არესტოვიჩის შურისძიება ზელენსკიზე - როგორ "ამწარებს" პრეზიდენტს ყოფილი მრჩეველი, რომელიც თავის დროზე "ქართველების გადარჩენასაც" აპირებდა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი, რომელიც ზელენსკის პოლიტიკის მხარდამჭერი იყო და მის უახლოეს გარემოცვაში შედიოდა, უკრაინული მედიის ინფორმაციით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ არესტოვიჩმა გამოცემა „ინტერფაქს-უკრაინასთან“ საუბრისას აღნიშნა.
“დიახ, ჩემს კანდიდატურას წამოვაყენებ“, - უპასუხა არესტოვიჩმა ჟურნალისტის კითხვას - როგორ მოიქცევა, თუ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაცია ეკონომიკურ, სოციალურ, სამხედრო და სხვა რეფორმათა შესახებ მისი წინასაარჩევნო პროგრამაა.
„ამ პროგრამაზე სპეციალისტები მუშაობენ. წინასწარ დისკუსიის დასაწყებად გამოვაქვეყნე. აზრებს, რჩევებს, კრიტიკას - მივესალმებით“, - დაწერა პოლიტიკოსმა.
როგორც ცნობილია, კანონმდებლობით, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს უნდა გაიმართოს, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე საომარი ვითარების გამო, ფიქრობენ, რომ შესაძლოა ეს არჩევნები არ ჩატარდეს.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება გააკეთა. არესტოვიჩის თქმით, იმისთვის რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდეს, მაშინ ქვეყანამ უარი უნდა თქვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს კი არესტოვიჩის წინასაარჩევნო 14-პუნქტიანი პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია.
„წინადადება კოლექტიურ დასავლეთს - ჩვენ მზად ვართ კისინჯერის შემოთავაზებისთვის - მოვითხოვთ ნატოს შემადგენლობაში შესვლას იმ ვალდებულებით, რომ ნატოში გაწევრიანებისას ბრძოლით არ დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს, მათ უკრაინის შემადგენლობაში მხოლოდ პოლიტიკური გზით დავიბრუნებთ“, - დაწერა ტელეგრამ-არხზე არესტოვიჩმა.
ამას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ვოლოდიმირ ზელენსკის მომხრეებმა გამოთქვეს ვარაუდი, ასე არესტოვიჩი სამაგიეროს უკრაინის პრეზიდენტს, რომელმაც ის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
იუთუბ-არხზე ერთ-ერთი ჩართვისას ზელენსკის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა განაცხადა, რომ რუსულე ნაზე მოსაუბრე უკრაინელებს არ უნდა მიეცეთ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში და ომში მხოლოდ უკრაინულენოვანი მოსახლეობა უნდა წავიდეს - რუსულ ენაზე მოსაუბრეებს კი უნდა ჩამოერთვათ „წმინდა უფლება“ იბრძოლონ სამშობლოსთვის.
ამ და მსგავსი განცხადებების გამო, უკრაინის საზოგადოების ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი პოლიტიკოსის მიმართ და ზოგჯერ რუსეთის აგენტობასაც კი აბრალებენ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა Radio NV-სთან ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ რატომ შეიცვალა დამოკიდებულება არესტოვიჩსა და ზელენკის, ასევე არესტოვიჩსა და პრეზიდენტის მხარდამჭერებს შორის.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოხდა პრეზიდენტის ოფისსა და არესტოვიჩს შორის, პოდოლიაკმა უპასუხა: „არაფერი მომხდარა, ჩემი პოზიცია საკმაოდ მარტივია. ჩვენ საომარ ვითარებაში ვიმყოფებით და ჯერჯერობით, საკუთარი ამბიციები გვერდით უნდა გადავდოთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ხვდები, ყველაფერი იცი და ზუსტად იცი, როგორ უნდა მართო ქვეყანა... მოდით, ჯერ ომს მივხედოთ და შემდეგ სხვა დანარჩენს. ამბიციები მეორე ადგილზე უნდა გადავდოთ. სამწუხაროდ ამას ყველა ვერ ხვდება. ვფიქრობ, რომ ეს უდიდესი ფალსტარტია, რომელიც უკრაინის სახელმწიფოებრიობის კონცეფციას დიდ ზიანს მოუტანს. არა რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას, არამედ სახელმწიფოს.
რადგან განცხადებები, რომელიც ასე თუ ისე აღნიშნავს პოლიტიკურ თუ სამხედრო მმართველობის სისუსტეს - რომ ჩვენ რაღაც არასწორად გავაკეთეთ ბახმუტში, რაიმეს არასწორად ვაკეთებთ ადეევკის მიმართულებით და სხვა - ეს ფუნდამენტურ ზიანს აყენებს ორ საკითხს. პირველი - დამატებითი კოზირია რუსული პროპაგანდისთვის და მეორე - ეს ასუსტებს უკრაინის პოზიციებს საგარეო კუთხით“.
აღსანიშნავია, რომ ოლექსი არესტოვიჩმა ჟურნალისტ დმიტრი გორდონთან ვრცელ ინტერვიუში უკრაინის მიერ სამხედრო-პოლიტიკური კუთხით გადადგმულ იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებიც, მისი აზრით, შეცდომა იყო.
"დასავლეთში სერიოზული ძალაა, რომელსაც სურს, რომ ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდაზე დავსხდეთ. ისინი რუსეთთან კულუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ეს პროცესი ერთი დღითაც არ შეწყვეტილა.
