"არ მივცემ ბატონ ბერაიას იმის ფუფუნებას. სიტყვას გაძლევთ, პარლამენტის არცერთი სხდომა არ იქნება, სადაც არ ვილაპარაკებ, რომ მან უნდა დატოვოს თანამდებობა" - კვირის პალიტრა

"არ მივცემ ბატონ ბერაიას იმის ფუფუნებას. სიტყვას გაძლევთ, პარლამენტის არცერთი სხდომა არ იქნება, სადაც არ ვილაპარაკებ, რომ მან უნდა დატოვოს თანამდებობა"

ირაკლი ბერაიამ თანამდებობა უნდა დატოვოს და ეს ისევ მაგისთვის არის კარგი, რომ სახე შეინარჩუნოს, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ირაკლი ბერაიამ ბოდიში მხოლოდ „ქართული ოცნების“ ლიდერების მოთხოვნის გამო მოიხადა და ძალიან არადამაჯერებელი იყო.

„ეს არ იყო გულწრფელი ბოდიში, უბრალოდ პარტიის ბოსებმა ირაკლი ბერაიას უთხრეს, რომ გამოხვალ და რაღაცნაირად ბოდიშს მოიხდიო და უკანა კბილებით მოიხადა ბოდიში, ყასიდად და ძალიან ცალყბად, ძალიან არადამაჯერებლად. შესაბამისად უნდა წავიდეს თანამდებობიდან. მე იმ თანამდებობაზე არანაირი პრეტენზიები არ მაქვს, უბრალოდ სულ რაღაც გულისრევის განცდა მაქვს გუშინდლიდან მოყოლებული. კაცებად ვიბადებით და ქალებად ვიბადებით, დეპუტატებად და კომიტეტის თავმჯდომარეებად ხომ არ ვიბადებით? კომიტეტის თავმჯდომარე და დეპუტატი რომ აღარ იქნები, ხომ კაცად უნდა დარჩე? ბერაიამ თანამდებობა უნდა დატოვოს და ეს ისევ მაგისთვის არის კარგი, რომ სახე შეინარჩუნოს. რომ აიღო კასრი და ის რაღაც დაისხა თავზე, ვინ რჯიდა?

„ქართული ოცნების“ ნებისმიერ მხარდამჭერს მინდა ვკითხო, თქვენს ცოლზე, დაზე, გოგოზე, შვილზე ასე რომ ვიღაცამ ილაპარაკოს, რა რეაქცია გექნებათ? მიმიფურთხებია პოლიტიკისთვისაც, პარლამენტისთვისაც და ყველაფრისთვისაც. ვიღაცები რომ დამდგარან და „აპრავებენ“, მოდი რა, კაცები ვიყოთ და ქალები ვიყოთ და ქართველები ვიყოთ პირველ რიგში. ასე შეიძლება ქალზე ილაპარაკო? ასეთი საზიზღრობა შეიძლება ტვინში მოგივიდეს და შემდეგ პარლამენტში მიკროფონი ჩართო და ერთი საათი ლაპარაკობდე?“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თავდაცვის კომიტეტის დატოვებას არ აპირებს და ამის შესახებ გაკეთებული განცხადებები ცხელ გულზე იყო ნათქვამი.

„მე გადავიფიქრე, ეს ძალიან ცხელ გულზე ვთქვი. მე დავრჩები თავდაცვის კომიტეტში, არ მივცემ ბატონ ბერაიას იმის ფუფუნების უფლებას, რომ იქ როგორც უნდა ისე იყოს. არ გავეცლები და მე იმ ბრძოლაში დავრჩები. თავდაცვის კომიტეტიდან უნდა წავიდეს ბერაია. მე არაფერში არ მჭირდება ის, თანამდებობაზე იქნება თუ არა, უბრალოდ აქ არის კაცობის და ღირსების ამბავი, ქართველობის ამბავი და სახელმწიფოებრივი პოზიციის ამბავი. როგორ შეიძლება ქალზე ასე ლაპარაკი, როგორ უნდა იკადრო ეს? იკადრე, მიქარე და მოცურდი? ადექი ახლა კაცურად და წადი. რაზე ვლაპარაკობთ დაქცეულ ქვეყანაში, რაზე ვიგლეჯთ ნერვებს?

სიტყვას გაძლევთ, თავდაცვის კომიტეტის არცერთი სხდომა არ იქნება, სადაც მე ამაზე არ ვილაპარაკებ. პარლამენტის არცერთ სხდომა არ იქნება, სადაც მე არ ვილაპარაკებ, რომ ბერაიამ უნდა დატოვოს თანამდებობა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, 31 ოქტომბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს "დებილი", "ქართული ოცნების" დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს "ბანძი" უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

ამასთან, შემდგომ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

"ინტერპრენიუსი"