"ძალიან უკარება ვიყავი. ჩემი პირველი სიყვარული გიორგია" - კვირის პალიტრა

"ძალიან უკარება ვიყავი. ჩემი პირველი სიყვარული გიორგია"

"თავისუფლების გარეშე ვერ იქნები რეალიზებული ვერც ოჯახში, ვერც პროფესიაში..."

"ჩემი პერსონაჟი არის შეყვარებული გოგო, რომელიც ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფება ადამიანისგან, რომელიც უყვარს და გოგოსგან, რომლითაც აღფრთოვანებულია", - ამბობს მაკოს როლის (სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები") შემსრულებელი ნანუკა კუპატაძე.

რას ეუბნება მსახიობი იმ გოგონებს, რომელთა ცხოვრებაშიც მსგავსი ამბავი ხდება; რატომ არ უყურებს სერიალს მეუღლესთან (გიორგი უშიკიშვილი) ერთად, ვინ ენატრება ყველაზე მეტად და რას თვლის თავის ყველაზე დიდ სისუსტედ? – ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1989 წლის 28 მაისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. იმდენად პატარა ასაკიდან მქონდა ეს სურვილი, არც მახსოვს, ინტერესი როგორ გამიჩნდა. ბაღიდან აქტიურად ვიყავი ჩართული ყველა ღონისძიებაში. ვთვლი, რომ პროფესიაში სწორი არჩევანი გავაკეთე.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ძალიან ერთგული ვარ.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...ოჯახის წევრებს, ყველა მხარში მედგა, განსაკუთრებით - დეიდა, ის ძალიან იბრძოდა იმისთვის, რომ თეატრალურში ჩამებარებინა.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ღიმილი, სიცილი, კარგი განწყობა.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...პროფესიული განვითარების და ამისთვის მუდმივად ვშრომობ.

- თბილისში ცხოვრობთ და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის დასის წევრი ხართ. ამას როგორ ახერხებთ?

- ეს ჩემი ოჯახისა და მეუღლის დამსახურებაა. ის ძალიან მიწყობს ხელს, რომ ვაკეთო საყვარელი საქმე ჩემს საყვარელ ქალაქში და ჩემს საყვარელ თეატრში. მე ხომ ქუთაისელი ვარ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ერთგულება შემიძლია.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...(იცინის) ძალიან ფიცხი ვარ და შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ემოციები ვაკონტროლო.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ვაკონტროლო საკუთარი ემოციები.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ის ადამიანი ჩემთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია.

- თუ ასე არ არის, მაშინ?

- ადამიანს არ დავკარგავ, მაგრამ შეიძლება, ძველებური ხარისხი ურთიერთობას აღარ გვქონდეს. ადამიანების დაკარგვა არ მიყვარს და ამიტომ ვცდილობ ხოლმე, ვაპატიო. ისიც მნიშვნელოვანია, პიროვნება ჩადენილ საქციელს რამდენად იაზრებს და ხვდება, რომ შეეშალა. სხვათა შორის, ყოველთვის გაუმართლებიათ ის, რომ მიპატიებია.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...არასდროს ვფიქრობ, ხვალ რა იქნება, დღევანდელი დღით ვცხოვრობ. ყოველთვის ვცდილობ, ემოცია, კარგი განწყობა დღეს შევქმნა ჩემთვის და ჩემ გარშემო მყოფთათვისაც. (პაუზის შემდეგ) მომავალზე არც არასდროს მიფიქრია, ეს ახლა გავიაზრე და ჩემში ამ აღმოჩენამ ცოტათი გამაკვირვა.

- ვნანობ...

- ...მძაფრი სინანული არაფრის გამო არ მაქვს. დაუფიქრებლად არაფერს ვაკეთებ. თუ დარწმუნებული არ ვარ, გადაწყვეტილებას არ ვიღებ. ერთადერთი იმას ვნანობ, რომ ადამიანებთან, რომლებიც დღეს ჩემ გვერდით აღარ არიან, უფრო მეტი დრო არ გავატარე. ჩემი მეგობრის, რეზი ქაროსანიძის წასვლამ ეს სინანული კიდევ უფრო გამიმძაფრა.

