" ღუდუშაურს უნდა უპასუხოს სამნიძემ და დეკანოიძემ - ჭორაობა ძალიან კარგია სოფლის ორღობეში"
ღუდუშაურს უნდა უპასუხოს ქალბატონმა სამნიძემ, დეკანოიძემ და იმ ხალხმა, ვინც მსგავსი განცხადება გააკეთა, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა 360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც "ქართული ოცნების“ დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებას გამოეხმაურა.
სალომე სამადაშვილის თქმით, მას არასდროს უთქვამს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები უშლიან ხელს კანდიდატის სტატუსის მიღებას.
"არ მგონია, რომ ღუდუშაურს მე უნდა ვუპასუხო. ღუდუშაურს უნდა უპასუხონ იმ დეპუტატებმა. მოდი ჩემ შეფასებას ვიტყვი, ეს იყო ძალიან მძიმე პოლიტიკური შეცდომა. მათი მხრიდან ესაა პირდაპირ „ქართული ოცნების“ პროპაგანდის ხელშეწყობა. შესაბამისად, ღუდუშაურს უნდა უპასუხოს ქალბატონმა სამნიძემ, დეკანოიძემ და იმ ხალხმა, ვინც მსგავსი განცხადება გააკეთა იმიტომ, რომ მე არ მითქვამს არასდროს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები უშლიან ხელს კანდიდატის სტატუსის მიღებას. ვინც ეს თქვა, მათ უნდა დააკონკრეტონ ან ეს როგორ ხდება, ან ვის გულისხმობდნენ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
დეპუტატების, ხათუნა სამნიძისა და ხატია დეკანოიძის განცხადებების შეფასებისას სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათი ნათქვამი თავისი პროპაგანდისთვის ძალიან კარგად გამოიყენა.
„მოდი ცოტა ხისტად ვიტყვი, ჭორაობა ძალიან კარგია სოფლის ორღობეში, მაგრამ პოლიტიკაში ჭორაობა მე არ მიყვარს. მე ვერ გავიგე რატომ გააკეთეს ეს. დავინახე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად გამოიყენა ეს თავისი პროპაგანდისთვის. ჩვენ უნდა ვუთხრათ სიმართლე ხალხს. კანდიდატის სტატუსს თუ მივიღებთ, იმედია რომ მივიღებთ, გვეტყვიან, რომ შანსი გაქვთ, რომ მომავალში გახდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. არიან სხვა ქვეყნები: ჩვენი მეზობელი თურქეთი, ბალკანეთის ქვეყნები, მრავალი წელია კანდიდატის სტატუსი აქვთ, მაგრამ წინ ვერ მიდიან. სერბეთი არის ქვეყანა, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს ქვეყანა ითვლება, რომ არის რუსეთის მოკავშირე. ვინ მიიღებს ევროკავშირში ქვეყანას, რომელსაც დისტანციურად მართავს რუსეთი? ორბანი ჰყავთ ერთი და არ რიცხავენ ჯერჯერობით უნგრეთს ევროკავშირიდან, იმიტომ, რომ ფიქრობენ, რომ შეიცვლება ხელისუფლება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, პირი, რომელსაც ხათუნა სამნიძე და ხატია დეკანოიძე გულისხმობდნენ, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ სალომე სამადაშვილია.
"ერთ-ერთი პირი, ნამდვილად, გამოკვეთილად, შეიძლება ითქვას, რომ არის ქალბატონი სამადაშვილი", - განაცხადა ღუდუშაურმა.
"ინტერპრესნიუსი"