ჩვენი მთავარი შეცდომა ის არის, რომ ზურგში ვერ შევძელით სამხედრო მრეწველობის გაუმჯობესება. რასაც ვაწარმოებთ, ფრონტის 30%-საც არ ეყოფა. დასავლეთმა ვერ შეძლო რუსეთის დასანქცირების სწორად ორგანიზება. მაგალითად, Intel-ის მიკროსქემები 5-6 გარიგების შემდეგ, მაინც ხვდება რუსეთში"
"არასოდეს მესმოდა, რატომ გვჭირდებოდა ამდენი ძალისხმევა ბახმუტზე. ვერც ამერიკელები და სხვა დასავლელი პარტნიორები იგებდნენ ამას. ბახმუტის აღება ოპერატიულ-ტაქტიკური გამარჯვება იქნებოდა. სამხრეთის აღება კი - სტრატეგიული. ჩვენი საუკეთესო დანაყოფები უსასრულოდ ცდილობენ კლეშეევკას, ბახმუტის და მიმდებარე სოფლების შტურმს, როდესაც ისინი სამხრეთ რეგიონში უნდა იყვნენ და ტოკმაკის აღებას ცდილობდნენ.
ბახმუტის შენარჩუნების ოპერაციასაც საეჭვოდ ვუყურებ. უამრავი ჯარისკაცი დაგვეღუპა და რუსეთივით მოგვივიდა, შევყარეთ მობილიზებულები, რომლებიც არ იყვნენ კარგად მომზადებულები“.
„ახლა მოგიყვებით, როგორ იქნება რეალურად, თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაგვსვამენ. ჩვენ გვეტყვიან, დაივიწყეთ ყირიმი და სავარაუდოდ, დონეცკი-ლუგანსკის ოლქებიც. ზაპოროჟიესა და ხერსონზე, სავარაუდოდ, გამოგვყვებიან და გვეტყვიან, რომ აქ რუსები მტყუანები არიან და თქვენი უნდა იყოს. თუ კარგად მოიქცევით, შევხედავთ კორუფციასთან ბრძოლას, შესაძლოა, ნატო-ში გაწევრიანებაზეც დავფიქრდეთ.
პუტინთან ივაჭრებენ შემდეგნაირად, რომ უკრაინა თუ ნატო-ში შევა, რუსეთის უსაფრთხოებისთვის იქნება კარგი, იმიტომ, რომ დასავლეთის ზედამხედველობის ქვეშ აღმოჩნდება.
უნდა ვილოცოთ, რომ ასეთი პირობებით დაიწყოს მოლაპარაკებები და ნატო-ში შევიდეთ“, - განაცხადა არესტოვიჩმა დმიტრი გორდონთან ინტერვიუში.
სხვათა შორის, საქართველოში, დედოფლისწყაროში დაბადებული უკრაინელი პოლიტიკოსი ხშირად ახსენებდა საქართველოს და ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც:
"ციხეში რომ მოკვდეს, მაშინ ყველა იტყვის, რომ მათ (საქართველოს ხელისუფლებამ) მოკლეს. ეს გახდება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში“, - აცხადებდა არესტოვიჩი.
უკრაინელ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ უშვებს, მოსკოვის ეშინია.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და რუსეთმა ქვეყანას უზარმაზარი უბედურება მოუტანა, საქართველოს ხელისუფლება ახლა აბსოლუტურად პრორუსულ კურსს ატარებს" , - განაცხადა მან. უფრო ადრე კი საქართველოს გადარჩენაზეც ისაუბრა:
"ეს არის კატასტროფა, მით უმეტეს, პრორუსული მთავრობის გათვალისწინებით, რომელსაც არ აქვს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილებები და გაანადგურა ყველაფერი, რაც შექმნა სააკაშვილმა - სადაც კორუმპირებულია პოლიცია, ყველაფერი იყიდება, როგორც თავად ქართველები ამბობენ და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი პრობლემაა.
ჩვენ მოვახდენთ იქ ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის გადარჩენა, სომხეთის გადარჩენა, ყველას გადარჩენა. ეს კარგი ისტორიაა, რადგან მილიონი ჩვენი ნაომარი ბიჭისა და გოგოსთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო უახლოეს მომავალში პოსტსაბჭოთა სივრცეში. მშვიდობისმყოფელები, სტაბილიზაციური ოპერაციები, ჰუმანიტარული ოპერაციები და ა.შ.“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის იანვარში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსი არესტოვიჩის თხოვნა არასაშტატო მრჩევლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დააკმაყოფილა.
„მე დავწერე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. მინდა ვიყო ცივილიზებული ქცევის მაგალითი: ფუნდამენტური შეცდომა ნიშნავს გადადგომას“, - განაცხადა მაშინ არესტოვიჩმა. ამის წინაპირობა კი არესტოვოჩის განცხადება გახდა:
"რაკეტა, რომელიც უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა", – განაცხადა მაშინ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმდროინდელმა მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი მრჩევლის თქმით, „X-22“ ტიპის რაკეტა უკიდურესად ტოქსიკურ საწვავზე მუშაობს და, სავარაუდოდ, განადგურების დამატებით ელემენტად სწორედ ტოქსიკური საწვავი იქცა.
პარალელურად, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა ნაციონალური ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ რუსეთმა დნეპროპეტროვსკში მდებარე მრავალსართულიანი შენობა „X-22“ ტიპის რაკეტით დაბომბა, რომელიც „ტუ-22მ3“-ის სტრატეგიული ბომბდამშენიდან გაუშვეს.