ზელენსკის „ლოდები“ ქართულ ბოსტანში და ახალი სკანდალი ოპოზიციაში - ვინ „უთხრის“ ძირს სტატუსს?!
გასულ კვირას მსოფლიოში კვლავ საგიჟეთი იყო. ბაიდენმა ირანი კატეგორიულად გააფრთხილა, რომ წითელი ხაზები არ გადაეკვეთა და პირდაპირ არ ჩართულიყო ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლო ქმედებებში. ირანმა კი განაცხადა, რომ ის გულგრილი ვერ დარჩება იმის მიმართ, რასაც ისრაელი ღაზის სექტორში სჩადის. პარალელურად, ყველა ელოდება, როდის დაიწყებს ისრაელი ღაზაში სახმელეთო ოპერაციას (როდესაც მკითხველი ამ სტატიას იხილავს, ოპერაცია შესაძლოა უკვე დაწყებულიც კი იყოს). აქეთ უკრაინის ფრონტზე კვლავ გრძელდება გააფთრებული ბრძოლები...
ქართული პოლიტიკა კი ჩვეული რეჟიმით ცხოვრობს. კერძოდ, ხათუნა სამნიძემ გასულ კვირას გააკეთა სკანდალური განცხადება, რომლის მიხედვით, ზოგიერთი ოპოზიციონერი დასავლელ პარტნიორებს სთხოვდა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ. ამასობაში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთი კენჭი, უფრო ზუსტად, ლოდი ისროლა ქართულ ბოსტანში...
როგორ „წავიკითხოთ“ აზრები და ფიქრები...
არ გეგონოთ, რომ პროფილი შევიცვალეთ და მკითხავებზე ან ნათელმხილველებზე ვწერთ. უბრალოდ, ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსი, მედიამენეჯერ-პოლიტიკოს-ყოფილი პროკურორი თუ ექსპერტი დახელოვნდა იმაში, რომ აგვიხსნას, ესა თუ ის პოლიტიკური ფიგურა რეალურად რას გულისხმობს, რას ფიქრობს და რას მღერის გულში. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა: "ან გაიმარჯვებს მთელი ევროპა უკრაინასთან, მოლდოვასთან, მომავალში საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული", - ზელენსკიმ ეს განცხადება ევროკავშირთან დაახლოების კონტექსტში გააკეთა. ახლა გინდა ზემოდან შევხედოთ ამ განცხადებას, გინდა გვერდიდან და მარჯვნიდან მარცხნივაც რომ წავიკითხოთ, ფაქტი ერთია - ზელენსკიმ საქართველო და ბელარუსი ერთ სიბრტყეში დააყენა, ანუ ჯერ თურმე უკრაინა და მოლდოვა უნდა გაწევრდნენ ევროკავშირში, "მომავალში" კი საქართველო და ბელარუსი.
"ნაცმოძრაობის" წევრებმა (მაგ. ზურაბ ჭიაბერაშვილმა და სხვებმა), ნიკა გვარამიამ, გია ნოდიამ და მსგავსმა ექსპერტ-პოლიტიკოსებმა მაშინვე დაიწყეს ზელენსკის "გაპრავება". ააფეთქეს“ "ფეისბუქი" - ზელენსკი იმას კი არ გულისხმობდაო, რომ საქართველო და ბელარუსი ერთი და იგივე არისო, არამედ იმასო, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უფრო დაჩქარდება ევროინტეგრაციის პროცესიო. ჩვენაო (წერენ ზემოხსენებული ვაჟბატონები), ბელარუსი კი არ ვართო, მაგრამაო ბელარუსის გზით მივდივართო. ერთი კითხვა მაქვს ამ პოლიტიკოს-ექსპერტებთან: დაურეკეს ზელენსკის ფბ პოსტების გამოქვეყნებამდე და ჰკითხეს, აბა, ერთი გვითხარი, ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩ, რას გულისხმობდითო, თუ აპარატი გამოიგონეს, რომელიც ადამიანის აზრებს კითხულობს?
ნუთუ არ შეიძლება, როდესაც შენს ქვეყანას ეხება საქმე, შავზე შავი თქვა და თეთრზე თეთრი? მაგალითად, თქვენი მონა-მორჩილი არასოდეს ყოფილა მიხეილ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების (რბილად რომ ვთქვათ) მხარდამჭერი. თუმცა, როდესაც რუსული მედია (განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ) სააკაშვილის დაცინვით იყო დაკავებული, ეს იყო მიუღებელი, რადგან ის საქართველოს პრეზიდენტი იყო. ზელენსკის მიერ საქართველოსა და ბელარუსის ერთ სიბრტყეზე მოხსენიება უკიდურესად შეურაცხმყოფელია. როგორ?! საქართველო უნდა დასვა ბელარუსის სიხშირეზე, საიდანაც უკრაინაში რუსული ტანკები შევიდნენ და ამ ქვეყნიდან დღემდე იბომბება მშვიდობიანი მოსახლეობა?! ბოლოს და ბოლოს, რას გვერჩის ზელენსკი? შეგახსენებთ, რომ უკრაინას დღემდე ელჩი არ ჰყავს საქართველოში და ასე მხოლოდ მტრულ ქვეყნებს ექცევიან.
