"მანანა გამსახურდია იყო პირველი ლედი, ოღონდ, პოლიტიკურ კულისებში ორი ქალი იყო... გადაწყვეტილებებს იღებდნენ და პრეზიდენტს შესრულებას სთხოვდნენ" - კვირის პალიტრა

"მანანა გამსახურდია იყო პირველი ლედი, ოღონდ, პოლიტიკურ კულისებში ორი ქალი იყო... გადაწყვეტილებებს იღებდნენ და პრეზიდენტს შესრულებას სთხოვდნენ"

პირველი ლედი - რა მოვალეობები აქვთ და რა გავლენა ჰქონდათ ქართულ პოლიტიკურ პროცესებზე პირველი სახელმწიფო პირების მეორე ნახევრებს - ამაზე ვესაუბრეთ პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს.

გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:

- ქრონოლოგიურად მივყვეთ: საქართველოს პირველი ლედი მანანა გამსახურდია იყო.

- კი ბატონო, მანანა გამსახურდია იყო პირველი ლედი, ოღონდ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ კულისებში იყო ორი ქალი... პოლიტიკურ კულისებში-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ისინი აქტიურები იყვნენ, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და მერე ხან პრეზიდენტს, ხანაც მას დაქვემდებარებულ თანამდებობის პირებს სთხოვდნენ შესრულებას, მაგრამ, როგორც ამბობენ, ამას ხშირად უარყოფითი შედეგები მოჰყვებოდა.

- რას გულისხმობთ?

- საერთოდ, როცა ვინმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს და მათ შესრულებაზეც ზრუნავს, სულერთია, პირველი ლედი იქნება, პრეზიდენტის ცოლისდა, შვილი თუ ბიძაშვილი, ეს უკვე ორხელისუფლებიანობისმაგვარ სიტუაციას ნიშნავს - სახელმწიფოში გადაწყვეტილებების მიმღები ორი პირი არ არის მისაღები. მაგალითად, ნენსი რეიგანი გადაწყვეტილებას­ კი იღებდა, ოღონდ ქმარს აცნობდა თავის მოსაზრებებს, თორემ პრეზიდენტის გვერდის­ ავლით გადაწყვეტილებების გაორება არ ყოფილა. თუ ეთანხმებოდა რეიგანი, და, როგორც წესი, ეთანხმებოდა, ხომ კარგი, თუ არადა...

ზვიადის გარემოცვაში იყო ეგ პრობლემა­ - ვიღაცებს ბრძანებებს ქალები აძლევდნენ და აჩქარებდნენ პროცესებს, მაგალითად, სამოქალაქო ომის დროს ვისთვის უნდა ესროლათ და ა.შ., მაგრამ, მეორე მხრივ, ეს შესაძლოა თვითონ ზვიადის ხასიათიდანაც გამომდინარეობდა. ის მორიდებული კაცი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ტრიბუნაზე ძალიან შეუპოვარი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. თავისთავად, იუმორიც ჰქონდა, ყველაფერი, მაგრამ, როგორც იტყვიან, პროცესზე რომელიმე მიმართულებით მიმწოლი არ იყო. შესაძლოა მისთვის ხელსაყრელიც იყო უფრო გაბედული და გადაწყვეტილების მიმღები ადამიანის გვერდით ყოფნა, ამ შემთხვევაში მეუღლის. ამიტომაც, ალბათ, ზოგჯერ თვითონ ზვიადი უშვებდა წინა ფლანგზე მეუღლეს. ამასთან, მათ არატიპურ სიტუაციებში მოუწიათ ყოფნამ. ზვიადის მეუღლე გაბედული, ენერგიული ქალი იყო. ხშირია, როდესაც ცოლი ინიციატივიანია, ქმარი კარგავს ინიციატივებს. იგივე ითქმის პირველი პირის ოჯახზე.

- ერთი მხრივ, ეს მამაკაცისთვის თითქოს მომგებიანი არ არის, მეორე მხრივ, ზვიად გამსახურდიას შემდგომ თითქმის ყველა პრეზიდენტი ცდილობდა რაღაც პარალელები ჰქონოდა გამსახურდიასთან და ამით საზოგადოების კეთილგანწყობა მოეპოვებინა. ხომ იყო ასე?

- კი, მაგრამ ზვიადის მიმართ კეთილგანწყობა ოჯახის ხარჯზე არ იყო. სააკაშვილს თავის დროზე ბევრი ხმა მოუტანა სანდრა რულოვსმა, ბევრისთვის სიმპათიის მთავარი ობიექტი სწორედ ის იყო თავისი მეგრული სიმღერით, რომელსაც ევროპული აქცენტით მღეროდა და კოლორიტს ქმნიდა სააკაშვილის გარშემო, თან სიმპათიური ქალია და ამან ითამაშა როლი. გააგრძელეთ კითხვა