საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი - ვინ ვის მხარეზეა?! - კვირის პალიტრა

საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი - ვინ ვის მხარეზეა?!

ისრაელ-პალესტინის მორიგმა შეიარაღებულმა დაპირისპირებამ მსოფლიო ფაქტობრივად ორ ბანაკად გაყო - ისინი, ვინც ერთპიროვნულად ისრაელის მხარეს დგანან, და ისინი, ვინც პალესტინელებს თანაუგრძნობენ.

ბევრი ქვეყნისთვის დიდად ასარჩევი არც არაფერი გახლდათ, რადგან თუნდაც აშშ ისრაელის ისტორიულ საიმედო პარტნიორად ითვლებოდა, მაშინ როდესაც ახლო აღმოსავლეთის რიგი მუსლიმანური ქვეყნები მუდმივად თვლიდნენ პალესტინას ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად.

მაგრამ არიან ქვეყნებიც, რომლებიც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, როდესაც არც მწვადი სურთ დაწვან და არც შამფური. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანია.

საქმე ის არის, რომ აზერბაიჯანმა გამოიყენა ის სიტუაცია, რაც, წესით, საქართველოს უნდა წასდგომოდა სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გასაძლიერებლად.

ამ საუკუნის პირველ წლებში საქართველომ დაიწყო ინტენსიური სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ისრაელთან.

შევარდნაძის დროს ეს გამოიხატა თბილისის საავიაციო ქარხანაში ისრაელის ცნობილ ფირმა "ელბიტთან" ერთად სუ-25კმ "სკორპიონის" მოდერნიზაციაში, სააკაშვილის მმართველობის პირველ წლებში კი ისრაელის დრონების "ჰერმესების", ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების "ლარ-160"-ებისა, "გრად-ლარების", საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "სპაიდერების" შესყიდვასა და ქართული ტანკების ტ-72 სიმ1-ების დონემდე მოდერნიზაციაში.

2008 წლის აგვისტოს ომის დამთავრებისთანავე ისრაელმა შეწყვიტა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა საქართველოსთან თავისი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, რაც რუსეთთან დაახლოებას ითვალისწინებდა, მათ შორის საქართველოს ინტერესების საზიანოდაც.

თუმცა სამხრეთ კავკასიაში უკვე ფეხშემოდგმულ ისრაელის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს სასწრაფოდ გამოუჩნდა ახალი "მასპინძელი" აზერბაიჯანის სახით - პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სწორად განსაზღვრა ისრაელის სამხედრო პოტენციალის გამოყენება აზერბაიჯანის არმიის მნიშვნელოვნად გასაძლიერებლად.

2020 წლის ყარაბაღის მეორე ომში აზერბაიჯანის არმიის გადამწყვეტი გამარჯვება და 2023 წელს ყარაბაღის დაბრუნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საბოლოოდ აღდგენის ჩათვლით მეტწილად სწორედ ისრაელში ნაყიდმა ახალი თაობის შეიარაღებამ და საბრძოლო მასალებმაც განაპირობა. სომხების რუსული ტანკების უმეტესობა აზერბაიჯანის არმიამ სწორედ ისრაელის წარმოების "ჰაროპის" კამიკაძე-დრონების დარტყმით გაანადგურა, ხოლო ისრაელისგან ნაყიდი "სპაიკები" არცერთ სომხურ ჯავშანმანქანას არ "ახარებდნენ".

შესაბამისად, აზერბაიჯანსა და ისრაელს საუკეთესო სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ წლების განმავლობაში, რითაც ორივე მხარე ძალიან მოგებული რჩებოდა - აზერბაიჯანმა ისრაელის იარაღით გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა სომხეთის მიერ ოკუპირებული მისი მიწების გათავისუფლებისას, ხოლო ისრაელი არა მარტო დიდ ფინანსურ მოგებას ნახულობდა ძვირადღირებული "ჭკვიანი" შეიარაღების მიყიდვისას აზერბაიჯანის არმიისთვის, არამედ ოფიციალური ბაქოს სახით ის სტრატეგიული დონის მოკავშირედაც გაიჩინა, რომელიც გარკვეულწილად საშუალებას აძლევდა ისრაელის სპეცსამსახურებს აზერბაიჯანის სამხრეთიდან... ირანის ჩრდილოეთ ნაწილში "შეეჭვრიტათ", მათ შორის თანამედროვე მძლავრი რადიოლოკაციური და ოპტიკური დაზვერვის ტექნიკური საშუალებებითაც.