რას ითხოვს ჩვენგან ზელენსკი? რუსულ ბაზებს შევუტიოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე?„"ქართულმა ოცნებამ" "მეორე ფრონტის" თემა აქცია პროპაგანდისტულ იარაღად და შესაბამისად, ჩამოყალიბდა სიტუაცია - თუ ამ თემას განიხილავ, მოგაკერებენ იარლიყს, რომ მინიმუმ მმართველი პარტიის წისქვილზე ასხამ წყალს. თქვენს მონა-მორჩილს ეს არ აინტერესებს და კიდევ ერთხელ სვამს კითხვას: ნუთუ ამას ითხოვენ ზელენსკი და მისი გარემოცვა ჩვენგან? ეს აშკარად იკითხება ზელენსკის გარემოცვის განცხადებებში. ნეტავი გვქონდეს იმის ძალა (დარწმუნებული ვარ, მომავალში გვექნება), რომ ერთხელ და სამუდამოდ გავათავისუფლოთ ოკუპირებული ტერიტორიები. თუმცა დღეს ასე არ არის და შესაძლოა საქართველოსთვის ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდეს.
თუ უკრაინულ მხარეს აქვს ინფორმაცია, რომ ოფიციალური თბილისი რუსეთს ფარულად ეხმარება შავი სქემების გამოყენებაში, მაშინ კეთილინებონ და წარმოადგინონ ფაქტები. ჯერ ერთი ფაქტიც არ წარმოუდგენიათ. თუ გახდება ცნობილი ფაქტი (დიახ, ფაქტი და არა აღქმა, ვერსია ან ჩამოყალიბებული აზრი), რომ საქართველოს ხელისუფლება ფარულ გარიგებებშია კრემლის რეჟიმთან, ეს იქნება კატეგორიულად მიუღებელი საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის და შესაბამისად, დასასრულის დასაწყისი მმართველი პარტიისთვის. თუ ზელენსკი იმის გამოა გაღიზიანებული, რომ საქართველომ უკრაინას სამხედრო დახმარება არ აღმოუჩინა, მაშინ ჩვენი ქვეყნის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია. ჯერ ერთი, საქართველოს მწირი შესაძლებლობები აქვს და მეორეც - პუტინს მიეცემოდა შესაძლებლობა, რომ თბილისი ომში მხარედ გამოეცხადებინა და... საქართველოსა და ბალტიისპირეთთან პარალელების გავლება არ შეიძლება, რადგან ამ ქვეყნებს ნატოს სამხედრო ქოლგა იცავს.
თუ სააკაშვილის ფაქტორია მთავარი "მურმანის ეკალი", მაშინ პრეტენზიები ზელენსკის ოდესის ყოფილ გუბერნატორთან უნდა ჰქონდეს. სააკაშვილი კიევიდან არავის გაუტაცებია და თბილისში მანქანის საბარგულით არ ჩამოუყვანია. მიშა თვითონ ჩამოვიდა აქ რევოლუციის მოსაწყობად. უბრალოდ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და დაიჭირეს. იანუკოვიჩი რომ შეეგზავნა კიევში ქართულ მხარეს, საინტერესოა, ვინ იქნებოდა მტყუანი და ვინ მართალი.
სხვათა შორის, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინის ევროინტეგრაციას და არასოდეს ამოუგდია ის სამეულიდან (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) და არ დაუყენებია ბელარუსის ან რუსეთის გვერდით. მაშინაც კი, როდესაც უკრაინაში პრორუსი იანუკოვიჩი იყო ხელისუფლებაში. უმადურობა ძალიან ცუდი თვისებაა, გინდაც ორი ადამიანის ურთიერთობას ეხებოდეს საქმე და გინდაც ორი ქვეყნის.
ხაზს ვუსვამთ - გამარჯვებას ვუსურვებთ უკრაინელ ხალხს რუს ბარბაროსებთან ბრძოლაში. საქართველოს საზოგადოებაში ჩვენს უკრაინელ დებსა და ძმებს ჰქონდათ, აქვთ და ექნებათ უდიდესი მხარდაჭერა.
