რას ჰყვება უბინაოდ დარჩენილი ცნობილი კონცერტმაისტერი სტალინის შთამომავლებზე, სააკაშვილსა და ივანიშვილზე
როგორც ჩემი თაობის ბავშვების უმეტესობას, მეც დიდ შთაბეჭდილებად დამრჩა ქართული თეატრისა და კინოს ოქროს ხანა. მეც ძალიან მიყვარდა თეატრებში სიარული, სატელევიზიო სპექტაკლები და, რა თქმა უნდა, რობერტ სტურუას დადგმული ბერტოლდ ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრეც" არაერთხელ ვნახე, გია ყანჩელის გენიალურ მუსიკას კი ხშირად ვღიღინებდი და მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, თუ პირადად გავიცნობდი ქალს, რომელიც ამ ჰანგებს როიალზე აჟღერებდა, და იმ ლეგენდარულ მსახიობებს, რომლებიც სცენასა და ეკრანზე ძალიან მომწონდა. ლეილა სიყმაშვილი წლების განმავლობაში რუსთაველის თეატრის კონცერტმაისტერი იყო, ყველა სპექტაკლი მისი აკომპანემენტით მიმდინარეობდა და იმ დიდ ოჯახთან ერთად, ბევრი ქვეყანაც მოიარა გასტროლებით.როგორც იცით, საკუთარი ბინის დანგრევის შემდეგ, ლეილა სიყმაშვილმა 10 წელი მოსკოვში, სტალინის ცოლის ნათესავებთან - კირა ალილუევას ოჯახში გაატარა, მანამდე კი, როცა ბელადის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა თბილისში ცხოვრობდა (1984-86 წლებში), ის 14 წლის ოლიას მუსიკას ასწავლიდა. 82 წლის მუსიკოსი დღესაც საკუთარი ჭერის მოლოდინში ცხოვრობს. "ისევ ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ... ყურადღებას არავინ მაქცევს... ადრე გუგული მაღრაძემ მითხრა, ნაქირავებში რატომ ხარ, რატომ არ მიდიხარ მერიაში, კახა კალაძესთან და დახმარებას არ სთხოვ. ხომ იცი, ყურადღებას მოგაქცევენო. განცხადება კი შევიტანე, მაგრამ არავინ გამოჩენილა... იქნებ საკუთარი ჭერი ახლა მაინც მეღირსოს", - ცრემლიანი თვალებით მითხრა ქალბატონმა ლეილამ.
- ქალბატონო ლეილა, თქვენ უპირველესად რუსთაველის თეატრთან ასოცირდებით, ახლა თუ გაქვთ იქ ვინმესთან კონტაქტი?
- არავისთან. მხოლოდ ლია გუდაძესა და ელდარ შენგელაიას ცოლთან. რობერტ სტურუას ყველა სპექტაკლს მე ვუწევდი აკომპანირებას, სულ ერთად ვიყავით და ახლა... სხვები კი, ვისთანაც ბედნიერი წლები მაკავშირებდა, ყველა გარდაცვლილია...
- ყველაზე მეტად ვისმა წასვლამ დაგწყვიტათ გული?
- რამაზის, მე მისი მხოლოდ მეგობარი კი არა, ოჯახის წევრი ვიყავი, მისი სიკვდილის მეორე დღეს ინსულტი გადავიტანე და ორი თვე გათიშული ვიყავი... ახლა ჩემთვის დამთავრებულია ყველაფერი, ის ცხოვრება წარსულს ჩაჰბარდა...
- მოდი, ალილუევებთან თქვენი ურთიერთობა გავიხსენოთ. თბილისში ჩამოსვლისთანავე სვეტლანამ შვილის პედაგოგად მიგიწვიათ. როგორი იყო თქვენი შთაბეჭდილება მათთან პირველი შეხვედრის შემდეგ?
- შესანიშნავი. პატივისცემით მიმიღეს. ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს ჩემი მანქანით დავდიოდი მათთან, ჭავჭავაძეზე. სვეტლანა უგემრიელეს საჭმელებს მახვედრებდა, კულინარიის ნიჭი ჰქონდა და სულ განსხვავებულ კერძებს აკეთებდა, ამერიკაში ნაცხოვრები ქალი. ღომის და საცივის მომზადება აქ ისწავლა და ეგეც შესანიშნავი გამოსდიოდა. ნანი ბრეგვაძეზე გიჟდებოდა. ოლიჩკამაც ყველაფერი კარგად ისწავლა, ნიჭიერი ბავშვი იყო. რომ ვეკითხებოდი, მეზობლის ბავშვებთან თამაშობ-მეთქი? არა, გრუზინკები კეკელკები არიანო. ეგ სიტყვა საიდან იცი-მეთქი და ბებიაჩემმა მასწავლაო... უწესიერესი ბავშვი იყო - ქართულზე დადიოდა, მუსიკაზე, იპოდრომზე ცხენზე ჯირითს სწავლობდა... ქართული კარგად ისწავლა, მანამდე რუსული და ინგლისური იცოდა. მერე ამბობდა, ფუ, ეს რუსული რა საზიზღარი ენააო.
