ქრისტეფორე კოლუმბის ჩვენში უცნობი  ჩანაწერები საქართველოზე - კვირის პალიტრა

ქრისტეფორე კოლუმბის ჩვენში უცნობი  ჩანაწერები საქართველოზე

ქრისტეფორე კოლუმბის ჩვენში უცნობი ჩანაწერები საქართველოზე, გამოიცა წიგნში: ,,საქართველოს ისტორიის უცნობი ქრონიკები“

თავის ისტორიულ-გეოგრაფიულ ჩანაწერებს კოლუმბი იშვიათად ხაზავდა, საქართველოს შესახებ ამოხაზული ცნობები აჩვენებს მის განსაკუთრებულ ინტერესს ჩვენი ქვეყნისადმი.

კოლუმბმა შეისწავლა ყველაფერი საქართველოზე, რაც ამ დროს ევროპელ ინტელექტუალს შეიძლება სცოდნოდა, პომპეუსის ლაშქრობიდან იბერიის გაქრისტიანებამდე, ასევე მონღოლთა ლაშქრობა და დასავლეთ საქართველოს დამოუკიდებლობა მათი ბატონობისაგან.

პირველ ტექსტში წერია: Hic multa trata de Hiberia - აქ ვრცლადაა განხილული იბერია

397888-1698818999.jpg

მეორე ფოტოზე: Hiberians hodie Georgians appelant - იბერებს ახლა გეორგიანებს უწოდებენ

123-1698819023.jpg

ამ ფოტოს ბოლო, საგანგებოდ ამოხაზული წინადადება: Hic incipivit Colchis - აქ იწყება კოლხეთი.

ბოლო ფოტოზე გამოსახულია კოლხეთის მდინარეების ჩამონათვალის ზემოთ მონავარდე ფრინველი, რომელიც თავად ცნობისმოყვარე ავტორს უნდა განასახიერებდეს.

133-1698819091.jpg

რით უნდა ყოფილიყო გამოწვეული კოლუმბის დაინტერესება საქართველოს ისტორიითა და გეოგრაფიით? ამ პერიოდში, დასავლეთ ევროპაში სამყაროს მკვლევრები და მოგზაურები შთაგონებული იყვნენ პრესვიტერ იოანეთი და მისი ქრისტიანული იმპერიით აღმოსავლეთში. ქრისტიანულ საქართველოსთან დაკავშირებით, კოლუმბი სხვადასხვა წყაროებში კითხულობდა, რომ აქ იყო ძლიერი ქრისტიანი მეფე, „მრავალრიცხოვანი ქალაქები“, „არქიტექტურულად ნაგები შენობები“, ნაყოფიერი მიწა, დიდი ლაშქარი, ძირძველი ქრისტიანული კულტურა, ღვთაებრივი სასწაულები და ა.შ. ამგვარად, საქართველო ბევრი რამით ჰგავდა იმ ზღაპრულ სამეფოს, რომელსაც კოლუმბი ეძებდა. ყველაფერ ამის გამო, მისი განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს მიმართ კარგად გასაგებია.

