„ხუთვარსკვლავიანი“ სანერგე ვარციხიდან
ვარციხე იმერეთის ლამაზი სოფელია ბაღდათის მუნიციპალიტეტში. ისტორიული წყაროს თანახმად, ამ სოფლის ადგილას ადრეულ შუა საუკუნეებში ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი ყოფილა (ბერძნულ წყაროებში როდოპოლისი, ქართულ წყაროებში ვარდციხე ანუ ვარციხე). ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ვარციხეს როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა. გვიან შუა საუკუნეებში ვარციხე იმერეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია გახლდათ, XIX საუკუნეში კი უკვე სოფელი იყო, სადაც სიმინდი მოჰყავდათ და მევენახეობას მისდევდნენ. გენო ჩუბინიძე ვარციხელია და 90-იანი წლებიდან მეურნეობას მისდევს. მის სანერგეში გამოყვანილი ნერგები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეზოებსა თუ ნაკვეთებში ხარობს, უმეტესად კი იმერეთში.
გენო ჩუბინიძე:
- ვარციხიდან გახლავართ, სკოლის დამთავრების შემდეგ ქუთაისის ინსტიტუტში საინჟინრო განათლება მივიღე და იქვე ვსაქმიანობდი. ქალაქიდან ვარციხემდე 12 კილომეტრია და 25 წლის წინ, როცა გადავწყვიტეთ, სოფლის მეურნეობისთვის ბიზნესის სახე მიგვეცა, ვარციხეში გადმოვედით. ოთხი შვილი მყავს, მშობლებისგან მეტი ხელშეწყობა სჭირდებოდათ. ამიტომ სოფელში შრომა შემოსავლის წყაროდ ვაქციეთ.
ადრე აქ მევენახეობასა და მესიმინდეობას მისდევდნენ, დიდი მეურნეობები იყო. ამჟამად ყველაფერი მხოლოდ კერძო სტრუქტურებშია და კერძო ფერმერები უვლიან.
ჩემი იდეაც იმ წლების დამსახურებაა - მამაჩემი ერთ-ერთ სანერგე მეურნეობაში მენერგე-მევენახე იყო. ბავშვობაში მეც ვეხმარებოდი. ახლა საოჯახო პირობებში ჩვენს სანერგე მეურნეობას ვამუშავებთ. გამოგვყავს ხეხილის, დეკორატიული მცენარეებისა და ვაზის ნერგები. დეკორატიულ მცენარეებში ბევრი მიმართულებაა. გვაქვს ვარდის სანერგე, მწვანე ნარგავების, ფინიკის პალმისა და არაერთი დეკორატიული მცენარის. თავიდან ვაზის ნერგებით დავიწყეთ. შემდეგ ხეხილისა და ვარდის ნერგების გამოყვანას შევუდექით, ბოლო დროს კი მწვანე ნარგავებისა და დეკორატიული მცენარეების...
- საქმე გამოგივიდათ და მეურნეობაც გააფართოვეთ, მაგრამ ამდენ სხვადასხვა მცენარეს განსხვავებული მოვლა უნდა. ეს ცოდნა სად დააგროვეთ?
- თითქმის არ ყოფილა აქ ისეთი საქმე, პირველ წელიწადს გამოსულიყო. ერთი ცდა ერთ გაცდენილ წელიწადს უდრის. ვარდის გამოყვანას ორი წელიწადი შევალიე და მესამე წელს 1000 ვარდი გამოვიყვანე ასკილის საძირეზე, მასზე დავამყნე და ნერგი მივიღე. ასე რომ, ცოდნა ჯერ ლიტერატურიდან და შემდეგ გამოცდილებიდან მოდის, თუმცა პრაქტიკით მიღებული მეტია.
- რომელი ყურძნის ნერგები გამოგყავთ?
- ციცქა, ცოლიკაური, შავებიდან - ოცხანური საფერე, ეს ჩვენი მხარისა და კუთხის ჯიშებია, სუფრის ყურძენი კი 15-20 დასახელების მაინც მაქვს.
