"მეხუთე ფრონტი": შეტევა "ჩუსტებით" და ბალისტიკური რაკეტებით - ისრაელს მოულოდნელი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა
ღაზის სექტორში „ჰამასთან“ უკვე ქუჩის ბრძოლებში ჩართულ ისრაელის „ცახალს“ მოულოდნელად ახალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა...
ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ოთხ ფრონტზე (ღაზის სექტორში „ჰამასთან“, ლიბანის სამხრეთში „ჰესბოლასთან“, გოლანის სიმაღლეებზე სირიაში მოქმედ პროირანულ დაჯგუფებებთან და მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებთან) ერთდროულად ბრძოლას კი უშვებდა, მაგრამ ეტყობა, ნაკლებად წარმოედგინა, რომ ისრაელს ახალ ფრონტს გაუხნიდა ის მოწინააღმდეგე, რომელსაც ისრაელთან არათუ საერთო სახმელეთო ან საზღვაო საზღვარი აქვს, არამედ არანაკლებ 1700 კმ-ით არის მისგან დაშორებული...
გუშინ ჰუსიტებმა ოფიციალურად განაცხადეს ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყება...
ვინ არიან ეს ჰუსიტები და რატომ მოუწევს ისრაელს მათი სარაკეტო მუქარის გათვალისწინება?
ჰუსიტების სახელი ქართულ მასმედიაში აქტიურად მაშინ გაჟღერდა, როდესაც იემენში მიმდინარე ბროლების დროს ადგილობრივმა ამბოხებულებმა საუდის არაბეთის არმიის კუთვნილი შეჯავშნული მანქანა ააფეთქეს და ეს ვიდოკადრები მთელ მსოფლიოში გაავრცელეს - ეს საქართველოში, „დელტას“ მიერ წარმოებული სამედიცინო-საევაკუაციო შეჯავშნული მანქანა „დიდგორი“ იყო, რამდენიმე ათეული ასეთი „დიდგორი“ მაშინ საუდის არაბეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეიძინა და იემენში ჰუსიტებთან ბრძოლების დროს იყენებდა...
ჰუსიტი ამბოხებულები შიიტური დაჯგუფება „ანსარ ალას“ მოძრაობის წარმომადგენლები არიან, იემენის ჩრდილოეთში ებრძვიან ქვეყნის ხელისუფლებასა და მის მხარდამჭერ საუდის არაბეთის არმიას და - არცთუ წარუმატებლად...
ამას კი შიიტი ჰუსიტები ასევე შიიტური ირანის ისლამური რესპუბლიკის სერიოზული სამხედრო მხარდაჭერის საშუალებით აღწევენ.
ირანის სამხრეთი ნაწილიდან, ომანის ყურესა და არაბეთის ზღვის გავლით, არანაკლებ 1 800 კმ-ის გაცურვა უწევთ იმ სავაჭრო მცირე ზომის გემებს ან, სულაც, სათევზაო კატარღებს, რომლებსაც ირანის წარმოების შეიარაღება და საბრძოლო მასალები კონტრაბანდულად ჩააქვთ იემენის სანაპიროზე, ადენის ყურეში, „ანსარ ალაჰის“ საბრძოლო რაზმებისთვის გადასაცემად.
საუდის არაბეთისა და აშშ-ის სამხედრო ხომალდების ეკიპაჟებმა არა ერთხელ დააკავეს ირანიდან იემენში მცურავი გემები და კატარღები და კონფისკაცია გაუკეთეს მათ ტრიუმებში გადამალულ შეიარაღებას (სწორედ ეს, კონფისკირებული იარაღი და საბრძოლო მასალა გადასცა ამერიკულმა მხარემ უკრაინის არმიას), მაგრამ როგორც ჩანს, ირანული შეიარაღება მაინც აღწევს ჰუსიტებამდე და თანაც - არა მარტო „კალაშნიკოვის“ ავტომატები...
საქმე ის არის, რომ იემენის უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი ნაწილიდან ისრაელის უკიდურეს სამხრეთ ნაწილამდე, სადაც ცნობილი საკურორტო ქალაქი ეილატია განთავსებული, პირდაპირი ხაზით არანაკლებ 1 700 კმ-ია და ამხელა მანძილზე მისაწვდომად ჰუსიტებს არათუ ოპერატიულ-ტაქტიკური, არამედ - საშუალო სიშორის მოქმედების სარაკეტო შეირაღება სჭირდებათ...
ბოლო ერთი კვირის განმავლობში ჰუსიტებმა ისრაელის მიმართულებით საჰაერო თავდასხმების სამი სერია განახორციელეს, როგორც კამიკაძე-დრონების, ისე - ფრთოსანი და თვით ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.
პირველი ასეთი თავდასხმა, თავისდა უნებურად, მოიგერია წითელ ზღვაში მცურავმა ამერიკული საესკადრო ნაღმოსნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, რომელმაც ჩრდილოეთით მფრენი რამდენიმე კამიკაძე-დრონი და ფრთოსანი რაკეტა, ხომალდზე მიმართულად აღიქვა და საზენიტო ცეცხლით ჩამოაგდო.
მოგვიანებით, ამერიკელი სამხედროები, როდესაც გამოითვალეს ამ საჰაერო სამიზნეების ფრენის ტრაექტორია, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ისინი მათ საესკადრო ნაღმოსანს კი არ ემუქრებოდნენ, არამედ - ჩრდილოეთით, ისრაელის მიმართულებით ჰქონდათ აღებული გეზი...
27 ოქტომბერს კი კიდევ ერთხელ დადასტურდა იემენელი ჰუსიტების შორეული სარაკეტო „ნობათი“ ისრაელისთვის, თუმცა ორი კამიკაძე-დრონიდან ერთი ისრაელის ეილატის ნაცვლად რვა კმ-ში, ეგვიპტის სასაზღვრო ქალაქ ტაბაში ჩავარდა.
31 ოქტომბერს კი ისრაელის საჰაერო თავდაცვას პირველად მოუწია ანტისარაკეტო სისტემის - Arrow 3-ის გამოყენება ჰუსიტების მიერ გაშვებული „ხმელეთი-ხმელეთის“ კლასის ბალისტიკური რაკეტის ჩამოსაგდებად, ხოლო ისრაელის გამანადგურებლებმა რამდენიმე კამიკაძე-დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც ეილატისკენ მიფრინავდნენ...
ეჭვს არ იწვევს, რომ ჰუსიტების შიიტური „ანსარ ალა“ ასეთ სერიოზულ და ამხელა მანძილზე მოქმედ შეიარაღებას სწორედ ირანიდან ღებულობს, ისევე, როგორც ლიბანში მოქმედი ასევე შიიტური „ჰესბოლა“ და სირიაში შექმნილი პროირანული დაჯგუფებები, შესაბამისად, ისრაელის საჰაერო თავდაცვას, დიდი ალბათობით, მოუწევს „რკინის გუმბათის“ გარდა (რომელიც მხოლოდ 70 კმ ფრენის სიშორის რაკეტების მოგერიებაზეა გათვლილი) ბევრად ძლიერი საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების ამოქმედება სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმების მოსაგერიებლად, როდესაც გამოყენებული იქნება ირანში წარმოებული რაკეტები და დრონები, ოღონდ - არა ირანის ტერიტორიიდან...