მეშვიდე არმია მსოფლიოში - რა ძალის გამოყენება შეუძლია ირანს, თუ ის ისრაელის წინააღმდეგ ომში პირდაპირ ჩაერთო?!
ისრაელ-პალესტინის მორიგი ომის დაწყებისა და მსოფლიოს დიდი ნაწილის ორ ბანაკად (ისრაელისა და პალესტინელების მხარდამჭერების) გაყოფის შემდეგ, ხშირად ჩნდება კითხვა - რა მოხდება, თუკი ამ ომში „ჰამასისა“ და „ჰესბოლას“ დასახმარებლად თავად ირანიც ღიად ჩაერევა და შეუძლია თუ არა თეირანს, ბირთვული იარაღი გამოიყენოს ისრაელის წინააღმდეგ...
ჩვენს მკითხველს დავაწყნარებთ - ირანის ისლამურ რესპუბლიკას არ გააჩნია ბირთვული იარაღი სპეციალური სარაკეტო ქობინების ან საავიაციო ბომბების სახით, რომელთა საბრძოლო გამოყენებასაც შეძლებდა.
ირანის ტერიტორიაზე ამჟამად მოქმედებს არანაკლებ 17 ბირთვული ობიექტი, მათ შორის - ატომური რეაქტორები და ურანის გამამდიდრებელი ქარხნებიც, მაგრამ ბირთვული იარაღი ირანელებს ჯერ არ შეუქმნიათ, მათ შორის - ისრაელის მიერ განხორციელებული სისტემატური დივერსიების (ირანელი მეცნიერების ფიზიკური ლიკვიდაცია და დივერსიების მოწყობა ირანის ბირთვულ ობიექტებზე) გამოც...
სამაგიეროდ, ირანის ისლამური რესპუბლიკის სამხედრო პოტენციალი, სამხედრო ძალების რიცხოვნობის (610 ათასი კაცი) გათვალისწინებით, მსოფლიო რეიტინგში მეშვიდე ადგილზეა.

ირანის სამხედრო ძალები შედგებიან შეიარაღებული ძალებისგან, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისგან და პარამილიტარული, წესრიგის დაცვის ძალებისგან.
ირანის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანებულია სახმელეთო ჯარები (350 ათასი კაცი), სამხედრო-საჰაერო ძალები (52 ათასი, რომელთაგან 37 ათასი მსახურობს უშუალოდ საავიაციო დანაყოფებში, ხოლო 15 ათასი კი - საჰაერო თავდაცვის სისტემაში) და სამხედრო-საზღვაო ძალები (18 ათასი კაცი).
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი უშუალოდ ირანის უმაღლეს ხელისუფლებას ექვემდებარება, მასში 125 ათასამდე ადამიანი მსახურობს და ის, ფაქტობრივად, ირანის მეორე და უფრო მაღალი საბრძოლო შესაძლებლობების არმიას წარმოადგენს, რომელსაც საკუთარი სახმელეთო ჯარები, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებიც კი ჰყავს და, რაც მნიშვნელოვანია, სწორედ ამ კორპუსის სარდლობას ექვემდებარება ირანის მთელი სარაკეტო შეიარაღებაც.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში, ასევე, შედის სამხედრო შენაერთი „ალ-კუდსი“, რომელიც ირანის საზღვრებს გარეთ განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებზე აგებს პასუხს და სწორედ ის განსაზღვრავს „ლიბანში“ შიიტური „ჰესბოლას“ მოქმედებას და ნაწილობრივი გავლენა გააჩნია ღაზის სექტორში სუნიტური „ჰამასის“ ფუნქციონირებაზეც.
90 ათასკაციანი „ბასიჯი“ ერთგვარ პარამილიტარულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც ექვემდებარება ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს და პასუხისმგებელია ქვეყნის შიგნით მართლწესრიგის დაცვაზე.

ირანის სამხედრო ბიუჯეტი 25 მლრდ დოლარს აღემატება. ჯარში სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა 2 წელს შეადგენს. ირანელი რეზერვისტების რიცხვი 350 ათას კაცს აღწევს, თუმცა სრული მობილიზაციის შემთხვევაში, ირანმა იარაღის ქვეშ შეიძლება 7 მლნ-ზე მეტი ადამიანიც კი დააყენოს.
ირანის სამხედრო არსენალს დასავლეთელი სამხედრო ექსპერტები შემდეგნაირად აფასებენ: 1 600-ზე მეტი ტანკი, 610 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 640 ჯავშანტრანსპორტიორი, 300-ზე მეტი თვითმავალი და 2 030 ბუქსირებადი საარტილერიო დანადგარი, 3 000 ნაღმსატყორცნი, 1 500-მდე ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 300-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი (თუმცა მათი დიდი ნაწილი მორალურად და ტექნიკურად მოძველებულია), 220 შვეულმფრენი, ათეულობით საზენიტო-სარაკეტო დანადგარი, 3 დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი, 5 კორვეტი, 10 სარაკეტო კატარღა, 10 მცირე სადესანტო ხომალდი და 52 საპატრულო კატარღა.
თუმცა ირანის სამხედრო პოტენციალის ყველაზე ანგარიშგასაწევ ძალას მაინც ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, ასევე, სადაზვერვო, დამრტყმელი და კამიკაძე-დრონები წარმოადგენენ.
რუსეთისთვის მიყიდულმა ირანულმა „შაჰიდის“ ტიპის კამიკაძე-დრონებმა უკრაინულ მხარეს უდიდესი პრობლემები შეუქმნეს - მართალია, უკრაინელი მეზენიტეები ეხლა თითქმის ყველა ირანულ „შაჰიდს“ აგდებენ, მაგრამ ამისთვის დეფიციტურ და „შაჰიდზე“ ბევრად ძვირად ღირებულ საზენიტო რაკეტებს ხარჯავენ.
ირანი თავად აწარმოებს ახლო და საშუალო სიშორის მოქმედების ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს.
ირანული მოდერნიზებული ბალისტიკური რაკეტა „საჯილი-2“-ი 2 500 კმ-ზე შორს მიფრინავს, რაც თეირანს საშუალებას აძლევს, სარაკეტო დარტყმები მიაყენოს ისრაელის მთელ ტერიტორიას და, ასევე, მიწვდეს ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების დიდ ნაწილსაც...
ჯერჯერობით ირანის ხელისუფლება ყველანირად თავს არიდებს, რომ მისი ქვეყანა დაფიქსირდეს სარაკეტო თავდასხმების ავტორად და ამისთვის პროირანულ დაჯგუფებებს იყენებს, როგორც ერაყსა და სირიაში ამერიკული მინისამხედრო ბაზებზე სარაკეტო დარტყმებისთვის, ისე - შიიტი იემენელი ჰუსიტების მხრიდან ირანული წარმოების ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ისრელის სამხრეთი ნაწილისკენ გასაშვებად...