როგორ იცვლება საერთაშორისო დღის წესრიგი
რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საერთაშორისო დღის წესრიგი სრულიად შეცვლილია და XX საუკუნის მეორე ნახევრის მექანიზმები, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს. რატომ ვერ ასრულებენ საერთაშორისო ორგანიზაციები თავიანთ ფუნქციას, არის თუ არა მათი მოდერნიზება შესაძლებელი, თუ ახალი მექანიზმებია მოსაფიქრებელი, როგორი იქნება ახალ წესრიგში პატარა ქვეყნების როლი და ადგილი, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროს მეცნიერ თანამშრომელს, თენგიზ ფხალაძეს ვესაუბრეთ:
- დაპირისპირება მწვავდება და ისრაელზე თავდასხმამ ეს ძალიან გამოკვეთა, უფრო მწვავე ფაზაში გადავიდა. ეს არის ცივილიზებული სამყაროს ბრძოლა ავტორიტარიზმთან, ტერორიზმსა და იმ ბევრ სხვა პრობლემასთან, რაც ჯერ კიდევ აქვს XXI საუკუნის მსოფლიოს. ეს არის ახალი გეოპოლიტიკური, ახალი მსოფლიო წესრიგის ძიება. უსაფრთხოების ის არქიტექტურა, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ერთხანს თავის როლს ასრულებდა, მაგრამ XXI საუკუნემ ნათლად დაგვანახა, რომ ის აღარ შეესაბამება მისთვის წაყენებულ მოთხოვნებსა და ფუნქციებს როგორც ევროპული, ასევე გლობალური მასშტაბით. ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიც არიან ეუთო და გაერო, ვეღარ ახდენენ კონფლიქტების პრევენციას, ვეღარ აღკვეთენ და ამის მაგალითია სამხედრო დაპირისპირება უკრაინასა თუ ისრაელში, ადრე კი საქართველოში. მაქსიმუმი, რასაც ეს ორგანიზაციები ახერხებდნენ, იყო კონფლიქტების გაყინვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს პრობლემის გადაწყვეტას, პირიქით, რიგ შემთხვევაში ეს უფრო ამძიმებდა რეალობას და კონფლიქტები უფრო მწვავედ და უფრო მასშტაბიანად განახლდება ხოლმე. ამ ორგანიზაციების გვერდის ავლით იწყება ახალი კონფლიქტები და მთავრდება ძველი. ამის მაგალითია ყარაბაღი, სადაც კარგად გამოჩნდა საერთაშორისო ორგანიზაციების უუნარობა. სამაგიეროდ, აზერბაიჯან-თურქეთის სამხედრო ალიანსმა გაცილებით ეფექტურად იმუშავა. აზერბაიჯანი სწორედ თურქეთთან პარტნიორობამ მიიყვანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე. ცხადია, საერთაშორისო ორგანიზაციები ვერ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას და ამიტომაც მიმდინარეობს ახალი მსოფლიო წესრიგის ძიება. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ - ერთი მხრივ, არის რეტროგრადული იმპერია, რუსეთი, რომელიც ცდილობს სხვებისთვის ტერიტორიების წართმევას, ე.წ. მართვადი კონფლიქტებით გავლენის ზონების გაფართოებასა და შენარჩუნებას, და მეორე მხრივ, არის მოვლენა, რომლის აღკვეთა საერთაშორისო ორგანიზაციებს არ შეუძლიათ - ეს არის ტერორიზმი, რომლის გამოვლინება ამჟამად არის "ჰამასი" და ის, რაც დღეს ხდება ისრაელში. ამ ვითარებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული და ცივილიზებული სამყაროს ლიდერობას, ერთიანობას და ურყევ ნებას, რომ ის არასოდეს შეურიგდება ტერორიზმს, ტერიტორიების წართმევას, ანექსიებს, ოკუპაციებს, მართვად კონფლიქტებს, არ დაუშვებს კონფლიქტების გეოგრაფიის გაფართოებას.
- დემოკრატიულმა საზოგადოებამ ერთიანობა აჩვენა, მათი განცხადებები ამის დასტურია, მაგრამ მათი ქმედებები საკმარისია იმისთვის, რომ ამ საფრთხეებს გაუმკლავდეს?
