„საომარი სამკუთხედი“ და ქართული ეკონომიკა - კვირის პალიტრა

„საომარი სამკუთხედი“ და ქართული ეკონომიკა

ერთი თვეა, მსოფლიოს ყურადღება ისრაელისკენ არის მიმართული, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომი ისევ გრძელდება. ეს ყურადღება არც არის გასაკვირი, რადგან ტერორიზმის საფრთხის გვერდით აშკარად გამოჩნდა რუსეთის ინტერესები. მის გარშემო გაერთიანებული ქვეყნები, მოგვწონს თუ არა, თავისი აგრესიით დღის წესრიგს კარნახობენ დემოკრატიულ დასავლეთს. ამ პოლიტიკურ ინტერესებში რა ადგილი უკავია ეკონომიკას, რას უნდა ველოდოთ გლობალური თვალსაზრისით და როგორ აისახება ეს საქართველოს ეკონომიკაზე? ამ საკითხებზე აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრეთ:

- დღეს მსოფლიო ტრანსფორმაციას განიცდის და ჯერ ნათელი არ არის, საბოლოოდ როგორი წესრიგი ჩამოყალიბდება. ვიმედოვნებთ, რომ დემოკრატიული ძალები გაიმარჯვებენ, მაგრამ ჯერ მხოლოდ, შეიძლება ითქვას, რთული გზის საწყის ეტაპზე ვართ. ცხელი წერტილები მომრავლდა და მომრავლდა ჩვენ სიახლოვეს - პრაქტიკულად, საქართველოს გარშემო "საომარი სამკუთხედი" შეიქმნა. 2022 წლის თებერვლიდან ომია უკრაინაში, არცთუ ცოტა ხნის წინ საომარი მოქმედებები იყო ყარაბაღში და სულ ახლა, ერთი თვის წინ, ისრაელს "ჰამასი" დაუპირისპირდა და მას არაბული სახელმწიფოებიც გარკვეულწილად, უჭერენ მხარს. ასეთ ვითარებაში იცვლება მსოფლიო ძალების კონფიგურაცია, იწყება მათი გადანაწილება და ბევრი რამ ახლებურად დალაგდება. რა თქმა უნდა, ეს აისახება მსოფლიო ეკონომიკაზე.

სხვა თუ არაფერი, ის ჰიპერგლობალიზაცია, რომელიც ჩანდა "კოვიდ 19"-ის პანდემიის გავრცელებამდე, აღარ არსებობს. მსოფლიო პანდემიის დროს ის გადავიდა ე.წ. ტურბულენტური გლობალიზაციის პერიოდში, ანუ როდესაც გლობალიზაციამ დაიწყო სერიოზული რყევა. მას შემდეგ კი, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, უკვე ჩამოყალიბდა კონფრონტაციული გლობალიზაცია. ამან ბევრი რამ შეცვალა ან ცვლილებებისთვის გარკვეული მიმართულებები შექმნა. მაგალითად, ბრიკსმა დაიწყო გაფართოება და მასში აღმოჩნდნენ ისეთი ქვეყნები, რომელთა გაწევრება ნაკლებად მოსალოდნელი იყო. მაგალითად, საუდის არაბეთი აშშ-ის პარტნიორად აღიქმებოდა, მაგრამ დღეს ბრიკსის წევრია. ასევე გაწევრდა ირანი, რომელიც აშშ-თან დაპირისპირებული ქვეყანაა. დაიწყო საუბარი, რომ უნდა მოხდეს მსოფლიოში დედოლარიზაცია ანუ საგარეო ვაჭრობაში სულ უფრო ნაკლებად იქნეს დოლარი გამოყენებული. საუბარია ჩინურ იუანზე, მით უფრო, რომ ბრიკსის ქვეყნებს შორის ვაჭრობისთვის ყველაზე უფრო გამოყენებადი იუანია, ჩინეთის ეკონომიკის ზომებიდან გამომდინარე. არც ის არის გამორიცხული, ბრიკსმა ახალი ვალუტა გამოუშვას. საერთაშორისო ვაჭრობიდან დოლარის გამორიცხვა პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია, მის წინააღმდეგ მოძრაობები დაიწყო.

- როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი გლობალურ ინფლაციურ პროცესებზე, რაც გლობალური ეკონომიკისთვის სერიოზული გამოწვევა იყო და არის და თითოეული ქვეყნის ეკონომიკაზე ახდენს გავლენას?

