სათამაშო ბიზნესს მეტის გადახდა მოუწევს - პრემიერის განცხადება - კვირის პალიტრა

სათამაშო ბიზნესს მეტის გადახდა მოუწევს - პრემიერის განცხადება

ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობას წარვუდგინეთ ახალი ინიციატივა, რომ სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთი უნდა შევცვალოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15%-იანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10%-სა. ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5%-ით დღეს მოქმედი 2%-ის ნაცვლად.

„ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობას წარვუდგინეთ ახალი ინიციატივა, რომელიც ახლა მინდა საზოგადოებას გავაცნო. სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთი უნდა შევცვალოთ. გეგმის მიხედვით, სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15%-იანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10%-სა. ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5%-ით, დღეს მოქმედი 2%-ის ნაცვლად.

აღნიშნული ცვლილებები ბიუჯეტში დამატებით 400 მილიონ ლარს მოიტანს. 300 მილიონს ბანკებიდან, 400 მილიონს სათამაშო ბიზნესიდან - ჯამში დამატებით 700 მილიონი დამატებითი შემოსავალი გვექნება 2024 წელს.

აქვე მინდა, ერთი მხრივ, გაკვირვება გამოვხატო და მეორე მხრივ მწუხარება, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება. მე ეს ნამდვილად არ მიხარია, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ ჩართულია ამ სათამაშო ბიზნესში.

ცნობისთვის, 2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთლიანი ბრუნვა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. ამდენი ადამიანი ჯერ კიდევ ჩართულია ამ ბიზნესში.

იცით, რომ ჩვენ შარშან მნიშვნელოვანი ცვლილებები გავაკეთეთ, როცა ავკრძალეთ რეკლამა და 25 წლამდე შევუზღუდეთ ჩვენს მოქალაქეებს სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა. ავტომატურად 1 500 000 მოქალაქეს სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა შეეზღუდა. ამის მიუხედავად, ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი მოქალაქეა ჩართული.

შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავუზარდოთ გადასახადები ამ ბიზნესს და როგორც მოგახსენეთ, დამატებით 400 მილიონი ლარი იქნება 2024 წელს ამოღებული”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"