- სვეტლანას სხვა შვილებიც ხომ ჰყავდა სხვა ქმრებისგან და მათ თუ იცნობდით?
- ისინი მოსკოვში იყვნენ. იოსები 17 წლის იყო, როცა სვეტლანამ ყოფილი ქმრის ოჯახში დატოვა, კატია ჩუკოტკაზე გათხოვდა. იოსები ექიმი იყო და ანევრიზმით დაიღუპა, ვერ უშველეს...
სვეტლანა წიგნის ქალი იყო, მეცნიერი, ფილოლოგი, კითხვა ძალიან უყვარდა, ბევრს წერდა. შვილებისთვის არასდროს ეცალა, მათ მამები და ძიძები ზრდიდნენ.
- მის ნაწერებს თქვენ თუ კითხულობდით?
- კი, მის წიგნშიც მოვხვდი, როგორც მისი შვილის პედაგოგი. კირას (სვეტლანა ალილუევას ნათესავი) სახლში რა წიგნებიც იყო, ყველაფერი წავიკითხე. წიგნი კირამაც დაწერა და მასაც ნახსენები ვყავარ, მე მის სახლში ვცხოვრობდი მოსკოვში...
- კირა ალილუევასგან რაიმე ნივთი თუ ჩამოგყვათ სახსოვრად?
- სანამ კირასთან ვცხოვრობდი, ყველაფერი მისი მქონდა - ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ სხვა ნივთები და ყველაფერი წამოვიღე. კირა რომ გარდაიცვალა, დავასაფლავე და წამოვედი. ბინა ძმებს დარჩათ. სტალინის ნივთები კირას კი არა, სვეტლანასაც არ დარჩენია. უფროს ვაჟს დაუტოვა, რომელსაც ებრაელი ცოლი ჰყავდა.
- კირა სტალინზე რას ჰყვებოდა? ვიცით, რომ ის პირდაპირ სცენაზე დააპატიმრა...
- კი, 19 წლისა იყო და როცა კირას ვკითხე, რატომ დაგიჭირეს-მეთქი, ბიძაჩემმა თქვა, "მნოგო ზნაიუტ, მნოგო ბალტაიუტო", ცოლის ნათესავებმა ბევრი იციან და ბევრს ტლიკინებენო. ყველა დაიჭირა. მშიშარა კაცი იყო, თორემ განა რა უნდა ეთქვა ამ ხალხს მასზე ისეთი? სვეტლანა მეუბნებოდა, მამაჩემი ნაკითხი კაცი იყო, მაგრამ მშიშარაო - "ტრუს ონ ბილ, ტრუს", ქართველ კაცს კი ასეთი რამ არ ახასიათებსო. ბევრს მიყვებოდა მამაზე, მერე წიგნიც დაწერა, რომელშიც მილიონი დოლარი აიღო.
- სტალინი მკაცრი მამა იყო?
- ქართული "წიკები" ჰქონდა... მაგალითად, მუხლი არ უნდა გამოგიჩნდესო...
- მამამ გვარი რომ ჩამოართვა, ამაზე რას ამბობდა?
- რა საჭიროა რუსეთში ქართული გვარიო, სტალინს უთქვამს.
- სვეტლანას მრავალრიცხოვანი რომანებიც ჰქონდა...
- პირველი შეყვარებული ებრალი ჰყავდა - კაპლერი; პირველი და მეორე ქმრებიც ებრაელები იყვნენ, მესამე - ამერიკელი. სტალინს მის ქმრებზე ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა. სვეტლანა ამბობდა, დედაჩემის სისხლია ჩემში, ბოშა ვარ, თავისუფალი ქალი და ქართველივით ვერ ვიცხოვრებო. ალილუევები ბოშები არიან.
- რა ქალური მომხიბვლელობა ჰქონდა ისეთი, რომ მამაკაცებს ასე იზიდავდა?
