პენტაგონს ეს „ჯავშანმონსტრები“ ადრე რომ გადაეცა, უკრაინის არმია გაარღვევდა რუსულ „დრაკონის კბილებს“...
რუსეთ-უკრაინის ომის ანალიზს არცთუ იშვიათად იმ დასკვნამდე მიჰყავხარ, რაც არ ჯდება ლოგიკაში - ერთი შეხედვით დასავლეთი და პირველ რიგში აშშ უზარმაზარ სამხედრო დახმარებას უწევენ უკრაინას (რის ხარჯზედაც უკრაინელები ჯერ კიდევ ომობენ რუს დამპყრობელებთან), მაგრამ მეორე მხრივ... თითქოს დროულად სპეციალურად არ აძლევენ იმ ტიპის შეიარაღებასა და საბრძოლო მასალებს, რომლებიც იმ კონკრეტულ მომენტში ყველაზე მეტად სჭირდებათ რუსეთისგან ოკუპირებული მშობლიური მიწის გასანთავისუფლებლად უკრაინელებს...
4 ივნიის დაწყებულ უკრაინის კონტრიერიშებს დიდი იმედით ელოდნენ არამარტო უკრაინაში, არამედ მსოფლიოს იმ ქვეყნებშიც, რომლებიც რუსეთს აგრესორად თვლიან და ლოგიკურია, რომ უკრაინის კონტრიერიშის წარმატება პირველ რიგში სწორედ იმ აშშ-ში უნდა სდომოდათ, რომელმაც ას მილიარდამდე დოლარი უკვე დახარჯა უკრაინისთვის არმიისთვიის სამხედრო დახმარების აღმოსაჩენად...
მაგრამ რატომღაც ასე არ მოხდა...
მე უკვე ვწერდი იმაზე, რომ ამერიკული ATACMS -ის ბალისტიკური რაკეტები კონრშეტევების დაწყებიდან მხოლოდ მესამე თვეს მიიღეს უკრაინელებმა და 17 ოქტომბერს ძალზე წარმატებულად გამოიყენეს სამხრეთ და აღმოსავლეთ ფრონტების სიღრმეში, ოკუპირებული ბერდიანსკისა და ლუგანსკის აეროდრომებზე განთავსებული რუსული საავიაციო ტექნიკის წინააღმდეგ, როდესაც რამდენიმე წუთში დააზიანეს და სრულად გაანადგურეს 341 მლნ დოლარის საერთო ღირებულების არანაკლებ 26 რუსული დამრტყმელი და სატრანსპორტო შვეულმფრენი.

არადა, „ჰაიმარსიდან“ გასაშვები ეს ბალისტიკური რაკეტები უკრაინის არმიას 4 ივნისის კონტრშეტევის დაწყებამდე რომ ჰქონოდა, მაშინ ბერდიანსკიდან აფრენილი რუსული „ალიგატორები“ შორმფრენი ტანკსაწინააღმდეგო „ვიხრებით“ ვეღარ „დახვრეტავდნენ“ ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზზე რუსული თავდაცვის ზღუდეების „დრაკონის კბილებთან“ ნაღმურ ველებზე გაჩხერილ უკრინელების „ლეოპარდებსა“ და „ბრედლებს“...
სწორედ ასეთივე აუხსნელი ისტორია განმეორდა M1150 Assault Breacher Vehicle ABV -თან დაკავშირებით, რომლებიც მხოლოდ ეხლა გამოჩნდნენ ფრონტზე, უკრაინის არმიის შეიარაღებაში.
Assault Breacher -ი მოიერიშე გამრღვევი „ჯავშანმონსტრია“, რომელიც შექმნილია ამერიკული ძირითადი ტანკის М1A1 Abrams -ის ბაზაზე და ქვემეხიანი კოშკურის ნაცვლად აღჭურვილია სპეციალური საინჟინრო მოწყობილობებით მოწინააღმდეგის ნაღმური ველებისა და თავდაცვითი ზღუდეების გასარღვევად.
ამ 72 ტონიან „ჯავშანმონსტრზე“ დამონტაჟებულია „ნაღმების სახნავი“ და ბულდოზერის „დანისპირი“ მიწაში ჩაფლული ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების „მოსათხრელად“ და გვერდზე გადასაყრელად (საბჭოთა და რუსული ტანკები ძირითადად ნაღმურ ტრალებს იყენებენ, როდესაც ნაღმის გაუვნებელყოფა ხდება მასზე რამდენიმეტონიანი რკინის ტრალის გადავლის შედეგად, ეს ტრალი 4-5 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის აფეთებას უძლებს).
გარდა ამისა, ამერიკული „ჯავშანმონსტრის“ უკანა ნაწილის თავზე დამონტაჟებულია დისტანციური განაღმვის სარაკეტო სისტემაც, რომელიც სარაკეტო ძრავით რამდენიმე ათეულ მეტრზე უშვებს პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე „ძეხვებს“, რომლებიც მიწაზე დაცემის შემდეგ დეტონირდებიან და ექვსი მეტრის სიგანის დერეფანს „ასუფთავებენ“ ნაღმებისგან, შესაბამისად ჯავშანტექნიკას შეტევის გაგრძელების საშუალებას აძლევენ.

ეს სპეციალური ინჟინერული ტექნიკა ტანკებზე ძვირი ღირს და ამერიკის ამხელა არმიისთვის მხოლოდ 187 ერთეული შეუკვეთეს, საზღვაო ქვეითების კორპუსისთვის კი 52, თუმცა ეს შეკვეთები ბოლომდე არ შესრულებულა, მიუხედავად იმისა, რომ ამ „ჯავშანმონსტრების“ წარმატებული საბრძოლო ნათლობა შედგა 2010 წელს ავღანეთში, თალიბანის წინააღმდეგ ჩატარებული საბრძოლო ოპერაციის „მოშტარაკის“ ფარგლებში.
4 ივნისს, როდესაც უკრაინის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო ზაპოროჟიეს ფრონტზე ორეხოვოდან სამხრეთი მიმართულებით, მაშინ უკრაინელების „ლეოპარდებსა“ და „ბრედლებს“ სწორედ ეს Assault Breacher მოიერიშე გამრღვევი „ჯავშანმონსტრები“ რომ წაძღოლოდნენ წინ, ვინ იცის იქნებ ბევრად წარმატებულად გაგრძელებულიყო კონტრიერიშები და არც რუს პროპაგანდისტებს ეზეიმათ რუსულ ნაღმებზე აფეთქებული „ლეოპარდების“ ფოტოებით...