ჩვენ რეალურად შეგვიძლია შევცვალოთ ყველაზე ცუდი ეკოლოგიური პროგნოზები
ერთი შეხედვით დაუჯერებელია ჰოლივუდის ფილმები, სადაც ეკოლოგიური კატასტროფა ცივილიზაციას წალეკვას უქადის. თუმცა ადამიანი ისე ხარბად და უკონტროლოდ ანადგურებს ბუნებრივ რესურსებს, საგრძნობია საფრთხე, რომ პლანეტაზე ყველაზე საშინელი ფილმის სცენარიც კი რეალობად იქცეს. რეალობა შეეხება ყველას, განურჩევლად ადგილმდებარეობისა და სოციალური მდგომარეობისა. ამიტომაც მთელი რიგი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები მეცნიერების დახმარებით ცდილობენ იპოვონ გამოსავალი, რომელიც პლანეტას არმაგედონს ააცილებს.
ნანა ფეიქრიშვილი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი:
- მსოფლიოს მოსახლეობის 50% ქალაქშია დასახლებული. მზარდი ტენდენციიდან გამომდინარე, 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი 70%-მდე გაიზრდება. ქალაქები სულ უფრო გადატვირთული და დაბინძურებული ხდება. საგრძნობია მწვანე სივრცეების დეფიციტი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მსოფლიოს ქალაქებში ერთ სულ მოსახლეზე სულ ცოტა 9 კვ.მ. მწვანე სივრცე უნდა მოდიოდეს. ალბათ გაიფიქრეთ, რომ საქართველოში, კერძოდ, თბილისში, როგორი არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს... ნამდვილად ასეა. მაგრამ მწვანე სივრცეების დეფიციტის პრობლემა მსოფლიოს უამრავ ქალაქს უდგას. მნიშვნელოვანია, რომ მის მოგვარებაზე პასუხისმგებელი პირები ზრუნავდნენ და საზოგადოების ცნობიერება გაიზარდოს ბუნების საჭიროების, მისი სწორად გამოყენების და დაცვის საკითხებზე.
რა არის მწვანე სივრცე? ის ეკოსისტემის სერვისების ფართო სპექტრს მოიცავს - პარკებსა და ნაკრძალებს, სპორტულ მოედნებს, სანაპირო ზონებს, როგორიცაა ნაკადულები და მდინარის ნაპირები, გამწვანებული გზები და ბილიკები, საზოგადოებრივი პარკები, ქუჩის ხეები და ბუნების დაცვის ზონები, ასევე ისეთი უჩვეულო ადგილები, როგორიცაა მწვანე კედლები, მწვანე ხეივნები და ა.შ. მწვანე კედლებზე ალბათ ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ულამაზესი კედლები გაგახსენდათ, ის დიდი სიმდიდრეა ჩვენი ქალაქისთვის.
რა სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს მწვანე სივრცემ? აგვაცილებს უამრავ დაავადებას და გააუმჯობესებს ქალაქის მაცხოვრებლების არამხოლოდ საცხოვრებელ გარემოს, მათ ჯანმრთელობას. ამიტომაც, საერთაშორისო სტანდარტებით, რაც უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს უბანში, ურბანული დაგეგმვის პროცესში მით მეტი სარეკრეაციო სივრცის მოწყობაა სავალდებულო. პარკები, ბაღები, სკვერები, ბულვარები ერთიან, უწყვეტ სისტემას უნდა ქმნიდნენ. მათ შეუძლიათ გაფილტრონ ჰაერი, შეამცირონ მისი დაბინძურება, შეასუსტონ ხმაური, შეინარჩუნონ გრილი ტემპერატურა, შეავსონ მიწისქვეშა წყლები. უფრო მეტიც, შეუძლიათ საკვებით უზრუნველყოფა.