სკანდალი ოპოზიციაში
ბოლო პერიოდში ოპოზიცია მუდმივად ეძებს მოღალატეებს თავის რიგებში. მაგალითად, პრეზიდენტის იმპიჩმენტისას ალეკო ელისაშვილი და გახარიას პარტია ადანაშაულებდნენ "ნაცმოძრაობას" გარიგებაში, "ნაცმოძრაობა" - გახარიას პარტიას და ა.შ. მორიგი სკანდალის აგორებას დიდი დრო არ დასჭირვებია. "პალიტრანიუსის" ეთერში, მერაბ მეტრეველის გადაცემაში ხათუნა სამნიძემ განაცხადა: (სტილი დაცულია): "გვყავს ჩვენს რიგებში [ოპოზიციაში], სამწუხაროდ, დაგროვდა ეს ინფორმაცია, ვფრთხილობდით, მაგრამ უკვე მოვიდა ის პერიოდი, როდესაც ყველა გზავნილს მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ევროპელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ თქვენგან გზავნილები არ არის ერთმნიშვნელოვანი, ერთიანიო. ეს არის პრობლემა. "ქართული ოცნება", რომელიც ამ პროცესში მთლიანად მავნებლობს და ოპოზიციის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ თურმე უნდა გადავადდეს გადაწყვეტილების მიღება და არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს. ამას ჩვენი კოლეგები აკეთებენ. არიან ასეთები ოპოზიციაში. ოპოზიციაში, ვისაც ასეთი პოზიცია აქვს, თვლის, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, საჯაროდ გამოვიდნენ და თქვან. პირველ რიგში, შეწყვიტონ ეს ამბავი. მეორე მხრივ, საჯაროდ რატომ არ ამბობენ? იციან, რომ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა ოპოზიციისგან ელოდება, რომ ერთიანი გზავნილი ექნება, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და სტატუსის პირობებში ჩავატაროთ არჩევნები, სადაც გაცილებით მეტი იქნება მონიტორინგი, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები".
პირველ რიგში, ვთქვათ ის, რომ სტატუსის საკითხი ჩვენ ყველამ (პოლიტიკოსებმა, ექსპერტებმა, მედიამ) ისეთ თემად ვაქციეთ, თითქოს ამით ქვეყნის ბედი წყდება. ასე არ არის. თუმცა, მეორე მხრივ, როგორც განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანს სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება, ასე გვჭირდება ჩვენ სტატუსის მიღება. ეს იქნება სტიმული, რომ ჩვენი მოსახლეობა ნიჰილიზმში უფრო ღრმად არ ჩაეფლოს, ეს იქნება ნიშანი, რომ დაფასდა საზოგადოების დიდი ნაწილის პროდასავლური მისწრაფებები, ეს იქნება მტკიცება, რომ დასავლეთი სამართლიანია, ეს იქნება მესიჯი, რომ დასავლეთი ჩვენკენ არის და შესაბამისად, რუსულ პროპაგანდას გაუჭირდება საზოგადოებრივი აზრის შექმნა, თითქოს საქართველო დასავლეთმა მიატოვა და ქვეყანას რუსეთის იქით გზა არა აქვს.
ანუ სტატუსის საკითხი არის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი და არა ვიწროპარტიული. თუმცა, სამწუხაროდ, რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში პოლიტიკოსები საკითხს ასე კი არ სვამენ, რას მოუტანს ქვეყანას სტატუსის მიღება, არამედ, ასე - რომელი პარტია ან პოლიტიკური დაჯგუფება იხეირებს ამ სტატუსის მიღებით.
მაგალითად, ასეთი შეჯიბრება მიდის "ოცნებასა" და სალომე ზურაბიშვილს შორის. თუ სტატუსს მივიღებთ, ორივეს სურს ეს მათ პირად დამსახურებად მიიწერონ. ოპოზიციონერებს კი ის აღელვებთ, რომ ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში „ოცნება“ ისე გაძლიერდება, რომ 2024 წლის არჩევნებზე მისი გამარჯვება გარდაუვალი იქნება.
პოლიტიკურ პოზიციას - დიახ, სტატუსი არჩევნებამდე „ოცნებას“ გააძლიერებს, ამიტომაც ჯობს არჩევნების შემდეგ მივიღოთ - აქვს არსებობის უფლება. თუმცა ამ პოზიციას ხმამაღლა არავინ აფიქსირებს, რადგან იციან, თუ რამხელა უარყოფით მუხტს მიიღებენ საზოგადოებისგან. შესაბამისად, თუ სამნიძე მართალია და ზოგიერთი ოპოზიციონერი ჩუმ-ჩუმად იხვეწება, არიქა, ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოსო, ეს არ არის სწორი საქციელი არც ადამიანურად და არც პოლიტიკურად. უფრო მეტად მავნებლობას წააგავს, ვიდრე პოლიტიკურ ბრძოლას.
გიორგი კვიტაშვილი