- გლობალური ინფლაციის ტემპმა იკლო, მაგრამ ნიშნავს ეს, რომ მაღალი ინფლაცია დაძლეულია? რა თქმა უნდა, არა. ინფლაციის ყველაზე დიდი საფრთხე არის წარმოების ხარჯების ზრდით გამოწვეული ინფლაცია. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საუდის არაბეთი არ იყო აშშ-თან ამდენად დაპირისპირებული, და როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ამერიკამ საუდის არაბეთს სთხოვა, ნავთობის მოპოვება გაეზარდა და დაბლა დაეწია ამით ნავთობის ფასები, რათა ნავთობის გაყიდვიდან რუსეთის შემოსავალი შემცირებულიყო. საუდის არაბეთმა ეს არ გააკეთა, პირიქით, შეამცირა მოპოვება და ამით ნავთობმომპოვებელმა ქვეყნებმა, და პირველ რიგში რუსეთმა, ნავთობის ფასები გაზარდეს. აშკარაა, რომ საუდის არაბეთის ეს გადაწყვეტილება რუსეთის სასარგებლოდ იქნა მიღებული. ამას ემატება თითოეულ ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური პრობლემები, განსაკუთრებით გამოსარჩევია აშშ, სადაც 2024 წლის შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნებია და ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა შედეგით დასრულდება - შეინარჩუნებს პრეზიდენტობას ბაიდენი თუ ჩაანაცვლებს ტრამპი ან ვინმე სხვა, და ვინ იქნება ეს "სხვა"... ძალიან ბევრი კითხვაა და რაც მთავარია, წინასაარჩევნო პროცესში გამოყენებული იქნება ისეთი თემები, როგორიცაა რუსეთის ომი უკრაინაში, საომარი მოქმედებები ღაზის სექტორში "ჰამასსა" და ისრაელს შორის და ასევე, ამ ომში არაბული ქვეყნების შესაძლო ჩართვა. ეს ყველაფერი აშშ-ში საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი საკითხი იქნება. ამიტომაც ვამბობ, რომ პროგნოზის გაკეთება ძალზე რთულია. მთავარია, ეს ყველაფერი ბირთვულ ომში არ გადაიზარდოს. მსოფლიო იცვლება და ჩვენ ვართ კონფრონტაციული გლობალიზაციის პერიოდში. როდის დასრულდება ის და რა მოხდება, გაძლიერდება ბრიკსი თუ პირიქით, ჩამოიშლება, ამის თქმა ჯერ შეუძლებელია.

militaryistock-1399575135-feradi-1699176820.jpg

- ბრიკსი ახსენეთ და, მასში შემავალი ქვეყნების უმეტესობა, პირველ რიგში რუსეთი, დასავლურ მედიაში უკვე მოიხსენიეს, როგორც ბოროტების ბანაკი, და აქ მოიაზრებენ ჩინეთს, ირანსა და სხვებს. ასეთი დაყოფა - "ბოროტების ბლოკი" დასავლური ბლოკის წინააღმდეგ - არის მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე თუ მოიცავს ეკონომიკურ ინტერესებსაც?

- ჩინეთი ახსენეთ რუსეთსა და "ჰამასთან" ერთად, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს საკითხი ასე მარტივი არ არის. ჩინეთი, ჩემი აზრით, მაინც დამოუკიდებელ თამაშს წარმართავს. ის, რომ "ჰამასსა" და რუსეთს შორის იკვეთება საერთო ინტერესები, ფაქტია და აი, რატომ - დასავლეთი და პირველ რიგში აშშ მხარდაჭერას უცხადებს ისრაელს და ეს არ გამოიხატება მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერით, ისრაელში დიდი რესურსები მიდის. ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინის დახმარება თუ არ შემცირდა, მნიშვნელოვნად ვეღარ გაიზრდება, რაც, რუსეთის ინტერესშია. ამიტომ სულაც არა აქვს მნიშვნელობა, დგას თუ არა "ჰამასის" უკან რუსეთი, ფაქტია, ეს ყველაფერი შედის რუსეთის ინტერესებში. მაგრამ ვინ თქვა, რომ ჩინეთს რუსეთის გაძლიერება უნდა? ჩინეთის ამოცანაა თვითონ გაძლიერდეს. ჩინეთი სულ სხვა თამაშს თამაშობს. რუსეთის ტერიტორიაზე არის ჩინური დასახლებები. ცხადია, ეს ტრადიციულ "ოკუპაციად" არ ითვლება, მაგრამ ფაქტია, ჩინეთის რუსეთზე გავლენა იზრდება. ამას ემატება რუსეთის ტექნოლოგიური დამოკიდებულება ჩინეთზე. ჩინეთი დასავლური ბანაკის წევრი არ არის, მაგრამ, ვერც რუსულ ბანაკში განვიხილავთ, ის მესამე ძალად უნდა იქნას მოაზრებული. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩინეთს არც ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება აწყობს და გაეროში ჩინეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერია. მაგრამ აწყობს თუ არა ჩინეთს, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს რუსეთის ომი უკრაინაში? აწყობს. აწყობს თუ არა, რომ ამ ომში დასავლეთიც ეკონომიკურად რაც შეიძლება დასუსტდეს? რა თქმა უნდა, აწყობს. ამიტომაც ვამბობ, რომ ჩინეთი ახდენს პოზიციონირებას, როგორც მესამე ძალა და როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე.