ყველაფერი ერთი დიდი ჯაჭვივით არის, თუ პარკები, ბაღები, სკვერები და ზოგადად მწვანე სივრცეები გვაქვს, ადამიანს მეტი შესაძლებლობა და მოტივი აქვს, იყოს ფიზიკურად აქტიური, ისეირნოს, ირბინოს, ითამაშოს და აიცილოს ისეთი დაავადებები, რომლებიც მსოფლიოში სიკვდილიანობის მაჩვენებლებით ლიდერობენ: გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური, ფილტვების ობსტრუქციული დაავადებები და დიაბეტი. მწვანე სივრცეების ფაქტორი უმნიშვნელოვანესია ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ყველა ამ დაავადების პრევენცია კი ნიშნავს სახელმწიფოსთვის უზარმაზარი ეკონომიკური ტვირთის აცილებას. ჯანსაღი ბუნებრივი გარემო, სადაც ადამიანი ჯანსაღად ცხოვრობს, გვიცავს ზედმეტი ეკონომიკური ხარჯებისგან. მკურნალობაში ხომ მხოლოდ სახელმწიფოს თანხები არ მიდის, მოსახლეობის ჯიბიდანაც იხარჯება.
ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ თითოეულ ადამიანს თავისი როლი გააზრებული ჰქონდეს გარემოს დაცვის საქმიანობაში. ესმოდეს, რომ გარემოს დაცვით იცავს მომავალს, შვილებს. დავრგოთ ერთი ხე, თუნდაც წელიწადში ერთხელ. საქართველოს მოსახლეობის ნახევარმა რომ ეს გავაკეთოთ, წარმოიდგინეთ, ხუთ, ათ, ოც წელიწადში როგორი შედეგი იქნება. ტყის განაშენიანება გადაასწრებს ტყის გაჩეხვის ტემპს. ჩვენ შეგვიძლია რეალურად შევცვალოთ ყველაზე ცუდი ეკოლოგიური პროგნოზებიც კი.
ბუნება როგორც მკურნალი
მთელი რიგი კვლევების თანახმად დგინდება, რომ გარემოს ზემოქმედება დაკავშირებულია კიბოს სიხშირესთან. მაგალითად, ჰაერის დაბინძურების გრძელვადიანი ზემოქმედება (წვის და პესტიციდების ჩათვლით, ჩამონათვალი დიდია) დაკავშირებულია ფილტვის კიბოსთან. თუმცა, იმ ქვეყნებში, სადაც გარემო სუფთაა და ადამიანები ბუნებასთან ახლოს ცხოვრობენ, ყველაფერი პირიქით არის.
ალექსანდრე თავართქილაძე, ონკოიმუნოლოგი: ბრიტანული კიბოს კვლევის სააგენტომ სხვადასხვა ქვეყნებში ადგილობრივ მოსახლეობაზე კანცეროგენების ინტენსივობის მაჩვენებელი გამოიკვლია, ანუ რა შესაძლებლობა აქვს დნმ-ის რეპარაციის გენებს. სხვადასხვა ჯგუფის პოპულაციას განსხვავებულად სტაბილური დნმ აქვს. თუ დნმ-ს ძლიერი აღდგენის უნარი აქვს, რაც უნდა ბევრი კანცეროგენი მიიღოს, გაანეიტრალებს. მაგალითად, პაპუასები ახალ გვინეაში ისე კარგად იკვებებიან, ბუნებასთან ისე ახლოს ცხოვრობენ, რომ იქაურ მოსახლეობაზე არც ერთი კანცეროგენი არ მოქმედებს და შესაბამისად, კიბოს მაჩვენებელი ნული აქვთ. სპეციალისტების განმარტებით, ეპიგენეტიკური, გარემოსმხრივი ფაქტორები ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამიტომაც ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებები უფრო ნაკლებია, ვიდრე განვითარებულში.
რა გვაქვს შესაცვლელი?
