"საქართველო უფსკრულის პირას?" - სალომე ზურაბიშვილის საგანგაშო პროგნოზი CBS news-თან ინტერვიუში რუს ემიგრანტებზე და პუტინზე - კვირის პალიტრა

"საქართველო უფსკრულის პირას?" - სალომე ზურაბიშვილის საგანგაშო პროგნოზი CBS news-თან ინტერვიუში რუს ემიგრანტებზე და პუტინზე

აშშ-ის სამაუწყებლო ტელეკომპანიის - „სი-ბი-ეს ნიუსის“ (CBS news) პროგრამა „60 წუთის“ ეთერში 29 ოქტომბერს გადაიცა ვრცელი სიუჟეტი საქართველოს შესახებ, რომლის ტექსტური ვერსია რამდენიმე ვარიანტის სახით გამოქვეყნდა - ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან, რუს მიგრანტებთან და ა.შ. გადაცემას უძღვება ჟურნალისტი შარინ ალფონსი, რომელიც თბილისში იმყოფებოდა. ერთ-ერთი პუბლიკაციის სათაურია „ჩუმი შეჭრა“: ქართველები რუსი მიგრანტების მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილნი“.

გთავაზობთ მასალის მოკლე მიმოხილვას:

„15 წელია გასული მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთი თავს დაესხა მეზობელ ქვეყანას - საქართველოს. დღეს ბევრი ქართველი შიშობს, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, უკრაინის პარალელურად, საქართველოს მიმართაც განახორციელებს აგრესიას - „ჩუმ შეჭრას“ მოსკოვის გავლენის გაფართოების მიზნით. კრემლს უკვე აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20%, რომლითაც ქვეყნის მოსახლეობის ბედი რადიკალურად შეიცვალა“, - აღნიშნავს ჟურნალისტი. იგი ესაუბრება სოფელ ხურვალეთის მცხოვრებს, 87 წლის ვალია ვანიშვილს, რომლის ეზო რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართით არის გაყოფილი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის სახით.

საქართველო, რომლის მოსახლეობა 4 მილიონამდე მცხოვრებს ითვლის და ევროპისაკენ მიილტვის, ცდილობს, თავი დაიხსნას კრემლის გავლენისაგან, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის გამო სიტუაცია გართულებულია.

საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა რუსეთისათვის

რუსეთს და საქართველოს 556 მილის მქონე სიგრძის ერთობლივი საზღვარი აქვთ. გაეროს მონაცემების თანახმად, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთში თითქმის ყველაფერი - ავტომობილებით დაწყებული და ქიმიკატებით დამთავრებული, საქართველოს გავლით შედიოდა. საზღვართან სატვირთო ავტომობილების დიდი რიგი დგას. დასავლეთის სანქციების მიუხედავად, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით მიღებულმა მილიარდობით საქონელმა რუსეთის მმართველი რეჟიმისათვის მაშველი რგოლის როლი შეასრულა.

საქართველოს საზღვრებს ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლება აკონტროლებს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. სიტყვით იგი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ქვეყნის გაწევრებას ევროკავშირში და მოსკოვიდან დაშორებას, მაგრამ მისი პრაქტიკული მოქმედება ამ მიმართულებით საპირისპიროა. მაგალითად, მთავრობა დაეთანხმა რუსეთის სურვილს საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლებაზე - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარები ქვეყნის ერთი მეხუთედი ნაწილის ოკუპაციას და უკრაინასთან ომს აგრძელებენ. ირაკლი ღარიბაშვილი არ იცავს დასავლურ ანტირუსულ სანქციებს და ა.შ.

ბევრი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი „ჯიბეში ჰყავს“ ბიძინა ივანიშვილს, ქართველ ოლიგარქ-მილიარდერს, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა. გასულ ზაფხულს ევროპელმა კანონმდებლებმა ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესება მოითხოვეს, „კრემლთან მისი კავშირების გამო“, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროკავშირში გაწევრებისაკენ.

როგორ გავლენას ახდენს რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოზე

იმ დროს, როცა უცხოური საქონელი საქართველოდან რუსეთში მიდიოდა, რუსი მოქალაქეები რუსეთიდან საქართველოსაკენ მოიჩქაროდნენ. ბევრმა თავი საქართველოს შეაფარა იმ მიზეზით, რომ ვლადიმერ პუტინის რეჟიმს აკრიტიკებდნენ უკრაინასთან ომის გამო და რეპრესიებს გამოექცნენ. რუსი მიგრანტების რაოდენობის ზრდის კიდევ ერთი მიზეზი რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება წარმოადგენდა - ახალგაზრდა რუსებს ომში წასვლა არ სურდათ.

ქართველი საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში რუსი მიგრანტების რაოდენობის ზრდა ეროვნული უსაფრთხოებისათვის ზიანის მომტანია. არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში შემოსული რუსეთის მოქალაქეებთაგან ზოგიერთები კრემლის ჯაშუშებიც არიან, რომლებიც სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას აგროვებენ.

როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი, მისივე განცხადებით, იქ მცხოვრები რუსი მოქალაქეების უფლებების დაცვა წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, რუსი მიგრანტების ნაკადმა საქართველოში დაძაბულობა და ეჭვები გამოიწვია. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შიშობს, რომ ვლადიმერ პუტინს შეუძლია, ანალოგიური ნაბიჯი საქართველოს მიმართაც გადადგას, სადაც 100 ათასამდე რუსი მიგრანტი ცხოვრობს.