- ერთიანობაზეა ლაპარაკი მხოლოდ განცხადებების დონეზე არ უნდა დარჩეს, უნდა გამოიხატოს ქმედებებში... საერთაშორისო ორგანიზაციების უუნარობამ სამყარო გადააჩვია კრიზისებზე ეფექტიან რეაგირებას. ამისთვის ქვეყნები დიდ ფულს იხდიდნენ ამ საერთაშორისო ორგანიზაციებში. მაგრამ უცბად აღმოჩნდა, რომ კრიზისზე რეაგირების ის მექანიზმები აღარ ვარგა, ახლის მოფიქრებასა და ძველის ჩანაცვლებას კი დრო სჭირდება. დღეს ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ. მნიშვნელოვანია, რომ წამყვანი სახელმწიფოები, მათ შორის აშშ, აჩვენებენ თავიანთ ლიდერობას. საინტერესო იყო "ჰესბოლას" ლიდერის გამოსვლა, რომელმაც მიუხედავად მოლოდინისა, რომ გამოაცხადებდა ომში ჩაბმას, ეს არ გააკეთა. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ "ჰესბოლა" კონფლიქტში რაიმე ფორმით არ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ აშკარა კონფრონტაციაზე წასვლა, რაც მოსალოდნელი იყო, ვერ გარისკა. ეს იმის შედეგია, რაც ბოლო პერიოდში გააკეთა შტატებმა. რამდენიმე დღის წინ ბლინკენი ისევ ჩავიდა ისრაელში. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა და არა მარტო რეაქცია, მნიშვნელოვანია პრევენციაც და წინმსწრები ნაბიჯები, რათა რეაქციულ ძალებს არ მიეცეთ პირველი ნაბიჯის უპირატესობა. რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესებშია კონფლიქტის გეოგრაფიის გაფართოება, რადგან თუ აქამდე ყველა კონცენტრირებული იყო უკრაინაზე, დღეს ყურადღება გადანაწილებულია ისრაელზეც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ დემოკრატიული სახელმწიფოების ალიანსს აქვს იმდენი შესაძლებლობა და იმხელა ძალაც, რომ ამ გეოგრაფიას გასწვდეს.
- ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები თავიანთ ფუნქციას ვერ ასრულებენ, ახალი არ არის, მაგრამ რატომ ვერ მოხერხდა მათი რეორგანიზება ან ახალი მექანიზმების მოძიება?
- ამაზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს, მათ შორის თუნდაც გაეროს რეფორმისთვის, მაგრამ მიაჩნდათ, რომ უნდა მომხდარიყო მოდერნიზება უკვე არსებული საფუძვლების, ახლა კი აღმოჩნდა, რომ ისინიც შერყეულია. გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი შემთხვევით ხომ არ გაჩენილა? ეს არის 5 ძლიერი სახელმწიფო, რომლებსაც, გარდა იმისა, რომ ვეტოს უფლება აქვთ, დიდი პასუხისმგებლობაც აკისრიათ. არავინ ელოდა, რომ ამხელა პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანა, რუსეთი, წითელ ხაზებს გადაკვეთდა. ეს არ იყო მხოლოდ შეჭრა უკრაინაში, ეს არის ბირთვული შეთანხმებების ხელშეკრულებებიდან, ბირთვულ გამოცდებზე მორატორიუმიდან გამოსვლა - ანუ შეირყა საფუძვლები, რაზეც ეს სისტემა იდგა. ეს გაცილებით ღრმა პრობლემაა...
- მსოფლიო უბრუნდება სახელმწიფოების ინტერესებზე დაფუძნებულ წესრიგს, სადაც შედეგიანია კონკრეტულ საკითხებზე ალიანსების შექმნა. თუ მართლა მივედით აქამდე, მაშინ ამ სისტემაში რა უნდა ქნან პატარა ქვეყნებმა, როგორ უნდა დაიცვან თავიანთი ინტერესები, რადგან ერთადერთ გამოსავლად ე.წ. მიტმასნების პოლიტიკა რჩებათ?
- პატარა ქვეყნები მარტო არ უნდა დარჩნენ. დღეს, როდესაც უსაფრთხოების საერთაშორისო არქიტექტურა არ მუშაობს, პატარა ქვეყანა პირველად ხდება დარტყმის ობიექტი, მას დიდი ქვეყანა გადაყლაპავს. ამიტომ პატარა ქვეყანამ უნდა ეცადოს, რომ არ დარჩეს ალიანსის ბორტს მიღმა და იყოს იქ, სადაც მისი უფლებები, იდენტობა იქნება დაცული და მიუხედავად იმისა, რომ ის პატარა ქვეყანაა, არ დაკარგავს თავის უნიკალურობას, ხმის უფლებას, არ იქნება სხვისი პოლიტიკის ნაწილი. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია. თუკი რამემ აჩვენა მდგრადობა ამ კრიზისების მიმართ, ეს ევროკავშირი და ნატოა, მიუხედავად არსებული უამრავი პრობლემისა, რომელიც ორივეს აქვს. ორივემ აჩვენა, რომ შეუძლია გაუმკლავდეს კრიზისს. ევროკავშირმა კრიზისს ერთიანობით და გაფართოების ახალი შესაძლებლობებით უპასუხა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ნატომაც ნათლად დააფიქსირა, რომ მისი კარი ღიაა ახალი ქვეყნებისთვის, მათ შორის პატარა ქვეყნებისთვის. ძალიან კარგია ისიც, რომ ალიანსი არ აპირებს მხოლოდ რეაგირების რეჟიმში ყოფნას და ის უფრო აქტიურად იმოქმედებს. დარწმუნებული ვარ, ვაშინგტონის სამიტი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
- რა ცვლილებებს ელოდებით ამ სამიტისგან? ფაქტია, ნატო დღეს მხოლოდ რეაგირებს და ვერ ახდენს პრევენციას, თუნდაც ისეთს, როგორიც თავის დროზე თურქეთისა და საბერძნეთის გაწევრებით გააკეთა.
- დღეს ნატოს დღის წესრიგში დგას თავდაცვისუნარიანობის ფინანსირების გაზრდა. სახელმწიფოები უკვე 2%-ზე კი არა, 4-5% ლაპარაკობენ (იგულისხმება ქვეყნის მიერ ბიუჯეტიდან თავდაცვისთვის გამოყოფილი წილი). ეს არის ინოვაციები, ახალი ტექნოლოგიები და ა.შ.
- ნატო იცავს თავის წევრებს, ეს ვიცით, მაგრამ დაიცავს სხვებსაც, თუკი გლობალურ წესრიგზე ვსაუბრობთ? ნატო წავა ასეთ მკვეთრ თვითრეფორმაზე?
- დაცვას თავისი ხარისხი აქვს. მაგალითად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს უკრაინას ნატო იცავს. შესაძლოა ეს არ იყოს მე-5 მუხლის პირდაპირი მოქმედება, მაგრამ არის დაცულობა მე-5 მუხლის გარეშე. კერძოდ, ვგულისხმობ შეიარაღების, სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას, საფრთხეების შეფასებაში დახმარებას, ტექნოლოგიურ, მეთოდოლოგიურ დახმარებას, დაფინანსებას და ა.შ. უკრაინა სწორედ იმის მაგალითია, როგორ შეიძლება ნატომ მე-5 მუხლის გარეშე დაიცვას არაწევრი სახელმწიფო.
- ნატოს ქმედებების გაფართოებაში ვგულისხმობ მტერთან დასწრებაზე თამაშს - ანუ ნატოს უკრაინა წევრად რომ მიეღო თუნდაც 2021 წლის დეკემბერში, ან 2022 წლის იანვარ-თებერვალში, მას შემდეგ, რაც აშკარად გამოჩნდა რუსეთის ზრახვები, რუსეთი გაბედავდა უკრაინაზე თავდასხმას?
- ამას ნატო ვერ მოახერხებდა, რადგან მოწვევა რომც გამოაცხადოს, ამას სჭირდება ყველა წევრი ქვეყნის პარლამენტის მიერ რატიფიცირება - ანუ პროცედურულად შეუძლებელია.
- სწორედ ამ პროცედურის შეცვლას და კრიზისულ ვითარებებზე მორგებას ვგულისხმობ. უკრაინაში, ფაქტობრივად, სამი თვე ჰქონდათ და პროცედურის მომიზეზება საბაბი ხომ არ არის? გასაგებია, რომ პრევენციული ნაბიჯები ვერ გადადგა, ახლა მაინც თუ არის რამე მოსალოდნელი?
- ეს ორგანიზაცია მოწოდებულია, რომ დაიცვას მშვიდობა, მაგრამ ძალიან რთულია ბალანსის დაცვა, ერთი მხრივ, მშვიდობის დაცვასა და მეორე მხრივ, კონფლიქტში ჩართული მხარის დახმარებას შორის.
- საქართველოს ვაშინგტონის სამიტზე რა შანსი აქვს?
- ძალიან სერიოზული. აშშ-მა კიდევ ერთხელ გაააქტიურა დისკუსიები შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. სენატში აქტიურად განიხილებოდა ოჩამჩირეში რუსული სამხედრო პორტის გადმოტანის, როგორც პოტენციური საფრთხის საკითხი. ამიტომაც საქართველოს, რა თქმა უნდა, აქვს ძალიან სერიოზული შანსი, მაგრამ შანსი ნიშნავს შესაძლებლობას და არა იმას, რომ ასე იქნება. შესაძლებლობა უნდა გამოიყენო.
- მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სამხედრო ნაწილები დგანან ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ შორის, თბილისიდან 40 კილომეტრში? საექსპერტო წრეებში ეს ხშირად მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად მიიჩნევა ჩვენი გაწევრებისთვის.
- არა მგონია, რომ ეს დაუძლეველი არგუმენტი იყოს, მით უმეტეს, პოლიტიკურ დონეზე გაწევრებაზე ფუნდამენტური დისკუსია არ ყოფილა, იყო მხოლოდ მაპ-ის მოცემა-არმოცემაზე. ამიტომ, ვფიქრობ, საქართველომ დღეს უპირველესად უნდა იხელმძღვანელოს იმ რეალობით, რაც შეიქმნა მადრიდის სამიტის შემდეგ, ხოლო მადრიდის სამიტმა გვაჩვენა, რომ ქვეყნები შეიძლება მაპ-ის გარეშეც იქნენ მიწვეული ალიანსში და ამის მაგალითია ფინეთი და შვედეთი. უნდა შევეცადოთ, რომ ეს პრეცედენტი გამოვიყენოთ, გამოვიყენოთ ის, რომ გააქტიურდა დისკუსიები შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და მოვითხოვოთ დაცულობის მეტი გარანტია. თუ ეს ორი, პოლიტიკური და პრაქტიკული კომპონენტი, შევაერთეთ და დავამატეთ აქტიური კომუნიკაცია ყველა წევრ სახელმწიფოსთან, მაშინ ჩვენი შანსი ერთიორად იზრდება.
რუსა მაჩაიძე