ემუქრება თუ არა საქართველოს ჩინური ეკონომიკური ექსპანსია - კვირის პალიტრა

ემუქრება თუ არა საქართველოს ჩინური ეკონომიკური ექსპანსია

რამდენიმე დღის წინ საქართველოში ვიზიტისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ე.წ. შუა დერეფნის მნიშვნელობას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტით დაინტერესება გამოხატა. ანალიტიკოსებმა მაშინვე გამოთქვეს აზრი, რომ ეს აზერბაიჯანისთვისაც მომგებიანი იქნება და საქართველოსთვისაც, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას ამაზე მკაფიო განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ეს საკითხი იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ პორტის პარტნიორის საძებნელად გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერი უკვე მთავრდება და წესით, ახალი პრეტენდენტები არ მიიღება. ეკონომიკის მინისტრმა სექტემბერში განაცხადა, რომ კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე გადასული ორი კომპანიიდან ერთი შვეიცარიულ-ლუქსემბურგულია, მეორე კი ჩინურ-სინგაპურული. სექტემბერშივე საქართველოში ჩინეთის ელჩმა პორტით დაინტერესება დაადასტურა.ეს საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, რადგან სულ უფრო მეტად იკვეთება ჩინური ეკონომიკური ექსპანსიით პოლიტიკური ინტერესების გატარება რუსეთის სამხედრო აგრესიის პარალელურად, რაც, ცხადია, პირდაპირ დასავლურ ინტერესებს უქმნის საფრთხეს. ამ კონტექსტში კი ძალიან აქტუალურია ჩინეთის სავალო პოლიტიკა. ჩინეთი ერთ-ერთი უდიდესი კრედიტორია მსოფლიოში. მას დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის სესხები აქვს გაცემული 150-მდე ქვეყნისთვის, მეტწილად განვითარებადი ქვეყნებისთვის. ზოგიერთი ანალიტიკოსი ამას "ვალის მახეს" უწოდებს, რადგან ამ მექანიზმით ჩინეთი განვითარებად ქვეყნებს აძლევს სესხს კაბალური პირობებით, ისინიც იღებენ სხვადასხვა მოტივით და შემდეგ ამ ვალში მათ ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების ჩინეთისთვის დათმობა უწევთ. სტენფორდის უნივერსიტეტთან არსებული ჰუვერის ინსტიტუტის მკვლევარი გლენ ტიფერტი მედიასთან ერთ-ერთ ინტერვიუში ჩინეთის ამ სქემას ასე ხსნის: "ვალის მახეს" ხშირად ახსენებენ ხოლმე "ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივასთან დაკავშირებით და ამ ტერმინით ხსნიან ასეთ პროცესს: ჩინეთი ძალიან დიდ თანხას გამოუყოფს ამა თუ იმ ქვეყანას, რომელსაც სუსტი ინფრასტრუქტურა აქვს, ასესხებს მას ფულს, რათა ჩინურმა კომპანიებმა შეძლონ შესვლა, განუვითარონ ქვეყანას საჭირო ინფრასტრუქტურა, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდება, რომ ქვეყანა ყელამდე ვალშია, აშენებული ინფრასტრუქტურა კი საერთოდ არ არის ეკონომიკურად მომგებიანი და თან ქვეყანა ვალის გადახდას ვერ ახერხებს. ვალს ვალი ემატება და "ვალის პირამიდაც" იზრდება. "მახეს" იმიტომ უწოდებენ, რომ მიაჩნიათ, ჩინეთი სესხებს ამა თუ იმ ქვეყნის ვასალურ სახელმწიფოდ ქცევის მიზნით იყენებს, რათა მათზე ზემოქმედებისთვის ბერკეტები გაიჩინოს. მაგრამ, ვფიქრობ, უმეტეს შემთხვევაში ვითარება უფრო კომპლექსურია. ძალიან ხშირად ის ქვეყნები, რომლებიც ჩინეთის ვალში არიან ჩაფლული, ნებით თანხმდებიან ამ ურთიერთობას".ზაფხულში საქართველოს მთავრობის მიერ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების მოულოდნელმა გაფორმებამ ბევრი კითხვა გააჩინა და მათ შორის იმ მხრივაც, იცვლის თუ არა ქვეყანა პოლიტიკურ კურსს. მეორე მხრივ, სულ უფრო მეტი კითხვა იბადება ჩინური ეკონომიკური ექსპანსიის შესახებ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების ფონზე. საქართველოსთან დაკავშირებით, კონკრეტულად, სად ჩანს ჩინური ეკონომიკური ექსპანსიის საფრთხე, რომელ პროექტებში და რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ, თუნდაც ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ეკონომიკის დოქტორ აკაკი ცომაიას ესაუბრა.

