"ირაკლი ბერაიამ ბოდიში მოიხადა, დავაფასოთ ეს ბოდიში და ეს კულტურა იქნებ თქვენთანაც დაამკვიდროთ" - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას
ირაკლი ბერაიამ ბოდიში მოიხადა და მოდით, დავაფასოთ ეს ბოდიში და ეს კულტურა იქნებ როგორღაც თქვენთანაც დაამკვიდროთ და ბოდიშის მოხდა თქვენც შეძლოთ ხოლმე, როდესაც ასეთი გადამეტება მიდის, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას.
მისივე თქმით, გადაცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს.
„სამწუხაროდ, ჩვენი პარლამენტი არ არის დაცლილი გარკვეულ ზღვარზე სიარულის, ხანდახან ეთიკური გადამეტებებისგან, რაც საერთო კონტექსტით არის განპირობებული. სამწუხაროდ, ისეთი წრეა, რთულია ტყუილ-მართლის გარკვევა ხოლმე და მიდის ურთიერთბრალდებები. რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას - ბატონმა ირაკლიმ ძალიან ცხადად განაცხადა ამასთან დაკავშირებით, მის გამოსვლას ჰქონდა შინაარსობრივი ნაწილი, რომელსაც ყველა ვიზიარებთ, რაც შეეხებოდა კრიტიკას. ხოლო რაც შეეხება იმ ნაწილს, სადაც იყო პიროვნული გარკვეული ეთიკური ჩარჩოებიდან გასვლის საკითხი - მან თქვა, რომ იმის ფონზე, რაზეც მას ჰქონდა საუბარი, შეიძლება იყო გარკვეული გასვლა და ამის გამო ბოდიშიც მოიხადა. მე არ მახსენდება ოპოზიციიდან არც ერთი ადამიანი - ქალი, ან კაცი, რომ ვინმეს ბოდიში მოეხადა, რაც ქალბატონ თეა წულუკიანს აკადრა 4-მა ქალმა დეპუტატმა. ამიტომ, მე ვფიქრობ, თუ გამოიტანთ გუშინდელი დღიდან დასკვნას - არის ერთი რამე, რომ შეიძლება ყველას მოუვიდეს ასეთი გადაცდომა. ირაკლი ბერაიამ ბოდიში მოიხადა და მოდით, დავაფასოთ ეს ბოდიში და ეს კულტურა იქნებ როგორღაც თქვენთანაც დაამკვიდროთ და ბოდიშის მოხდა თქვენც შეძლოთ ხოლმე, როდესაც ასეთი გადამეტება მიდის.
როდესაც რაღაც ზღვარი იქნება გადალახული, მე შევეცდები დროულ რეაგირებას. სიმართლე რომ გითხრათ, მე ყველას გამოსვლას არ ვუსმენ და წამიერი რეაგირება ვერ მექნება, თანაც იქაც არის გარკვეული ლავირების შესაძლებლობები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 31 ოქტომბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი", "ქართული ოცნების" დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს "ბანძი" უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.
ამასთან, შემდგომ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.
"ინტერპრესნიუსი"