გადადგება თუ არა სალომე ზურაბიშვილი თანამდებობიდან საპარლამენტო არჩევნების წინ?! - კვირის პალიტრა

გადადგება თუ არა სალომე ზურაბიშვილი თანამდებობიდან საპარლამენტო არჩევნების წინ?!

8 ნოემბერს ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების შესახებ გამოაქვეყნებს ყოველწლიურ მოხსენებას, რომელსაც ბევრი ქვეყანა სულმოუთქმელად ელის. ამ დოკუმენტით უნდა შეფასდეს 10 ქვეყანა - ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, თურქეთი, კოსოვო, მოლდოვა, მონტენეგრო, საქართველო, სერბეთი, უკრაინა და ჩრდილოეთი მაკედონია. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ევროკომისია, დიდი ალბათობით, რეკომენდაციებს გასცემს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. როგორც ამბობენ, ყველაზე რთული გადაწყვეტილება ევროკომისიისათვის იქნება საქართველოსთვის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების საკითხი და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკების დაწყება. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროპელებს არაერთი საკითხი აშფოთებთ და 12 რეკომენდაციაც სრულყოფილად არ შესრულებულა, ჩვენი ქვეყანა ევროკომისიისგან დადებით შეფასებას, საბოლოოდ კი კანდიდატის სტატუსს მაინც მიიღებს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო ხანს დაბეჯითებით ამბობენ, რომ ბრიუსელიდან პოზიტიურ გზავნილებს ელიან. რა აძლევთ მათ ამის საფუძველს და როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ­ ვახტანგ ძაბირაძესთან:

dzabiradzee.jpg

- ხელისუფლების მტკიცებას, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს სტატუსს, ნამდვილად არა აქვს საფუძვლად ის, რომ ქვეყანამ დავალება, რომელიც ევროკომისიისგან მიიღო, პირნათლად შეასრულა. საქმე ისაა, რომ თავიდანვე, ანუ როცა საქართველოს პირველ ჯერზე უარი ეთქვა სტატუსზე, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, შესაბამისად, ახლაც სწორედ პოლიტიკური ნიშნით მოუწევთ ევროპელებს დასკვნების გაკეთება. ვფიქრობ, ამ ხნის განმავლობაში ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ცხადი გახდა, რომ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი.

რა თქმა უნდა, სტატუსს მოგვცემენ გარკვეული დათქმებით. ჩვენს ხელისუფლებას არავინ ეტყვის, კარგი ბიჭები ხართ და იმიტომაც გაძლევთ სტატუსსო. გარდა გეოპოლიტიკური ვითარებისა, ევროპელები ხედავენ იმასაც, თუ რამდენად ძლიერია დასავლური კურსის მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანაში. მარტის აქციებმა ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის სულისკვეთება ყველას კარგად დაანახა... გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ საქართველოსთვის სტატუსზე კვლავ უარის თქმას რუსეთი აღიქვამს როგორც საკუთარ წარმატებას და შეეცდება უფრო მეტად მოაქციოს ჩვენი ქვეყანა თავის გავლენაში. ამ ყველაფერს ხედავენ ჩვენი პარტნიორები, გადაწყვეტილებასაც შესაბამისად მიიღებენ.ხელისუფლებაც ხედავს ამ ყველაფერს და დაბეჯითებით იმიტომაც აცხადებს, სტატუსს მივიღებთო, თან ცდილობს შექმნას საზოგადოებრივი აზრი, რომ ეს მათ დაიმსახურეს, რადგან თითქოს შეასრულეს ევროკომისიის რეკომენდაციები. მოკლედ, ყველანაირად შეეცდებიან, ეს საკუთარ წარმატებად გაასაღონ. არადა, სტატუსს თუ მართლაც მოგვცემენ, მოგვცემენ დიდწილად იმიტომ, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის ძალიან მძლავრი პროდასავლური განწყობა, ამასთანავე, გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოება.

