"ისეთი ადამიანებია შეყრილი პარლამენტში, რომლებიც კანკალებენ მანდატზე, არ აინტერესებთ კოლეგას ვინმე რაიმეს თუ ეტყვის - რამდენი კაცი ჩანს? კაცი საერთოდ ჩანს? "
ისეთი ადამიანები არიან შეყრილი პარლამენტში, რომლებიც კანკალებენ მანდატზე, არ აინტერესებთ კოლეგას ვინმე რაიმეს თუ ეტყვის - რამდენი კაცი ჩანს? კაცი საერთოდ ჩანს? რასაც ვუყურებ, ძირითადად, ქალები აქტიურობენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
აღნიშნულით ის გამოეხმაურა პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას კრიტიკას და მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მანდატები უნდა დატოვონ.
„ვინ რისი დამტოვებელია? როგორ წარმოგიდგენიათ, დღეს პარლამენტში მყოფმა ადამიანმა მანდატი დატოვოს. ეს ხომ ყველაფერს სცილდება. უმეტესწილად, ისეთი ადამიანები არიან შეყრილი, რომლებიც მანდატზე კანკალებენ, არ აინტერესებთ კოლეგას ვინმე რაიმეს თუ ეტყვის, ან არა კოლეგას. მთავარია იქ იყვნენ, მანქანა ემსახურებოდეთ, მათ შორის, რა თქმა უნდა{ ჩემი პარტიის წევრებიც}. რატომაც ზის „ქართული ოცნება“ გასაგებია, მილიონებს აკეთებენ.
თითოეულმა დეპუტატმა უნდა გაგცეთ პასუხი, თუ რას აკეთებენ პარლამენტში, რა სარგებლობა მოაქვთ. ისე არ გამიგოთ, რომ ოპოზიციის პარლამენტში ყოფნის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ როდესაც არაფერს აკეთებ და არ ხარ აქტიური...რამდენი კაცი ჩანს? კაცი საერთოდ ჩანს? რასაც ვუყურებ, ძირითადად, ქალები აქტიურობენ. ალბათ ზოგი თბილად და კომფორტულად ზის და არ უნდა არაკომფორტულ ზონაში შესვლა.
სამწუხაროდ, ვერ დავინახე ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური ამინდის შექმნა. თუ პარლამენტში არ ქმნი, სად უნდა ქმნიდე? თუ ამას ვერ აკეთებ, ვერ უზრუნველყოფ, რომ ღირსეულად მაინც გამოხვიდე, შენს კოლეგას რომ შეურაცხყოფას აყენებენ შენი შეურაცხყოფას არის მათ შორის. თუ ამას არ აკეთებ, მაშინ პრემია და სასათბურე პირობები გაინტერესებს. საკმარისი რაოდენობით არის წარმოდგენილი ოპოზიცია პარლამენტში იმისთვის, რომ მინიმუმ პოლიტიკურ ამინდს ქმნიდეს. 50 კაცი პოლიტიკურ ამინდს როგორ არ უნდა ქმნიდეს?!-აღნიშნა დოლიძემ.
ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობას“ კითხვით მიმართა, „კონკრეტულად რა საქმეზეა „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს პარლამენტში“.
„2023 წლის იანვრიდან, პარლამენტარებს აეკრძალათ სააკაშვილთან შესვლა. შესაბამისად, არც ამ უფლების გამოყენებისთვის ხართ მანდ; ოპოზიციას, 50 ხმის არსებობის შემთხვევაში, აქვს კომისიის შექმნის უფლება - ვხედავთ, ამასაც არ გაყენებინებენ.
ანუ გამოდის, პარლამენტში გიწევთ ერთადერთი ფუნქციის შესრულება - პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის“. მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ არ ღირს ეს ყველაფერი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად“,- წერს მელია სოციალურ ქსელში.
"ინტერპრესნიუსი"