდაო­. გამომცემლობამ სასტუმრო "პლაზას" საპრეზიდენტო ნომერი იქირავა, ნამდვილად სამეფო და დიდებული. შემოქმედებითი ჯგუფი ადრე მივედით, ერტას არცერთი წუთით არ დაუგვიანია, ყველას მოგვესალმა, ხელი ჩამოგვართვა... ეს დედოფალთან შეხვედრას ჰგავდა. ის მართლაც იყო მუსიკის დედოფალი. სამწუხაროდ, მაშინ უკვე ავად იყო, თუმცა არ იმჩნევდა. გამაოცა მისმა პროფესიონალიზმმა და ქარიზმამ. მთელი დღე თავდაუზოგავად­ იმუშავა, გამოიცვალა არაერთი კოსტიუმი, საღამოს კი კონცერტი ჰქონდა ნიუ-იორკის ცნობილ ბარში. ერტა კიტი ყველაზე ქარიზმატული ქალი იყო, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. მაშინ ერტა 60 წლის იქნებოდა. ეს იყო მიმზიდველი და სექსუალური მომღერალი თავისი საოცარი ხმის ტემბრით.