- როლი, რომელიც გამორჩეულად მახსოვს...

- ...ეს არის პოლიქსენესი მიშა ჩარკვიანის მიერ დადგმულ სპექტაკლში "ჰეკაბე". ეს როლი ბევრი ნიშნით იყო მნიშვნელოვანი და გამორჩეული. ციტატას გეტყვით: "ვერაგი ქალის ძალა საშინელია". სუსტი სქესი არ არსებობს. ქალი ძლიერია, ჩემი პერსონაჟი შეურაცხყოფილ სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებს.

- სიყვარული ეს...

- ...არის მამოძრავებელი ძალა. სიყვარულის გარეშე ვერც ერთი ადამიანი ვერაფერს გააკეთებს. ჩემთვის სიყვარულია მთავარი ყველა საქმეში, ურთიერთობაში...

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...დღეს ის ჩემი მეუღლეა. ბავშვობაში ძალიან უკარება გოგო ვიყავი. ჩემი პირველი სიყვარული გიორგია.

- მაკვირვებენ...

- ...უტაქტო ადამიანები. ასეთებთან ურთიერთობა ჩემი ყოველდღიურობა არ არის, მაგრამ როცა შეხება მიწევს, სულ გაკვირვებული ვრჩები. ზედმეტად თავმომწონე ადამიანებიც მაკვირვებენ, რატომღაც რომ ჰგონიათ, ყველაზე მაღლა დგანან, მაგრამ მხოლოდ ჰგონიათ.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ბევრი რამ მაყენებს კარგ ხასიათზე, შეიძლება ეს იყოს მუსიკა, მეგობრის ზარი, სასიამოვნო ინფორმაცია, კარგი ამინდი... კარგ ხასიათზე ჩემი დაყენება ძალიან ადვილია, ცუდ ხასიათზე გადართვა - უფრო რთული.

- ვრისკავ...

- ...ხშირად, რადგან რისკზე წასვლა ძალიან მიყვარს. თუ არ გამიმართლებს, ამას არასდროს განვიცდი, რისკზე წასვლისას ესეც გათვლილი და გააზრებული მაქვს.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ადამიანების დაკარგვა მიჭირს.

- ეს სისუსტეა?

- კი: ვინც გასაშვებია, უნდა გაუშვა. ადამიანების დაკარგვა იმდენად მიჭირს, ყოველთვის ვცდილობ, მივიღო ისეთი, როგორიც არის და მერე ამით საკუთარ თავს ვეწინააღმდეგები.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...უხერხულობის განცდა მაქვს, ძალიან მრცხვენია, მაგრამ თან მსიამოვნებს და მიხარია.

- მეშინია...

- ...არაფრის. შეიძლებოდა მეთქვა, საყვარელი ადამიანების დაკარგვის მეშინია, მაგრამ უკვე იმდენი საყვარელი ადამიანი მყავს დაკარგული, ეს შიშიც თითქოს მომეხსნა, ეს ტკივილი გავითავისე.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რომ დროის მენეჯმენტი არ გამაჩნია. საყვედურებს მეგობრებისგან ვისმენ, რეპეტიციებზე არ ვიგვიანებ.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერს.

- ვუფრთხილდები...

- ...საერთოდ ყველაფერს, განსაკუთრებით - საყვარელ ადამიანებს, რომლებიც ჩემთვის ძალიან ძვირფასები არიან.

- ვიტყუები...

- ...არასდროს. რადგან ის, რაც ყველაზე მეტად მეზიზღება, ტყუილია.

- თავისუფლება არის...

- ...ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ადამიანისთვის. თავისუფლების გარეშე ვერ იქნები რეალიზებული ვერც ოჯახში, ვერც პროფესიაში... მე და ჩემი მეუღლე ჩვენს შვილს სულ ვეუბნებით, რომ უნდა იყოს თავისუფალი ადამიანი!

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ისე გავფლანგავდი, ვერც გავიაზრებდი (იცინის).

- მენატრება...