- მომხმარებელი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გაკითხავთ?
- უფრო იმერეთიდან. მოთხოვნა დიდია, განა რამდენი უნდა გამოვიყვანო, რომ მომხმარებლის სურვილი დავაკმაყოფილო. ვცდილობ ჯერ ძველი კლიენტი დავაკმაყოფილო. მათ ეზოებში ჩემი ნერგები უკვე ხეებად არის ქცეული, ამიტომ უარს ვერ ვეუბნები.
- ხეხილის რა ნერგები გაქვთ?
- 6-7 დასახელების ვაშლი, 5-6 დასახელების მსხალი, ატამი - 4-5, შავი ქლიავი - 3, ალუბალი, ალიბუხარი - 4, კარალიოკი, ნამყენი კომში, ზღმარტლი...
თავიდან საჭრელი ვარდით დავიწყე. ეს ის ვარდია, რომელსაც თაიგულებში დებენ. პლანტაცია მქონდა, ბითუმად ვაბარებდით. შემდეგ შევცვალეთ მიმართულებები და ახლა შემიძლია ნებისმიერი ჯიშის ვარდი გამოვიყვანო, რასაც მომხმარებელი მომთხოვს. დაინტერესებაც მეტია და ფასიც მაღალი აქვს. საჭრელი ვარდი იმდენად დიდი რაოდენობით შემოდის, იმდენად დიდია კონკურენციაც, რომ მირჩევნია მსურველებს გამოვუყვანო ისეთი, როგორსაც მთხოვენ.
თუ რამ არსებობს, რაზეც ხელი მიმიწვდება, ყველაფერი გამომყავს, მათ შორის ევროპული ჯიშებიც, აზიურიც, ჩინურიც, იაპონურიც, 100-ზე მეტია. არის ასევე მინიატიურები, ჯუჯა ვარდები, ეზოს დიდი ვარდები, ხვიარა ვარდები... ერთადერთი, ორგანული სასუქის სახით ნაკელს ვიყენებ, ამ მხარეში ჯერაც იყიდება.
- რამხელაა ფართობი, რომელზეც ეს ყველაფერია განლაგებული?
- ტერიტორია სახლიანად 5 000 კვმ-ია, დამატებით 4 000 კვმ სანერგე გვაქვს. პირველი ტერიტორიის ნაწილია 1 000 კვმ სათბური, ვარდები სწორედ იქ არის. რომელი მცენარეც სათბურს მოითხოვს, აქაა, რაც ღია ცის ქვეშ ყოფნას მოითხოვს, გარეთ გვაქვს.
- ამ საქმეს მარტო აუდიხართ?
- ოჯახის წევრები ვინაწილებთ - მე, ჩემი მეუღლე, ბავშვები, სიდედრი და სიმამრი, ხანდახან მეზობლებსაც ვიხმართ. ეს ყველაფერი გარდა იმისა, რომ შემოსავლის წყაროა, სასიამოვნოც არის. დილას გარეთ რომ გამოდიხარ და ამ სილამაზეს ხედავ, ხალისი გემატება. ვარდზე დილის ცვარს რომ დაინახავ, ამაზე ლამაზი არაფერია. ასე რომ, დეპრესიის დრო არა გვაქვს. დიდიც და პატარაც სულ შრომასა და საქმეში ვართ. მახარებს, როდესაც ჩემგან წაღებული ხეხილის ნერგით ადამიანი კმაყოფილია. ზოგჯერ არც მახსოვს ის ადამიანი, მაგრამ დიდი ამბით მესალმება, მომიკითხავს და მეუბნება, რომ ჩემი ნერგი აქვს წაღებული.
- მწვანე ნარგავებმაც გაამართლა?
- 4-5 წელია, რაც დავიწყეთ, მაგრამ მშვენივრად ხარობს. 43 ჯიშის ღვია და ნაძვი გვაქვს, რაც დეკორატიული მცენარეების ერთობლიობას ქმნის. ეს არის ის საქმე, რასაც გულით ვემსახურებით და ძალიან გვიყვარს.