ხელისუფლების განცხადებით, ოპოზიცია ტყუის, როდესაც ამბობს, სტატუსს მისცემენ ხალხს და არა ხელისუფლებასო. "ქართული ოცნება" ამტკიცებს, ჩვენ და ხალხი რამ გაგვყო, ჩვენ ვართ ამ ხალხის არჩეულიო, რაც ასე არ არის... თუ გავიხსენებთ 2020 წელს, როდესაც არჩევნები გაიმართა, "ქართული ოცნების" დასავლეთისადმი დამოკიდებულება აბსოლუტურად სხვა იყო, რაც მკვეთრად 2022 წლის თებერვლიდან შეიცვალა, მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ომის დაწყების პირველივე დღეებში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში გააკეთა განცხადება, რომელიც შეიძლება ითქვას, რუსეთის მხარდამჭერი უფრო იყო. გახსოვთ, ალბათ, თქვა, ომი უკრაინაშია და ჩვენ ჩვენი საქმეები გვაქვსო. ამის მერე ხელისუფლებამ სრულიად გაუგებარი პოლიტიკის გატარება დაიწყო - ვითომ ბალანსის დაცვას ცდილობდნენ, თუმცა ამით აშკარად აქეზებდნენ პრორუსულ ძალებს და უპირისპირდებოდნენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ასე რომ, ხელისუფლება დაშორდა ხალხს, იმ ამომრჩეველს, რომელმაც 2020 წელს მხარი დაუჭირა და დღეს გვაქვს სრულიად სხვა რეალობა. ხელისუფლება აღარ გამოხატავს უმრავლესობის ინტერესებს, რასაც მოწმობს ყველა ბოლოდროინდელი გამოკითხვა. ამ ყველაფრის მიუხედავად, მეც დარწმუნებული ვარ, რომ ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რაც ჩვენს ქვეყანას წაადგება.

- ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, "რადგან კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები ერთიათად გაიზარდა და რევოლუციას ვერავინ მოაწყობს", ე.წ. კარვების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა თურმე "საჩქარო აღარაა". ამ განცხადებიდან ისე ჩანს, რომ ხელისუფლებას ძალიან აშფოთებდა, თუ რა შეიძლება მოჰყოლოდა სტატუსზე უარის თქმას ქვეყანაში. შეიძლება ითქვას, ისინიც გრძნობენ, რომ მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს აღარ გამოხატავენ?

- ვფიქრობ, ხელისუფლება კარგად ხვდება, თუ როგორ დაშორდა ხალხს, თუმცა იმედოვნებს, რომ ძალოვან უწყებებზე დაყრდნობითა და სახელისუფლებო პროპაგანდით შეძლებს საზოგადოების უკმაყოფილო ნაწილის დაშოშმინებასა და მოთოკვას. ერთხანს მეც ვფიქრობდი, რომ სტატუსზე უარის შემთხვევაში საპროტესტო გამოსვლები იქნებოდა, მაგრამ რაღა დაგიმალოთ და, იმ მასშტაბის და იმგვარი არ იქნება, რომ ხელისუფლებას პრობლემები შეუქმნას. თუმცა თვითონ "ქართულ ოცნებაში" აშკარად ეშინოდათ ამის. მდინარაძის განცხადებაც ნამდვილად ამას აჩვენებს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების რიტორიკა აბსოლუტურად მოწყვეტილია საზოგადოების რეალურ პრობლემებს და მმართველი ძალით უკმაყოფილებაც ძალიან გაზრდილია, მე მაინც არა მგონია, რომ ეს ამ ეტაპზე იმდენად კრიტიკულ ზღვარზე იყოს, რომ მასშტაბურ პროტესტად იქცეს.

ხელისუფლების გაუთავებელი ლაპარაკი ეკონომიკურ ზრდასა და წარმატებებზე ვრცელდება, ალბათ, ჩვენი საზოგადოების მხოლოდ 10%-ზე, რომელსაც ისევ და ისევ ხელისუფლებაში მყოფი და მასთან დაახლოებული პირები შეადგენენ. ეს არის წმინდად პროპაგანდისტული განცხადებები, რაც თითქოს მუშაობს, მაგრამ, დამერწმუნეთ, მოსახლეობის განწყობა რადიკალურად იცვლება. ამ ე.წ. კარვების კანონის მიღება იყო იმის ნიშანი, რომ ეშინოდათ ხალხის პროტესტის. როცა ნახეს, რომ ჯერ მსგავსი არაფერი ემუქრებათ და სტატუსსაც მივიღებთ, გადადეს ვეტოს დაძლევა და ამით თავისი შიში გულწრფელად აღიარეს. თუმცა ამ კანონს მაინც მიიღებენ, ანუ ვეტოს დაძლევენ, იმიტომ, რომ არჩევნების შემდგომ ჩვენს ქვეყანაში რა პროცესები განვითარდება, არავინ იცის... სიმშვიდე რომ არ იქნება, უკვე ჩანს.

- ბოლო დღეებში მთავრობამ არაერთი სოციალური ინიციატივა გაახმაურა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს სტატუსის თემა გადააგორეს უკვე და პირდაპირ წინასაარჩევნო კამპანიაზე გადავიდნენ...

