სი ძინპინი და ქალები - "თქვენ სახლში უნდა იჯდეთ და შვილებს აჩენდეთ" - The New York Times - კვირის პალიტრა

სი ძინპინი და ქალები - "თქვენ სახლში უნდა იჯდეთ და შვილებს აჩენდეთ" - The New York Times

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჩინელი კომუნისტი ლიდერი მამაკაცები ქალებს მოუწოდებენ, რომ ისინი სახლში უნდა იჯდნენ და შვილები აჩინონ“ (ავტორი - ალექსანდრა სტივენსონი). პუბლიკაციაში განხილულია ჩინეთის კომპარტიის დამოკიდებულება ქალების მიმართ. ჩინეთი დემოგრაფიულ კრიზისს განიცდის, სი ძინპინი ჩინელ ქალებს მოუწოდებს, რომ მათ ტრადიციული მოვალეობა შეასრულონ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ჩინელი ქალებისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიების პრეზიდიუმში მხოლოდ კაცები ისხდნენ, დარბაზში მყოფი ქალები კი ყურადღებით უსმენდნენ ტრიბუნაზე მოხსენებით გამოსული კაცების დარიგებებს და რჩევებს.

ჩინელი ქალების ეროვნული ყრილობის გახსნის დროს ქვეყნის ლიდერი სი ძინპინი პრეზიდიუმის ცენტრში იჯდა. მეორე დღეს მსხვილი პლანით გადაღებული მისი ფოტოსურათი კომპარტიის გაზეთის პირველ გვერდზე იქნა გამოქვეყნებული. ჩინელი ხალხის ბელადმა მონაწილეობა მიიღო ქალთა მდგომარეობის საკითხებისადმი მიძღვნილ დისკუსიაშიც, მან ყრილობის დელეგატ ქალებს ლექცია წაუკითხა.

„ჩვენ აქტიურად უნდა გავუწიოთ პროპაგანდა და აგიტაცია ქორწინებისა და შობადობის კულტურის ახალ ტიპს“, - აღნიშნა სი ძინპინმა თავის გამოსვლაში და ხაზი გაუსვა, რომ ჩინელ ახალგაზრდებიხ ხედვების ჩამოყალიბების საკითხში პარტიული ჩინოვნიკების როლი უნდა გაიზარდოს: „კომუნისტებს ახალგაზრდების სიყვარულის გრძნობაზე, ქორწინებაზე, ოჯახის შექმნასა და შობადობაზე გავლენა უნდა ჰქონდეთ“.

ქალთა ყრილობა, რომელიც ჩინეთში ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება, უკვე დიდი ხანია ისეთ ფორუმად ითვლება, რომელზეც ქვეყნის მმართველი კომპარტია ქალების მიმართ თავის მუდმივ ყურადღებას იჩენს, ზრუნავს მათი ინტერესების დაცვაზე. რასაკვირველია, ჩინელი კომუნისტების ასეთი ჟესტი „მშვენიერი სქესის“ მიმართ ძირითადად სიმბოლურია, მაგრამ მიმდინარე წელს ქალებისადმი მიმართულ საკითხს ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე ოდესმე - პირველად ბოლო ოცი წლის განმავლობაში, კომპარტიის უმაღლეს ხელმძღვანელობაში არც ერთი ქალი არ არის.

ყრილობის დროს ჩინელი კომუნისტი მამაკაცები შეეცადნენ გენდერული თანასწორობის მნიშვნელობის შემცირებას. იმის ნაცვლად, რომ ქალთა უფლებების გაფართოებაზე ეზრუნათ, კაცებმა ქალთა ყრილობა სი ძინპინის იდეის პროპაგანდისათვის გამოიყენეს: ქალები უნდა გათხოვდნენ და შვილები უნდა გააჩინონ. წინა ყრილობებზე პარტიული ჩინოვნიკები ეხებოდნენ იმ საკითხს, თუ რა როლს ასრულებს ქალი სახლში და სამსახურში, მაგრამ თავის წლევანდელ გამოსვლაში, სამშაბათს, სი ძინპინს ქალის როლზე სამსახურში არაფერი უთქვამს.

კომუნისტურ პარტიას ძალიან სურს, რომ ქალებმა მეტი ბავშვი გააჩინონ: ჩინეთი მწვავე დემოგრაფიულ კრიზისშია ჩაფლული - შობადობის დონე მკვეთრად დაეცა, რის შედეგად მოსახლეობის რაოდენობა პირველად შემცირდა 1960-იანი წლების შემდეგ. ხელისუფლება აქტიურად ცდილობს შეაჩეროს ის ნეგატიური ტენდენცია, რასაც ექსპერტები გარდაუვალ და შეუქცევად პროცესად თვლიან. მთავრობა სხვადასხვა ინიციატივებით გამოდის, აძლევს ფულს ახალგაზრდა ოჯახებს, აწესებს საგადასახადო შეღავათებს, რომ შობადობის დონე როგორმე გაზარდოს, მეტი შვილების გაჩენას სტიმული მისცეს.