- ჩინეთი, ისევე როგორც ისეთი სახელმწიფოები, როგორიც არის რუსეთი, მსგავსი ტიპის სახელმწიფოები, სათავისოდ იყენებენ გლობალიზაციის სიკეთეებს და ამას უწოდებენ თავიანთი სახელმწიფოს სასარგებლოდ რაღაც პოლიტიკური ინტერესების მიღწევას. იქ, სადაც ეკონომიკაში მუშაობს ინვესტიციები თუ სხვა ტიპის ეკონომიკური აქტივობები, თუ ისინი პოლიტიკური ინტერესებისა და გავლენის გაძლიერებას ემსახურება, ასეთი ტიპის მოქმედებები თანამედროვე მსოფლიოში გამოწვევას წარმოადგენს. გარკვეულწილად, ჩინეთიცა და რუსეთიც, ცხადია, უფრო მეტად ჩინეთი, რადგან რუსეთს ამის ნაკლები შესაძლებლობა აქვს, რადგან ის მსოფლიო ეკონომიკაში არ ქმნის ისეთ გარემოსა და კლიმატს, თუმცა, ფაქტია, რომ საქართველოს ეკონომიკის მასშტაბთან შედარებით დიდია და ჩვენი ეკონომიკისთვის საფრთხეს წარმოადგენს - დაინტერესებული არიან სტრატეგიული დარგებით. ეს შეიძლება იყოს რკინიგზა, პორტები, ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვნად განაპირობებდეს ცალკეული ქვეყნების დიდ დამოკიდებულებას ჩინეთისა და მისი მსგავსი ქვეყნების ეკონომიკებზე. ამდენად, ამ კონტექსტში თუ განვიხილავთ საკითხს, მაშინ შეიძლება ვიმსჯელოთ, ვთქვათ, ჩინეთის ეკონომიკის ექსპანსიაზე საქართველოში. მაგალითად, თუ ეს შეეხება ანაკლიის პორტს, სარკინიგზო ან სხვა ტიპის გადაზიდვებს საქართველოში, ეს შეიძლება გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური მიზნებისთვის, ამას ეკონომიკურ შინაარსთან არ ჰქონდეს კავშირი და ჩინეთმა იმავე ანაკლიის პორტის საკითხი გამოიყენოს იმისთვის, რომ შავ ზღვაში გააძლიეროს პოლიტიკური ზეგავლენა; ანდა რუსეთისთვის შექმნას უფრო ხელსაყრელი გარემო სხვადასხვა ტიპის საქმიანობებისთვის. ეს არის საფრთხეები, რომელთაც, ცხადია, სჭირდება გამკლავება და ჩვენს პარტნიორებთან, განსაკუთრებით სტრატეგიულ პარტნიორებთან, თანამშრომლობა ამ საკითხზე.

- ანაკლიის პორტი ახსენეთ და ამ პორტში ჩინური ინვესტიციის მომხრეებისგან ისმის არგუმენტი, რომ ეს პორტი ძირითადად უნდა მოემსახუროს ჩინური ტვირთების გადატანას, და თუკი ჩინეთის ინტერესის შემთხვევაში პეკინს არ მიეცემა პორტში ინვესტიციის ჩადების საშუალება, შესაძლოა ამ ტვირთებმა აქ საერთოდ აღარ გაიაროს. ეს არგუმენტი რამდენად საფუძვლიანად მიგაჩნიათ და მეორე, რისი გაკეთება შეიძლება, რომ ორივე მხარის ინტერესი იქნეს დაცული?

- აქ ძალიან ბევრი კითხვაა. თავისთავად ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ემსახურება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რათა კონკრეტულ რეგიონში გაიზარდოს გადაზიდვების მოცულობა, მასშტაბები. ეს ქვეყნის ეკონომიკაზე დადებით გავლენას მოახდენს, რადგან მოიტანს დამატებით სამუშაო ადგილებს და შექმნის დამატებით ინფრასტრუქტურას. თუმცა არავინ ვიცით, ეს ღრმაწყლოვანი პორტი სინამდვილეში რა მიზნებისთვის იქნება გამოყენებული. შეიძლება გამოდგეს სრულიად შეუსაბამო და კონტრასტში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ამიტომ, რაკი ასეთი კითხვები არსებობს, ცხადია, ანაკლიის პორტის აშენება ჯობს მსხვილი დასავლური კაპიტალის მონაწილეობით, მით უფრო, რომ დასავლური კაპიტალი ქმნის იმის გარანტიასაც, რომ პორტის ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნება.

- ანუ პრობლემაა, რომ ჩინეთი ფლობდეს ამ პორტს, თუნდაც წილობრივად? პრობლემა მხოლოდ ეს არის თუ არის ზოგადად ამ პორტის მშენებლობაში ჩინეთის მხოლოდ მონაწილეობაც?

