"ომების კალკულატორი": მსოფლიოში 55 ცხელი წერტილია - რა დგას კონფლიქტების გლობალური აფეთქების უკან?!
"ოსლოში არსებული საერთაშორისო პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის გამოთვლით, დღეისათვის მსოფლიოში აქტიური კონფლიქტების რაოდენობა და მათი მოქმედების ინტენსიურობა რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს", - ნათქვამია ამერიკულ ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „მსოფლიო საომარ მდგომარეობაში: რა დგას კონფლიქტების გლობალური აფეთქების უკან?“ (ავტორები - ემა ბილზი და პიტერ სოლსბერი). როგორც მასალაშია აღნიშნული, პლანეტაზე კონფლიქტების რიცხვი მატულობს, მშვიდობისმყოფლობა კი კლებულობს - შუამავლებს რეალური ზავისა და მშვიდობის მიღწევა აღარ შეუძლიათ. სტატიის ავტორები თვლიან, რომ აუცილებელია სამშვიდობო საქმიანობის პრინციპთა საფუძვლიანი ცვლილება.
გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის შინაარსს:
მსოფლიოში კონფლიქტების რაოდენობა იზრდება. გასულ თვეში ახლო აღმოსავლეთში მდებარე ღაზის სექტორში დაწყებულ ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტს წინ უძღოდა კავკასიაში მომხდარი რეგიონული ომი, რომლის შედეგად აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის „სადავო“ ანკლავის ტერიტორია დაიკავა და ათი ათასობით სომეხი აიძულა, თავიანთი ისტორიული საცხოვრებელი ადგილები დაეტოვებინათ, შეიქმნა სომხეთთან უშუალო კონფლიქტის საფრთხე. ასევე აფრიკაში, სუდანში, აქტიურად მიმდინარეობს სამოქალაქო ომი. კონფლიქტი დაბრუნდა ეთიოპიაშიც, სადაც ერთმანეთს ცენტრალური მთავრობა და რეგიონული სეპარატისტული დაჯგუფება ებრძვის. ნიგერიის მოვლენები კი საჰელის ზონაში მომხდარ მეექვსე სამხედრო-სახელმწიფო გადატრიალებად უნდა ჩაითვალოს 2020 წლიდან.
ნორვეგიის დედაქალქ ოსლოში არსებული საერთაშორისო პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული, ომებისა და შეიარაღებული კონფლიქტების რაოდენობა მატულობს და დღეისათვის მათი რაოდენობა რეკორდულ დონეს აღწევს. თუ 10 წლის წინ კონფლიქტის ხანგრძლივობა, საშუალოდ, 5-7 წელს შეადგენდა და წლის განმავლობაში აქტიური მხოლოდ 33 კონფლიქტი იყო, ახლა, 2023 წელს, მათი რაოდენობა 55-მდე გაიზარდა, ხოლო ხანგრძლივობა - 8-11 წლამდე. უფრო მეტიც - უკვე ათი წელია, მსოფლიოში ომებს ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ იფეთქონ, როგორც ეს უკრაინაში (და ახლო აღმოსავლეთში) მოხდა. შესაბამისად, 2022 წლისათვის მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედს ცხოვრება კონფლიქტურ რეგიონებში უწევდა, ხოლო დევნილი და ლტოლვილი ადამიანების რიცხვმა 2023 წელს რეკორდულს მიაღწია.
ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად არიან დაკავებულები სამშვიდობო-საშუამავლო საქმიანობით (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის წევრები), ამჟამად, უბრალოდ, კონფლიქტების მართვის რეჟიმში არიან გადასულნი. ახლო აღმოსავლეთში და მსოფლიოს სხვა ადგილებში მომხდარი მოვლენები გვახსენებენ იმას, რომ მათი მართვა მხოლოდ გარკვეულ მომენტამდე შეიძლება. რამდენადაც საომარი მოქმედებები მთელ მსოფლიოში ვრცელდება, ხოლო კონფლიქტების სიღრმისეული მიზეზები მოუგვარებელი რჩება, მშვიდობის დამყარებისა და განმტკიცების ტრადიციული ინსტრუმენტები სულ უფრო არაეფექტიანები ხდებიან. შედეგები ისაა, რომ სულ უფრო მეტი სახსრები იხარჯება, სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება ლტოლვილი, რომლებიც რიგ ქვეყნებს პრობლემებს უქმნიან და საზოგადოება საფრთხის წინაშე რჩება, მშვიდობა კი არ მყარდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დგება საკითხი - აუცილებელია მოიძებნოს ახალი მიდგომები, როგორც კონფლიქტების მართვისა და მათი მოგვარების, ასევე - ომების ნეგატიური შედეგების გამოსწორების მიზნით.