აღმოჩნდა რა დემოგრაფიული კრიზისის, ეკონომიკის განვითარების შენელებისა და ფემინისტური იდეების ზრდის წინაშე, კომპარტიამ გადაწყვიტა ქალები სახლებში დააბრუნოს და მათ შვილების გაჩენისა და მათი აღზრდისაკენ და მოხუც მშობლებზე ზრუნვისაკენ მოუწოდა. სი ძინპინის თქმით, „ასეთი კურსი აუცილებელია მოდერნიზების გზაზე მდგარი ჩინეთის წარმატებისათვის“.

მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ ასეთი იდეები საგანგაშოა და ისინი უფრო მეტად რეგრესს გამოიწვევენ, ვიდრე პროგრესს.

„ჩინელი ქალები შეშფოთებულნი არიან ასეთი ტენდენციით და მსგავს მოვლენებს ბოლო 20 წლის განმავლობაში აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ“, - ამბობს იაკიუ ვანი, ორგანიზაცია Freedom House-ის ჩინეთის, ჰონკონგისა და ტაივანის კვლევების დირექტორი, - „დღეს კი ფაქტობრივად, ჩინელი ქალები ორმაგ რეპრესიებს განიცდიან - როგორც ავტორიტარული კომუნისტური მთავრობიდან, ისე პატრიარქალური საზოგადოების მხრიდან“.

ჩინეთის კომპარტია სიტყვით ქალებზე მუდმივად ზრუნავს, მაგრამ საქმით მოისუსტებს: მთავრობამ დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოაგვარა ქალების მიერ დასახელებული პრობლემები. ხელისუფლება ცდილობს მიუჩამათოს სექსუალური შევიწროვების, გენდერული ძალადობისა და ქალების დისკრიმინაციის ფაქტები, სოციალურ ქსელებზე ამ მხრივ მკაცრი კონტროლი არის დაწესებული. ბევრი ფემინისტი ქალი დაპატიმრებულია და ციხეებში არის გამომწყვდეული.

ის იდეები, რომლებიც პეკინში გამართულ ქალთა ყრილობაზე მაღალჩინოსანი კაცების მიერ იქნა გაჟღერებული, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რაში ხედავს კომპარტია ქალების როლს. სი ძინპინმა ჩინეთის დიდების სიმბოლოდ ტრადიციული ფასეულობების პატივისცემა და ადათ-წესების დაცვა გამოაცხადა. მან ქალ-აქტივისტებს მოუწოდა, „გაიხსენონ ოჯახური ტრადიციების ამსახველი ისტორიები და ქალები დარაზმონ მათი უნიკალური ფუნქციის შესრულებისაკენ, ჩინელი ერის გასაძლიერებლად“.

აღსანიშნავია, რო სი ძინპინს, რომელიც ადრე მხარს უჭერდა გენდერულ თანასწორობას, თავის გამოსვლაში მას ეს სიტყვა აღარ უხსენებია და უფრო მეტად ილაპარაკა ოჯახურ სიწმინდეებზე, ბავშვების აღზრდის მეთოდებზე და ქალებს მოუწოდა მეტი შვილი გაუჩინონ სამშობლოს.

„სი ძინპინის დღევანდელი პოზიცია მკვეთრად ეწინააღმდეგება იმას, რაც ორი ათეული წლის წინათ ჩინეთში ხდებოდა - იმ დროს პეკინელი მაღალჩინოსნები მხარს უჭერდნენ მამაკაცისა და ქალების თანასწორობას, ქალების თვითრეალიზებას“, - ამბობს ხანჟან ლიუ, კალიფორნიის შტატში არსებული „პიტცერ-კოლეჯის“ პროფესორი, რომელსაც კარგად აქვს შესწავლილი ჩინელი მაღალჩინოსნების გამოსვლები ქალთა ყრილობებზე ბოლო 20 წლის განმავლობაში. მისი თქმით, „ადრე პარტიაში ქალებზე მზრუნველ დადგენილებებს იღებდნენ, სიმბოლურად მაინც, მეტ-ნაკლებად სამსახურით უზრუნველყოფდნენ... ახლაც ზრუნავენ, მაგრამ ზრუნვა უკვე სახლში და ოჯახში ყოფნისაკენ მოწოდებაში გამოიხატება“.

