"ცემა-ტყეპაც ბევრი გვინახავს, შეურაცხმყოფელი გამონათქვამებიც, მაგრამ ეს ეხლა გადავიდა უღირსობაში, სიბილწეში" - გია ხუხაშვილი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე - კვირის პალიტრა

"ცემა-ტყეპაც ბევრი გვინახავს, შეურაცხმყოფელი გამონათქვამებიც, მაგრამ ეს ეხლა გადავიდა უღირსობაში, სიბილწეში" - გია ხუხაშვილი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე

შეიძლება, იყოს ნათქვამი, რომ „პირობები არ შეგისრულებიათ, მაგრამ ავანსად გაძლევთ სტატუსს“ და დათქმა, რომ რაღაც ვადის, დავუშვათ, 1 წლის განმავლობაში, ეს პირობები თუ არ შეასრულეთ, სტატუსი იქნება შეჩერებული - გარკვეული დათქმა, რომელიც გაჩნდება, ხელისუფლების ზეიმს ცივ წყალს გადაასხამს, თუმცა ამის მეტი რა უკეთებია კობახიძეს, ნებისმიერი მარცხის ზეიმი შეუძლია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სტატუსის მიღების შემთხვევაში, გარკვეული დათქმა აუცილებლად გაჩნდება, რომელიც ხელისუფლებას უპირობო ზეიმის საშუალებას არ მისცემს, თუმცა მოგვიანებით, ხუხაშვილმა დაამატა, რომ მმართველი გუნდის წევრებს შეუძლიათ, ყველაფერი იზეიმონ - წაგებაც კი.

„მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ სტატუსს უპირობოდ მოგცენ, რომ „კაი ბიჭები ხართ და აი, თქვენ სტატუსი“. ვფიქრობ, გარკვეული დათქმა აუცილებლად გაჩნდება, რომელიც გარკვეულწილად, ხელისუფლების ზეიმს ცივ წყალს გადაასხამს, ხელისუფლებას უპირობო ზეიმის საშუალებას არ მისცემს. ასეთი პრაქტიკა ევროკავშირში არ ყოფილა, მაგრამ შესაძლოა, იყოს ნათქვამი, რომ „პირობები არ შეგისრულებიათ, მაგრამ ავანსად გაძლევთ სტატუსს“ და დათქმა, რომ რაღაც ვადის, დავუშვათ, 1 წლის განმავლობაში, ეს პირობები თუ არ შეასრულეთ, სტატუსი იქნება შეჩერებული. შეუქმნის ეს ზეიმის საფუძველს ხელისუფლებას? მაინც შეუძლიათ იზეიმონ. ყველაფერი შეუძლიათ იზეიმონ - წაგებაც. ამის მეტი რა უკეთებია კობახიძეს, ნებისმიერი მარცხის ზეიმი შეუძლია, მაგრამ მე ველოდები, რომ რაღაც ტიპის დათქმა აუცილებლად გაჩნდება,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგის თქმით, თუკი ევროკავშირი სტატუსს მოგვანიჭებს, ეს იმით იქნება განპირობებული, რომ „მას არ სურს ჩვენ კიდევ უფრო მეტად არასასურველი მიმართულებით გვიბიძგოს“.

„სამწუხაროდ, წინ ვერ მივდივართ. ამას ყველა ვხედავთ. ამ პერიოდში, როდესაც ხელისუფლებას ძალიან სკეპტიკური განწყობა ჰქონდა და ახლა უცბად, ოპტიმიზმით შეიცვალა, ამ პერიოდში არაფერი ისეთი შინაარსობრივად ობიექტური ფაქტორი არ გაჩენილა, რასაც შეეძლო, ამ ოპტიმიზმი საფუძველი შეექმნა. შესაბამისად, ჩვენ ვართ ისევ იმ მოცემულობაში, როდესაც ევროპამ შესაძლოა, მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილება არა იმიტომ, რომ ხელისუფლება რაღაცას აკეთებს, არამედ იმიტომ, რომ მას არ უნდა ჩვენ გვიბიძგოს კიდევ უფრო მეტად არასასურველი მიმართულებით. საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაში, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის საქართველოს ხელისუფლებაში, ევროპა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს განიხილავს, როგორც საკუთარ პარტნიორად, ამ ოჯახის საკუთარ აქტივად და აქედან გამომდინარე, მათი გადაწყვეტილება ამით იქნება განპირობებული და არა იმით, რომ ხელისუფლებამ რაღაცა გააკეთა,“ - აღნიშნა ხუხაშვილმა.

მან ასევე ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ეს ყველაფერი გადადის სიბილწეში და ამის ინიციატორი ხელისუფლებაა“.

“ჩვენ ცემა-ტყეპაც ბევრი გვინახავს, შეურაცხმყოფები გამონათქვამებიც, მაგრამ ეს ყველაფერი პოლიტიკური თამაშის ფარგლებში იყო. ახლა ეს გადავიდა უღირსობაში, სიბილწეში. ეს სიბილწე იმით არის განპირობებული, რომ ბიძინა ივანიშვილის სისტემამ განიცადა ერთგვარი სტერილიზაცია. იქ აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელიც ყველაფერზე წამსვლელები არიან,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"