"ამერიკელების მხრიდან ყველა შეხვედრა იწყებოდა ასე: „შემდეგი არჩევნები არის არჩევანი - რუსული განვითარების გზა თუ დასავლური“
2024 წლის არჩევნები არის გეოპოლიტიკური არჩევნები - რუსული განვითარების გზა, თუ დასავლური განვითარების გზა. შეერთებულ შტატებშიც ზუსტად ასე ფიქრობენ. არის მზადყოფნა, რომ არჩევნების დღეს აქ იყოს სენატორების, კონგრესმენების მაღალი დონის დელეგაცია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი დასავლური განვითარების გზას არჩევს და „ქართული ოცნება“ დამარცხდება.
„ეს არჩევნები არის გეოპოლიტიკური არჩევანი, სად მიდის საქართველო, სად უნდა ქვეყნის მოსახლეობას, რომ საქართველო წავიდეს - რუსეთისკენ „ქართული ოცნების“ ხელში, თუ დასავლური განვითარება, ევროკავშირი და ნატო, როდესაც პროდასავლური ოპოზიციური კოალიცია გაიმარჯვებს - ასეთი არჩევანის წინაშეა. შეერთებული შტატებიც ზუსტად ასე უყურებს. ადრე თუ ჩვენ ვამტკიცებდით, რომ ეს არჩევნები არ არის და ეს არის რუსეთს და დასავლეთს შორის არჩევნები, ახლა თვითონ შეერთებულ შტატებშიც ასე ფიქრობენ. ასე იწყებოდა არჩევნებზე საუბრისას ყველა შეხვედრა, რომ „შემდეგი არჩევნები არის საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ხალხის არჩევანი - რუსული განვითარების გზა, თუ დასავლური განვითარების გზა“.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი დასავლური განვითარების გზას არჩევს. დასავლური განვითარების გზა, რა თქმა უნდა, შემდეგში არის პროდასავლური კოალიცია, რომელიც მოვა და წაიყვანს ამ ქვეყანას დასავლური განვითარების გზით. ჩვენ „რუსულ ჭაობთან“ არაფერი საერთო არ გვექნება. მე ამაში დარწმუნებული ვარ და დიახაც, ამას გააკეთებს პროდასავლური დემოკრატიული ოპოზიციური ძალები, რომელშიც ბევრს ეჭვი ეპარება, მაგრამ დამერწმუნეთ, ექსპერტები, თუ პოლიტიკოსები, რამდენიმე თვეში, სხვანაირ ექსპერტულ დასკვნებს დადებენ ოპოზიციასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ჩიხლაძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, 2024 წლის არჩევნებში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია ჩამოვა.
„2020 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, 2024 წელს ჩვენ ძალიან მრავალრიცხოვან სადამკვირვებლო მისიებს ვნახავთ. ეს გადაწყვეტილია უკვე, რომ შეერთებული შტატებიდან იქნება გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები. არა არჩევნების დღეს, წინა დღეს, ერთი კვირით ადრე, არამედ თვეებით ადრე ჩამოვლენ დამკვირვებლები. იქნებიან USAID-ის დამკვირვებლები, ასევე, სხვადასხვა სადამკვირვებლო მისები, ასევე მთავრობის წარმომადგენლები. ასევე, სხვათა შორის, ჩვენი თხოვნა იყო და მათგანაც პარალელური მზაობა იყო და ზოგიერთ შეხვედრაზე ისინი პირდაპირ გვასწრებდნენ ამის თქმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, საარჩევნო პერიოდში და განსაკუთრებით არჩევნების დღეს, საქართველოში მაღალი დონის დელეგაციის ყოფნა, სენატორების ჩათვლით,“ - განაცხადა ჩიხლაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციას - კითხვაზე, რა აძლევს იმის იმედს, რომ 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდება იმის ფონზე, როდესაც მათ შორის, საექსპორტო წრეების წარმომადგენლები ოპოზიციურ სპექტრის მდგომარეობას სტაგნაციად აფასებენ, ჩიხლაძე პასუხობს, რომ აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს და ოპოზიციურ ველზე არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.
„მე ამ აზრს არ ვიზიარებ. აქტიური წინასაარჩევნო კამპანია უკვე ძალაში შედის და მე არ ვთვლი, რომ აქ რაღაც სტაგნაცია და სისუსტეა. კი გასაგებია, რომ იმ უდიდესი ბოროტების ფონზე, რასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, ყველა შეიძლება არ ვჩანდეთ ისე ძლიერად. ეს სჩვევია ასეთ ტოტალიტარულ რეჟიმებს და ყველგან ასეა. ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა განსაკუთრებული ხდება ოპოზიციურ ველზე. არანაირი სტაგნაცია არ არის,“ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
"ინტერპრესნიუსი"