„საფრთხე დიდია, მაგრამ...“
ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია ისევ გრძელდება. ტერორისტებს კვლავაც მძევლად ჰყავთ 230 კაცი. ამერიკამ ახლო აღმოსავლეთში დამატებითი ჰაერსაწინააღმდეგო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები და გემები უკვე გადაიყვანა. როგორც ჩანს, აშშ-ის მოქმედებამ შეაჩერა "ჰესბოლა", რომელიც ისრაელს ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში თავდასხმით ემუქრებოდა. რას შეცვლის ეს გადაწყვეტილება, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი გვესაუბრება:
- ისრაელი სახმელეთო ოპერაციას აგრძელებს, მიზანი "ჰამასის" განადგურებაა. ეს ადვილი არ არის, რადგან საუბარია ათეულათასობით "ჰამასის" მებრძოლზე, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი "ჰესბოლას" ლიდერის, ნასრალას განცხადება იყო. მსოფლიო ელოდა, რომ "ჰესბოლა" ომს თუ არ გამოაცხადებდა, მკაფიო გადაწყვეტილებას მაინც მიიღებდა, მხედველობაში მაქვს სამხედრო წინააღმდეგობა. მან კი საათ-ნახევარზე მეტი ისაუბრა, მაგრამ ისრაელისთვის ომი არ გამოუცხადებია. ამან იმედი გაუცრუა ისრაელის მიწინააღმდეგეთა ბანაკს. "ჰესბოლასგან" მეტს ელოდნენ, მაგრამ მან თქვა, "ჰესბოლასა" და მის უკან მდგარ ირანს 7 ოქტომბერს ისრაელზე ტერორისტულ თავდასხმასთან არაფერი აკავშირებთო. ასე რომ, ისრაელი ჩრდილოეთ ნაწილში სახმელეთო ოპერაციას გააგრძელებს, რათა მივიდნენ იმ გვირაბებამდე, სადაც იმალებიან "ჰამასის" მებრძოლები, მათი ლიდერები და, დიდი ალბათობით, ჰყავთ მძევლებიც. ისრაელი შეეცდება მძევლების გათავისუფლებას. "ჰამასი" მომზადებული დახვდება და, ალბათ, იმაზე დიდი მსხვერპლი იქნება, ვიდრე აქამდე იყო...
- ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თქვა, ცეცხლს არ შევწყვეტთ, სანამ მძევლები არ გათავისუფლდებიანო. თქვენ მასირებულ შეტევაზე საუბრობთ, ამ ნაბიჯით მეტი საფრთხე ხომ არ შეექმნება მძევლების სიცოცხლეს?
- საფრთხე დიდია, მაგრამ ამ სიტუაციაში ვერ გაგრძელდება მუდმივად დრამა მძევლების შესახებ. ისრაელი ვერ იცხოვრებს მუდმივად შიშში. "ჰამასი" ისრაელის ატერორებს. იყო მოლაპარაკებების ცდები, მაგრამ მხოლოდ ერთი-ორი მძევალი გაათავისუფლეს, ისიც დიდი წვალების შემდეგ, 230 მძევლის გათავისუფლება კი ვერ მოხერხდა. ამიტომაც დაიწყო სახმელეთო ოპერაცია. ფაქტია, "ჰამასი" შეეცდება ბოლო წუთამდე შეინარჩუნოს მძევლები, რათა ისინი ცოცხალ ფარად აიფაროს. ის შიშობს, იცის, თუ ეს ფარი არ ექნება, უფრო ადვილად განადგურდება. ისრაელის მიზანიც მძევლების გათავისუფლებაა, ამიტომ სიფრთხილით მოქმედებს და შეიძლება ამიტომაც გაჭიანურდეს პროცესი. ღაზა ალყაშია, როგორც კი სექტორში შევლენ, დადგება გვირაბების საკითხიც. ფაქტობრივად, ქალაქებია მიწის ქვეშ, სავარაუდოდ, იქ ჰყავთ მძევლებიც. თუ სხვა შემთხვევების დროს სამხედრო ოპერაციებისას ისრაელი ამ გვირაბებს ამოავსებდა, შეეძლო გაეშვა შიგნით მხუთავი გაზი ტერორისტების დასახოცად, ჩაეშვა წყალი, ამჯერად ასეთ თამამ ნაბიჯებს ვეღარ გადადგამს მძევლების გამო. ისიც ცნობილია, იქ ყველგან ვიდეოკამერებია და "ჰამასს" შეუძლია ხაფანგები დაუგოს ისრაელის სამხედროებს.
