ბაბუა-შვილიშვილობის სიკეთე
საჩხერეში, ჩემს სოფელში, ერთი ოჯახი ცხოვრობს: ფუსფუსა, ფუტკარივით მშრომელი და დაუზარელი: ბევრნი არიან მტრის გასაბრაზებლად და მოყვრის გასახარად: დედა-მამა, ოთხი ბავშვი და ბაბუა, ზაურ ბრეგვაძე, - შრომაში თავდაუზოგავი და გმირი კაცი, ცოლი რომ გარდაეცვალა, ფეხზე მარტოდმარტომ დააყენა შვილები. ერთხელ მითხრა, შრომამ გადამარჩინა, მე რომ მშრომელი არ ვყოფილიყავი, ღმერთისთვის თვალი რავა უნდა გამესწორებინა, შვილები გზას ამიცდებოდნენო. შენს თავსაც გაუფრთხილდი, მოგკლავს ამდენი შრომა-მეთქი, ვეხუმრები და ეცინება, კაი ერთი, ღმერთი ჯანმრთელობას ხომ მაძლევს, დანარჩენი რა სადარდებელიაო. 74 წლის ზაური, ოქროსხელება ხელოსანია. ამ ჩიტივით მსუბუქი ადამიანის აშენებულია ლამის ნახევარი საჩხერე, თვალის დახამხამებაში აიტაცებს ხოლმე იმოდენა ბლოკებს და აშენებს: ამოჰყავს კედლები, ლესავს, ხერხავს, თოხნის, ბარავს და კიდევ რა ვიცი, რა საქმე აღარ იცის.
მოკლედ, კვირადღეა და ისევ სოფელში ვარ. გავიხედოთ, მოდის სოფლის გზაზე ზაურ ბრეგვაძე და 15 წლის შვილიშვილი გიორგი მოჰყვება, ღიმილიანი და ისეთთვალება ბიჭი, მთელი "მსოფლიოს ამოტრიალება" რომ აქვს ჩაფიქრებული. გვიხარია ერთმანეთის ნახვა და მიკითხვ-მოკითხვა. მაინტერესებს, ამ დილაადრიან საით გაუწევიათ. ეს ბიჭი სად მიგყავთ-მეთქი, ვკითხე. ზაურიც მპასუხობს, ზუსტად ასე (იმერულად): გეიგონე შენე, აქანა, მეზობელს სახლს ვუშენებ, ჰოდა, ამწუთას დამხმარე მუშა აღარ მოვძებნე, შაბათ-კვირას გიორგის დრო აქვს და მომეხმარება. ინტერესიანი ბიჭია, ყველაფერი იცის: ცემენტის მოზელა, აშენება, კედლების გალესვა. ცოტ-ცოტა ადრეც დამყვებოდა სამუშაოზე და ყველაფერი ასე ისწავლაო!
ახლა წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, როცა დღეს მშობლები დილიდან შვილების გაღვიძებაზე დარდობენ - წუხელ მთელი ღამე გაათია, ტელეფონში იყო შემძვრალი, ვერაფრით გამოვთხლიშე ხელიდანო! ერთი სიტყვით, მაინტერესებს, რატომ არ სჭირდება 74 წლის ზაურს (და გიორგის დედ-მამას) 15 წლის შვილიშვილის ტელეფონთან ბრძოლა, რა ჯადოსნობა მოიფიქრეს ასეთი! ამიტომაც არ ვეშვები, მასწავლეთ, რას შვრებით ასეთს, რომ გიორგის ინტერნეტიდან "გამოგლეჯა" არ სჭირდება და შრომა უყვარს-მეთქი? ზაურიც ისევ იმერულად უქცევს: შვილიშვილები შრომას ბოვშობიდან შევაჩვიე, განა ჩემთვის მივაჩვიე, ისევ თავისთვის, რომ ცხოვრებამ არ დაჩაგროს და სხვისი ხელის შემყურე არ გახდენო, ხელი თუ არ გაანძრია, მარტო სწავლა რას უშველისო!
მეც ისევ ვეკითხები, ქალაქში რა ვქნათ, იქ სოფლის მსგავსად ბავშვს ვერ დაასაქმებ-მეთქი, და ზაურიც ასე მპასუხობს: რავა ქალაქში საჭმელი ციდან გიცვივათ თუო?!. ბოვშს რაც შეუძლია, ის გააკეთებინეთ: სახლი დაალაგებინეთ, პური დააჭრევინეთ, მაღაზიაში გაგზავნეთ, კერძი მოამზადებინეთ, ეზოში ჩაგზავნეთ სავარჯიშოდო. რას ერჩი, ცამდე მართალია! ისევე, როგორც მისი შვილიშვილი გიორგია მართალი, ჩემს შექებას, შენ რა ბიჭი ყოფილხარ-მეთქი, უკვე ხარაჩოდან პასუხობს, თან მელაპარაკება, თან ხელში ქაფჩა უჭირავს და თან "მმოძღვრავს": კედლები რომ არ ჩამოიფშვნას, ცემენტი და ქვიშა ზუსტი რაოდენობით უნდა აზილო, ბლოკი თუ უხარისხოა, იფშვნება, კედლები და კუთხეები თარაზოთი უნდა გაასწოროო, თან მზის ქუდიდან, ცოტა არ იყოს, გაკვირვებული მიყურებს, "მეტი საქმე რომ არა მაქვს". არადა, ამწუთას ამაზე მეტი საქმე რა უნდა მქონდეს, მისი შრომა მაიმედებს, რომ ჩემი ქვეყანა არ დაიცალოს და გიორგისთანა ბიჭები გადახვეწას და გზიდან აცდენას გადარჩნენ. გიორგიმ არ იცის, მასზე დაწერას რომ ვაპირებ, არც ის იცის, მათი ბაბუა-შვილიშვილობა როგორ მეიმედება - სწორედ ამაშია ჩვენი მომავალი. და კიდევ, გიორგი და ბაბუამისი ნამდვილად ბრეგვაძეები არიან. ნამდვილად მათი მოგვარეები, "შერეკილებში" რომ მიფრინავენ და ზეცას იპყრობენ! ჰოდა, ერთხელაც ჩვენც დავიპყრობთ ზეცას, მაშინ, როდესაც მომავლიდან გიორგისთანა ბიჭები მოვლენ!
ეთერ ერაძე