უფრო მეტიც, ისრაელი განაგრძობდა იარაღის მიწოდებას აზერბაიჯანისთვის თვით 7 ოქტომბრის "ჰამასის" თავდასხმის შემდეგაც, ეტყობა, ადრე დადებული საიარაღო კონტრაქტების შესასრულებლად.

და ყოველივე ამის ფონზე აზერბაიჯანი უდიდესი დილემის წინაშე აღმოჩნდა - უპირობოდ დაუჭიროს ისრაელს მხარი ამ უკანასკნელისთვის რთულ პერიოდში, რასაც თელ-ავივში, ბუნებრივია, ელოდებიან კიდეც ბაქოსგან, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სწორედ ისრაელის იარაღით აღიდგინა ტერიტორიული მთლიანობა, თუ ბაქომ გაიზიაროს "დიდი ძმის", თურქეთის პოზიცია, რომელიც გმობს ისრაელის ღაზის სექტორზე საჰაერო დარტყმებს და "ჰამასს"... განმათავისუფლებლებს უწოდებს?

ფაქტია, აზერბაიჯანის არმია მხოლოდ ისრაელის იარაღით გამარჯვებას ვერ მოიპოვებდა, მხარში რომ არ ამოსდგომოდა თურქეთის უდიდესი პოლიტიკური წონა და უპირველესად პრეზიდენტ ერდოღანის პირადი ურთიერთობა რუს კოლეგა პუტინთან. სწორედ პრეზიდენტმა ერდოღანმა შეასრულა გადამწყვეტი როლი აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ურთულეს პროცესში და შესაბამისად, მისი "უმცროსი ძმა", ალიევიც დიდად დავალებულია ანკარისგან. ასევე გასათვალისწინებელია, რომ აზერბაიჯანი მუსლიმანური ქვეყანაა და მოსახლეობის უმეტესობა შიიტია. ასევე არიან სუნიტებიც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. თუმცა აზერბაიჯანში, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებიდან ერთადერთში, არის დასახლება, სადაც ებრაელები კომპაქტურად ცხოვრობენ და არც სინაგოგები აკლიათ. საერთოდ, აზერბაიჯანის მოსახლეობაში ისრაელის მიმართ კარგი დამოკიდებულება ისედაც იყო, რაც უფრო გამყარდა ისრაელური თანამედროვე შეიარაღების აზერბაიჯანის არმიისთვის ყიდვის შემდეგ.

ახლა პრეზიდენტმა ალიევმა ერთპიროვნულად რომ დაიჭიროს ისრაელის მხარე, ამით აუცილებლად გაანაწყენებს "დიდ ძმას", ერდოღანს ანკარაში, მეორე მხრივ, წმინდა პალესტინური პოზიციის დაჭერაც ბაქოს გაუფუჭებს საუკეთესო ურთიერთობას თელ-ავივთან. ამიტომაც ჭკვიანი და ეშმაკი პრეზიდენტი ალიევი ორმაგ თამაშს იწყებს - ბაქომ 8 ოქტომბერს ანუ მეორე დღესვე დაგმო "ჰამასის" დივერსიულ-ტერორისტული თავდასხმა ისრაელის სამხრეთ ნაწილზე, ხოლო ათ დღეში, 18 ოქტომბერს, განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს ორი სახელმწიფოს პრინციპს ანუ ისრაელთან ერთად პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, რომლის დედაქალაქიც აღმოსავლეთ იერუსალიმში იქნება. ამასთან, აზერბაიჯანმა პალესტინელი დევნილების დასახმარებლად 1,6 მლნ დოლარი გადარიცხა - ასეთი რამეები პრეზიდენტ ალიევს არასდროს ეშლებოდა... თუმცა, თუკი სიტუაცია უკიდურესად გართულდა და ახლო აღმოსავლეთში საქმე მართლაც რეგიონული დონის ომამდე მივიდა, რომელშიც შეიძლება თურქეთიც ჩაერთოს ისრაელის წინააღმდეგ, მაშინ აზერბაიჯანს უფრო კონკრეტულად მოუწევს არჩევანის გაკეთება, სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულ ბანაკებიდან რომელს აირჩევს...