„რუსები ისე იქცევიან, თითქოს საკუთარ სახლში იმყოფებიან", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი ამერიკელ ტელეჟურნალისტთან საუბარში, - "ყველამ უნდა იცოდეს, რომ არსებობს ხაზი, რომლის დარღვევა არ შეიძლება, რათა ჩვენს შორის ინციდენტები არ მოხდეს, რათა რუსეთს საბაბი არ ჰქონდეს თავისი დოქტრინის ასამოქმედებლად - რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის მიზნით. რუსებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი ჩვენი ქვეყნისთვის მაინც ოკუპანტები არიან, თუნდათ - „რბილი“, მაგრამ მაინც ოკუპანტები“.

ზოგიერთი ექპერტის აზრით, რუსების დიდი რაოდენობით შემოსვლამ საქართველო უკვე შეცვალა. ღია მონაცემების მიხედვით, ბოლო 18 თვის განმავლობაში რუსებმა საქართველოში უკვე 21 ათასი კომპანია და ფირმა დაარეგისტრირეს, გახსნილია ხუთი ახალი რუსულენოვანი სკოლა, თუმცა არც ერთს არ აქვს განათლების სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზია.

„თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით, რომელიც ფინანსებს მართავს, ირკვევა, რომ რუსების შემოსვლამ საქართველოში საცხოვრებელი ბინების დაქირავებისა და ყიდვის ფასები თითქმის 130%-ით გაზარდა. ეროვნული სტატისტიკური სამსახური ადასტურებს, რომ ფასებმა მოიმატა ყველაფერზე - სურსათ-სანოვაგით დაწყებული, ავტომობილებით დამთავრებული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამშობლო დატოვა ასი ათასმა საქართველოს მოქალაქემ, რადგან მათ ასეთ სიტუაციაში ცხოვრება არ სურთ.

რუსების მასობრივმა მიგრაციამ ქართულ მოსახლეობაში ანტირუსული განწყობები გააჩინა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რუსი, როგორც უკვე ითქვა, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების რეპრესიებს გამოექცა.

ამერიკელი ტელეჟურნალისტი ესაუბრება რუს მიგრანტს ემანუელ ლისნევს, რომლის თქმით, სანამ საქართველოს თავს შეაფარებდა, სამჯერ იყო დაკავებული სანქტ-პეტერბურგის პოლიციის მიერ, უკრაინის ომის საწინააღმდეგოდ მიმართული განცხადებების გამო. იგი ამჟამად თბილისში, რუსულ comedy club-ში მუშაობს რამდენიმე თანამემამულე რუსთან ერთად.

თბილისში ბევრგან შენიშნავთ ანტირუსულ გრაფიტებს (წარწერებს) - „რუსებო, დაბრუნდით რუსეთში!“. ასევე, ყველგან მოისმენთ უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს.

საქართველო უფსკრულის პირას?

საქართველოში თითქმის ყველგან ნახავთ ევროკავშირის, ნატოსა და აშშ-ის დროშებს, რომლებიც ბევრ შენობაზეა გადმოფენილი. ქართველი საზოგადოების 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებას. ამ მიზნის განსახორციელებლად ძალისხმევას არ იშურებს სალომე ზურაბიშვილიც, რომლის უფლებამოსილება საპარლამენტო რესპუბლიკაში, ძირითადად, მხოლოდ ცერემონიალურია.

თავის მხრივ, ევროკავშირმა, წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, საქართველოს გარკვეული მოთხოვნები წაუყენა, მათ შორის - კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურება და ოლიგარქების გავლენის შემცირება ქვეყნის პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირი თავის ვერდიქტს წლის ბოლოსათვის გამოაცხადებს.

მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირისაკენ გზის გაკვალვა დაიწყო და ამ მიზნით ევროპაში ვიზიტები განახორციელა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იგი ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა. მან აუკრძალა პრეზიდენტს ევროპაში ვიზიტების დროს სახელმწიფო სახსრების ხარჯვა და შეეცადა, თუმცა უშედეგოდ, რომ მისთვის პარლამენტს იმპიჩმენტი გამოეცხადებინა.

როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს ამერიკელ ჟურნალისტთან საუბარში, იგი ევროპაში თავისი საკუთარი ხარჯებით სიარულს აგრძელებს და იქაურ ლიდერებს ხვდება. „თუ ევროკავშირი საქართველოს განაცხადს არ დააკმაყოფილებს და კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს, ეს რუსეთის დიდი გამარჯვება იქნება“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ კრემლი საქართველოში [თავისი გავლენის განსამტკიცებლად] ნიადაგს იმზადებს. რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ სამხედრო ბაზები აქვს, სადაც, დაახლოებით, 8 ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

ბევრი ქართველი ახალგაზრდა - ისეთები, როგორიც, მაგალითად, ანა თავაძეა - იმ მოძრაობის აქტივისტია, რომლის მიზანს საქართველოს ევროკავშირში გაწევრება წარმოადგენს. ანა თავაძის თქმით, ქვეყნის მთავრობაში ბევრი პრორუსულად არის განწყობილი და მათთვის სულ ერთია, რა სურს ქართველების უდიდეს ნაწილს.

„თუ რუსეთი გაიმარჯვებს, ეს ჩვენთვის თავისუფლებისა და საერთოდ, ყველაფრის დაკარგვას ნიშნავს, რისთვისაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ვიბრძოდით. ეს არის ბრძოლა ფასეულობებისათვის და იმისთვის, თუ როგორი პოზიცია უნდა დაიკავოს [ყოველმა ქართველმა] დემოკრატიის დასაცავად“.

მოამზადა სიმონ კილაძემ.

წყარო