"რუსულ აგენტურულ კლანს, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, აინტერესებს, რომელ რუს აგენტზე აქვს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილს..."
ყველაზე დიდი რუსული დივერსიული ჯგუფი დღეს ხელისუფლებაში არის ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის და აი, ამ „პუტინისტების“ სახით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც ქვეყანაში რუსეთიდან დივერსიული ჯგუფების შემოსვლის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადების და ამ განცხადების გამო სუს-ის დაინტერესების შესახებ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, აბსოლუტურად ნორმალურია, რომ ისინი „რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან“ თანამშრომლობას არ აპირებენ.
„ყველაზე დიდი რუსული დივერსიული ჯგუფი დღეს ხელისუფლებაშია ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის და აი, ამ „პუტინისტების“ სახით. ამაზე დიდი დივერსიული ჯგუფი საქართველოში არ არსებობს. ყველაზე დიდი რუსები დღეს ხელისუფლებაში არიან მათ შორის კონკრეტულ სამსახურში, რომელზეც საუბრობთ [სუს-ში.] ეს არ არის საქართველოს უსაფრთხოების სამსახური, ეს არის ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახური, რომელიც თქვენც გისმენთ, მამაოებსაც, პედაგოგებსაც, პოლიტიკოსებსაც და მეტიც, საქმე საქმეზე რომ მიდგება, „ეფესბეს“ აგენტ ფარცხალაძეს იცავს. ამიტომ, აბსოლუტურად ნორმალურია, „რუსეთის“ უსაფრთხოების სამსახურთან არ ვაპირებთ არავინ თანამშრომლობას. ეს არის ორჯერ ორი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ამასთან, ხაბეიშვილმა კითხვაზე, თუ რა მოტივებით შეიძლება სურდეს სუს-ს სააკაშვილის დაკითხვა, განაცხადა, რომ მათ აინტერესებთ, თუ რომელ რუს აგენტზე აქვს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილს და სად „უჟონავთ ინფორმაცია რუსებს“.
„რუსულ აგენტურულ კლანს, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, აინტერესებს, რომელ რუს აგენტზე აქვს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილს და სად უჟონავთ ინფორმაცია რუსებს. ისინი საქართველოს უსაფრთხოებისთვის კი არა, რუსეთის უსაფრთხოებისთვის იბრძვიან და სავარაუდოდ, რუსებისგან მიიღეს დავალება, რომ რა ინფორმაცია და ვისზე აქვს სააკაშვილს გაიგონ, რომ რუსებმა მერე შესაბამისად იმოქმედონ. ამიტომ, ლილუაშვილს საქართველოს უსაფრთხოებასთან კავშირი არ და ვერ ექნება, ის არის დადასტურებულად აგენტი ფარცხალაძის ადვოკატი და დამცველი“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
"ინტერპრესნიუსი"