„არ ვიცი, რა პერსპექტივა უნდა ჰქონდეს პოლიტიკოსს, რომელიც ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში ეწინააღმდეგება ქვეყნის პროგრესს“ - კვირის პალიტრა

„არ ვიცი, რა პერსპექტივა უნდა ჰქონდეს პოლიტიკოსს, რომელიც ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში ეწინააღმდეგება ქვეყნის პროგრესს“

"ისე, როგორც არასდროს, გაზრდილია შანსი ჩვენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ. რას ეფუძნება ეს ოპტიმიზმი და რა გახდა "ქართული ოცნების" რიტორიკის შეცვლის მიზეზი, ამ და სხვა საკითხებზე მიხეილ სარჯველაძე გვესაუბრება.

- მე არც არასდროს მეპარებოდა ამაში ეჭვი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი ოპტიმი­ზმის საფუძველია ის მოცემულობა,­ რომ ევროპაში კარგად აღიქვეს შარშან დაშვებული შეცდომის ფასი და ის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც საქართველოს მიმართულებით გაფართოებას. ოპოზიცია ძალიან ეცადა, რაც შეიძლება მეტად შეეშალა ხელი ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მოპოვების საქმეში. კანდიდატის სტატუსს ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ შარშან იმსახურებდა და ახლაც იმსახურებს. ყველა, ვინც ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, ამ შეხედულებას არ იზიარებს და მიაჩნია, რომ დღეს კანდიდატის სტატუსს ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს, მათ ინტერესშია, რომ ქვეყანამ ვერ შეძლოს კანდიდატის სტატუსის მოპოვება. სამწუხაროდ, ოპოზიციას ამის ინტერესი ნამდვილად აქვს.

- ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?

- ოპოზიციაში მყოფი ძალების სურვილია, რომ ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყანას არ ჰქონდეს წარმატება, რომ ეს შემდეგ გამოიყენონ ჩვენს წინააღმდეგ ბრალდებებად და ამით შეეცადონ ხელისუფლებიდან ჩვენს გაშვებას. ასეთი ამოცანა ოპოზიციამ იმ დღიდან დაისახა, როდესაც 12 რეკომენდაციას გამოუცხადა ბოიკოტი. სინამდვილეში, ეს იყო ქვეყნის საბოტაჟი. ყველა, ვინც ამ დებულების მომხრეა, რომ ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებს, არის ის ხალხი, რომლისთვისაც ქვეყნის ინტერესზე მაღლა ვიწროპარტიული ინტერესი დგას, იქნება ეს ჩვენი ოპოზიცია თუ, მაგალითად, ბატონი კუბილიუსი, რომელიც საჯაროდ ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების დასამარცხებლად. არ ვიცი, რა პერსპექტივა უნდა ჰქონდეს პოლიტიკოსს, რომელიც ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში ეწინააღმდეგება ქვეყნის პროგრესს. ჩვენ შევძელით პარტნიორების დარწმუნება, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება თავად ევროპისთვისაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

- ოპოზიცია, კუბილიუსი და კიდევ სხვები ამ ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დასავლეთის კრიტიკას და რუსეთის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას მიიჩნევენ.

- არავითარ შემთხვევაში. ის, რომ საქართველოში ომი არ გვინდა, არ ნიშნავს, რომ ანტიდასავლური განწყობა გვაქვს. ჩვენი ხალხის 85%-ს დასავლეთის ოჯახის წევრობა სურს, მაგრამ ამავე ხალხს მიაჩნია, რომ ამისთვის ომი არ არის საჭირო. ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოს ხელისუფლება პროდასავლური არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმემ აპრიორი სიმართლედ უნდა მიიღოს.

- დავით უსუფაშვილმა გაიხსენა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ბატონი ბორელის ვიზიტი საქართველოში და თქვა, რომ მან დეტალურად ახსნა, სად გვქონდა ჩავარდნები და რა უნდა გაგვეკეთებინა დარჩენილ მოკლე დროში, მაგრამ თქვენ ეს არ გაითვალისწინეთ. მისივე თქმით, თქვენ რომ ევროინტეგრაციისთვის მართლაც იღვწოდეთ, "ლელოს" პროექტებს მაინც განიხილავდით.

- კი, იმასაც ამბობენ, რომ სამი პუნქტის მეტი არა გვაქვს შესრულებული, მაგრამ ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები.­ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ამ რეკომენდაციების შესასრულებლად ოპოზიციას თითი თითზე არ დაუკარებია. როდესაც პირველი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ევროპული პერსპექტივის დადგენის შესახებ და კობახიძემ ოპოზიციას შესთავაზა, ერთად ვიმუშაოთო, წინასწარ ჩამოყალიბებული აზრით თქვეს უარი.

- "ლელოს" წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ არ უთქვამთ უარი.

- "ლელო" შეეცადა "ნაცმოძრაობის" მსგავსად უარი არ ეთქვა, მაგრამ არც მაინცდამაინც დიდი წვლილი შეუტანია. რაც შეეხება მათ კანონპროექტებს, კი ნამდვილად აქვთ მომზადებული, მაგრამ მათი დიდი ნაწილი შეიძლება 12-პუნქტთან შემხებლობაში საერთოდ არ იყოს. იცით, რას ითვლიან? მაგალითად, ანტიკორუფციული მიმართულებით მოამზადეს და შემოინახეს კანონპროექტი. იმავე მიმართულების კანონპროექტზე უკვე იყო დისკუსია და მივიღეთ კიდეც. ვინმესთვის თუ თვითმიზანია, მხოლოდ მისი ავტორობით მომზადებული კანონპროექტები მივიღოთ, ესეც თქვან.

- პარლამენტში მომხდარი სკანდალის შესახებ ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ სანამ ქალის ღირსების შემლახველი ბერაია თანამდებობიდან არ გადადგება, ის პროტესტს არ შეწყვეტს.

- მართლა ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ახლა ოპოზიციას ამ შეცდომის პოლიტიკურ პროტესტად გადათარგმნა უნდა. ცოტა საღად შევხედოთ მოვლენებს - ეს არ არის გადადგომის მიზეზი. შეიძლება ხვალ გამოვიდნენ და თქვან, რომ ბერაიას გადადგომა არ არის საკმარისი და ჩვენც უნდა გადავდგეთ. ალეკოსა და სხვების გასაგებადაც ვიტყვი - ყველანი ვალდებული ვართ, ისე არ მივუშვათ ვითარება, რომ ასეთი ტიპის პროცესებისკენ წავიდეს საქმე. პროცესების დაძაბვას ხელს უწყობს ისეთი ქმედებებიც, როგორც, მაგალითად, ქალბატონი წითლიძე იქცეოდა. სხვა შემთხვევებიც ყოფილა. გავიგე, ვიღაც რომ თავს მოიგიჟიანებს, შენ არ უნდა აჰყვე, მაგრამ ყველას ერთნაირი ნერვები არა აქვს.

ხათუნა ბახტურიძე