"რუსული სარეველა" ანუ "მძინარე" აგენტები - როგორ ინიღბებიან რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები "ბედნიერი ოჯახების" საფარქვეშ - კვირის პალიტრა

"რუსული სარეველა" ანუ "მძინარე" აგენტები - როგორ ინიღბებიან რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები "ბედნიერი ოჯახების" საფარქვეშ

საბჭოთა/რუსეთის დაზვერვა ძალზე ხშირად იყენებდა რომელიმე ქვეყანაში „ჩანერგილ“ (უკვე იმ ქვეყნის მოქალაქე) არალეგალ აგენტებს, რომლებიც შესაძლოა, წლების მანძილზე დავალებებით არ დაეტვირთათ (ამიტომაც ამ აგენტებს ხშირად “მძინარე აგენტებსაც“ უწოდებენ) - მათ უფრთხილდებოდნენ, გამჟღავნებისგან იცავდნენ და მხოლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის დავალებებს აძლევდნენ. „მძინარე აგენტები“ ათეული წელი ცხოვრობდნენ კონკრეტულ ქვეყანაში და სრულად იყვნენ ადაპტირებული ადგილობრივ გარემოსთან.

2010 წლის 28 ივნისს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია საერთაშორისო დონის “ჯაშუშური სკანდალის” დასაწყისად იქცა: მაშინ იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ათი ადამიანის დაკავების შესახებ. კერძოდ, გაირკვა, რომ აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (გფბ) რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ათი ეჭვმიტანილი დააკავა. მხოლოდ ერთმა ეჭვმიტანილმა, “კრისტოფერ მეთსოსმა”, შეძლო მიმალვა. გფბ-ის ინფორმაციით, “მეთსოსი” აგენტთა ჯგუფის მთავარი მეკავშირე იყო და კვიპროსიდან რუსეთის დაზვერვამ გაიყვანა (სავარაუდოდ, “ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის” სეპარატისტული ტერიტორიიდან). 2010 წლის ოქტომბრის ბოლოს გფბ-მ გამოაქვეყნა ფარულად გადაღებული კადრები, სადაც ასახულია 2010 წლის ივნისში დაკავებული და შემდგომ ქვეყნიდან გაძევებული რუსეთის საგარეო დაზვერვის არალეგალი აგენტების ფარული შეხვედრები, ინფორმაციის მომენტალური გადაცემისა და სამალავში დოკუმენტების მოთავსების ეპიზოდები.

დაკავებული არალეგალი მზვერავები იყვნენ (ნამდვილი გვარის შემდეგ მოცემულია ლეგენდის მიხედვით შერჩეული გვარ–სახელი) : მიხაილ ვასენკოვი (ჰუან ლასარო) და ვიკი პელაესი; ანდრეი ბეზრუკოვი (დონალდ ჰოვარდ ჰატფილი) და ელენა ვავილოვა (ტრეისი ფოლეი); ვლადიმერ და ლიდია გურიევები (რიჩარდ მერფი და სინტია მერფი); მიხაილ კუციკი (მაიკლო ზოტოლი) და ნატალია

picture1-1698994665.jpg

„ჩვეულებრივი რუსული ოჯახი“: ვლადიმერ და ლიდია გურიევები („რიჩარდ მერფი“ და „სინტია მერფი“)

პერევერზევა (პატრიცია მილსი). ანა ჩაპმანი და მიხაილ სემენკო საკუთარი გვარებით მოქმედებდნენ. პირველი ოთხეული ლეგენდის მიხედვით ცოლ-ქმარი იყვნენ.

picture2-1698994665-1698995811.jpg

რუსი ჯაშუშების „სიმპათიური ოჯახი“: ანდრეი ბეზრუკოვი („დონალდ ჰოვარდ ჰატფილი“) და ელენა ვავილოვა („ტრეისი ფოლეი“)

გამოამჟღავნებული ათი რუსი არალეგალი აგენტიდან ყველაზე ძვირფასი და გამოცდილი - 68 წლის მიხეილ ვასენკოვი (1942–2022), იგივე „ჰუან ლასარო“ იყო, რომელიც ჯერ კიდევ 1976 წელს ურუგვაის მოქალაქის „ჰუან ლასაროს“ გვარითა და ბიოგრაფიით გაგზავნეს ესპანეთში, საიდანაც გაემგზავრა ჩილეში, იქ კი ფოტოგრაფის საფარქვეშ დაიწყო მუშაობა. ამ ლეგენდით მან მთელი ლათინური ამერიკა მოიარა და მეგობრული კონტაქტები დაამყარა სხვადასახვა ქვეყნების პოლიტიკოსებთან და ბიზნესმენებთან. 1979 წელს მიიღო პერუს მოქალაქეობაც.