- ისრაელმა პალესტინელებს გაუუქმა სამუშაო ვიზა, მათ ქვეყნიდან უშვებს, ეს არ გამოიწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას?
- დიახ, 18 000 პალესტინელს გაუუქმა მუშაობის უფლება, არადა, თავის დროზე იმიტომ მისცა, რომ სიკეთე დაენახათ და არ ჰქონოდათ ისრაელის განადგურების სურვილი, მაგრამ ამ ნაბიჯმა არ გაამართლა. პირიქით, იყო შემთხვევები, როცა ისრაელში დასაქმებული ზოგიერთი პალესტინელი წინ მიუძღოდა ტერორისტებს. ისრაელს სრული უფლება აქვს ეს გააკეთოს ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის.
- შესაძლებელია "ჰამასს" დახოცილი ჰყავდეს მძევლები?
- სავარაუდოდ, ნაწილი დახოცილი ეყოლება, ნაწილს ფარად იყენებს. დიდი ალბათობით, მძევლები იმ ადგილებში ჰყავთ, სადაც მათი ხელმძღვანელობაა.
- ისრაელს შესწავლილი აქვს ეს გვირაბები? არ შეუქმნის საფრთხეს ისრაელის არმიას?
- ისრაელის სპეცდანიშნულების მომზადების დონე ძალიან მაღალია. წინასწარ მსხვერპლის ოდენობაზე საუბარი ძნელია, ყველაფერი დამოკიდებულია სადაზვერვო ინფორმაციაზე, რომელიც ისრაელის სპეცსამსახურებს იმ მომენტისთვის ექნებათ. სადაც მძევლები არ იქნებიან, იქ შეიძლება გაუშვან გაზი და, ალბათ, გამოსასვლელებსაც ჩაუკეტავენ. "ჰამასს" მთელი საწყობები აქვს იმ გვირაბებში, მთელი ქალაქებია შიგნით, სურსათითა და წყლით, საჭირო მარაგით. ეს გათვლილია იმისთვის, რაც შეიძლება დიდხანს გაძლონ გვირაბებში.
- ყველა და მათ შორის თქვენ, ამბობდით, ბევრი რამ დამოკიდებული იყო "ჰესბოლაზე", მოსალოდნელი იყო მისი შეტევის დაწყებაც. გამოდის, მუქარა უკან წაიღეს, მაგრამ შეიძლება "ჰესბოლამ" ისევ შეცვალოს პოზიცია?
- რეალური მიზეზი, რის გამოც "ჰესბოლამ" უკან დაიხია, აშშ-ის გემებია, რომლებსაც მიზანში ჰყავთ ამოღებული. იმ შემთხვევაში, თუკი "ჰესბოლა" რაიმეს დაიწყებს, ცეცხლს გაუხსნიან და გაანადგურებენ. ეს საფრთხე დაინახა "ჰესბოლამ" და ამიტომაც განაცხადა მისმა ლიდერმა, რომ ის და ირანი არაფერ შუაში არიან "ჰამასის" ტერორისტულ აქტში. ამ განცხადების მიუხედავად, შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია. ჯერ "ჰესბოლას" ამის სურვილი არა აქვს, თუმცა მცირე შეტაკებები ისრაელის არმიასთან ისევ აქვს. "ჰესბოლა" მცირე შეტაკებებით ცდილობს რაც შეიძლება მეტი სამხედრო დანაყოფი და ტექნიკა ჰყავდეს ისრაელს მობილიზებული ჩრდილოეთ ნაწილში და არ მიეცეს საშუალება მთელი ძალით შეუტიოს ღაზის სექტორს.
