"ჭურვების შიმშილი" და კოსმოსური ფასი - რას ვერ იყოფენ უკრაინა და ისრაელი?!
რუსეთ-უკრაინის ომი 615 დღეა მიმდინარეობს, ისრაელ-პალესტინის ომი კი 25 დღეს მოითვლის, მაგრამ ორივე ფრონტს უკვე სჭირდება ის, რაც უკრაინისა და ისრაელის არმიებს უკვე გასაყოფი გაუხდათ და ეს პრობლემა ეტყობა ყოველდღიურად კიდევ უფრო გამძაფრდება...
ამ პრობლემის სახელია...155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვები, რომლებიც 21-ე საუკუნის ომში, ბევრისთვის მოულოდნელად ისეთივე მნიშვნელოვანი და საჭირო აღმოჩნდა, როგორც ერთი საუკუნის წინანდელ პირველ მსოფლიო ომში...
„ჭურვების შიმშილის“ ცნებაც სწორედ პირველი მსოფლიო ომიდან მოდის, როდესაც მოწინააღმდეგე მხარეები თვეობით ეწეოდნენ პოზიციურ ბრძოლებს და არ ჰყოფნიდათ საარტილერიო ჭურვების მარაგი, რისთვისაც ყოველ დღეს მკაცრად შეზღუდული რაოდენობის ჭურვებზე მეტის გასროლის უფლება არ ჰქონდათ...
რუსეთ-უკრაინის ომი მეორე წელია მიმდინარეობს და „ჭურვების შიმშილს“ ორივე მებრძოლი მხარე განიცდის, რადგან მათ თითქმის ამოწურეს საბჭოთა არმიის თითქოს ამოუწურავი მარაგები.
რუსეთის საოკუპაციო ძალების არტილერისტები ომის საწყის ეტაპზე დღე-ღამეში 60 ათასამდე სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო ჭურვსა და ნაღმს ისროდნენ ,უკრაინელები კი 10 ათასითაც კი ვერ პასუხობდნენ, თუმცა ასეთმა დიდმა განსხვავებამაც რუს ოკუპანტებს მნიშვნელოვანი წარმატება ვერ მოუტანა, რადგან რუსი არტილერისტების ნასროლის უმეტესი ნაწილი მიზანს სცდებოდა და უკრაინის მინდვრები ჭურვების აფეთქებების კრატერებით მთვარის ლანდშტაფს დაამსგავსეს...

ეს რუსი არტილერისტების არაპროფესიონლიზმით კი არა, არამედ დიდი ხნის შენახული ჭურვების უხარისხობითა და საარტილერიო დანადგარების ლულების ცვეთით იყო გამოწვეული.
ეხლა რუსეთის საოკუპაციო ძალები უკვე უფრთხილდება ჭურვების შეთხელებულ მარაგს და დღე-ღამეში 20 ათასამდე ჭურვსა და ნაღმს თუ ისვრის, უკრაინელი არტილერისტების გასროლების რაოდენობაც 10-12 ათასამდეა და ორივე მოწინააღმდეგე მხარეს მუდმივად სჭირდებათ ჭურვების მარაგების შევსება.
უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამერიკისა და ევროპის დიდ იმედზე იყო და პენტაგონმა მთელი ომის განმავლობაში მართლაც მიაწოდა 2 მლნ მეტი სხვადასხვა კალიბრის ჭურვი, ევროკავშირი უკრაინის არმიას ერთ მილიონ ჭურვს შეპირდა, მაგრამ ჯერ 300 ათასამდე თუ გადასცა...
კიევში ამაზე ძალზე აღარ დარდობდნენ, რადგან ჭურვებით მომარაგების კიდევ ერთი გზა გაეხსნათ...ისრაელიდან...
საქმე ის არის, რომ ისრაელ-არაბეთის რამდენიმე ომიდან ჭკუანასწავლმა ამერიკელებმა, როდესაც უწევდათ ისრაელის დასახმარებლად ჭურვების ათასობით კმ-ზე სასწრაფოდ გადაზიდვა, ჯერ კიდევ მშვიდობიანობის პერიოდში უშუალოდ ისრაელის ტერიტორიაზე თავისი სამხედრო საწყობები შექმნეს, სადაც არანაკლებ 300 ათასი 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვი შეინახეს, რომელთა განკარგვის უფლება თეთრი სახლის ნებართვის გარეშე ისრაელის არმიას არ ჰქონდა.
ამ წლის დასაწყისში, როდესაც 155 მმ კალიბრის ჭურვების მარაგი ნატოს წევრი ქვეყნების გარდა, თვით პენტაგონის არსენალშიც კი „ხელუხლებელ მარაგს“ მიუახლოვდა, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო იძულებითი გადაწყვეტილება, რომ ისრაელში დასაწყოებული ამ კალიბრის 150 ათასამდე ჭურვი ისრაელიდან ევროპის გავლით უკრაინისთვის მიეწოდებინა, ხოლო ისრაელში, სადაც იმ დროს მშვიდობა სუფევდა, ჭურვების მარაგი აუჩქარებლად შეევსო..