screenshot-2023-11-03-110023-1698994835.png

ვასენკოვ–ლასარო წინა პლანზე, მარცხნიდან მესამე. ცენტრში კი პერუს პრეზიდენტი ფერნანდო ბელაუნდე ტერია

1983 წელს ვასენკოვ–ლასარო დაქორწინდა პერუელ ჟურნალისტ ვიკი პელაესზე და ორი წლის შემდეგ ისინი საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში, ნიუ–იორკში გადავიდნენ. ეს იყო საბჭოთა საგარეო დაზვერვის მთავარი მიზანი. საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში მან მიიღო სამი უმაღლესი განათლება. უკვე შეერთებულ შტატებში, როდესაც ის სამოცი წლის იყო, „ლასარომ“ მიიღო დოქტორის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებაში. მისი ცოლი, რომელიც სადაზვერვო საქმიანობაში აქტიურად ეხმარებოდა, გახლდათ ერთ–ერთი გავლენიანი ესპანურენოვანი გაზეთის

picture4-1698994665.jpg

„ჰუან ლასარო“(მიხეილ ვასენკოვი) და მისი მეუღლე – ვიკი პელაესი

ჟურნალისტი, ხოლო თავად ვასენკოვს ფოტოგრაფიულო სტუდია ჰქონდა და მის ნაცნობებს შორის იყვნენ მაღალი რანგის ფუნქციონერები აშშ დემოკრატიული პარტიიდან. შემდგომში მის მეგობრებსა და ნაცნობებს საბჭოთა და შემდეგ რუსეთის სპეცსამსახურები იყენებდნენ, როგორც აგენტ–ინფორმატორებად, ასევე გავლენის აგენტებად. ვასენკოვის გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, რომ ჯერ კიდევ 1990 წელს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის საიდუმლო ბრძანებულებით საბჭოთა სპეცსამსახურებში წარმატებული მუშაობისთვის და ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ვასენკოვს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. დღემდე უცნობია, თუ კონკრეტულად რა სპეცოპერაციისთვის მიენიჭა მას საბჭოთა იმპერიის უმაღლესი ჯილდო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვასენკოვი იყო რუსეთის დაზვერვის ერთ–ერთი არალეგალური რეზიდენტი აშშ–ში და მას ათეულობით აგენტი ჰყავდა კავშირზე. დაკავების დღეს ვასენკოვ-ლასარო უკვე 68 წლის იყო. „საპენსიო ასაკია“ – შეიძლება იფიქროს ვინმემ, თუმცა მზვერავის პენსიონერობა ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც ნაცისტური სვასტიკა სინაგოგაში.

ტაქსისიტი ჯაშუში

ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2023 წლის 15 აგვისტოს დააკავა ლატვიის მოქალაქე, რიგაში მცხოვრები ტაქსის მძღოლი სერგეი სიდოროვი და ის რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ინფორმაციის მოპოვება–გადაცემაში დაადანაშაულა. გამოძიებამ მისი მხრიდან ჯაშუშობის 20 –ზე მეტი შემთხვევა გამოავლინა. ტაქსის მძღოლი აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას ლატვიისა და მის ტერიტორიაზე განლაგებული მოკავშირე ქვეყნების შეიარაღებული ძალების, ასევე მონაცემებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ. სამხედრო– პოლიტიკური ინფორმაციის მოპოვების გარდა ჯაშუში ტაქსისტი აგროვებდა ინფორმაციას იმ ლატვიური კომპანიების შესახებ, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან. რუს ჯაშუშს ტაქსის მძღოლად მუშაობა საშუალებას აძლევდა თავისუფლად ემოძრავა და დიდი ხნით გაჩერებულიყო ლატვიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებთან (სამხედრო ბაზებთან, აეროპორტთან, საზღვაო პორტთან, ძალოვანი სამინისტროების ოფისებთან და სხვა).

picture5-1698994665.jpg

სერგეი სიდოროვი

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ არაპროვოცირებული და ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან სხვადასხვა ქვეყნებში რუსეთის სპეცსამსახურების რამდენიმე ათეული არალეგალი აგენტის გამოვლენა მოხდა. ისინი წლების მანძილზე მოქმედებდნენ ამ ქვეყნებში და ცდილობდნენ შეეღწიათ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაში, სპეცსამსახურებსა და თავდაცვის უწყებებში, ბიზნესსა და განათლების სფეროში და ა.შ. თუმცა დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ „რუსული სარეველა“ ბოლომდე მაინც არაა მოსპობილი. ეს პირველ რიგში იმ არალეგალ „თხუნელებს“ ეხება, რომლებმაც ათწლეულების მანძილზე ძალზე ღრმად გაიდგეს ფესვები.

(მეორე ნაწილის დასასრული)