- სად არის აქ საქართველო და მისი როლი?

- როლს რაც შეეხება, დიდი იყო ცდუნება და ზეწოლაც, რომ საქართველო ჩართულიყო საომარ მოქმედებებში. ეს განცხადებები ისმოდა და დღემდე ისმის კიევიდან. რაც მთავარია, რომელიმე ჩვენმა უცხოელმა პარტნიორმა აშშ-დან ან ევროკავშირიდან რამე ფორმით მაინც თქვა, რომ კიევის ეს მოწოდებები, სულ ცოტა, არაკორექტულია? ევროპარლამენტის რომელიმე დეპუტატმა მოუწოდა კიევს, რომ თავი დაენებებინა საქართველოზე პროვოკაციული განცხადებებისთვის? ფაქტია, რომ ეს არავის გაუკეთებია... აღარაფერს ვამბობ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მონიჭება-არმონიჭების საკითხზე. თქვეს, რომ უკრაინას იმიტომ მიანიჭეს სტატუსი, რომ ომშია, ხოლო მოლდოვას იმიტომ, რომ ომის საფრთხე ჰქონდა. მაშასადამე, გამოდის, ჩვენ ან ომში რომ ვყოფილიყავით, ან ომის საფრთხის ქვეშ, ჩვენც მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს. ეს ხომ იყო შენიღბული მოწოდებები, რომ ომში ჩავრთულიყავით? ჩვენი ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო სწორედ ის, რომ მშვიდობა შევინარჩუნეთ. საქართველოს გადარჩენისთვის დღეს ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია, დანარჩენი კი ყველაფერი მიდის საქართველოს ეკონომიკური განვითარებისკენ. საქმე ის არის, რომ ჩინეთი მაინც რჩება დასავლეთისთვის სავაჭრო პარტნიორად და რადგან ჩინეთი გადაზიდვებისთვის რუსეთზე გამავალ სარკინიგზო ხაზებს ვეღარ იყენებს, სჭირდება ალტერნატიული გზა და ეს გზა არის "დიდი აბრეშუმის გზა", რომლის თანამედროვე ვერსია "შუა დერეფანია". ამ პროექტის პარალელურად საქართველოზე გადის ძალიან მნიშვნელოვანი ნავთობსადენები და გაზსადენი და დიდი დაინტერესებაა, რომ ეს დერეფანი მაქსიმალურად დაიტვირთოს. უნდა ვახსენოთ ელექტროკაბელიც, რომლის მეშვეობითაც საქართველოსა და აზერბაიჯანში წარმოებული ელექტროენერგია მიეწოდება რუმინეთსა და უნგრეთს, იქიდან კი ევროკავშირის სხვა ქვეყნებს. ამიტომაც არის ეს ენერგეტიკული პროექტი ბრიუსელის პატრონაჟის ქვეშ. ახლა წარმოიდგინეთ, საქართველო რომ ომში იყოს ჩართული, ეს გზაც ხომ დაბლოკილი იქნებოდა?

- ისრაელის ამბები მოახდენს გავლენას დასავლეთის ეკონომიკურ ინტერესებზე? რა გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით?

- ეს ყველაფერი გავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე. ისრაელი გარშემორტყმულია არაბული ქვეყნებით, რომლებიც ნავთობით მდიდარი ქვეყნებია. სადაც საომარი მოქმედებებია, იზრდება რისკებიც და როდესაც იზრდება რისკები, იზრდება ნავთობის ფასებიც. შესაბამისად, ეს არის ინფლაციის გამომწვევი გლობალური პროცესი. ეს დიდი გამოწვევაა საქართველოსთვისაც. ეკონომიკაში ასპროცენტიანი პროგნოზირება წარმოუდგენელია, მაგრამ სხვა, თანაბარ პირობებში, ინფლაციის გლობალური მასშტაბით ზრდა გარდაუვალი იქნება.

- აშშ-ის ინიციატივით განიხილებოდა, რომ ისრაელის ტერიტორიაზე უნდა გაევლო ე.წ. აღმოსავლეთის გზას, სადაც ინდოეთიდან არაბული ქვეყნების გავლით მოხდებოდა დასავლეთ ევროპაში ტვირთებისა და ენერგორესურსების გადატანა. რამდენად შეუშლის ხელს ისრაელის მოვლენები ამ პროექტს, მოიმატებს ე.წ. შუა დერეფნის პროექტის მნიშვნელობა?

