„ვერ ვხვდები, რატომ მიიჩნია საჭიროდ სამნიძემ ოპოზიციაზე გალაშქრება“ - კვირის პალიტრა

„ვერ ვხვდები, რატომ მიიჩნია საჭიროდ სამნიძემ ოპოზიციაზე გალაშქრება“

"ჭკუაზე შევიშალეთ?! სიურრეალიზმში ვართ?! სპეკულაცია დამთავრდა, ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ მსგავსი არაფერი მოუსმენია", - ასე გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე­ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტიკურ სივრცეში" რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძის განცხადებას, რომ ოპოზიციის რიგებში არიან პირები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებს დახურულ კარს მიღმა არწმუნებენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის­ კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს. ამასთან, სამნიძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა­ შეწყვიტონ დამაზიანებელი გზავნილების გავრცელება. უფრო ვრცლად პოლიტიკურ კულუარებში განვითარებული ამბების შესახებ გიორგი ვაშაძე გვესაუბრება:

- სწორედ ამ ოპოზიციის დამსახურებაა, რომ კანდიდატის სტატუსზე, დიდი ალბათობით, უარს არ გვეტყვიან. ზოგჯერ მგონია, რომ ადამიანები უკუღმა ფიქრობენ. მურუსიძე "ქართულმა ოცნებამ" დააწინაურა და მე ვუშლი ხელს კანდიდატის სტატუსის მიღებას?! ფარცხალაძის დასაცავად სპეციალური კანონი მიიღეს, სავალუტო­ ფონდში ვიყავი და ხალხი შოკშია, ასეთი არაფერი გვსმენიაო. სავალუტო ფონდმა თუ არ გააგრძელა ჩვენი დახმარება, იმხელა ეკონომიკური საფრთხე გვემუქრება, შეიძლება ქვეყანა დეფოლტის წინაშე­ დადგეს. ასეთ ვითარებაში სამნიძე აბსურდულ რაღაცას ამბობს. ვერ ვხვდები, რატომ მიიჩნია საჭიროდ ოპოზიციაზე გალაშქრება. ახლა ვაშინგტონში ვარ, რომ ჩამოვალ, სამნიძეს აუცილებლად დაველაპარაკები.

- ვაშინგტონში ვიზიტის მიზანი რა არის?

- ბოლო დროს გავახშირეთ ვიზიტები, რადგან "ქართულმა ოცნებამ" ძალიან გააფუჭა ქვეყნის იმიჯი. ჩვენ ამერიკაში ჩამოგვაქვს ქართველი ხალხის გზავნილი, რომ მათ მივიჩნევთ სტრატეგიულ პარტნიორებად­ და არა რუსებსა და ჩინელებს. პოზიტიური განრიგიდან სამ საკითხს­ ვაყენებთ: თავისუფალ ვაჭრობას, სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და ამერიკულ ინვესტიციებს შავი ზღვის მხარდაჭერისთვის. ახლახან საგარეო კომიტეტის სხდომაზე­ შაჰინმა ისაუბრა­ ამ თემაზე.­ მეც მქონდა მის ოფისთან შეხვედრა. ვისაუბრეთ უსაფრთხოების საკითხებზეც. ყველაფერი კარგად იქნება, პრობლემა მხოლოდ ერთია - საქართველოს უნდა მოვაშოროთ რუსეთის მსახურები, სხვაგვარად ამერიკულ სიკეთეებს ვერ მივიღებთ. დღეში 7-8 შეხვედრა მქონდა და ყველაზე ამერიკელები აქცენტს აკეთებდნენ ჩვენი ხელისუფლების მიერ ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის გაფორმებაზე. მათთვის­ ეს იგივეა, ხარს რომ წითელი ნაჭერი აუფრიალო. მთელი რიგი კომიტეტები და ინსტიტუციები აქვთ შექმნილი იმისთვის, რომ როგორმე ჩინური გავლენა შეასუსტონ. რატომ არის საფრთხე ჩინური გავლენის გაძლიერება? იმიტომ, რომ ჩინეთი ავტორიტარიზმის ექსპო­რტიორია, ამერიკისა და დასავლეთის კონცეფციის მიხედვით კი, რაც მეტი დემოკრატიაა, მით უფრო ადვილია პარტნიორული ურთიერთობის განვითარება. ჩინეთისგან განსხვავებით, ამერიკა დემოკრატიის ექსპორტიორია.­ ღარიბაშვილი­ სპორტულ ღონისძიებაზე წასული რომ გვეგონა, ტელევიზიით გამოგვიცხადა, ჩინეთთან ვაფორმებთ შეთანხმებას სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებო. მერე იმასაც ვიგებთ, რომ ამ დოკუმენტში პოლიტიკურ თანამშრომლობაზეც არის საუბარი­ და ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობაზეც, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე კი სიტყვაც არ არის ნათქვამი. აი, ამ საკითხებზე გვქონდა საუბრები, რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტზეც... რაც შეეხება სანქციებს, წელს აღარაფერს ველოდები, მომავალ წელს ისევ გაგრძელდება... მთავარი საკითხი იყო სადამკვირვებლო მისიების გამოგზავნა არჩევნებზე.

- თქვენი და "ნაცმოძრაობის" ლიდერების ამერიკაში ვიზიტების პარალელურად სააკაშვილმა მნიშვნელოვნად შეიცვალა პოზიცია - თუ ადრე ამბობდა, რომ ქართული პოლიტიკა­ აღარ აინტერესებდა, დღეს უკვე საკუთარი როლის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს და ოპოზიციას ერთობისკენ მოუწოდებს. რას ელის სააკაშვილი ამერიკაში თქვენი ვიზიტებისგან?