- კი, ნამდვილად გამორჩეულად ბევრი დაპირება გასცეს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, მაგრამ არც საკუთარი თავი ავიწყდებათ - იზრდება პარლამენტარების ხელფასი, მეტიც, ორმაგდება, ამასთან პენსიების ზრდის თანაფარდობა ნამდვილად სასაცილოა... ერთ-ერთი ინიციატივა შეეხება სათამაშო ბიზნესს, რომლის შეზღუდვასაც დიდი ხანია ითხოვს საზოგადოება, თუმცა აქამდე არაფერი გაკეთებულა ამისთვის და ახლა რასაც აპირებენ, ესეც ვერ ჩაითვლება შეზღუდვად. მოკლედ, როგორც ითქვა, სათამაშო ბიზნესს უზრდიან მოსაკრებლებს, მაგრამ ეს ხომ რეალურად არც ამ ბიზნესს შეაფერხებს და არც მოთამაშეთა რაოდენობას შეზღუდავს?.. მოსახლეობას სულ სხვა რამ სურს, მას სურთ რეალურად ისეთი სანქციების შემოტანა, რაც ამ ბიზნესს მნიშვნელოვნად შეუკვეცავს ფრთებს. ამ სფეროში იმხელა ფული ტრიალებს და ისეთი მოგება აქვთ, მოსაკრებლის ზრდა მათთვის პრობლემა ნამდვილად ვერ იქნება - ანუ ესეც სატყუარაა ამომრჩევლისთვის და მეტი არაფერი. დღეს იმდენად რთული ვითარებაა ქვეყანაში, რომ ასეთი სოციალური ინიციატივები შეიძლება მხოლოდ პროპაგანდისთვის იყოს გამოყენებული. ამომრჩევლის მცირე ნაწილი, ალბათ, ისევ მოტყუვდება, მაგრამ ეს საზოგადოებაში არსებულ განწყობას მნიშვნელოვნად ვერ და არ შეცვლის.

ჩვენში, ყველა ხელისუფლების პირობებში, ერთ-ერთი უპირველესი პრობლემა კორუფცია იყო. შეიძლება ითქვას, დღეს ამან პიკს მიაღწია. მართალია, საყოველთაო კორუფცია ჯერ არ არის, თუმცა ამის ნიშნებიც უკვე ჩანს, სამაგიეროდ, ელიტური კორუფცია სულ უფრო მასშტაბური ხდება. ყოვლად შეურაცხმყოფელია ის დამოკიდებულება, რასაც პარლამენტის ტრიბუნიდან ვისმენთ, როდესაც, ერთი მხრივ, პარლამენტი სიძულვილის ენის შეზღუდვაზე საკანონმდებლო ცვლილებებს იღებს, მეორე მხრივ კი უმრავლესობის დეპუტატები შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და ისეთი სიძულვილით მოიხსენიებენ ოპონენტ კოლეგებს, გაოგნებული ვრჩებით. ხელისუფლება ცდილობს ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც სურს, სხვისი აზრის გაუთვალისწინებლად... ამიტომაც ყველგან რაღაც პრობლემები ჩნდება: ჭიათურაში პრობლემებია, რაჭაში ახალი "ერისთავი" გაჩნდა - ვინმე ხიდაშელი, რომელსაც ასობით ჰექტარი მიწა მისცეს და ახლა ამბობენ, უკან უნდა წავართვათო, და ა.შ.

ეს ყველაფერი ჯამურად ძალიან უარყოფითად მოქმედებს საზოგადოებაზე. მოსახლეობაში ნეგატიური განწყობა ნელ-ნელა ძლიერდება და სოციალური ინიციატივები ამას ვერ გააქარწყლებს. დარწმუნებული ვარ, საარჩევნოდ ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტი მნიშვნელოვნად გადახალისდება. ვფიქრობ, შეიცვლება ღარიბაშვილიც და ამაზე ივანიშვილი უკვე ფიქრობს. მაგრამ კადრების შეცვლა ვერაფერს შეცვლის, მთელი პოლიტიკური სისტემა და სქემა, მთელი მიდგომებია შესაცვლელი. შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელი საყოველთაო კორუფცია სააკაშვილის დროს ელიტურად იქცა, ივანიშვილის ხელისუფლებამ კი ის მემკვიდრეობად მიიღო, შეითვისა და კიდევ უფრო მასშტაბური გახადა. ეს ყველაფერი ქვეყანაში ქმნის უსამართლობის განცდას, რაც მზარდია. თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა უარყოფითი მუხტის დაგროვება, არ ვიცი, გაზაფხულზე რა პროცესები დაიწყება. ერთად­ერთი, რაზეც დღეს ხელისუფლება დგას, არის სუსტი ოპოზიცია და "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ისეთივე მიუღებელია საზოგადოების 2/3-ისთვის, როგორც "ქართული ოცნება".

- ოპოზიცია ახსენეთ და, საინტერესოა, როგორ შეაფასებთ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებასა და მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ პოლიტიკურ განცხადებებს?

- ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს ერთი რამ - არსებული პოლიტიკური ვითარება შეიძლება გამწვავდეს და "ქართულ ოცნებას" შეექმნას პრობლემები, მაგრამ ამით ოპოზიციაში ძალთა განლაგება არსებითად ვერ შეიცვლება. როგორც არ უნდა დაიყოს "ნაციონალური მოძრაობა", ის აუცილებლად გადალახავს 5%-იან ბარიერს, ისევე როგორც "ქართული ოცნება". დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრში ახლა იმაზე უნდა იფიქრონ, როგორმე მოახერხონ სხვა ძალებმაც ბარიერის ისე გადალახვა, რომ დღის წესრიგში დადგეს კოალიციური მთავრობის შექმნა.

საზოგადოებაც უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ დღეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლების არა სრულად შეცვლა, არამედ კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბება, რათა ქვეყანაში დასრულდეს ერთპარტიული მმართველობა, რასაც კომუნისტებიდან მოყოლებული ვერაფრით დავუსვით წერტილი. ამას კი ყოველთვის მოჰყვება როგორც ავტორიტარული, ისე კორუფციული პროცესები. ერთპარტიული მართვა ნიშნავს იმას, რომ ფერხდება ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ოპოზიციას ამის ელექტორალური რესურსი ნამდვილად აქვს, მაგრამ ამას ათვისება სჭირდება.

ქართველი საზოგადოება მიჩვეულია, რომ მოდის ხოლმე ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც წინას სრულად ანაცვლებს - დღეს ეს ვეღარ მოხდება. ამას სჭირდება ახალი ლიდერი, ისეთი, როგორიც თავის დროზე სააკაშვილი იყო, შემდეგ - ივანიშვილი... ასეთი ლიდერი არათუ ჰორიზონტზე არ ჩანს, სფეროც კი არ არის, საიდანაც შეიძლება მისი აღმოცენება ვივარაუდოთ. დღეს ჩვენი საზოგადოების მთავარი ამოცანაა ერთპარტიული მმართველობის დასრულება. თუ ჩვენ ამას გავაცნობიერებთ, ძალიან კარგი იქნება.

თუ კვლავ დავრჩებით ორპოლუსიან გარემოში, ეს როცა იქნება, დასრულდება, მაგრამ შეიძლება დასრულდეს სამოქალაქო დაპირისპირებით, რაც ქვეყნისთვის ძალიან მტკივნეული იქნება... რაც შეეხება სააკაშვილს, მან ციხიდან თავის დახსნის ყველა გზა მოსინჯა, მაგრამ არაფერმა უშველა, არც შიმშილმა, არც ავადმყოფობამ, არც ევროპარლამენტარების განცხადებებმა... ახლა ცდილობს ისევ იაქტიუროს და პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნას, მაგრამ არც ამ მიმართულებით უნდა ჰქონდეს დიდი წარმატების იმედი. ის ციხეში დარჩება მანამ, სანამ მისი გათავისუფლება "ქართულ ოცნებას" არ დასჭირდება... რაც შეეხება მის განცხადებას, მომავალი არჩევნებისთვის ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ პირებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრებიო, ჩემი აზრით, ვინც არ უნდა შეიყვანონ სიაში, არაფერს შეცვლის, "ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს იმ მხარდაჭერას, რაც სტაბილურად აქვს ბოლო წლებში. მას ამომრჩევლის გაზრდის რესურსი აღარ აქვს, მით უფრო, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე კვლავ აქტიურად გამოჩნდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი თუ კეზერაშვილი...

- ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ამ ცოტა ხნის წინ განაცხადა: "დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი გახდება დიდი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ორთქლმავალი". მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანს პრეზიდენტის რეიტინგი გაიზარდა, თქვენი აზრით, მას აქვს რესურსი, რომ ოპოზიციურ გაერთიანებას ორთქლმავლობა გაუწიოს?

- არ ვიცი, ბატონი გია ამ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაში რას გულისხმობს, მაგრამ თუ ასეთი რამ მართლაც შეიქმნება, ეს უნდა მოხდეს "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე. მართალი ხართ, ზურაბიშვილის რეიტინგი ბოლო დროს გაიზარდა იმის ხარჯზე, რომ მან სწორი პოზიცია დაიჭირა უკრაინასთან, დასავლეთთან თუ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე. მას ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ თუ გარკვეულ ძალებს შეკრებს, გადალახოს 5%-იანი ბარიერი, რაც ნამდვილად კარგი იქნება, თუმცა მოუწევს გადადგეს პრეზიდენტობიდან, მაგრამ ამისთვის უნდა შეირჩეს ოპტიმალურად მნიშვნელოვანი დრო და სწორი არგუმენტები. ხელისუფლება დიდი ხანია ცდილობს მის დისკრედიტირებას, მაგრამ ჯერ ვერაფერს ახერხებს, პირიქით, მისი კრიტიკა პრეზიდენტის რეიტინგს ზრდის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვერაფერს გამოვრიცხავთ, არჩევნების წინ შესაძლოა მართლაც მეტად საინტერესო კონფიგურაცია მივიღოთ.