რატომ რთულდება ომების დამთავრება? რა უშლის ხელს კონფლიქტების შეწყვეტას? ამ საკითხზე მსჯელობისას შეიძლება რამდენიმე მიზეზზე გავამახვილოთ ყურადღება. პირველ რიგში, კონფლიქტების ხასიათი შეიცვალა: ყველაზე უფრო ხშირად კონფლიქტები ხდება სახელმწიფოებსა და შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის, რომლებთაც აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობა, აქვთ მოწინავე იარაღის შესაძენი ფული (ბუნებრივი რესურსების სარგებლობით ან დანაშაულებრივი საქმიანობით). ცივი ომის დროს კონფლიქტები სუპერსახელმწიფოების ერთმანეთთან მეტოქეობის ჩარჩოებში ხდებოდა, დღეს კი მათ საერთაშორისო ხასიათი მიიღეს. ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან რუსეთი, საუდის არაბეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და აშშ, პირდაპირ თუ ირიბად ერთვებიან მათ ფარგლებს გარეთ მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტებში. ხოლო თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ რაც მეტი ქვეყანაა ჩაბმული კონფლიქტში, მით უფრო ძნელი ხდება მისი დასრულება, მაშინ ნათელი ხდება პრობლემის სიმძიმე.
მეორე მომენტი - თუ ადრე კონფლიქტების მოგვარებაში შუამავლის როლს, ძირითადად, გაერო ასრულებდა (გავიხსენოთ „ცისფერჩაფხუტიანები“), ახლა უშიშროების საბჭო მუდმივად ჩიხში შედის, მისი წევრების გეოპოლიტიკური ინტერესების განსხვავების გამო. მათ აღარ შეუძლიათ არც ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება და არც სამხედრო აგრესიისა თუ დანაშაულის დაგმობა. გაეროს სამშვიდობო მისიები სულ უფრო იშვიათი და ხანმოკლე ხდება, თანაც ისინი აღარ სარგებლობენ დაპირისპირებული მხარეების ნდობით. აქედან გამომდინარე, გაეროს სამშვიდობო მისიებს და ძალებს არ შეუძლიათ, რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება კონფლიქტის დასასრულებლად და მათი ფუნქცია მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე დაკვირვებითა და წვრილმანი ინციდენტების დაფიქსირებაში გამოიხატება.
ბევრი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსი გლობალური კრიზისებით არიან გადატვირთულნი და პრიორიტეტების ძიების რეჟიმში არიან - რომელი კონფლიქტის გადაწყვეტაა უპირველესად აუცილებელი? ხშირად მათი ყურადღება მიპყრობილია არა იმდენად კონფლიქტის მიზეზებზე, არამედ უფრო მეტად შედეგებზე - ლტოლვილებზე, იარაღის კონტრაბანდაზე და დაშორიშორების რეჟიმის დაცვაზე. გაეროს დღეს უპირველესად „არაპოლიტიკური საკითხების“ გადაწყვეტაში თუ ძალუძს ჩარევა, მაგალითად, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის უზრუნველყოფაში. გაეროელ დიპლომატებს ამჟამად არ აქვთ გავლენა არც მოლაპარაკებებზე და არც მის შედეგებზე, რადგანაც მათ ძველი, ტრადიციული ფუნქციები არსებითად უკვე დაკარგეს, თვით გაეროს დასუსტების გამო.
მესამე მომენტი - რიგი ქვეყნების ლოკალური მცდელობა კონფლიქტების შეკავებისთვის, არ აგვარებს თვით კონფლიქტს მთლიანობაში. აუცილებელია, დროულად იქნას განხილული მხარეთა პრეტენზიები, აღიკვეთოს ძალადობის ფაქტები და უსაფრთხოების ზომები განმტკიცდეს. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ცხელი კონფლიქტების „ჩაქრობა-გაცივების“ შემდეგ სამშვიდობო მისიების ყურადღება სუსტდება, რაც ხელს უწყობს კონფრონტაციის ხელახლა დაწყებას ანუ სიტუაციის კონტროლი პერმანენტული უნდა იყოს.