კომპარტია ვარაუდობს, რომ ტრადიციების გახსენება ჩინელ ქალებს სტიმულს მისცემს და მათში ეროვნულ ინტერესებს გააღვიძებს, დემოგრაფიული სიძნელეებისა და ერის დაბერების წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში.

მაგრამ მმართველ პარტიას კიდევ ერთი მიზანი აქვს: ქალების სამუშაოდან წასვლა და მათი სახლებში დაბრუნება ხელსაყრელია იმ დროს, როცა ჩინეთი ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის - სამსახურებში უკმაყოფილოთა რაოდენობა ნაკლები იქნება. მთავრობა სახლში დაბრუნებულებს შეღავათებს პირდება, თუმცა სოციალური უზრუნველყოფის სისტემა გაუმჯობესებას მოითხოვს.

„ქალები ყველა მთავრობის ხელში გარკვეულ ინსტრუმენტს წარმოადგენდნენ , - აღნიშნავს მიგლუ ჩენი, სიდნეის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც ჩინურ გენდერულ პოლიტიკას იკვლევს, - დღესაც პეკინი ქალებს ეკონომიკის ასაღორძინელად იყენებს, დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების საშუალებით. რასაკვირველია, პარტიისათვის მომგებიანია განაცხადოს, რომ ქალი ჩინურ ტრადიციებს პატივს სცემს და ოჯახს უბრუნდება“.

მაგრამ ქორწინების რაოდენობისა და შობადობის შემცირების ტენდენცია წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და დღეს, შეიძლება ითქვას, გარკვეულ ტრადიციად არის გადაქცეული. ჩინური ეკონომიკური სასწაულის პერიოდში ქვეყნის მსხვილი ქალაქების მოსახლეობა, მათ შორის ქალებიც და განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგონები, თავიანთი ფინანსური მდგომარეობით ტკბებოდნენ, დამოუკიდებელნი იყვნენ და თავს არიდებდნენ ქორწინებას სწორედ იმ ტრადიციების გამო, რომლებიც მათ ოჯახის შექმნასა და ბავშვების გაჩენას ავალდებულებდნენ. რასაკვირველია, ძნელია პირად თავისუფლებაზე უარის თქმა.

დღესაც დაახლოებით იგივე სიტუაციაა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ახალგაზრდა წყვილს შვილის გაჩენა არ სურს უკვე ეკონომიკური პრობლემების გამო. ქვეყანაში უმუშევრობა მატულობს. ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე ძვირ სახელმწიფოს წარმოადგენს ბავშვთა გაზრდის თვალსაზრისით.

სი ძინპინის მოწოდებები გასაგებია, მაგრამ საეჭვოა რომ ქალებმა პარტიის ლოზუნგები გაითავისონ და მოსახლეობის კლების ტენდენცია შეაჩერონ - თუ, რა თქმა უნდა, პარტია სადამსჯელო ღონისძიებებს არ მიმართავს და იმ ქალებს, რომლებსაც შვილის გაჩენა არ სურთ, მარგინალებად არ გამოაცხადებს. (მაო ძე დუნის მმართველობის დროს კი - 1960-იანი წლებიდან და მოგვიანებითაც - პირიქით იყო: შობადობას ზღუდავდნენ და ჩინურ ოჯახებს ქალაქებში მხოლოდ ერთი, უკიდურეს შემთხვევაში კი ორი შვილის ყოლის უფლება ჰქონდათ, სოფლებში კი ორი ან სამის. შეზღუდვები 2015 წელს გაუქმდა).

თუმცა, როგორც ნიუ-იორკის შტატის ვასარის კოლეჯის პოლიტოლოგიის პროფესორი ფუბინ სუ ამბობს, ქალებისადმი რეპრესიები ალბათ, ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ გამორიცხული არაფერია.

„ერთი ბავშვის“ პოლიტიკის დროს კომპარტია აჯარიმებდა იმ ოჯახებს, რომლებიც ერთზე მეტ შვილს გააჩენდა, მიმართავდა იძულებით აბორტებს და სტერილიზაციას, რათა მოსახლეობის ზრდა შეენელებინა. წარსულში პარტიამ მოახერხა ქალის სხეული „ერთი ბავშვის“ პოლიტიკის გასატარებლად გამოეყენებინა და იდეებისათვის მსხვერპლად შეეწირა. არ არის გამორიცხული, რომ მთავრობამ ქალებს ახლაც თავს პარტიული ნება მოახვიოს, ერისა და სახელმწიფოს სახელით“, - აღნიშნავს ფუბინ სუ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო