ზალუჟნის ცუდი წინათგრძნობა - 6 მიზეზი, რის გამოც, ჩაშლილი კონტრშეტევა შესაძლოა, უკრაინისთვის კატასტროფით დამთავრდეს - კვირის პალიტრა

ზალუჟნის ცუდი წინათგრძნობა - 6 მიზეზი, რის გამოც, ჩაშლილი კონტრშეტევა შესაძლოა, უკრაინისთვის კატასტროფით დამთავრდეს

არმიის გენერალი ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია და მის სახელს უკავშირდება გასული წლის შემოდგომიდან რუსი ოკუპანტების გაყრა ხარკოვის მისადგომებიდან და ხერსონიდან,მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან...

შესაბამისად გენერალი ზალუჟნი ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს უკრაინის არმიის პირად შემადგენლობაში და დასავლელი სამხედრო პარტნიორები ანგარიშს უწევენ მის მოსაზრებებსა და ქმედებებს.

შესაბამისად, ცნობილ ბრიტანულ გამოცემაში The Economist-ში როდესაც გამოქვეყნდა გენერალ ზალუჟნის ჯერ სტატია,ხოლო შემდეგ მასთან დიდი ინტერვიუ, ამან „საინფორმაციო ბომბის“ აფეთქების ეფექტი მოახდინა...

მაინც რა განაცხადა ასეთი უკრაინელმა მთავარმა სამხედრო პირმა, რომ ამას მსოფლიოს ყველა წამყვანი საინფორმაციო საშუალება გამოეხმაურა, ხოლო რუს პროპაგანდისტებში „სიხარულის ჟრიამული“ დააყენა?

პრინციპში ახალი არაფერი, უბრალოდ გენერალმა ზალუჟნიმ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა და განაცხადა, რომ ომი რუსეთთან პოზიციურ ბრძოლებში გადავიდა, რითაც არაპირდაპირ აღიარა, რომ ჯერ კიდევ 4 ივნისს დაწყებული უკრაინული კონტრშეტევები, ფაქტობრივად, უშედეგოდ დამთავრდა, რადგან თუნდაც იმავე ზაპოროჟეს ფრონტზე უკრაინის არმიამ ამ კონტრშეტევების შედეგად წინ მხოლოდ...17 კმ-ით თუ წაიწია...

გენერალი ზალუჟნი აცხადებს, რომ ის შეცდა, როდესაც სჯეროდა,რომ არანაკლებ 150 ათასი მებრძოლის ფრონტის ხაზზე დაღუპვის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალები შეჩერდებოდნენ მაინც, მაგრამ ეს ასე არ მოხდა...

ზალუჟნი თვლის, რომ პოზიციური ომი სწორედ რუსეთს აწყობს, რადგან ძალებს აღიდგენს და ისევ იფიქრებს შეტევების განახლებაზე უკრაინის ახალი ტერიტორიების დასაპყრობად...

1-zaluzhni-1699004690.jpeg
გენერალმა ზალუჟნიმ მთელი მსოფლიოს გასაგონად გააჟღერა ის მძიმე სიმართლე, რისი აღიარებაც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ სურს...

უკრაინელ გენერალს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს ერთგვარი ინოვაციური გარდატეხა ამ ომში, რომ უკრაინის არმიამ შეიარაღებაში მიიღოს თანამედროვე დრონები, რადიელექტრონული ბრძოლის საშუალებები, განაღმვის ახალი ტექნოლოგიები და ასე შემდეგ, რათა რაღაც უპირატესობა მაინც მოიპოვონ იმ რუსეთზე, რომელსაც სამობილიზაციო რესურსიც ბევრად მეტი აქვს უკრაინაზე, ისევე როგორც, სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალები.

ზალუჟნი ასევე ხაზს უსვამს, რომ ამ ომმა აჩვენა სადაზვერვო საშუალებების დიდი როლი, როდესაც ორივე მოწინააღმდეგე მხარე თანამგზავრული,საჰაერო და აგენტურული დაზვერვით ადრეულად მოიპოვებს ინფორმაციას ერთმანეთზე, დაგეგმული საბრძოლო ოპერაციის მზადების პროცესშივე, რაც თითქმის გამორიცხავს მოულოდნელი მანევრების განხორციელებას ჯარების დიდი დაჯგუფებით.

უკრაინის გენშტაბში, შეიძლება ნატოელი გენერლების კარნახითაც, გეგმავდნენ, რომ კონტრშეტევაზე გადასული უკრაინის არმია თურმე დღე-ღამეში 30 კმ-ით მაინც უნდა წაწეულიყო წინ, რაც საერთოდ ფანტასტიკა აღმოჩნდა, თანაც ყველზე გულდასაწყვეტი ის გახდა, რომ შედარებით თანამედროვე უკრაინული ჯავშანტექნიკის გადაადგილება ნახევრასუკუნოვანმა საბჭოთა წარმოების ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებმა შეაჩერეს, თანაც ისე, რომ გერმანულმა „ლეოპარდებმა“, ამერიკულმა „ბრედლებმა“ თუ „ბრიტანულმა „ჩელენჯერებმა“ რუსი ოკუპანტების პირველ სანგრებამდეც კი ვერ მიაღწიეს...

გენერალი ზალუჟნი განსაკუთრებული სინანულით ყვება იმაზე, რომ დასავლეთის სამხედრო დახმარება ძალიან ხშირ შემთხვევაში თვეობით იგვინებდა და რუსი ოკუპანტები უკვე მომზადებულნი ხვდებოდნენ ფრონტის ხაზზე დასავლერი ჯავშანტენიკისა თუ რაკეტების გამოჩენას და მათთნ ეფექტიანად ბრძოლის საშუალებებიც უკვე გამზადებული ჰქონდათო...

გენერალ ზალუჟნის ამ მეტად გულღია განცხადებებმა შეიძლება გააღიზიანა უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი და არც ფრონტის ხაზზე მებრძოლი უკრაინის დამცველებს შორის აამაღლა საბრძოლო სულისკვეთება, ისევე როგროც გაახარა რუსი ოკუპანტების პროპაგანდისტები, მაგრამ ვიღაცას მაინც უნდა ეთქვა სიმართლე, თუ რატომ ჩაიფუშა წინასწარ ასე გაპიარებული კონრშეტევა, როდესაც კიევიდან ირწმუნებოდნენ, რომ ახალ, 2024 წელს ყირიმში შეხვდებოდნენ...

რისი დამატება შეიძლება?

პირველი - უკრაინის არმიის კონტრშეტევის ჩაფუშვამ გააძლიერა იმ ძალების განწყობა დასავლეთის ქვეყნების სახელისუფლო ოპოზიციაში, რომლებიც უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების შემცირების ან საერთოდ შეწყვეტის მოთხოვნით გამოდიოდნენ.

მეორე - ისრაელ-პალესტინის მორიგი ომის დაწყებამ კიდევ უფრო უარყოფითად იმოქმედა უკრაინის ინტერესებზე, რადგან მას დასავლეთის სამხედრო დახმარების, თუნდაც 155 მმ კალიბრის დეფიციტური საარტილერიო ჭურვების გაყოფა მოუწევს „ცახალთან“.

მესამე - მსოფლიოში ებრაული ლობი ბევრად ძლიერია უკრაინისაზე, შესაბამისად, იგივე ამერიკელი კონგრემენების დიდი ნაწილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამერიკული სამხედრო დახმარების ლომის წილი სწორედ ისრაელმა მიიღოს და არა უკრაინამ...

მეოთხე - უკრაინის კონტრშეტევების, ფაქტობრივად, ჩაფუშვის ფონზე კრემლი ეცდება ახალ წლამდე ერთი-ორი წარმატებული შეტევა მაინც განახორციელოს, მიუხედავად „წვიმების სეზონის“ მოახლოებისა“, რის მაგალითსაც წარმოადგენს რუსი ოკუპანტების გამუდმებული სისხლისმღვრელი შეტევები ავდეევკის როგორმე დასაპყრობად...

მეხუთე - მიუხედავად არაერთი განცხადებისა ძალიან მაღალი ტრიბუნებიდან, რომ დასავლეთი არ დაღლილა და მანამდე გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას, სადამდეც ეს საჭირო იქნება, ამ „პოლიტიკური გადაღლილობის“ ნიშნები მაინც იგრძნობა დასავლეთელი პოლიტიკოსებების მოქმედებებში, რაც პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს...

მეექვსე - დიდი ხანია გაჩენილია ისეთი გრძნობა, რომ დასავლეთი თითქოს სპეციალურად აჯანჯლებდა და აჯანჯლებს ამა თუ იმ შეიარაღების ტიპისა თუ საბრძოლო მასალის გადაცემას უკრაინის არმიისთვის,შ ეიძლება იმიტომაც, რომ ეს ომი დროში რაც შეიძლება გახანგრძლივდეს და შესაბამისად, პუტინის რუსეთიც რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს უკრაინის ომის ჭაობში, მაგრამ ასეთი მიდგომა დამღუპველი, პირველ რიგში, შეიძლება თავად უკრაინისთვის აღმოჩნდეს, რადგან რუსეთის ტოტალიტარულმა სახელმწიფომ დასავლეთის მრავალრიცხოვან საერთაშორისო სანქციებსაც გაუძლო და უფრო მეტ ნავთობსა და ბუნებრივ აირს ჰყიდის, ვიდრე ომამდე ანუ ომის საწარმოებელი ფული და „საზარბაზნე ხორცი“ რუსეთს, ჯერ კიდევ დიდი ხანი არ გამოელევა...