- ...ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩემი ცხოვრებიდან წავიდა, განსაკუთრებით - მამა. 18 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს მეგობრებთან ურთიერთობა მშველის. როცა დედა შემატყობს, რაღაცას განვიცდი, არეული ვარ, მეტყვის ხოლმე, - ნანუკა, წადი რა, მეგობრებთანო. ჩემთვის მეგობრები ოჯახის წევრებთან გათანაბრებული ადამიანები არიან.

- დარიგება, რომელიც არას-დროს დამავიწყდება...

- ...სულ მახსოვს გიორგის ნათქვამი ფრაზა: "არ დაკარგო თავისუფლება!"

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ადამიანებო, დედამიწაზე იმდენად ცოტა ხნით ვცხოვრობთ, აუცილებლად უნდა მივიღოთ ბევრი კარგი ემოცია სამყაროდან, რაც შეიძლება მეტი კარგი ადამიანი გვყავდეს გვერდით, ბევრი სიყვარული გავცეთ და მივიღოთ!

- ნანუკა, "ჩემი ცოლის დაქალებში" განასახიერებ პერსონაჟს, რომელიც შესაძლებელია, მაყურებლის ნაწილს აღიზიანებდეს, ნაწილში სიბრალულს იწვევდეს, ნაწილს მოსწონდეს... თავად როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- ვფიქრობ, მაკო ცოტათი გაურკვეველი გოგოა. ამქვეყნად ყველა ადამიანს ხომ თავისი სიმართლე აქვს. ჩემი პერსონაჟი არის შეყვარებული გოგო, რომელიც ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფება ადამიანისგან, რომელიც უყვარს და გოგოსგან, რომლითაც აღფრთოვანებულია. უმეტეს შემთხვევაში, ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს სიტუაციის სათანადოდ გააზრება უჭირთ, ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მაკოსი მესმის, თანავუგრძნობ კიდეც.

- რას ეტყვით გოგონებს, რომელთა ცხოვრებაშიც მსგავსი ამბავი ხდება?

- არ შეეშინდეთ! შიში ყველაზე ცუდი რამ არის. ძალიან რთულია, ამ დროს ადამიანს რაღაც უთხრა, მაგრამ გამოსავალი ყოველთვის, ყველანაირი სიტუაციიდან არსებობს. ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, რომელიც მხარში ამოგიდგება. მთავარია, სიმართლის თქმის არ შეეშინდეს და საკუთარი თავის გადარჩენას ყველანაირი გზით ეცადოს.

- თქვენი პერსონაჟი მაყურებელმა როგორ მიიღო?

- ჩემი პერსონაჟის შესახებ უცხო ადამიანები ნაკლებად მელაპარაკებიან, ახლობლები კი - ძალიან ხშირად. ზოგი პირდაპირ მეუბნება, - რა ჩერჩეტი გოგოა, მხარში უდგას ადამიანი და მდგომარეობიდან რატომ არ უნდა რომ გამოვიდესო? ჩემი აზრით, როდესაც ადამიანს უყვარს, ის ყოველთვის ცდილობს, მას დაეხმაროს. ჩემი პერსონაჟის შემთხვევაშიც ზუსტად ეს მგონია, ცდილობს ის ბიჭი შეცვალოს. ზოგჯერ გაურკვეველ სიტუაციაში ყოფნისას, მეგობარი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან რჩევას გაძლევს, შენი ყველაზე დიდი მტერი შეიძლება გეგონოს და არ დაუჯერო. ჩემი პერსონაჟი გაორებულია.

- როგორია მეუღლის რეაქცია, როდესაც ეკრანზე გიყურებთ?

- სერიალს ერთად არ ვუყურებთ (იცინის), ასე არასდროს ხდება.

- ამას გამიზნულად აკეთებთ თუ უბრალო დამთხვევაა?

- ზოგჯერ დამთხვევაც არის და ზოგჯერ გამიზნულადაც ვაკეთებთ, ასე გვირჩევნია.

- გიორგი თეატრში, სპექტაკლებზეც არ მოდის?

- თეატრში მოდის, შემდეგ განვიხილავთ სპექტაკლს და შთაბეჭდილებებს მიზიარებს.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"