აზერბაიჯანის არჩევანის პრობლემა კი მეტ-ნაკლებად გასაგებია, მაგრამ რა პოზიცია აქვს სამხრეთ კავკასიის კიდევ ორ ქვეყანას, სომხეთსა და საქართველოს ისრაელ-პალესტინის მზარდი შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ?

სომხეთი ბრმა არ იყო და კარგად ხედავდა, თუ რა დღეში ჩააგდო მისი შეიარაღებული ძალები 2020 წლის ყარაბაღის ომში აზერბაიჯანისთვის მიცემულმა "ჰაროპებმა", "სპაიკებმა" და "ასტრებმა". შესაბამისად, სომხების უარყოფითი განწყობა ისრაელის მიმართ დიდად გასაკვირი არ არის, რასაც ემატება ისტორიული ფაქტორიც - საბჭოთა სპეცსამსახურები სომხეთის ტერიტორიაზეც წლების განმავლობაში წვრთნიდნენ და ისრაელთან საბრძოლველად ამზადებდნენ ათასი ჯურის არაბ ტერორისტებს, დღევანდელი "ჰამასისა" და "ჰესბოლას" წინამორბედებს. ამიტომაც სომხეთში დიდად არ ინერვიულებენ, თუკი რაც შეიძლება მეტი პრობლემა წარმოექმნება ისრაელს პალესტინელებისგან.

საქართველოს სიტუაცია კიდევ უფრო განსხვავებულია - ქართველებსა და ებრაელებს მრავალსაუკუნოვანი მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებთ და "ჰამასის" 7 ოქტომბრის ტერორისტულ თავდასხმას, სამწუხაროდ, ქართველი ებრაელებიც შეეწირნენ. საქართველოში ბევრი ნათესავი, მეგობარი თუ ნაცნობი დარჩათ ისრაელში მცხოვრებ ქართველებს და მათ ამ რთული პერიოდის "გადაგორებას" საქართველოში დროებით სტუმრობით სთავაზობენ, რაც თითქმის არ ბადებს კითხვებს, თუ ვის უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი - ისრაელს თუ პალესტინას. თუმცა საქართველოში არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც ასე ერთსულოვან მხარდაჭერას სულაც არ მიიჩნევს მართებულად და თავისი, ხშირად ლოგიკურად დასაბუთებული არგუმენტებიც აქვს, მათ შორის ის, თუ როგორ მოექცა საქართველოს ისრაელის იმდროინდელი ხელისუფლება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროსა და მას შემდეგ, რისი დავიწყებაც რთულია.

მაგრამ არსებობს ერთი ძალზე მნიშვნელოვანი გარემოებაც, რომელიც მთლიანად გადაწონის და განსაზღვრავს, თუ სად უნდა იდგეს საქართველო ისრაელ-პალესტინის დაპირისპირებაში - "ჰამასი", "ჰესბოლა" თუ სხვა არაბული ტერორისტული და ნახევრად ტერორისტული დაჯგუფებები და რაც მთავარია, მათი მხარდამჭერი პალესტინელების უდიდესი ნაწილი თავიანთ ერთ-ერთ მთავარ მეგობრად მიიჩნევენ... რუსეთს, რომელსაც საქართველოს ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული და შესაბამისად, ეს არაბებიც "აღიარებენ" ჩვენი, ადგილობრივი სეპარატისტების "დამოუკიდებლობას".

ამიტომაც ის ქვეყნები და დაჯგუფებები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობენ და მხარს უჭერენ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის რუსულ ოკუპაციას, არ უნდა მოელოდნენ საქართველოსგან მხარდაჭერას.