"გეგონება, სიკვდილს უღიმისო" - მექსიკელი რევოლუციონერის უკანასკნელი ღიმილი - ფოტო, რომელიც მსოფლიოს უამრავ გალერეაში იყო გამოფენილი - კვირის პალიტრა

"გეგონება, სიკვდილს უღიმისო" - მექსიკელი რევოლუციონერის უკანასკნელი ღიმილი - ფოტო, რომელიც მსოფლიოს უამრავ გალერეაში იყო გამოფენილი

ეს ფოტო რამდენიმე წლის წინ ჩემს მეგობართან ვნახე და მოვიხიბლე, სიძველის მიუხედავად, ძალიან შთამბეჭდავი მეჩვენა და მობილურით გადავიღე. დიდხანს ვატრიალე ხელში, მეგობარი გამომცდელად მიყურებდა, აინტერესებდა, მასზე გამოსახული გაღიმებული ახალგაზრდა მამაკაცის გამოხედვას როგორ შევაფასებდი. ჩემი აზრით, ჩაცმულობიდან გამომდინარე, ან სამხრეთ ამერიკელი უნდა ყოფილიყო, ან ესპანელი. მის გამოხედვაში კი, თითქოს, სილაღეც იგრძნობოდა, თავისუფლებაც, სიმტკიცეც და... კიდევ რაღაც, რასაც ნამდვილად ვერ ჩავწვდი.

ბოლოს მეგობარმა მიამბო, რომ ფოტოზე მექსიკელი რევოლუციონერის - ფორტინო სამანოს უკანასკნელი წუთები არის გადაღებულიო. მექსიკელი ჯარისკაცების ოცეულს იგი 1917 წლის 12 ივნისს დაუსჯიათ სიკვდილით. თავდაპირველად მისი ღიმილი სულ სხვა თვალით დავინახე - ფორტინო დგას წელში გამართული, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, მზერა მშვიდი აქვს და - ცოტათი ირონიულიც.

არ მგონია, ასეთ მდგომარეობაში ადამიანი შიშს ვერ გრძნობდე, ვფიქრობ, ის იმდენად ძლიერი ადამიანი იყო, ისეთი ვაჟკაცი, რომ იმ წუთებშიც შესანიშნავად აკონტროლებდა საკუთარ ემოციებს და პანიკაში არ ჩავარდნილა. ეს ალბათ სისხლში ჰქონდა გამჯდარი.

ისეთი ფოტოა, გეგონება სიკვდილს უღიმისო. ალბათ, მისი უკანასკნელი გზავნილიც ჯარისკაცებისადმი თუ იქ მყოფი სხვა ტყვეებისადმი ასეთი იქნებოდა: მე თავგანწირულად ვიბრძოლე და არ გავტყდი, მთავარია, თქვენც შეინარჩუნოთ ვაჟკაცობა, მეამბოხე სული და თავმდამბლობაო!

პ.ს. ეს ფოტო ევროპის უამრავ გალერეაში გამოუფენიათ, მისი ორიგინალი ინახება მეხიკოში, ეროვნულ ფოტობიბლიოთეკაში INAH, ხოლო ასლი კი ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის კოლექციის ნაწილია.

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)