- მთავარი საფრთხე ის არის, რომ ქვეყანა არ იქნეს გამოყენებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების საწინააღმდეგოდ. რაღაც პროექტებში ჩინური კომპანიების მონაწილეობა იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ასრულებენ მშენებლობით სამუშაოებს, თუნდაც მაგისტრალები გაჰყავთ, აქ პრობლემა უკავშირდება შესაძლო კორუფციულ გარიგებებს, რაც ისედაც შეიძლება არსებობდეს, კომპანია ჩინური იქნება თუ არა. კორუფციული გარიგებების სანაცვლოდ ყველაფერზე თანახმა არიან, არ ზრუნავენ სამუშაოს ხარისხზე და ამდენად, რეპუტაციაზე. ეს ორი რამ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. ამიტომ, თუ ხელისუფლება ანაკლიის პორტს აძლევს ჩინეთს, რათა ააშენოს და ჩინეთი არის, როგორც დაინტერესებული სახელმწიფო, ეს ქმნის პოლიტიკურ რისკებს, რომ მას აქვს რაღაც პოლიტიკური ინტერესი და აქ არ დგას კონკრეტული ეკონომიკური შინაარსი. ეს არ არის რომელიღაც დიდი ჩინური კომპანია, რომელსაც სურს ტვირთების გაზრდა და ეკონომიკური სარგებლის მიღება ანაკლიის პორტის მეშვეობით. ეს არ არის ის შემთხვევა, მხოლოდ კორუფციულ ინტერესებსა და კორუფციული გარიგებების საფრთხეზე რომ ვისაუბროთ. როგორც გითხარით, არსებობს კონკრეტული პოლიტიკის გატარების თუ პოლიტიკური დაკვეთის შესრულების საფრთხე, რომ ეს პორტი გამოიყენოს თავისი მოკავშირეების სასარგებლოდ და არამოკავშირეების საზიანოდ.

- დღევანდელ ვითარებაში საქართველოში ანაკლიის პორტის მსგავსად კიდევ რომელი პროექტია, რომლის მფლობელობა და თუნდაც ჩინური მფლობელობა შეიძლება პოლიტიკური საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის?

- ამწუთას ჩინეთს არა აქვს ისეთი პროექტები განხორციელებული საქართველოში, რაც შეიძლება სტრატეგიული პარტნიორების შეშფოთებას იწვევდეს. თუმცა ანაკლიის პორტი ნამდვილად შეიძლება გახდეს შეშფოთების საგანი.

- ჩინეთთან დაკავშირებით აქტუალურია ე.წ. ვალის მახე, რითაც ჩინეთი ხელთ იგდებს სტრატეგიულ ობიექტებს და ამისთვის მონტენეგროს მაგალითიც საკმარისია. საქართველოში ჩინეთის მიერ ამ ინსტრუმენტის გამოყენების საფრთხე რამდენად დიდია, მითუმეტეს, რომ დადებული ხელშეკრულებები, ჩვენთან, როგორც წესი, არ საჯაროვდება?

- ამაზე ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში საფრთხეს წარმოადგენს მთლიანად ხელისუფლება, რომელიც ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურება. ასე რომ, ეს ნებისმიერი ფორმით შეიძლება გამოვლინდეს.

- გლობალური კუთხით რომ შევხედოთ ჩინეთის ინტერესებს საქართველოში, რამდენად შეიძლება დავინახოთ ეკონომიკური ექსპანსიის საფრთხე, ანაკლიის პორტს რომ თავი დავანებოთ?

- ევროპიდან აზიაში გასასვლელზე რამდენიმე ქვეყანას აქვს პრეტენზია. აქამდე ამ როლს გარკვეულწილად რუსეთი ასრულებდა. მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს თურქეთიც და მათ შორის, საქართველოსაც სურს გახდეს რეგიონული დიდი მოთამაშე. ვერ გეტყვით, ამაში რამდენად მაღალია ჩინეთის დაინტერესება, რომ ინვესტიციები განახორციელოს. თუმცა მოთხოვნა ან პრეტენზია თუ სურვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რომ აქვს, რაღაც სიგნალებს გვაძლევს.

- ხელისუფლებას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რისი გაკეთება შეუძლია, სახელმწიფოებრივი ინტერესები რომ არ დაზიანდეს, თუკი ჩინეთის ასეთი ინტერესია და რა იქნება სწორი გადაწყვეტილება, საერთოდ არ აშენდეს თუ ჩაიდოს თუნდაც ჩინური ინვესტიცია, მაგრამ არა საკონტროლო პაკეტით?

- დასავლეთის დაინტერესებაც იყო - ანაკლიის პორტის აშენება დაიწყო დასავლური კაპიტალით და მონაწილეობდნენ დასავლური ბრენდები. თუ დასავლურ კომპანიებს ამწუთას არ აინტერესებთ ანაკლიის პორტი, ეს განპირობებულია იმით, რომ ისინი ვერ ხედავენ საქართველოში იმ ხელისუფლებას, რომელიც დასავლეთის საერთაშორისო პარტნიორი შეიძლება იყოს.

- ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩინეთთან თანამშრომლობა თუ არის ისე შესაძლებელი, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები არ დაზიანდეს?

- ამისთვის საჭიროა ისევ და ისევ თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, კერძოდ, აშშ-სთან და ევროკავშირთან. აქედან გამომდინარე, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული მათთან შეთანხმებით და პარტნიორობით. თუ ისინი გვიდასტურებენ და გვეუბნებიან, რომ ამაში საშიში არაფერია, კი ბატონო, მაშინ არანაირი პრობლემა არ იქნება, მაგრამ თუ ხედავენ საფრთხეებს, მაშინ ჩვენც უნდა ვიფიქროთ ამ საფრთხეებზე და შესაბამისად ვიმოქმედოთ.

რუსა მაჩაიძე