"კავშირები კრემლსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არა თუ არსებობს, ბევრად უფრო მჭიდროა, ვიდრე წარმოგვიდგენია"
თუ ჩავთვლით, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ერთადერთი დასკვნა, რაც შეიძლება აქედან გამოვიტანოთ არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ამჯერადაც ატყუებდა საკუთარ ხალხს , - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც „იუთუბზე“ გავრცელებულ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა, რომლის ავთენტურობას ჯერ დადასტურებული არ არის.
გიორგი რუხაძის განცხადებით, კავშირები კრემლსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არა თუ არსებობს, ბევრად უფრო მჭიდროა, ვიდრე წარმოგვიდგენია.
„მე მახსოვს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება, ჩვენ რა შუაში ვართ, რუსებმა გადაწყვიტეს? - ყველა ხვდება, რომ ცალმხრივი ვერ იქნება და შენი ნებართვაც სჭირდება. ამდენი ხანი ამტკიცებდა საქართველოს ხელისუფლება, რომ „მე არაფერ შუაში ვარ, რუსებმა ცალმხრივად გააკეთეს და მე ომში ხომ არ ჩავერთვებოდი, თავი დავუქნიე“. სინამდვილეში აქ ორმხრივი ამბავია.
აქ შემოდის კიდევ ფარცხალაძის მომენტი. ფარცხალაძე ტყუილად არ დაუსანქცირებიათ. არა მგონია, რომ ბლინკენს ფარცხალაძის ჯინი სჭირდეს. ეს და კიდევ არაერთი გადაწყვეტილება და ნაბიჯი ჩემთვის მიანიშნებს, რომ კავშირები კრემლსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არა თუ არსებობს, ბევრად უფრო მჭიდროა, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. აქედან შეიძლება ჩანდეს კიდევ ის, რომ "მე თვითონ გავაკეთებ ყველაფერს პატივცემულო" - აქედან მხრიდან ენთუზიაზმი უფრო მეტია ხოლმე, ვიდრე იქიდან რაღაცას ითხოვენ“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.
ინფორმაციისთვის, "იუთუბზე“ „კიბერ კმარა“ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც მათი მტკიცებით, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის 2022 წლის მარტში რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შესაძლებლობაზე საუბარს ასახავს.
აუდიოჩანაწერის თანახმად, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, გრიგორი კარასინი ზურაბ აბაშიძის მოსაზრებით ინტერესდება, რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნულ პერიოდში აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება.
"ინტერპრესნიუსი"