ბინძური თამაშები საქართველოს მეზობლად - ჩრდილოკავკასიელებს დღეს ებრაელებს "უსევენ", ხვალ კი ქართველებს "ლეკიანობას" მოგვიწყობენ?!
მაჰაჩყალის აეროპორტში 29 ოქტომბრის საღამოს მომხდარი ფაქტი შეიძლება შეფასდეს მხოლოდ ასე - „აგრესიული ბრბოს მიერ ებრაელებზე ნადირობა“, რასაც ისტორიული პარალელებიც გააჩნია და ის საშინელება, რაც ერთხელ უკვე მოხდა მე-20 საუკუნის 30-იანი წლების გერმანიაში, დიდი ალბათობით შეიძლება, განმეორდეს 21-ე საუკუნის 20-იანი წლების რუსეთშიც, რაც დიდად გასაკვირი აღარც არის, რადგან გასული საუკუნის დიქტატორ ჰიტლერს 21-ე საუკუნეში საუკეთესო „მიმდევარი“ გამოუჩნდა პუტინის სახით...
რუსეთის ფედერაციის სუბიექტის, დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მაჰაჩყალის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში გუშინ ათასკაციანი აგრესიული ბრბო შეიჭრა, რომლებმაც აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზეც შეაღწიეს და პალესტინის დროშების ფრიალით ეძებდნენ იმ სამგზავრო თვითმფრინავის მგზავრებს, რომლებიც ისრაელის თელ-ავივიდან ჩაფრინდნენ მაჰაჩყალაში...

მგზავრების გადამალვა ადგილობრივმა სამართალდამცავებმა კი მოახერხეს, მაგრამ ორ ათეულამდე პოლიციელი ქვების სროლის შედეგად დაშავდა, აეროპორტის დასაცავად გამოძახებულმა „ომონმა“ ჰაერში სროლა დაიწყო და 59 აგრესიული დემონსტრანტი დააკავა, თუმცა აეროპორტის შენობა მნიშვნელოვნად დაზარალდა...
საგულისხმოა, რომ მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, ყარაჩაი-ჩერქეზეთშიც დაფიქსირდა ანტისემიტური გამოსვლები, გზების გადაკეტვების ჩათვლით და, როგორც ჩანს, ამ სახის მოქმედებები კვლავ გაგრძელდება...
გამოდის, რომ რუსეთის ფედერაციაში შემავალ ჩრდილო-კავკასიის რიგ რესპუბლიკებში, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მუსლიმანია, მკვეთრი ანტისემიტური მოძრაობა დაიწყო, რაც პირდაპირ უკავშირდება ისრაელ-პალესტინის მორიგი ომის დაწყებას.
ჩრდილო-კავკასიაში ე.წ. მთის ებრაელები ჩვენი წელთაღრიცხის მე-5 საუკუნეში ჩასახლდნენ სპარსეთიდან. საბჭოთა პერიოდში ებრაელები ჩრდილო-კავკასიაში კომპაქტურად ცხოვრობდნენ დაღესტანში, ჩეჩნეთში, ყაბარდო-ბალყარეთსა და სტავროპოლის მხარეში.
1970-იანი წლებიდან, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ ებრაელი ეროვნების მოქალაქეებს საზღვარგარეთ გასვლის საშუალება მისცა, მთის ებრაელების დიდი ნაწილიც ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო დაღესტნის დერბენტში მხოლოდ ორი ათასამდე მთის ებრაელი თუ დარჩა.

ეხლაც დაღესტანში სულ 400-მდე ებრაული ოჯახი თუ ცხოვრობს, რომელთა სასწრაფო ევაკუაცია შეიძლება დასჭირდეს რუსეთის ხელისუფლებას, რომ არ მოხდეს ანტისემიტური დარბევები ჩრდილოეთ კავკასიაში, რომლის მაცხოვრებლების ნაწილი, პალესტინელების მხარდაჭერის მოტივით, ყველაფერზე წამსვლელები არიან, რაც კარგად გამოჩნდა ამ აგრესიული ბრბოს მაჰაჩყალის აეროპორტში შეჭრისას და ადვილი წარმოსადგენია, რას უზამდნენ ისრაელის მოქალაქეებს, ისინი დროულად რომ არ გადაემალათ...
რუსეთის პრეზიდენტის პუტინის პოზიციამ, როდესაც მან „ჰამასის“ პოლიტიკური ხელმძღვანელობა მოსკოვში მიიწვია, რა თქმა უნდა, ხელ-ფეხი კიდევ უფრო გაუხსნა ანტისემიტური განწყობის ზრდას და არა მარტო მუსლიმანურ ჩრდილო-კავკასიაში. მალე ეს საშიში სენი შეიძლება მთელი რუსეთის ტერიტორიაზეც გავრცელდეს და ისევე, როგორც ჰიტლერის ფაშისტურ გერმანიაში სდევნიდნენ ებრაელებს, იგივე დაიწყოს პუტინის რაშისტულ რუსეთში, რისი საშიში პრეცენდეტებიც უკვე მოხდა...
მაჰაჩყალის საშიშმა ინციდენტმა ჩვენი საქართველოსთვისაც არანაკლებ სახიფათო მოვლენები შეიძლება გაააქტიუროს...
მაჰაჩყალაში გამოჩნდა აგრესიული, მაგრამ მართული ბრბოს მოქმედება, რომლის „მისევა“ დღეს ისრაელის მოქალაქეებზე ხდება, მაგრამ ხვალ შეიძლება უკვე ჩვენი საქართველოს წინააღმდეგ იყოს მომართული, „თანამედროვე ლეკიანობის“ სახით, მით უმეტეს, რომ საქართველოს ესაზღვრება დაღესტანიც, ჩეჩნეთიცა და ყაბარდო-ბალყარეთიც...

საბაბის გამოძებნა ადვილია, ისევე, როგორც ეს სამი ათეული წლის წინ მოხდა აფხაზეთის ომში, როდესაც სწორედ ჩრდილოკავკასიელი დაქირავებული მებრძოლები შემოგვისიეს და იგივე გაგვიმეორეს აგვისტოს ომშიც, იანდარბიევის ჩეჩნური რაზმების ცხინვალში შემოჭრის სახით...
რუსეთის ხელისუფლებას თავისი სპეცსამსახურების საშუალებით კვლავ შეუძლია ჩრდილო-კავკასიაში დარაზმოს აგრესიულად განწყობილი ბრბო, რომელიც უკვე ქვებით კი არა, არამედ - „კალაშნიკოვებით“ წამოვა საქართველოზე, „თანამედროვე ლეკიანობის“ გასაგრძელებლად, თანაც ისე, რომ კრემლი ეცდება, ხელები დაიბანოს - რუსეთის არმია არაფერ შუაშია, ეს ჩრდილოკავკასიელ ხალხს სურს საქართველოზე „გალაშქრებაო“...
აგრესიული ბრბოს აღტყინების, ორგანიზების, შეიარაღებისა და საჭირო მიზანზე მიმართვის მთელი ტექნოლოგიებია დახვეწილი რუსეთის სპეცსამსახურებში, რისი გაუთვალისწინებლობა დიდი დანაშაული იქნებოდა...