"როცა ნატო-ს ასამბლეაზე ჩვენი საკითხი გადიოდა, თეონა აქუბარდია დარბაზში არ იყო - „შოპინგზე“ იყო, ან მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, „პახმელიაზე“ ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა"
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ბერაია პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას „უსინდისო და სამარცხვინო მატყუარას“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისი განცხადება, თითქოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას მხარი არ დაუჭირეს“, მიზანმიმართული დეზინფორმაციაა.
როგორც ბერაიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თავად აქუბარდია არაერთხელაა ნამყოფი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა.
„იმ სამარცხვინო ტყუილს უნდა გამოვეხმაურო, რისი თქმაც წესად ექცა თეონა აქუბარდიას - ამ უსინდისო და სამარცხვინო მატყუარას. ჯერ იყო და ის თქვა, თურმე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მე და ჩემმა კოლეგებმა მხარი არ დავუჭირეთ საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას, დარბაზში არ ვიყავით და ამით პუტინის დავალება შევასრულეთ, რაც იყო ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რაც მან კარგად იცის, იმიტომ, რომ ქართული დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ხმას არ აძლევს არცერთ გადაწყვეტილებას, რადგან ჩვენ არ ვართ ნატო-ს წევრი სახელმწიფო.
ქალბატონი აქუბარდია არაერთხელაა ნამყოფი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და როდესაც ჩემი არაერთი შენიშვნა ყოფილა ინიცირებული და შესწორება ანგარიშებში და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა. „შოპინგზე“ იყო გაქცეული, ან მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, „პახმელიაზე“ ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა. მე და ჩემს კოლეგებს საკუთარი თავისთვის იმის უფლება არ მიგვიცია, რომ ბრალი დაგვედო მტრების დავალების შესრულებაში“,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
"ინტერპრესნიუსი"