" ამ განცხადებებამდეც უსაფრთხოების გარემო საკმაოდ მძიმე და მყიფე იყო" - რას ამბობს ოჩამჩირეში რუსული ბაზის საკითხზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - კვირის პალიტრა

" ამ განცხადებებამდეც უსაფრთხოების გარემო საკმაოდ მძიმე და მყიფე იყო" - რას ამბობს ოჩამჩირეში რუსული ბაზის საკითხზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე

ოჩამჩირეში ინფრასტრუქტურის გაფართოება-არგაფართოების საკითხმა ვითარება არსებითად დიდად შესაძლოა, არ შეცვალოს - ოჩამჩირის პორტის ინფრასტრუქტურის გაფართოების შესახებ განცხადებებამდეც უსაფრთხოების გარემო საკმაოდ მძიმე და მყიფე იყო, - ეს განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ გააკეთა.

ბერაიას ინფორმაციით, მოცემული მომენტისათვის ოჩამჩირეში განთავსებულია „ეფესბეს“ სანაპირო დაცვის კატარღები. მისი თქმით, სამხედრო დანიშნულების დიდი წყალწვის ხომალდების მისაღებად ინფრასტრუქტურა მზად არ არის და ამ ეტაპზე გაფართოების კუთხით აქტივობას ადგილი არა აქვს.

„უსაფრთხოების გარემო არის საკმაოდ მყიფე, დამძიმებული, საკმაოდ კომპლექსური და ცვალებადი. პოლიტიკა რასაც ჩვენ ვატარებთ, არის გონივრული და ეფექტიანი.

ზოგადად, რუსული ოკუპაცია ჩვენი ქვეყნისთვის და მთლიანად რეგიონისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ოჩამჩირის პორტის ინფრასტრუქტურის გაფართოების შესახებ განცხადებებამდეც უსაფრთხოების გარემო საკმაოდ მძიმე და მყიფე იყო. ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებულია რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მეშვიდე სამხედრო ბაზა შეიარაღებით, აღჭურვილობით, არის როგორც სარაკეტო სისტემები, ასევე სანაპირო დაცვის სისტემები, რომელსაც საკმაოდ შორ მანძილზე წვდომა აქვს. ოჩამჩირეში ინფრასტრუქტურის გაფართოება-არგაფართოების საკითხმა ვითარებას არსებითად დიდად შესაძლოა არ შეცვალოს.

ნებისმიერი სახის გამოწვევა, საფრთხე, ის უკანონო ნაბიჯები, რასაც საოკუპაციო ძალა ახორციელებს, ხელისუფლების ყურადღების მიღმა არ რჩება - ხდება რეაგირება, როგორც ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო პარტნიორობის ჩართულობით იმისთვის, რომ აგრესორ სახელმწიფოზე ზეწოლა გაგრძელდეს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოხდეს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა დახურულ ფორმატში დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინა. საუბარი მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს შეეხო.

"ინტერპრესნიუსი"