რთული წარმოსადგენია, მაგრამ საქართველოს ისტორია და გეოგრაფია ქრისტეფორე კოლუმბის ანოტაციებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. კიდევ უფრო მოულოდნელია, რომ ის ეხება არა საქართველოს ისტორიის ცალკეულ ფრაგმენტებს, არამედ ყველა ძირითად მოვლენას ანტიკური პერიოდიდან შუა საუკუნეებამდე, რაც ეპოქის დასავლური წყაროებისთვის იყო ცნობილი. საქართველოზე საუბრისას კოლუმბი ძირითადად ეყრდნობა ანტიკურ წყაროებს : პტოლემაიოსს, პლინიუსს, სტრაბონს, რუფინუსს, შუა საუკუნეების ავტორებიდან – ჰაიტონსა და პეტრე აილელს, ანტიკური წყაროების დიდ ნაწილს იგი ეცნობოდა პიუს მეორის „ისტორიაში“, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მის ინტერესებზე. ანოტაციების დიდი ნაწილი მან სწორედ ამ თხზულების არშიებზე გააკეთა, ძირითადი ტექსტის გასწვრივ, რომლებშიც ის ყურადღებას ამახვილებდა საქართველოს ისტორიიდან მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებზე[1] : იბერიის ოთხკლასოვანი სოციალური სისტემა, პომპეუსის მიერ იბერიის დაპყრობა, წმინდა ნინოს მიერ იბერიის გაქრისტიანება, მირიან მეფის სასწაული, სვეტიცხოვლის მშენებლობა, დასავლეთ საქართველოს დამოუკიდებლობა მონღოლთა იმპერიისაგან და ასე შემდეგ. იგი შენიშნავს, რომ სტრაბონი დიდად აქებს იბერიას, როცა ეს უკანასკნელი საუბრობს იბერიის მრავალრიცხოვან ქალაქებსა და ბრწყინვალე არქიტექტურით ნაგებ საზოგადოებრივ ნაგებობებზე. კოლუმბის განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს ისტორიის და გეოგრაფიის მიმართ იქიდანაც ჩანს, რომ მას თავისი ჩანაწერები იბერიასა და კოლხეთზე ამოხაზული და მორთული აქვს (ანოტაციები 231, 242). მას საგანგებოდ აქვს ამოხაზული მირიან მეფის სასწაულებრივი მოქცევაც (241), საქართველოს მდინარეების – მტკვრის, რიონის და ცხენისწყლის ჩამონათვალი კი ჩანიშნული აქვს მათ ზემოთ მონავარდე ფრინველის გამოსახულებით (244).

ქვემოთ წარმოვადგენ მის მინაწერებს, რომელთაც განმარტებით კომენტარებს დავურთავ:

239 : “Auctor multum laudat Hiberia

Hiberia ad clima spectat sicut Albania”-

„ავტორი დიდად აქებს იბერიას იბერია კლიმატით ალბანეთს ჰგავს“.

ეს ანოტაცია კოლუმბმა გააკეთა სტრაბონის გეოგრაფიაში მო-

ცემული იბერიის აღწერილობის პარალელურად.

240 : “Reges primum diligebant qui propinquitattem & eetatem antecedebat

Secundum Sacerdotos

Tertium Milites agricultures

Quartum vulgi quod regibus serviebat” –

„პირველნი, მეფენი, აირჩევიან მახლობლობის [ნათესაობის] და ასაკის მიხედვით გვარში, მეორენი ღვთისმსახურნი, მესამენი მხედარ/მიწათმოქმედნი, მეოთხენი, ხალხნი, რომელნიც მეფეს ემსახურებიან“.

აქ კოლუმბი გადმოგვცემს იბერიის სოციალური სისტემის კარგად ცნობილ აღწერას სტრაბონის თხზულებიდან.

241 : “Pompeus hiberiam Romano imperio subiccit

182 : exercium maiorem quam hiberes equitum 22 millia. Peditum

60 milia

Maximum Miraculum per quem hiberos facti sunt christiani

„პომპეუსმა იბერია რომის იმპერიას დაუმორჩილა იბერთა დიდი ლაშქრობა 22 ათასი ცხენოსნით და 60 ათასი ფე-

ხოსნით დიდი სასწაული, რომლითაც იბერები ქრისტიანობაზე მოიქცნენ

Deum colere qui christus esse respondit ღვთის რისხვა, რომელსაც ქრისტემ უპასუხა

241² Construitur ecclesia magni operis”, ეკლესიის სამშენებლო დიდი სამუშაოები“.

პიუს მეორის „ისტორიის“ არშიებზე გაკეთებულ ამ მინაწერებ-

ში კოლუმბს ჩანიშნული აქვს მირიანის სასწაულებრივი მოქცევა, ქართლის გაქრისტიანება და სვეტიცხოვლის მშენებლობა.

231 : “Auctor hic multum tratat de hiberia” –

„ავტორი აქ ბევრს საუბრობს იბერიაზე“ (ეს ფრაზა ამოხაზული და შემკული აქვს).

“aragum fluvium & alazones fluvius & alia tria nauigabilia sunt in mare caspium” –

„მდინარე არაგვი და მდინარე ალაზანი, სამი სხვა სანაოსნო კას პიის ზღვაშია“.

ამ რამდენადმე ბუნდოვან ფრაზაში, ჩანს, კოლუმბი გულისხმობს, რომ არაგვი და ალაზანი სანაოსნოდ გამოიყენებოდა.