თუმცა ის ნაწილები, რაც ისრაელს ჰყავს ღაზის სექტორში, საკმარისია დასახული მიზნის მისაღწევად... ]ამერიკიდან გემების მეორე დაჯგუფება შევიდა და საჰაერო თავდაცვის სისტემებიც ჩაიტანეს. ამერიკამ რომ სახმელეთო შეტევა შეაჩერებინა, ამის მიზეზი იყო მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკება, მაგრამ რადგან უშედეგოდ დასრულდა, აღარ გახდა საჭირო დროის კიდევ მეტად გაწელვა და დაიწყო სახმელეთო ოპერაცია. დახურული არხებით ისევ მიმდინარეობს მოლაპარაკება, ამაში ჩართულია კატარიც, მაგრამ, როგორც ჩანს, "ჰამასი" ამას დროის გასაყვანად იყენებდა, თორემ მისი სურვილი რომ ყოფილიყო მძევლების გათავისუფლება, აქამდე გაათავისუფლებდა.
- ირანი რას იზამს?
- რეალურად "ჰესბოლა" ნიშნავს ირანს. ამაზე კრიტიკული სიტუაცია რა უნდა იყოს, ალყაშია ღაზა. მისი ყველაზე მტკიცე საყრდენი "ჰესბოლა" იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, გადამწყვეტი როლი შეასრულა ამერიკის გემებმა. "ჰესბოლა" არაერთხელ გააფრთხილეს, რომ გაანადგურებდნენ. ამიტომ საკუთარ თავს არ გაწირავდნენ "ჰამასისთვის", მით უმეტეს ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის კონკურენტები არიან, იდეოლოგიურადაც სხვადასხვა მიმდინარეობაა - შიიტები და სუნიტები არიან. "ჰესბოლას" განცხადების შემდეგ შეიძლება "ჰამასი" მოტყუებულად და მიტოვებულად გრძნობს თავს, მაგრამ "ჰესბოლას" ამერიკის შეეშინდა, რადგან ის სერიოზული ძალაა. მან ცოცხალი ძალის და ტექნიკის გადაყვანით აჩვენა, რომ განზე არ გადგება და არავის მისცემს თავისი მთავარი მოკავშირის, ისრაელის დაჩაგვრის უფლებას. "ჰამასი" ვერც მომზადებით, ვერც საბრძოლო შემართებით ისრაელის არმიასთან ახლოს ვერ მივა და მან უნდა გაიმარჯვოს.
- ღაზაში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა ქალაქიდან გავიდა?
- ბოლო მონაცემებით, ჩრდილოეთ ნაწილში მილიონ 100 ათასი კაცი ცხოვრობდა და 750 000-მა დატოვა იქაურობა ისრაელის მოწოდების შემდეგ. დარჩა დახლოებით 350 000 კაცი, მაგრამ ახლა რთულია იმის გარჩევა, რომელია მშვიდობიანი მოქალაქე და რომელი - "ჰამასის" მებრძოლი. მებრძოლები ხშირად განმასხვავებელ ნიშანსაც არ იყენებენ და სამოქალაქო ფორმით იბრძვიან. ასე რომ, ისრაელს ძალიან გაუჭირდება გარჩევა. ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისია, სექტორი ყველა მხრიდან ჩაკეტილია. ელოდნენ, რომ ეგვიპტის მხარე გაიხსნებოდა, მაგრამ 2 მილიონი კაცი როგორ გინდა გაფილტრო, როცა ტერორისტები სამოქალაქო ფორმით იბრძვიან, მით უმეტეს, ეგვიპტეს თვითონაც პრობლემები აქვს.