მართლაც დაიწყო ისრაელში ამერიკულ სამხედრო საწყობებიდან 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვების გაგზავნა უკრაინაში, როდესაც მოულოდნელად ისრაელ-პალესტინის ახალმა ომმა იფეთქა და „ცახალს“ თავად დასჭირდა საარტილერიო ჭურვები...
ისრაელის თავდაცვის ძალებს, რა თქმა უნდა, ჰქონდათ საარტილერიო ჭურვების მარაგი, მაგრამ როდესაც მათ რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად ბრძოლის ძალზე საშიში პერსპექტივა ეხსნებათ, იძულებული ხდებიან აშშ-ს შეეხვეწ ონ უკრაინისთვის გატანილი ჭურვების უკან დაბრუნებაზე და ისრაელიდან ევროპაში გატანილ ამ ჭურვებს, უკრაინის ნაცვლად ისევ ისრაელში აბრუნებენ...

მართალია, აშშ-ს ხელისუფლებამ იხტიბარი არ გაიტეხა და განაცხადა, რომ შე ძლებს ერთდოულად უზრუნველყოს 155 მმ კალიბრის ჭურვებით ისრაელისა და უკრაინის არმიების მომარაგება, მაგრამ ეტყობა, ასე მაინც ვერ გამოვა და ერთის მომარაგება მეორეს ხარჯზე მოხდება და წაგებულ მდგომარეობაში უფრო უკრაინელები აღმოჩნდებიან...
დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბიუროკრატიისა და გაუთვლელობის ბრალია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე, როდესაც გამოჩნდა, რომ ეს ომი ფართომასშტაბიანი და დროში გაწელილი იქნებოდა, დროულად არ დაიწყო საარტილერიო ჭურვებზე დიდი შეკვეთების მიცემა ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო-სამრეწველო კომლექსებისთვის.
დასავლეთელმა იარაღის მწარმოებლებმაც ისარგებლეს შექმნილი სიტუაცით და თუკი აქამდე ერთი 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვს გასაყიდ ფასს 2 300 დოლარამდე ადებდნენ, ეხლა ეს ციფრი თითქმის ოთხჯერ...8 ათას დოლარამდე გაზარდეს, რაც წარმოუდგენელი ფასია!
ისე, შედარებისთვის - რუსეთს, თითქმის ანალოგიური, 152 მმ კალიბრის ერთი საარტილერიო ჭურვი 600 დოლარამდე უჯდება, რაც ასევე ძვირად მოჩანს, მაგრამ ამერიკული წარმოების 155 მმ-იან ჭურვებთან შედარებით, მაინც ნორმალური ფასია...
ისე კი, თუ არ ვცდები, საბჭოთა დროიდან შემონახული 152 მმ კალიბრის ერთი საარტილერიო ჭურვი ქართულ არმიას დაახლოებით 280 დოლარად ეწერა...
უკრაინა-ისრაელის შესაძლო „ძიძგილაობა“ დეფიციტური 155 მმ კალიბრის ჭურვებთან დაკავშირებით კი გასაგებია, მაგრამ საიდანავ ივსებს მათ მარაგს რუსეთის არმია, თუკი რუსეთს წელიწადში მხოლოდ 2 მლნ-მდე ჭურვის წარმოება თუ შეუძლია, ხოლო ერთ დღე-ღამეში 20 ათასამდეს ხარჯავს?
პუტინს გაუმართლა - ჯერ კიდევ სტალინის ბრძანებით 70 წლის წინ ჩრდილოეთ კორეაში ამუშავებულმა ქარხნებმა ამ განვლილ პერიოდში ათეულობით მილიონი სხვადასხვა კალიბრის ჭურვი და უმართავი რაკეტა გამოუშვეს, რომლებიც შეესაბამებიან საბჭოთა სტანდარტს და უპრობლემოდ გამოიყენებიან უკრაინაში მებრძოლი რუსი ოკუპანტების ჰაუბიცებსა და ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებში.
დასავლეთის დაზვერვამ თანამგზვრული ფოტოებით დაადასტურა ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში ათასამდე კონტეინერის გაგზავნა, რომლებშიც საერთო ჯამში, არანაკლებ 350 ათასი ჭურვი შეიძლება ყოფილიყო, რომელთა უკრაინის ფრონტზე გამოყენების ფოტო-ვიდეომასლაც უკვე მოიპოვება.
მოკლედ, ასეთი სიტუაცია შეიქმნა-სანამ ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო-სამრეწველო კონცერნები 8 ათას დოლარამდე გაბერილ ფასად, აუჩქარებლად დაუმზადებენ 155 მმ კალიბრის ჭურვებს უკრაინის და ისრაელის არმიებს, რუსეთი ბევრად ნაკლებ ფასად ან სულაც ხორბლის სანაცვლოდაც კი, ჩრდილო კორეადან უკვე გამზადებულ 152 და 122 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებს დაუბრკოლებლად მიიღებს...