საქართველო სამეულს „ქართულმა ოცნებამ“ გამოთიშა და ოპოზიცია რა შუაშია? - კვირის პალიტრა

საქართველო სამეულს „ქართულმა ოცნებამ“ გამოთიშა და ოპოზიცია რა შუაშია?

საქართველო რომ დღეს აუტსაიდერია, "ქართული ოცნების" პრორუსულობისა და მავნებლობის შედეგია, რა შუაშია აქ ოპოზიცია?" - სვამს კითხვას "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე და ამბობს, რომ ვერ ხვდება, რა ჰქონდა ჩაფიქრებული ხათუნა სამნიძეს, როდესაც თქვა, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ევროპელ პარტნიორებს დახურულ კარს მიღმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გადავადების აუცილებლობაში არწმუნებსო. ბადრი ჯაფარიძის თქმით, სამნიძის განცხადებები ქართველ საზოგადოებას აბნევს. ამ და სხვა მნიშვნელოვან შიდაპოლიტიკურ საკითხებზე "ლელოს" ლიდერი უფრო ვრცლად გვესაუბრება:

- რატომ აბნევს ხათუნა სამნიძის განცხადებები ქართველ საზოგადოებას? საქართველო სამეულს "ქართულმა ოცნებამ" გამოთიშა და ოპოზიცია რა შუაშია? ჩვენ რომ პროევროპული ხელისუფლება გვყავდეს, კანდიდატის სტატუსი უკვე გვექნებოდა და ახლა ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკების დაწყების პროცესში ვიქნებოდით უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად. ქვეყანაში დღეს არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე "ქართული ოცნებაა". რაც შეეხება ამა თუ იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მე ვენდობი ევროკავშირის ელჩს, რომელიც ამბობს, რომ მასთან დახურულ კარს მიღმა არც ერთ ოპოზიციონერ ლიდერს არ ჰქონია მსგავსი საუბარი.

- როგორც მახსოვს, თქვენი აზრით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში უნდა მიეღო, თუმცა ოპოზიციაში არიან პოლიტიკური ლიდერები, მაგალითად, გიგა ბოკერია, რომელიც ფიქრობს, რომ "ოცნების" ხელისუფლების ხელში სტატუსის მიღებას აზრი არა აქვს. ერთადერთი შედეგი, რაც შეიძლება ამ ამბავს მოჰყვეს, ის არის, რომ მმართველი გუნდი პოლიტიკურ დივიდენდებს ჩაიწერს.

- "ქართული ოცნების" ხელში ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლა რომ ვერ იქნება, ცხადია. თუმცა "ლელოს" მიაჩნია, რომ არათუ ახლა, შარშან, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად უნდა მიგვეღო სტატუსი. ჩვენი პოზიცია იყო, არის და იქნება - ჩვენმა ქვეყანამ ძალიან სწრაფად უნდა წაიწიოს წინ ევროინტეგრაციის გზაზე. დღეს ამ გზაზე ჩვენი ბარიერია "ქართული ოცნება". ამ პოლიტიკურმა გუნდმა შესაბამისად არ შეასრულა 12-პუნქტიანი რეკომენდაციები, ფეხქვეშ გათელა ევროკავშირის შემოთავაზებული ყველა შეთანხმების დოკუმენტი და შედეგად გამოვეთიშეთ უკრაინასა და მოლდოვას. წლის ბოლოს ეს ქვეყნები დაიწყებენ მოლაპარაკებას გაწევრების შესახებ, ჩვენ კი შეიძლება ისევ ვერ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ბორელის განცხადებას შეგახსენებთ, "თუ გინდა კლუბის წევრი გახდე, ამ კლუბის წესებით უნდა ითამაშო" - თუ ჩვენ ევროპულ ოჯახში გვინდა შესვლა, შესაბამისადაც უნდა მოვიქცეთ. "ოცნებას" გაურკვეველი თამაშის წესები აქვს, რომლებიც სრულიად აცდენილია ევროპული ოჯახის წესებს. ეს არის რუსული სტილის ხელისუფლება. ამიტომ ერთადერთი საშუალება იმისა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე წინ წავიწიოთ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან მშვიდობიანი გზით ჩამოშორებაა.

- სულ რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა ოპოზიციას "ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდა. თქვენ თუ მიიღებთ ამ შემოთავაზებას?

- სააკაშვილს შეუძლია მიმართოს თავის მხარდამჭერებს, ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, რომლის მიხედვითაც ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი უნდა შეიცვალოს.

- "ლელოს" დღის წესრიგში "ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობა არ განიხილება?

- არა. ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი უნდა შეიცვალოს, რადგან ეს მხოლოდ "ქართულ ოცნებას" აძლევს ხელს. ჩვენი დღის წესრიგის მიხედვით, უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომელზეც იქნებიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც წინასაარჩევნოდ არც "ქართულ ოცნებასთან" შექმნიან ერთობას და არც "ნაციონალურ მოძრაობასთან".

- ანალიტიკოსების თქმით, მესამე პოლიტიკური ცენტრის შესაქმნელად საუკეთესო გამოსავალი გახარიას პარტიისა და "ლელოს" გაერთიანება იქნება სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით.

- გახარიას პარტიასთან თანამშრომლობაზე უკვე დავაფიქსირეთ პოზიცია და შეცვლას აღარ ვაპირებთ. ჩვენი ფოკუსი ისეთი ნაბიჯების გადადგმაზეა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს უსაშველო მდგომარეობიდან. დღეს "ქართული ოცნების" ლიდერების "წყალობით" დასავლური სამყაროსგან გარიყული ვართ, ჩვენი ქვეყნის 90%-ს კი ევროინტეგრაცია სურს. ჩვენ ვალდებული ვართ ის გავაკეთოთ, რაც ქართველ ხალხს სჭირდება. სწრაფად უნდა გავატაროთ რეფორმები, სწრაფად წავწიოთ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე და დავიწყოთ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრებაზე.

- ეს რომ გააკეთოთ, არჩევნები უნდა მოიგოთ და ხელისუფლებაში უნდა მოხვიდეთ.

- ჩვენ გვაქვს იმედი, რომ არჩევნებს მოვიგებთ. ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ "ქართული ოცნება" ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს, დანარჩენი ჩვენზეა... ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გავზარდოთ ჩვენი ელექტორატი, ყოველდღიურად ვხვდებით ამომრჩეველს და ვმუშაობთ მისი მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

- სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობასაც გამორიცხავთ?

- საარჩევნო კუთხით არა, მაგრამ, ზოგადად, რა თქმა უნდა ვითანამშრომლებთ. ჩვენი პარტიის წევრები, მაგალითად, ანა ნაცვლიშვილი და სალომე სამადაშვილი ახლაც აქტიურად თანამშრომლობენ ქალბატონ სალომესთან უამრავ საინტერესო და საჭირბოროტო საკითხზე.

ხათუნა ბახტურიძე