"თქვენ, მგონი, რაღაც სხვანაირად გაიგეთ - სინამდვილეში საუბარი იყო იმაზე, რომ სადაც ბერაია წავიდა, ყველგან აქუბარდიას ნალაპარაკები დახვდა!"
თქვენ, მგონი, რაღაც სხვანაირად გაიგეთ! - თქვენ ირაკლი ბერაიას კონკრეტულ ფრაზას ის მნიშვნელობა მიანიჭეთ, რაც მას არა აქვს - სინამდვილეში საუბარი იყო იმაზე, რომ სადაც ირაკლი ბერაია წავიდა, ყველგან ამ ადამიანის ნალაპარაკები დახვდა! - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის შეურაცხმყოფელ გამონათქვამზე დასმულ კითხვას, რომელიც მან ოპოზიციონერი კოლეგის თეონა აქუბარდიას მიმართ გააკეთა.
კობახიძემ განაცხადა ისიც, რომ ქალ დეპუტატებს ეთიკასა და ღირსებაზე საუბრის არავითარი მორალური უფლება არ აქვთ და მათ არ გააჩნიათ ღირსება, რომ საკუთარი არაქალური საქციელისთვის ბოდიში მოიხადონ.
კობახიძემ ბერაიას გადადგომის მოთხოვნას „სასაცილო“ უწოდა.
„სინამდვილეში საუბარი იყო რაზე: - სადაც კი ირაკლი ბერაია წავიდა, ყველგან ამ ადამიანის ნალაპარაკები დახვდა - ნალაპარაკები სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. თქვენ ეს ფრაზა სხვანაირად გაიგეთ! არ ვიცი, ასე რატომ გაიგეთ?! სინამდვილეში, სადაც ირაკლი ბერაია წავიდა, ამ ქალბატონი დეპუტატის ანტისახელმწფოებრივი ნალაპარაკები დახვდა.
ჩვენ გვაქვს სტანდარტი - ირაკლი ბერაიას ვესაუბრეთ, ჩვენი რჩევაც იყო, რომ მას კონკრეტული განცხადება გაეკეთებინა და სინანული გამოეხატა, რაც მან თავიდან ბოლომდე გაითვალისწინა. როცა ადამიანს ღირსება აქვს, სინანულის გამოხატვა არ უჭირს. შეგახსენებთ, რომ თვითონ თეონა აქუბარდია ერთი კვირის წინ გამოვიდა და კაც დეპუტატებზე თქვა: - პატარა კაცებზე მეტი ხართო - სად არის აქ გენდერი, ზრდილობა, ეთიკა და ბოდიში? ბოდიში არ არის, რადგან ირაკლი ბერაიას აქვს ღირსება, რომ იქ, სადაც ბოდიშია მოსახდელი, მოიხადოს. თეონა აქუბარდიას ეს ღირსება არა აქვს - ნული ღირსება აქვს!“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას მისამართით პლენარულ სხდომაზე ასეთი განცხადება გააკეთა: „ქალბატონი აქუბარდია არის არა მხოლოდ დეზინფორმაციის გამავრცელებელი, არამედ თავად არის დეზინფორმაციის წყარო, მარია ზახაროვას ანალოგი. ეტყობა, მისთვის დიდი პატივია, მარია ზახაროვას რომ ვადარებ, მაგრამ ეს ფაქტია. სამწუხაროა, რომ მან ჩვენს კომიტეტში, რომელმაც 4-ჯერ მისცა მის თავმჯდომარის მოადგილეობას ხმა, მან აირჩია კონფრონტაციის გზა და ამ გზაზე ჩამოყალიბდა არა ჩვეულებრივ, არამედ სერიულ მატყუარად და სამარცხვინო ადამიანად. სამარცხვინო პოლიტიკოსად ყალიბდებიან უღირსი ადამიანები და ასეთი ადამიანები არ არიან ღირსი, იყვნენ არა მხოლოდ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, არამედ ამ ადამიანებს კომიტეტთან მოახლოების შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეთ.
რეალურად, აქ არაა სახელმწიფო ინტერესებზე ფიქრი, ან ოკუპაციაზე წუხილი, რეალური მიზეზი, რის გამოც ქალბატონი აქუბარდია ბოლო ერთი წელია მოიხსენიებს ჩვენს კომიტეტს და მეც არც თუ ისე სახარბიელოდ ისაა, რომ მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმის დეზინფორმაციის მიზნით გამოყენების, ასევე მისნაირებთან და ვიღაც-ვიღაცებთან სელფების გადაღების და "გაფეისბუქების" საშუალება; აეროპორტების "ლაუნჯებში" შესვლის, იქ გასკდომის და გამოთრობის, გაშხლართვის საშუალება, ვინც იცნობს, კარგად მიხვდება, რაზე ვსაუბრობ. მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით ჩემი და ჩემი კომიტეტის ხსენებისგან თავი შეიკავოს“,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
"ინტერპრესნიუსი"