კოლუმბის ჩანაწერი (ამოხაზული) : “A[uctor] hic multum tratat de hiberia” – „ავტორი აქ ბევრს საუბრობს იბერიის შესახებ“.

კოლუმბის ჩანაწერი (ამოხაზული) : “A[uctor] hic multum tratat de hiberia” – „ავტორი აქ ბევრს საუბრობს იბერიის შესახებ“.

კოლუმბის ჩანაწერი (ამოხაზული) იბერიის გაქრისტიანებაზე : “Max[imum] Miraculum p[er] quem hiberos facti sunt christiani” – „დიდი სასწაული, რომლითაც იბერები გაქრისტიანდნენ“.

კოლუმბის ჩანაწერი (ამოხაზული) :

“Hic incipit de colchis” – „აქ იწყება კოლხეთი“.

კოლუმბის ჩანახატი საქართველოს მდინარეების ჩამონათვალზე

242 : “Hiberas hodie Georgianos appellant legatus eorum venit ad Auctorem in mantua colunt christum” –

„იბერიას ახლა საქართველო ეწოდება, ქრისტეს აღმსარებელი მათი ლეგატი მოვიდა ავტორთან მანტუაში“.

კოლუმბი „ავტორში“ პაპ პიუს მეორეს გულისხმობს, რომელსაც მართლაც ეახლნენ ქართველი ლეგატები ანტიოსმალური კოალიციის მოწყობასთან დაკავშირებით.

230 : “fl aragum m caucafus” – „მდ. არაგვი, მ. კავკასია“.

244 : “fluvius hipus, fluvius coraxus , fluvius hipus, flumen Phasin, fluvius glaucus, fluvius hipus, fluvius cirrus” –

„მდინარე ცხენისწყალი, მდინარე კორაქსი, მდინარე ცხენისწყალი, მდინარე ფაზისი, მდინარე გლავკოსი, მდინარე ცხენისწყალი, მდინარე მტკვარი“.

საქართველოს მდინარეების მოცემულ ჩამონათვალს იგი აკეთებს პიუს მეორის აღნიშნული თხზულების არშიებზე, ძირითადი ტექსტის პარალელურად, ცხენისწყლის (“Hipus”) ასწვრივ კოლუმბს მოთავსებული აქვს მონავარდე ფრინველის ჩანახატი.

167 : “regnum Georgia regnum abeas senper liberum a domino tartarorum idest magnus Kan”.-

„ქართველთა სამეფო აფხაზთა სამეფო ყოველთვის თავისუფალი იყო თათართა ბატონის ანუ დიდი ხანისაგან“.

კოლუმბი თავის ანოტაციებში კიდევ ბევრგან ეხება საქართველოს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიაზე მან შეისწავლა ყველაფერი, რისი შესწავლაც ამ პერიოდის ევროპაში შეიძლებოდა. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ის თავის ანოტაციებს საქართველოზე ხაზავდა და ამკობდა. იგი მათ ისევ და ისევ უბრუნდება.

რითი უნდა ყოფილიყო გამოწვეული კოლუმბის დაინტერესება საქართველოს ისტორიითა და გეოგრაფიით ? ამ პერიოდში, დასავლეთ ევროპაში სამყაროს მკვლევარები და მოგზაურები შთაგონებული იყვნენ პრესვიტერ იოანეთი და მისი ქრისტიანული იმპერიით აღმოსავლეთში. ქრისტიანულ საქართველოსთან დაკავშირებით, კოლუმბი სხვადასხვა წყაროებში კითხულობდა, რომ აქ იყო ძლიერი ქრისტიანი მეფე, „მრავალრიცხოვანი ქალაქები“, „არქიტექტურულად ნაგები შენობები“, ნაყოფიერი მიწა, დიდი ლაშქარი, ძირძველი ქრისტიანული კულტურა, ღვთაებრივი სასწაულები და ა.შ. ამგვარად, საქართველო ბევრი რამით ჰგავდა იმ ზღაპრულ სამეფოს, რომელსაც კოლუმბი ეძებდა. ყველაფერ ამის გამო, მისი განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს მიმართ კარგად გასაგებია.

