"ჩვენი ტერიტორიების ანექსიის გეგმა კრემლმა უკვე აამოქმედა, ოკუპირებული აფხაზეთის სამოკავშირეო სახელმწიფოსთან შეერთება ამ გეგმის ნაწილია"
„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის პაატა დავითაიას განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთთან და ბელორუსთან სამოკავშირეო სახელმწიფოს ფორმატში მიერთებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს პარტნიორებთან კონსულტაციები.
აღნიშნულ განცხადებას „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.
„როგორც ცნობილია, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი აფხაზეთის რუსეთთან და ბელორუსთან სამოკავშირეო სახელმწიფოში შეერთების საკითხის განხილვას იწყებს, რაც უზარმაზარი საფრთხეა ქართული სახელმწიფოსთვის. კრემლი დიდი ხანია ამზადებს ჩვენი ტერიტორიების ანექსიას, რის შესახებაც არაერთხელ გავაფრთხილე საქართველოს ხელისუფლება. აფხაზეთის შეერთება სამოკავშირეო სახელმწიფოსთან არის რუსული გეგმის ნაწილი, რომელიც უკვე ამოქმედდა.
პირველი ნაბიჯი იქნება ბელარუსის მიერ აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებული პროცესი, რასაც უნდა ველოდოთ უახლეს მომავალში. იმის მიუხედავად, რომ აფხაზეთის ლიდერები გამოხატავენ მზადყოფნას, შეუერთდნენ კრემლის მიერ შექმნილ ახალ გაერთიანებას, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა არ მოხდეს ჩვენი ტერიტორიების ამ კავშირში შესვლა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ღონისძიებების გატარება. ყველა ის ადამიანი, ვინც მიითვისა ძალაუფლება აფხაზეთში და ცხინვალში, უნდა გამოცხადდნენ ძებნილებად ჩვენი სახელმწიფოს მიერ, რადგან როდესაც დღის წესრიგში დადგება სამოკავშირეო დოკუმენტის ხელმოწერა, ეს მოხდეს ინტერპოლის მიერ ძებნილის სტატუსის მქონე სეპარატისტთა ლიდერების მიერ.
ხელისუფლებამ ამ საკითხის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან. უნდა მოხდეს მიმართვა საერთაშორისო სასამართლოში, ჰააგაში, რომელიც ექვემდებარება გაეროს და ეცნობოს მათ, რომ კრემლი ამზადებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას.
სახელმწიფოს მიერ უნდა მოხდეს ყველა იმ ღონისძიების გატარება, რაც შეაჩერებს ჩვენი ტერიტორიების ანექსიის პროცესს. დაიწყოს მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან იმ საფრთხეებზე, რაც მოჰყვება ოჩამჩირის სამხედრო - საზღვაო ბაზას, რომელიც მოხვდება ე. წ. სამოკავშირეო სახელმწიფოში, რაც შეუქმნის საფრთხეს როგორც შავიზღვისპირეთს, ასევე ნატოს წევრ ქვეყნებს“, - აცხადებს პაატა დავითაია.
"ინტერპრესნიუსი"