სხვათა შორის, ახლაც, ბევრი პოლიტიკოსი და დიპლომატი გამაფრთხილებლად აცხადებდა, რომ ახლო აღმოსავლეთში, პალესტინაში სიტუაცია დამუხტული და არასტაბილური იყო. დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის პოლიტიკა, ძირითადად, მიმართული იყო ისრაელისა და მისი მეზობელი არაბული ქვეყნების ურთიერთობის გაუმჯობესებისაკენ, რაც ვერაინარად ვერ აღმოფხვრიდა ისრაელ-პალესტინელთა კონფლიქტის მიზეზებს.
გარდა ამისა, ხშირად ხდება ხოლმე, რომ „ხანდაზმული“ კონფლიქტის მოგვარებას მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ჰუმანიტარული დახმარების ინტენსიური მიწოდებით ცდილობენ, რასაც სასურველი შედეგი არ მოაქვს. მაგალითად, სირიაში, სადაც კონფლიქტი უკვე 12 წელია გრძელდება, 2023 წლისათვის 4,7 მილიარდი დოლარი დაიხარჯა (ქვეყნის შიგნით), ხოლო ლტოლვილებისათვის - 5,7 მილიარდი დოლარი (ქვეყნის გარეთ), თუმცა რაიმე სამშვიდობო ეფექტი ჯერ არ ჩანს. უფრო უარესი - ამჟამად დონორი ქვეყნების დახმარების შესაძლებლობა მცირდება.
კიდევ ერთი მომენტი: ლტოლვილთა დაბრუნება ისტორიული ცხოვრების ადგილებზე. მათ რომ თავიანთ სახლებში დაბრუნება შეძლონ ისე, რომ ძალადობისა და დისკრიმინაციის არ ეშინოდეთ, აუცილებელია კარდინალური ცვლილებების გატარება. ამ საკითხში ქვეყნებს საერთაშორისო დახმარება სჭირდებათ - ხელისუფლების ადეკვატურ მართვაში, ეკონომიკურ უზრუნველყოფაში, ნეგატიურ მოვლენებთან (კორუფციასთან) წარმატებულ ბრძოლაში, დემოკრატიული სამოქალაქო სივრცის შექმნაში დიალოგისათვის, საჩივრების განხილვის საჯაროობაში, კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღებაში და ა.შ. უპირველესად, ამ ყველაფრით ძლიერი სახელმწიფოები უნდა იყვნენ დაკავებულები, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები.
პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა სიტყვა „მშვიდობა“ ფრთხილად უნდა წარმოთქვან. ცეცხლის შეწყვეტის მიზნით მოლაპარაკება სამშვიდობო პროცესის დაწყებად არ უნდა ჩაითვალოს, რადგან მშვიდობის მიღწევა მხოლოდ სრულმასშტაბიანი ხელშეკრულების დადებით იქნება უზრუნველყოფილი. მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს კონფლიქტის რეგულირებისა და გადაწყვეტის ეტაპებს: მათ მართვა-რეგულირებას, მოგვარებას და მშვიდობის დამყარებას.
ყველაზე მთავარია ახალი მიდგომის გამოვლენა შუამავლობისადმი: ცივი ომის დასრულების შემდეგ მშვიდობისმყოფლობა პროფესიულ სფეროდ გადაიქცა, მაგრამ დღეს სიტუაცია შეცვლილია: დღევანდელი მსოფლიო განისაზღვრება გეოპოლიტიკური კონკურენციით და ახალ მიდგომებს ითხოვს. შუამავლებმა მეტი შემოქმედება და თანამშრომლობა უნდა გამოავლინონ. ისინი თავიანთი საქმეების აპოლოგეტები უნდა გახდნენ, საჯაროდ უნდა გამოვიდნენ მშვიდობის დასაცავად, ამ პროცესში ფართოდ უნდა ჩაერთოს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება, შუამავლებმა, ასევე, უნდა გაითვალისწინონ ადგილობრივი ტრადიციები და სპეციფიკა, მიიზიდონ სხვა დაინტერესებული ქვეყნები, ჰუმანიტარული ორგანიზაციები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
მოამზადა სიმონ კილაძემ