თამარ თავართქილაძე, ლანდშაფტის არქიტექტორი: თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, რომელიც უპირველესად ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებზეა გათვლილი, სახლსა¬ და გარემოს შორის საზღვრები არ უნდა იგრძნობოდეს. სახლი და ეზო, გარემო ისე უნდა გადადიოდეს ერთმანეთში, რომ ადამიანს ბუნებასთანაც აკავშირებდეს და სიმყუდროვესაც უზრუნველყოფდეს. ეს არის ჩვენი სპეციალობის ამოსავალი მიზანიც - ინფრასტრუქტურისა და ბუნების ისე შერწყმა, რომ ბალანსი არ დაირღვეს. ადამიანს მწვანე სივრცემდე მისასვლელად ათ წუთზე მეტი არ უნდა სჭირდებოდეს, და თითოეულ ჩვენგანს უნდა შეეძლოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მწვანე სივრცით სარგებლობა. კომუნისტების დროს სწორად იგეგმებოდა ქალაქის განაშენიანება და გამწვანება. დღეს, სამწუხაროდ, ამას ვერ ვიტყვი. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ შემოგვრჩა კომუნისტების დანატოვარი ძალიან კარგი მემკვიდრეობა კიკეთის, წყნეთის წიწვოვანი ხეების სახით. მათი არსებობა აუცილებელია თბილისის გასანიავებლად. დასანანია, რომ ხშირად ირღვევა ბალანსი. ახლდება ძველი ბაღები, მაგრამ უამრავი ხე იჩეხება. ახლა დარღვეულია ლანდშაფტისა და არქიტექტურის პროპორცია მასშტაბებში. არ ხდება ქალაქის, მოსახლეობის რაოდენობის, მშენებლობების გათვლა. ყოველდღე ვფიქრობ, რომ ხვალ დავაკონსერვებთ იმას, რაც გავაფუჭეთ და ჩვენს მთელ ენერგიას მომავლის სწორად განვითარებაზე მივმართავთ. ექიმები ავადმყოფებს ბუნებაში დასვენებას რატომ ურჩევენ? მწვანე ფერი იმედისმომცემია და ნდობას აღძრავს. გვეხსნება შფოთვა და ძალა გვეძლევა. სწორედ ამიტომ გვჭირდება პარკი და ბაღი. სამწუხაროდ, ისე გაგვიტაცა სწორხაზოვანი ეკონომიკის განვითარების მოტივით მოქმედებამ, გვავიწყდება, რომ ბუნების ნაწილი ვართ და რაც მეტად დავშორდებით, ჩვენ დაგვაკლდება. პანდემიამ დიდი როლი ითამაშა ამ საკითხის გამოსწორებაში. ხალხმა დააფასა ბუნება, ეზოში ყოფნა. ყველას უნდა ეზო კომფორტულად მოაწყოს, დასასვენებელი სივრცე ჰქონდეს. ვისურვებდი ეს ტენდენცია მზარდი გახდეს.
ყველაზე მწვანე ქვეყანა
დანია აღიარებულია, როგორც ქვეყანა, რომელმაც ეკონომიკურ განვითარებასა და ეკოლოგიაში ოქროს შუალედის პოვნა შეძლო. მისი მაგალითი იძლევა იმედს, რომ მდგრადი და განვითარებული მსოფლიოს შექმნის მცდელობაში სხვა ქვეყნებიც დანიის მსგავსად იყოჩაღებენ. გარემოსდაცვითი საქმიანობის შედეგიანობის ინდექსით დანია 180 ქვეყნიდან პირველ ადგილს იკავებს. დანია აქტიურად იყენებს განახლებადი, მწვანე ენერგიის წყაროებს. ელექტროენერგიის 50% ქარის ენერგიის წარმოებაზე მოდის. სტანდარტიზაციის ეროვნული ორგანიზაცია ცდილობს საკუთარი შემუშავებული სტანდარტებით ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას გარემოს დაზიანების გარეშე. გაიზარდა მოსახლეობის ცნობიერების დონე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: გლობალური დათბობა, ეკოლოგიური პრობლემები და მათი გავლენა ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამიტომ, დანიელების უმეტესობა ძალიან იშვიათად იყენებს საკუთარ ავტომობილს და უმეტესად საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ველოსიპედებით სარგებლობენ. დანიაში სამსახურში საკუთარი ველოსიპედით მისვლა ჩვეულებრივი მოვლენაა სახელმწიფო მოხელეებისა და პარლამენტარებისთვისაც კი.
ქალაქი-პარკები
ქალაქებს, სადაც ბევრი და დიდი პარკებია ქალაქ-პარკებს ეძახიან. 2023 წლის მონაცემებით, ყველაზე დიდი პარკების, ტყეების და ზოგადად მწვანე სივრცეების სიმრავლით რეიტინგი ასე განაწილდა:
1. ოსლო, ნორვეგია - 68%
2. ვენა, ავსტრია - 50%
3. სინგაპური - 46,5%
4. სიდნეი, ავსტრალია - 46%5. ჩენგდუ, ჩინეთი - 41%