- როგორც აღვნიშნე, პირველ რიგში, ძალიან განათლებული ქალი იყო, ჭკვიანი, "პრასტუშკა" რუსი კი არ იყო, "დასტოინი", ბოშა ქალისა და ქართველი კაცის შვილი სხვანაირად ეფექტური გამოვიდა.
- გავლენიანი კაცის ქალიშვილი რომ იყო, ამით თუ დაუტრაბახია?
- არა, მისგან მსგავსი არაფერი გამიგონია. დედამისმა რომ თავი მოიკლა, სვეტლანას ეს ამბავი არ უთხრეს, ბრმა ნაწლავი გაუსკდაო, მოატყუეს ბავშვს. როცა წამოიზარდა, სიმართლე შეიტყო... მიყვებოდა, სანამ დედაჩემი ცოცხალი იყო, მამას კაბინეტში შესვლის უფლება არ მქონდაო. დედა რომ მოკვდა, ავედი, შევიხედე და გავშტერდი, იმდენი წიგნი იყო იატაკიდან ჭერამდეო. ამ დროს მამაჩემი წამომეპარა უკნიდან, აქ რას აკეთებო?! ამდენი წიგნი რად გინდა, კითხულობო, უკითხავს. კიო. თაროზე ერთი დიდი წიგნი იდო და იმაზე ვკითხე, ეს რა არისო? ბიბლიაო. ბიბლია რა არისო? ღმერთის წიგნიო. მამა, შენ ხომ თქვი, ღმერთი არ არსებობსო?! არა, სვეტლანკა, ღმერთი არსებობსო.
- ამბობენ, სვეტლანა უხეში დედა იყოო.
- ოლიასთან, თორემ უფროს შვილებთან არა. სვეტლანა ამერიკიდან რუსეთში რომ ჩავიდა, შვილთან, იოსებთან მივიდა, მან კი ძალიან ცივად მიიღო, აგრძნობინა, ჩემთვის არავინ ხარო. კატიას კი ორგვერდიანი წერილი მისწერა, ჩამოვედი, მენატრებით და ნახვა მინდაო, მან კი პასუხად მხოლოდ ერთი წინადადება დაუბრუნა, "ტი მნე ნე მაც, ია წებე ნე დოჩ" და მეტი არაფერი. კატიამ დედაზე უარი თქვა. სვეტლანა ამ ამბავს რომ მომიყვა, თვალები სულ ცრემლით აევსო, დამნაშავე ვარო.
- იმ შვილის მიმართ აგრესიული რატომ იყო, რომელიც თავისთან ჰყავდა?
- სმას რომ დაეჩვია, მაშინ გახდა ასეთი აგრესიული. არაყზე "შეჯდა".
- სვეტლანა სად არის დაკრძალული?
- ოლიამ დედამისი რიჩლენდში დაასაფლავა, აშშ-ში. სხვათა შორის, ბესარიონ ჯუღაშვილის საფლავზე ვარ ნამყოფი თელავში, მამის სასაფლაოზე სტალინიც სულ ჩადიოდა, მიუხედავად იმისა, რომ მასზე გაბრაზებული იყო. ამბობდა, მშობლებს არ ირჩევენო. დედა უფრო უყვარდა.
მიხეილ სააკაშვილი, ქართული პოლიტიკა და ფეხბურთი
- მე რომ მოსკოვში ვცხოვრობდი, იმ 10 წლის განმავლობაში საქართველოს სააკაშვილი მართავდა. სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, ერთხელ მყავს ნანახი. სანდრა რულოვსს და მათ ვაჟს, ედუჩის ვასწავლიდი მუსიკას, ქართულ სიმღერებს. მაშინ საბურთალოზე ცხოვრობდნენ და ოჯახში რომ დავდიოდი, სანდრამ მითხრა, შენი შვილიშვილიც წამოიყვანე, გიორგი, და ედუჩის გავაცნოთო, ტოლები არიან. წავიყვანე და სანამ სანდრას ვამეცადინებდი, ბავშვები მაგიდის ქვეშ მანქანებს აბღუილებდნენ. ამ დროს კარზე ბრახუნის ხმა გაისმა, გააღო ნუნუმ (ოჯახის დამხმარემ) და შემოვიდა მთასავით უზარმაზარი კაცი. მაშინ მიშა მგონი საკრებულოს თავმჯდომარე იყო. გიორგი მაგიდის ქვემოდან გამოძვრა, უყურებს და, ბებო, ტელევიზორში როა, ის კაცი მოვიდაო. მიშამ ხელი გაუწოდა, მოდი, ჩამომართვიო. მე შენ ტელევიზორში მინახავხარო, და სანდრამ გაიცინა, ეჰ, გიორგი, მეც მარტო ტელევიზორში ვხედავ მაგ კაცსო. სანდრა ნიჭიერი მოსწავლე იყო, არაჩვეულებრივი ადამიანია.