ქრისტეფორე კოლუმბი და პრესვიტერი იოანე

ქრისტეფორე კოლუმბი, ისევე, როგორც ამ ეპოქის სამყაროს მკვლევართა უმეტესობა, პრესვიტერ იოანეს ფიგურით იყო შთაგონებული. განსაცვიფრებელია, რომ პრესვიტერის „ლეგენდარულმა პერსონამ“ დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებსა და ახალი სამყაროს შექმნაში უზარმაზარი ისტორიული როლი შეასრულა. ამერიკის კონტინენტის აღმოჩენის შემდეგაც კი კოლუმბი ფიქრობდა, რომ მან მიაგნო პრესვიტერ იოანეს ნანატრ სამეფოს – ინდოეთს. პრესვიტერი, თავის ინდოეთთან ერთად, ბევრჯერ გადაადგილდა და შესაბამისად, დაიკარგა ცოდნა მისი სამეფოს თავდაპირველი მდებარეობის შესახებაც. პრესვიტერ იოანეს სამეფო ამიერიდან დაკარგულ სამეფოდ იქცა, მაგრამ ძველი ევროპული გეოგრაფიული წარმოდგენების შესწავლით, არც ისე რთულია გაირკვეს კოლუმბის ინსპირაციის – პრესვიტერ იოანეს ვინაობა და მისი სამეფოს რეალური მდებარეობა.

