"ჩვენი ადრინდელი პოზიცია ძალაში რჩება - კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია, მაგრამ ამას არც მილიარდები მოაქვს და არც წევრობის გარანტია"
სინამდვილეში კანდიდატის სტატუსი რადიკალურ ოპოზიციაში არავის უნდა და ამას არც მალავენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის რიტორიკა, რომლის თანახმადაც კანდიდატის სტატუსი ქვეყანას მილიარდობით დოლარსა და ევროს მოუტანდა, ტყუილი იყო.
„სინამდვილეში კანდიდატის სტატუსი რადიკალურ ოპოზიციაში არავის უნდა და ამას არც მალავენ. თქვენ გახსოვთ, რომ ადრე ევროინტეგრაცია თვითმიზნად გამოგვიცხადეს და ახლა თურმე კანდიდატის სტატუსი არაფერი ყოფილა, ეს მათი ახალი რიტორიკაა.
ჩვენ აქაც გვქონდა ერთი სტანდარტი - არასდროს ვატყუებდით ხალხს. მათი რიტორიკა გახსოვთ, რომ მილიარდობით დოლარს და ევროს მოუტანდა კანდიდატის სტატუსი ქვეყანას, ეს იქნებოდა ქვეყნის აყვავების საფუძველი და ა.შ. ეს ყველაფერი იყო ტყუილები. თვითონ დღეს ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერი ყოფილა, რაც მათი ორმაგი სტანდარტია. ჩვენ რასაც ადრე ვამბობდით, რომ კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია, მაგრამ ამას არც მილიარდები, არც წევრობის გარანტია არ მოაქვს და ა.შ, ეს პოზიცია ძალაში რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე ველოდებით კანდიდატის სტატუსის მიღებას, ტყუილს არ ვეტყვით საზოგადოებას, რომ ის მოიტანს მილიარდობით ევროს, ან რომ ეს ნიშნავს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას ორ და სამ წელიწადში. მაგრამ მათი სტანდარტი აქაც ორმაგი იყო. ჯერ ამტკიცებდნენ რომ კანდიდატის სტატუსი ნიშნავდა მილიარდობით ევროს და ათას სიკეთეს, ახლა ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერი ყოფილა, ამიტომ აქაც მიხედონ საკუთარ ორმაგ სტანდარტებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"ინტერპრესნიუსი"