რა ელის თბილისში არსებულ საზოგადოებრივ საპირფარეშოებს?! - თბილისის მერის განმარტება - კვირის პალიტრა

რა ელის თბილისში არსებულ საზოგადოებრივ საპირფარეშოებს?! - თბილისის მერის განმარტება

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანიასთან, რეტერატების [საზოგადოებრივი საპირფარეშოების] დემონტაჟისა და ცალკეული ლოკაციებიდან გატანის თაობაზე, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კომპანიამ არაერთხელ აღადგინა დაზიანებული რეტერატები, თუმცა გახშირებული ვანდალიზმის ფაქტების ფონზე შეუძლებელი გახდა მათი გამართულად ფუნქციონირება.

„რამდენიმე წლის წინ თბილისის მერიამ გაითვალისწინა საზოგადოების მოთხოვნა და დედაქალაქში ტურისტული ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ნაწილის საჭიროება და ქალაქში 36 ლოკაციაზე, აუქციონის საფუძველზე შერჩეული კომპანიის „სითი ბოქსის“ მიერ საზოგადოებრივი საპირფარეშოები, ე.წ რეტერატები დამონტაჟდა. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვით, რომ 2017-2018 წლებში დამონტაჟებული რეტერატების დიდი ნაწილი დღეს აღარ ფუნქციონირებს. როგორც კომპანიის მიერ წარმოდგენილი განცხადებებით და ჩვენ მიერ განხორციელებული მონიტორინგით ირკვევა, სადაც აღნიშნული რეტერატები იყო განთავსებული, უმეტეს შემთხვევაში დაზიანებული, ვანდალიზმის მსხვერპლი, განადგურებული და გაუბედურებულია.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ არაერთხელ აღადგინა დაზიანებული რეტერატები, გახშირებული ვანდალიზმის ფაქტების ფონზე შეუძლებელი გახდა მათი გამართულად ფუნქციონირება. ხდება აღდგენა, თუმცა მეორე-მესამე დღეს ისევ დაზიანებული და დამტვრეულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, ისეთ ადგილებში, სადაც ქუჩები და სკვერები რეაბილიტირდება, პარალელურად იძიებენ ადგილებს, სადაც მსგავსი რეტერატების განთავსება იქნება შესაძლებელი.

„ამასთან, აღნიშნულ ადგილებში მერიის მიერ მოწყობილია ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, იცით, რომ სკვერები და კონკრეტული გამზირების ქუჩები რეაბილიტირდება და იქვე ვიძიებდით ისეთ ადგილებს, სადაც მსგავსი რეტერატების განთავსება იქნებოდა შესაძლებელი. განსაკუთრებით, საუბარია რეკრეაციულ სივრცეებზე, პარკებზე, სადაც განთავსებულია აღნიშნული საპირფარეშოები, თუმცა ძირითად ნაწილში ყველგან დაზიანებულია, რაც დღეს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს.

ეს ჯიხურები, რა თქმა უნდა, შეუსაბამოა იმ სივრცეებთან, რომელიც რეაბილიტირებულია, ამის გათვალისწინებით ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანიასთან, რეტერატების დემონტაჟისა და აღნიშნული ლოკაციებიდან გატანის თაობაზე.

საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თუ რას გავაკეთებთ და რა ნაბიჯებს გადავდგამთ, საზოგადოებას ცოტა მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას, თუმცა გულდასაწყვეტია რომ პროექტი განხორციელდა და ვანდალიზმის შედეგად განადგურდა და გაუბედურდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"