ჰონორიუს ავგუსტოდუნენსიზის შრომაში, რომელიც კარგად ასახავს მე-12 საუკუნის ევროპაში არსებულ მასობრივ გეოგრაფიულ წარმოდგენებს (ცალკეული ინდივიდების და თუნდაც ჯგუფების უფრო ზუსტი გეოგრაფიული ცოდნა ზოგად გეოგრაფიულ ხედვებს არსებითად ვერ ცვლიდა) ვკითხულობთ : „შემდეგ, მოდის ინდოეთი, სახელდებული მდინარე ინდუსისაგან, რომელისაც აქვს თავისი სათავე ჩრდილოეთში, კავკასიის მთებში“. თავდაპირველად, შესაძლოა გვეფიქრა, რომ აქ ავტორი ინდოეთის კავკასი ონს, ჰინდიყუშს გულისხმობს, მაგრამ შემდეგი წინადადება ამგვარ ეჭ ვებს აქარწყლებს, რადგანაც აქ საუბარია როგორც კასპიის ზღვაზე, ოკეანედ წარმოდგენილზე, რომელიც „ინდოეთშია“, ასევე კარგად ცნობილ ჩრდილო კავკასიურ ტომებზე : „კასპიის მთები, რომლითაც კასპიის ზღვაა სახელდებული, არის ინდოეთში, აქ არის საზარელი ერები გოგისა და მაგოგისა“[2]. მეორე მხრივ, ჰონორიუსმა, სახელის მეტი თითქმის არაფერი იცის იბერიაზე, ისევე, როგორც კასპიის ზღვაზე, რაც კანონზომიერია, რადგან სწორედ ამ არცოდნისა და ბუნდოვანების საფუძველზე ჰქონდათ დასავლელ ავტორებს ინდოეთი წარმოდგენილი საქართველოდ ან საქართველოს მახლობელ ქვეყნად. ამავე საუკუნის სხვა ავტორის, ჯერომის მიხედვით, ინდოეთის მეორე სახელოვანი მდინარის − განგის სათავეც კავკასიის მთებშია[3]. ინდოეთს კავკასიასთან ათავსებს გერვაზიუს ტილბერიელიც (1150-1220). ოტო მეოთხისათვის შედგენილ თავის ცნობილ ისტორიულ-გეოგრაფიულ სახელმძღვანელოში, იგი აცხადებს, რომ „ინდოეთში არის კასპიის (კავკასიის) მთები“[4]. კავკასიასთანაა მოთავსებული ინდოეთი ვინსენტ ბურგუნდიელის (1184-1264) შრომაში, აგრეთვე “LAMBETH 10 (FOLS 1R2R)”-ში[5] კავკასიით ისაზღვრება ინდოეთი ებსტორფის განთქმულ მსოფლიო რუკაზეც და ვოლფრამ ფონ ეშენბახთანაც. კაროლუს კლუსიუსთან საქართველოს საზღვრების შესახებ ვკითხულობთ : “Eorumque Limites extenduntur in Indiam usque orientalem”[6] –„მისი საზღვრები აღმოსავლეთით ვრცელდება ინდოეთამდე“. ზოგჯერ, ფეოდალური ხანის საქართველო უშუალოდ ინდოეთადაც წარმოიდგინება და არა მხოლოდ მის მომიჯნავედ, მაგალითად, “Chronicon Budense”-ის შემდეგი მინაწერი : “Aethiopia, quae Minor India dicitur. i.e. Armenia maior”[7] – „ეთიოპია, რომელიც მცირე ინდოეთადაც იწოდება, ესე იგი დიდ სომხეთად“. „დიდი სომხეთი“ „მცირე სომხეთის“ ანუ კილიკიის სომხეთისგან განსასხვავებლად შექმნილი ტერმინი იყო და აღნიშნავ და თანამედროვე სომხეთის ტერიტორიას, რომელიც ფეოდალური ხანის საქართველოს საზღვრებში შედიოდა, რის გამოც ქართველთა მეფეები სომეხთა მეფის ტიტულსაც ატარებდნენ. მაგალითად, დავით აღმაშენებელი ბალდუინის პანეგირიკში აფხაზთა და სომეხთა მეფედაა სახელდებული. ყველა ამ წყაროს გათვალისწინების შემდეგ, ძალიან იოლი გასაგებია უადრესი ცნობა პრესვიტერ იოანეს შესახებ, “Continuatio Admontensis”, რომელიც პრესვიტერ იოანეს სომხეთისა და ინდოეთის მეფეს უწოდებს[8]. რა თქმა უნდა, აქ დავით აღმაშენებელი იგულისხმება და წარმოდგენილი მასალა ამის საჩვენებლად სავსებით საკმარისია, მაგრამ დამატებით წარმოვადგენ ოტო ფრაიზინგელის ცნობასაც პრესვიტერის შესახებ, რომელსაც მკვლევართა უმეტესობა, სამწუხაროდ სწორად ვერ კითხულობს. ოტო წერს, რომ პრესვიტერმა სულთან სანჯარდის დამარცხების შემდეგ აიღო ქალაქი ეკბატანა. ცხადია, გულუბრყვილობაა ამ ქალაქის ანტიკური ლოკალიზაციის გადმოტანა შუა საუკუნეებში, როცა ბევრი ანტიკური ტოპონიმი გადაადგილდა. ფრაიზინგელის ეკბატანის ლოკალიზაცია ევროპულ ისტორიოგრაფიაში ვერ მოხდა პარადოქსული მიზეზის გამო – ვერ მოიძებნა პრესვიტერის კომპლექსის მკვლევარი, რომელიც მთლიანად წაკითხავდა ერთი მხრივ ოტოს თხზულებას, მეორე მხრივ კი ეპოქის სომხურ წყაროებს აღნიშნული საკითხის შესახებ. ოტო ეკბატანს თავისი თხზულების სხვა ნაწილშიც ეხება და იძლევა არაორაზროვან მონაცემს მისი იდენტიფიცირებისათვის : „როგორც ჩვენ გვაქვს აახენი სამეფო ქალაქად, ისე სპარსთა მეფეებს აქვთ დაფუძნებული თავიანთ სატახტოდ ეკბატანი, მათ ენაზე წოდებული, როგორც ჰანი, ქალაქი, რომელიც არფაქშადმა დააფუძნა, როგორც წერია ივდითის წიგნში“[9].

ოტო ფრაიზინგელის მოცემულ ცნობაში, განმსაზღვრელი მნიშვნელობისაა ეკბატანის თვითსახელწოდება. ისტორიკოსის თანახმად, ის ჟღერს, როგორც „ჰანი“, რაც ზედმიწევნით იმეორებს შუა საუკუნეების ამ მეგაპოლისის ძველ სომხურ საელწოდებას − “հանի” (შდრ. ასევე ამ ქალაქის, ანისის ეპისკოპოსის – დავით ჰანელის მოხსენიება ლათინურ წყაროებში “David Hanorum”).