- ეს გზა ისედაც ძალიან ხელოვნური იყო და დღეს "ჰამასსა" და ისრაელს შორის საომარი მოქმედებების გამო უკვე არარეალისტურია. ამას წინათ წავიკითხე სტატია, რომელიც დაწერა ინდოელმა ექსპერტმა და თქვა, რომ რუსეთი და "ჰამასი" იყენებენ კრიპტოვალუტას არალეგალური ოპერაციებისთვის, მათ შორის, იარაღის შესყიდვისთვის. იმ კომპიუტერული ფირმების უმეტესობა კი, რომლებიც ამას აკეთებენ, ინდოეთშია განლაგებული. აქ მთავარი ის არის, რომ რუსეთისა და "ჰამასის" სასარგებლოდ ირიბად ინდოეთიცაა ჩართული. რა თქმა უნდა, ინდოეთიდან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების გავლით აღმოსავლეთ ევროპასთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის პროექტის ჩაშლა ხელს უწყობს შუა დერეფნის განვითარებას. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ერთდროულად აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან. ეს ხელშეკრულებები უნდა ამოქმედდეს და საქართველოში დაიწყოს ისეთი წარმოება, რომელიც ხარისხითა და სტანდარტებით დააკმაყოფილებს, ერთი მხრივ, ევროკავშირისა და, მეორე მხრივ, ჩინეთის მოთხოვნებს. საქართველომ ახლა ამ ხელშეკრულებების კაპიტალიზაცია უნდა მოახდინოს. ეს კი, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობისა და ხსენებული ხელშეკრულებების გათვალისწინებით, სავსებით რეალისტურია.

- დღეს პოლიტიკურმა საკითხებმა გადაწონა ეკონომიკური ინტერესები. რამდენად არის შესაძლებელი, რომ ეკონომიკურმა ინტერესებმა კვლავ გადაწონოს?

- პოლიტიკურად დაინტერესებული მხარეები ერთმანეთის ეკონომიკურად დასუსტებით არიან დაინტერესებული. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ძალიან მალე სცადა თურქეთმა ამ ქვეყნებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება. თუმცა ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი ჩავიდა კიევში, ამის შემდეგ კიევი უკვე ცვლის პოზიციას და მოლაპარაკება, რომელიც თურქეთში იმართებოდა, შეწყდა. ბუნებრივია, უკრაინის მხარდამჭერი ძალებისთვის მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვება, მაგრამ ვინ თქვა, რომ ამის პარალელურად დასავლეთის ინტერესში არ არის რუსეთის დასუსტება, პირველ რიგში, ეკონომიკურად. ეკონომიკური დასუსტება რომ პოლიტიკურ დასუსტებასაც იწვევს, ეს ნათლად ჩანს რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობაში - რუსეთი ჩინეთს ელაპარაკება როგორც მეორეხარისხოვანი სახელმწიფო პირველხარისხოვანს. ჩინეთ-რუსეთის ვაჭრობაში გამოიყენება არა რუბლი, არამედ იუანი. ეს ხომ აჩვენებს, რომ რუსეთი სუსტდება, ეს კი დასავლეთის ინტერესშიც არის და ჩინეთის ინტერესშიც. როდესაც პოლიტიკური ინტერესები გადმოდის წინა პლანზე, ეს ეკონომიკურ ინტერესებს მოიცავს. ამ შემთხვევაში გლობალური ეკონომიკა პოლიტიკის მძევალია.

- რა მოლოდინი უნდა გვქონდეს როგორც გლობალურ ეკონომიკაში, ასევე საქართველოს მასშტაბით?

- პირველ რიგში ვისურვებდი შეწყდეს ადამიანების ხოცვა, უკრაინამ აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა, ისრაელის სახელმწიფოს გვერდით შეიქმნას პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს არის სურვილები, ხოლო რეალობა, სამწუხაროდ, სხვაა. ბევრი რამ დამოკიდებულია 2024 წელს აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების შედეგებზე, იმაზე, თუ ახალი პრეზიდენტი რამდენად მოისურვებს მსოფლიოში მიმდინარე ომებში ამერიკის აქტიური ჩართულობის გაგრძელებას. თუმცა, ჰიპერგლობალიზაცია, დიდი ალბათობით, აღარ დაბრუნდება. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ბირთვული ომი ავიცილოთ თავიდან. ერთი რამ ნათელია - პროცესები როგორი სცენარითაც არ უნდა განვითარდეს, გლობალიზაცია მაინც შენარჩუნდება, ოღონდ ამ გლობალიზაციაში მონაწილე ყველა ქვეყანა მაქსიმალურად შეეცდება გაითვალისწინოს ეროვნული ინტერესები და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის აუცილებელი გარანტიების შექმნის აუცილებლობა.

რუსა მაჩაიძე