- მე არც ერთი შეხვედრა არ ჩამიტარებია სააკაშვილის საკითხის განხილვის გარეშე. ამერიკაში სააკაშვილი პუტინის პირად პატიმრად არის მიჩნეული. ეს არის პუტინის გზავნილი, ყველა ჩემს ოპონენტს ასეთი დღე მოელისო. შესაბამისად, ვაშინგტონის ჩართულობა სააკაშვილის გათავისუფლების საქმეში დიდია. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი, თუ ხელისუფლების მთავარი კონკურენტი ციხეში იქნება.

- ანუ სააკაშვილი არჩევნებამდე გათავისუფლდება ციხიდან?

- ვნახოთ, ყველაფერი მალე გაირკვევა.

- არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარებას თქვენ მხარს უჭერდით, სააკაშვილი კი ამბობს, რომ ეს სისტემა გამოყენებული­ იქნება არჩევნების გაყალბებისთვის.

- ჩემი ინიციატივა იყო ონლაინარჩევნები, განსაკუთრებით, ემიგრანტებისთვის. ელექტრონულ არჩევნებს მე მხარს არ ვუჭერ. სხვათა შორის, ამერიკაში გავარკვიე, რომ არცთუ უსაფუძვლო კითხვები არსებობს იმ კომპანიასთან (Smartmatic International Holding B.V.), რომელიც ელექტრონული არჩევნებისთვის საჭირო აპარატის მიწოდებასა და დაპროგრამებას უზრუნველყოფს­. არის ინფორმაცია, რომ ეს კომპანია ვენესუელაში მადუროს მთავრობასთან თანამშრომლობდა არჩევნების გაყალბებისთვის. საქმეში აქტიურად ჩავრთეთ პარტნიორები და ძალიან მალე დაზუსტებული ინფორმაცია გვექნება, გვეცოდინება, სინამდვილეში რას წარმოადგენს ეს კომპანია და რამდენად შეიძლება მას მივანდოთ რუსულ რეჟიმთან ერთად არჩევნების ჩატარების ბედი.

- ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, სააკაშვილის თემის გააქტიურების შემთხვევაში არჩევნები ორპოლუსიანი იქნება და ამომრჩეველი იძულებული გახდება ისევ ცუდსა და უარესს შორის გააკეთოს არჩევანი, საბოლოოდ კი მოგებული "ქართული ოცნება" დარჩება.

- დიახ, არჩევნები იქნება ორპოლუსიანი, მაგრამ ეს არ იქნება "ნაცები" თუ "ქოცები", ეს იქნება რუსეთი თუ ევროკავშირი. "ქართული ოცნება" არის რუსეთი, ჩვენ - "გამარჯვების კოალიცია" - "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ნაცმოძრაობა" ევროპას წარმოვადგენთ. თუ პროევროპულ ფლანგზე კიდევ ერთი ან რამდენიმე ჯგუფი შეიქმნება, მხოლოდ მოხარული ვიქნებით.

- იმ ჯგუფზე რას იტყვით, რომელიც შეიძლება სალომე ზურაბიშვილის გარშემო შეიკრიბოს. ანალიტიკოსების აზრით, ზურაბიშვილი გახდება დიდი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის "ორთქლმავალი". როგორც მახსოვს, თქვენ ამბობდით, რომ ივანიშვილი და ზურაბიშვილი შეთანხმებულად მოქმედებენ, მაგრამ პრეზიდენტისა და "ქოცნების" ურთიერთობა­ უფრო გამწვავდა, პრეზიდენტს ახლა პროკურატურით ემუქრებიან.

- რაში მდგომარეობს "ქართული ოცნების" მუქარა? ხელოვნურად მოთრეული თემაა ზურაბიშვილისა და კობახიძის დაპირისპირება. ზურაბიშვილმა ერთხელ მაინც ახსენა სადმე, რომ საქართველოს მთავარი პრობლემა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობაა? არა, იმიტომ, რომ ზურაბიშვილი და კობახიძე ივანიშვილის სხვადასხვა საცეცია. ზურაბიშვილი ოპოზიციურ ფლანგზე გადმოვა იმ შემთხვევაში,­ თუ ივანიშვილისგან ექნება დავალება. სუფთა "ქოცური" სცენარია - ჯერ ორი თვე იმპიჩმენტზე გვალაპარაკეს, ახლა ახალ სანახაობას ამზადებენ... ახლა ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, სანტა-ბარბარას ერთი სეზონი რომ დამთავრდა და მაყურებელი მეორეს ელოდებოდა. ზოგიერთი ძალიან ბრძნული გამომეტყველებით მსჯელობს, დაიჭერენ თუ არა სალომე ზურაბიშვილს. დაიჭერენ არა! ზურაბიშვილმა ტესტი უნდა ჩააბაროს, მართლა დამოუკიდებელია თუ არა - სანამ სააკაშვილს არ შეიწყალებს­, მე პირადად არ ვენდობი... თქვენ ნახავთ, რომ ერთ წელიწადში საქართველოში სულ სხვა ხელისუფლება იქნება, ეს მოხდება მშვიდობიანი გზით.

- ამასობაში "ნაცმოძრაობაში" კრიზისი ღრმავდება, ნიკა მელიამ ივანიშვილთან დაახლოებულ პირებსა და პარტიის მენეჯმენტის დახურული შეხვედრის შესახებაც კი ისაუბრა.

- მე მელიას აბსურდულ განცხადებებს არ ვუსმენ. მინდა ეგ ხალხი გონს მოეგოს...

ხათუნა ბახტურიძე