სპარსეთი, ამ შემთხვევაში, ოტოსთან, ზოგადად აღმოსავლური სამყაროს ეკვივალენტია, როგორც ეს ხშირად ხდებოდა განსახილველი ხანის ქრისტიანულ ტექსტებში. ავტორს მიაჩნია, რომ ამ ქალაქის ფუძემდებელი ბიბლიური მეფე არფაქშადია. როგორც ამას ბიბლიაში ვხედავთ, ეკბატანა უზარმაზარი გოდოლებითა და ბჭეებით იყო სახელგანთქმული. ამ მხრივ, ანისის მასთან გაიგივება გასაგებია, − დღევანდლამდე მოღწეული ანისის ნანგრევებიც კი მნახველს სწორედ თავისი ტიტანური მასშტაბებით, გრანდიოზული გოდოლებითა და ბჭეებით აღაფრთოვანებს.

ანისის ამღები ერთადერთი ქრისტიანი მეფე, მე-12 საუკუნეში, რა თქმა უნდა, ოდენ დავით აღმაშენებელია. სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაელი წერს : „სომეხთა წელთაღრიცხვის 573 (1124) წელს ქართველთა მეფე დავითმა განახორციელა სპარსთა ჯარების სასტიკი ჟლეტა, თითქმის ოცი ათასი კაცი მოსპო და აიღო სომეხთა სატახტო ქალაქი ანი, რომელიც სამოც წელს იმყოფებოდა ტყვეობაში“[10].

უაღრესად მრავლისმეტყველია პრესვიტერისაგან დამარცხებული მუსლიმი მმართველის − სანჯარდის (Sanjard) სახელი. აქ, რა თქმა უნდა, სელჩუკიანთა საგვარეულოს მეთაური − ხორასნის სულ თანი სანჯარი იგულისხმება. რა საერთო აქვს ხორასნის სულ თანს დიდგორის მუსლიმურ კოალიციასთან, რომელიც დავით აღმაშენებელმა დაამარცხა ? მუსლიმური კოალიციის მეთაურად დიდგორში, ტრადიციულად, სულთანი მაჰმუდ მოჰამედის ძე მიიჩნევა, მაგრამ ქართველმა აღმოსავლეთმცოდნე გოჩა ჯაფარიძემ, დამაჯერებლად აჩვენა, რომ სინამდვილეში, დიდგორის ბრძოლის მუსლიმური კოალიციის ხელმძღვანელად სწორედ ხორასნის სულთანი მიიჩნეოდა და არა მაჰმუდი. ხსენებულმა მკვლევარმა მიუთითა მიქაელ სირიელის ცნობაზე, სადაც პირდაპირაა ნათქვამი, რომ 1121 წელს იბერიაში დიდი ლაშქარი სწორედ ხორასნის სულთანმა, ანუ სანჯარმა გაგზავნა. ამ ძვირფას ცნობას შეიძლება დავუმატოთ მეორე, ასეთივე მითითება ანტიოქიის ჯვაროსნული სამთავროს კანცლერ გოტიესი, რომელიც გადმოგვცემს, რომ დიდგორის ბრძოლაში ისლამურ კოალიციას სწორედ ხორასნელი სულთანი თანახელმძღვანელობდა. ამდენად, წყაროთა საფუძველზე, მტკიცედ შეიძლება განვაცხადოთ, რომ ხორასნის სულთანი სანჯარი − სანჯარდი − სანიარდი, მიჩნეული იყო დიდგორის მუსლიმური კოალიციის ხელმძღვანელად, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი თანხვედრაა, რადგანაც ფრაიზინგელთან ნახსენები მუსლიმი მმართველის − სანჯარდის უზარმაზარი არმია, რეალურად მეფე დავით აღმაშენებელმა − პრესვიტერ იოანეს ისტორიულმა პროტოტიპმა, მართლაც სასტიკად დაამარცხა.

პრესვიტერის შესახებ გადმოცემის თითქმის ყველა სხვა ელემენტიც რეალურია, რაზეც საგანგებოდ ვსაუბრობთ წიგნში, რომელიც სწორედ ამ პრობლემას ეხება[11]. შესაბამისობები ისტორიულ სინამდვილესთან იმდენად ზედმიწევნითაა, რომ ამ გადმოცემის თავდაპირველი ვერსია არა ლეგენდა, არამედ საკამოდ მაღალი სიზუსტის ისტორიული თხრობაა. მითოლოგიური ამ ნაწილში თითქმის არაფერია, სამაგიეროდ, მითოლოგია და ფანტაზია იწყება ამ ცნობის შესახებ დაწერილ თანამედროვე კვლევებში, რომელთა ავტორებიც მწირი წყაროთმცონდეობითი ბაზის გამო ოტოს ცნობის სწორად გაგებას ვერ ახერხებენ და „ცხელ გულზე“ მას ლეგენდად აცხადებენ.

