"დიახ, დე იურე ჩვენ დავარტყამთ საქართველოს ტერიტორიას, დე ფაქტო კი დავარტყამთ რუსეთს" - უკრაინელი ჟურნალისტის დიმიტრი გორდონის სკანდალური განცხადება
უკრაინელმა ჟურნალისტმა დმიტრი გორდონმა ერთ-ერთ ინტერვიუში რუსეთის გეგმებზე ისაუბრა, რომელიც ოკუპირებულ ოჩამჩირეში გემების ყირიმიდან გემების გადაყვანას გულისხმობს. ის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა.
„ყოჩაღ, რაც ზელენსკიმ თქვა. რა თქმა უნდა, უკრაინა ამ ბაზებზე იერიშს მიიტანს. დიახ, ისინი საქართველოს ტერიტორიაზეა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იქ ხომ ახლა რუსები იმყოფებიან. დე იურე ჩვენ დავარტყამთ საქართველოს ტერიტორიას, დე ფაქტო კი ჩვენ დავარტყამთ რუსეთს.
აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა, მაგრამ ახლა ის ოკუპირებულია და რუსი ფაშისტების მმართველობის ქვეშაა.
ისინი ვერსად დაგვემალებიან... ჩვენ ისეთი სერიოზული იარაღი გვაქვს, რომ ვერსად დაგვემალებიან. მალე „საზარბაზნე ხორცის“ დეფიციტიც ექნებათ. მუსლიმანები ამბობენ, რომ რუსები მეჩეთებში ლოცვის შემდეგ იჭრებიან და რუსეთში პურის ფულის საშოვნად ჩასულ მიგრანტებს იჭერენ, ეუბნებიან რომ ისინი უკვე რუსეთის მოქალაქეები არიან და სამხედრო კომისარიატში მიჰყავთ“, - აღნიშნავს დმიტრი გორდონი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრაღაში „ყირიმის პლატფორმის“ საპარლამენტო სამიტზე ონლაინ გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინული ძალების მიერ ყირიმსა და მიმდებარე წყლებზე სრული საცეცხლე კონტროლი დროის საკითხია.
„მსოფლიოში ბევრისთვის ყირიმი იყო არგუმენტი იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის სრული დეოკუპაცია, სავარაუდოდ, მიუღწეველი იყო. რუსეთის კონტროლი შავ ზღვაზე და ოკუპანტის ფლოტის არსებობა ქმნიდა ილუზიას, რომ რუსეთის დომინირება შავ ზღვაში თითქოსდა დაუძლეველია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ეს ილუზია ქრება, რადგან რუსეთის სამხედრო ფლოტი თანდათან გარბის ყირიმიდან.
„რუსეთის სამხედრო ფლოტი ვეღარ ახერხებს შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში ოპერირებას და თანდათან გარბის ყირიმიდან. ეს არის ისტორიული მიღწევა. ცოტა ხნის წინ რუსეთის ლიდერი იძულებული გახდა გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტის - უფრო სწორად, მისი ნარჩენების - ახალი ბაზის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნა. მაქსიმალურად შორს უკრაინული რაკეტებისა და საზღვაო დრონებისგან, მაგრამ ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით", - განაცხადა ზელენსკიმ.