- მიხეილ სააკაშვილი ახლა პატიმარია, ამაზე რას ფიქრობთ?
- მსგავსი რამ არ გამიგონია... როგორც გითხარით, მე მისი პრეზიდენტობის დროს აქ არ ვცხოვრობდი, მაგრამ სტალინზე უარესი რა უნდა დაეშავებინა.
- რომელიმე პოლიტიკოსი თუ მოგწონთ მთავრობასა და ოპოზიციაში?
- იცით რა, კი ამბობენ, ასეთია, ისეთიაო, მაგრამ ლევან ხაბეიშვილი რაღაცნაირი ტიპაჟია, ჩემს გულთან მოვიდა. ბიცოლა მყავდა ხაბეიშვილი, ვგიჟდებოდი ვენერაზე.
კახა კალაძე, როგორც ფეხბურთელი, ძალიან კარგად თამაშობდა. ვგიჟდები ფეხბურთზე, 5 წლიდან სტადიონზე დავდივარ. როცა მსოფლიო პირველობაა, მე და ჩემი შვილიშვილი ჩავუსხდებით ხოლმე. კვარაცხელიას მატჩებსაც ვუყურებ, სუპერბიჭია. "დინამოს" მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი ჩემი უახლოესი ოჯახის ნათლიაა. ჩემი შვილიშვილის მამა იუნიორებში თამაშობდა არველაძეებთან ერთად.
გასტროლი მოსკოვში და ბიძინა ივანიშვილის "თეთრი სასახლე"
- ბიძინა ივანიშვილი 1997 წელს მოსკოვში გავიცანი. "კავკასიურ ცარცის წრეს" ვთამაშობდით და თურმე ის დარბაზში იჯდა. სპექტაკლი რომ დასრულდა, ჩვენი ადმინისტრატორი შემოვიდა და გვეუბნება, "ტავარიშჩი არტისტი, ვი პრიგლაშენი ნა ზვანნი უჟინ გრუზინსკამუ მეცენატუ". ჩაგვსხეს ავტობუსში და წაგვიყვანეს, იმდენი მილიციელი მოგვყვებოდა, მეგონა, პუტინთან მივდიოდით. ქალაქგარეთ, შუშის სასახლეში აღმოვჩნდით, "გაგვშმონეს" და შეგვიყვანეს. ყველაფერი თეთრი იყო - ფარდები, ჭერი, იატაკი, როიალი... მაგარი პურმარილი იყო გაშლილი. თეთრი როიალის დანახვაზე, მე მეტი რა მინდოდა, დავჯექი და თავზე დავიმხეთ იქაურობა მე, კახიმ და ჯემალ ღაღანიძემ. კახი ეუბნება ივანიშვილს ჩემზე, ნახე, რა მაგრად უკრავსო. იმ საღამოს მე და კახი ვიყავით "მთავარ როლში", სადაც კახი იყო, იქ ხმას ვინ ამოიღებდა?! დილის 4 საათამდე იქ ვიყავით.
მე რომ ივანიშვილის პენსიას ვიღებ, კახი კავსაძის დამსახურებაა, მან დამინიშნა, კომისიის თავმჯდომარეები იყვნენ ეგ და გია ჭირაქაძე. მე მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდი და არც ვიცოდი, თუ ივანიშვილი პენსიებს ურიგებდა ხელოვნების მუშაკებს. კახიმ დამირეკა, მაყვალ (ასე მეძახდა), საბუთები შეაგროვე და გამოგზავნეო. ქეთი ჩხეიძე მაშინ მოსკოვში იყო, თბილისში მივდივარ და გამატანეო. ჩამოუტანა და მეორე დღესვე დამინიშნეს. მას მერე ამით ვიხდი ბინის ქირას.
- დღეს რა არის თქვენი ოცნება?
- საკუთარი ჭერი! ორი პარასკევი დამრჩენია, სასაფლაო აგერ მაქვს, ვაკეში, ჩემს მშობლებთან. იმაზე ვდარდობ, შვილიშვილი არ დამრჩეს ქუჩაში.