მოგვიანო ხანის ტრადიციები პრესვიტერის სახელმწიფოს უკვე ეთიოპიაში ათავსებს. ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის დასუსტების, სახელმწიფოს დაშლისა და მტრისაგან დაპყრობის შემდეგ, ის, ცხადია, უწინდებურად ვერ იქნებოდა წარმოდგენილი პრესვიტერის ძლევამოსილი სახელმწიფოს სახით. აქედან მოყოლებული, პრესვიტერი იწყებს გადაადგილებას აღმოსავლეთის სხვადასხვა, წარმოუდგენლად ვრცელ გეოგრაფიულ არეალში, რომელიც ამ ეპოქის ევროპულ გეოგრაფიულ პერსპექტივაში, აგრეთვე წარმოუდგენლად შეკუმშული იყო. ეს გარემოება პრესვიტერის „მოგზაურობას“ ერთმანეთისგან ისეთ დაშორებულ სივრცეებში, როგორიც საქართველო, ეთიოპია და შორეული აღმოსავლეთია, აადვილებდა, მით უმეტეს, რომ ეკლესიის მამები, საქართველოს სხვაგვარად ეთიოპიასაც უწოდებდნენ, თუმცა ყველაფერი ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრესვიტერთან დაკავშირებული პირველი, ავთენტური კავკასიური ტრადიცია უკვალოდ ქრებოდა. იგი ნაკლები პოპულარულობით არსებობას კვლავაც განაგრძობდა. რაც არ უნდა იყოს, პრესვიტერ იოანეს რეალური ისტორიული პროტოტიპი დავით აღმაშენებელია, რომლის კოლოსალური ფიგურაც მე-15 და მე-16 საუკუნეების სამყაროს მკვლევართათვის და მათ შორის ქრისტეფორე კოლუმბისთვის, იქცა ჭეშმარიტ შთაგონებად, ახალი, დიდი აღმოჩენების გზაზე, რომელთაც თანამედროვე სამყაროს საფუძვლები შეამზადეს.

[1] Raccolta di documenti e studi pubblicati dalla R. Commissione colombiana : pel quarto centenario dalla scoperta dell’America, Part 1, Issue 3, Italy, Commissione colombiana, Ministero della pubblica istruzione, America, 1892.

[2] Westrem S.D., Broader Horizons, A Study of Johannes Witte de Hese’s Itinerarius and Medieval Travel Narratives, Cambridge, 2001, 19.

[3] Woodward D., Meddieval Mappaemundi, in : The History of Cartography, Vol. 1, Cartography in Prehistoric, Ancient, and Medieval Europe and the Mediterranean, Edited by J. B. Harley and D. Woodward, The University of Chicago Press, 1987, 324.

[4] Gow A., Gog and Magog On Mappaemundi and Early Printed World Maps, Orientalizing Ethnography in the Apocalyptic Tradition, Journal of Early Modern History, Vol.2, No.1, 1998, 65.

[5] O’Doherty M., Eyewitness Accounts of Indies’ in the Latter Medieval West : Reading, Reception, and Re-use (c.1300-1500), University of Leeds, 2006, 29, 204.

[6] Clusii C., Exoticorum Libri Decem, Antverpiae, 1605, 142.

[7] Podhradczky J., Chronicon Budense, Budae, 1838, 12.

[8] Prester John : Legend and Its Sources, Compiled and Translated by K. Brewer, Routledge, 2015, 275.

[9] Ottonis episcopi frisingensis Chronica sive, Historia de duabus civitatibus, Editio altera, Recognovit Adolfus Hofmeister, Hannoverae et Lipsae, 1912, 313.

[10] დავლიანიძე ლ., მათე ურჰაელის ცნობები დავით აღმაშენებლის შესახებ, საქართველო რუსთაველის ხანაში, თბილისი, 1966, 248.

[11] ჭიჭინაძე ბ., ევროპული წყაროები პრესვიტერ იოანეს და სხვა ქართველი მონარქების შესახებ ახალი მასალების მიხედვით, თბილისი, 2022.