„ჩვენს პარლამენტში ქალის უფლებებს პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით იცავენ და არა იმიტომ, რომ ქალის უფლებები აწუხებთ“ - კვირის პალიტრა

„ჩვენს პარლამენტში ქალის უფლებებს პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით იცავენ და არა იმიტომ, რომ ქალის უფლებები აწუხებთ“

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ გადაწყვეტილების მოლოდინშია, გასულ კვირას პარლამენტშიც რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტზე მსჯელობდნენ, მიუხედავად ამისა, ყველაზე დიდი ინტერესი და გარჩევა დეპუტატ ირაკლი ბერაიას თეონა აქუბარდიას შესახებ გრძელმა კომენტარმა­ გამოიწვია, რასაც შემდეგ მობოდიშება მოჰყვა... ერთნი ამბობენ, ფორმალურად თქვა, თორემ სინანულს სულ არ განიცდისო! მათ პასუხიც მიიღეს, ზედმეტები არ მოგივიდეთ და ირაკლი ბერაიას ბოდიში შეირგეთო. საინტერესოა, დაპირისპირების თუ სანახაობის ამდენი ფიგურანტიდან, რომელიმეს თუ ებადება კითხვა, რა გავლენას იქონიებს ყოველივე ეს ამომრჩეველზე? ან როგორ ჩანს ეს ამბავი პარლამენტის გარეთ მყოფთა თვალში, ქვეყანაში თუ მის გარეთ... ჩვენი რესპონდენტია პოლიტფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე:

- ალბათ, "ნაციონალების" მომხრეები ფიქრობენ, რომ დაუშვებელი რამ მოხდა, "ოცნების" მომხრეები კი უფრო ლოიალურები არიან. თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს მოვლენები პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით გადახურდავდება. რასაც სოციალურ ქსელში ვუყურებ, "ოცნების" მიმართ სიმპათიით განწყობილთა თვალში­ დიდი არაფერი მომხდარა, ხოლო, ვისაც "ნაციონალები" ესიმპათიურება, მათთვის დაუშვებელი რაღაც მოხდა. ასე რომ, ფაქტობრივად, საკუთარი სიმპათიების მიხედვით გრძელდება შეფასება.

- როგორ აფასებთ როგორც პოლიტოლოგი, რომელიც მრავალი ქვეყნის პარლამენტის ისტორიას და რეალობას იცნობს?

- ერთხელ, როდესაც პარლამენტის წევრი ვიყავი, პარლამენტარებს ლონდონში­ მოგვიწია გამგზავრებამ. ერთი ჩვენგანის ნაცნობმა მანქანა გამოგვიგზავნა ქალაქის დასათვალიერებლად. ინგლისელი მძღოლები მაინცდამაინც ჩახედული არ აღმოჩნდნენ­ პოლიტიკაში. ჩვენმა მძღოლმა გვკითხა, საიდან ხართო. საქართველო კი ვუთხარით, მაგრამ ვერ მიხვდა, რაზე იყო საუბარი. თქვენ ვინ ხართო, იკითხა. ჩვენ ამაყად რომ ვუთხარით, პარლამენტის წევრები ვართო, ჩაილაპარაკა, აუჰ, საგიჟეთი რომ არისო? მერე აღმოჩნდა, თავის პარლამენტზე ლაპარაკობდა. იმათ თავისი პარლამენტი მიაჩნიათ საგიჟეთად. დადგებიან და ყვირიანო, ერთმანეთს ქაღალდებს ესვრიანო, შეურაცხყოფას აყენებენო... ეს ინგლისში, ყველაზე ძველი პარლამენტარიზმის ქვეყანაში, იქაც კი ხდება ასეთი რამეები. ამიტომ, მგონი, არ გათეთრდების ყორანი მაინცდამაინც საქართველოში...

- ქალის შეურაცხმყოფელი სიტყვები პარლამენტში კი არა, ორღობეშიც არაა მოსაწონი....

- ის, რაც რეალურად ითქვა, რომ ბერაიამ აქუბარდიას მიაყენა შეურაცხყოფა,­ ნამდვილად შეურაცხყოფაა... როგორც ვიცი, რეალობას არ შეესაბამ­ება ბევრი რამ, მაგრამ შეესაბამება თუ არა, საკითხი ასე არ დასმულა. რადგან ბერაიამ ქალზე რაღაც ისეთი თქვა, რაც ქალს არ მოეწონა, ეს უკვე შეურაცხყოფადაა შეფასებული.­ არა ვარ გენდერულ ამბებში კარგად ჩახედული და არ ვიცი, რამდენად სწორია, რომ შეურაცხყოფად შეფასდეს ის, რაც არ მოსწონთ. ვინმემ ჩემზე რომ თქვას, მსუქანიაო, მეც არ მომწონს ჩემი სიმსუქნე, ნამდვილად მინდა უფრო გამხდარი ვიყო, მაგრამ ეს შეურაცხყოფა არის თუ არა, არ ვიცი. ალბათ, შეურაცხყოფა ბევრ ნიუანსს ატარებს. შეიძლება ინტონაცია მიაყოლო ნათქვამს ისეთი, რომ უკვე ეგ იყოს შეურაცხყოფა. რთულია შეურაცხყოფის დანახვა იმაში, რისი მოწმეც არ ყოფილხარ.

- მობოდიშებაც არ გინახავთ?

- კი, წავიკითხე... რა გითხრათ, რომ ვთქვა, დაინგრა ქვეყანა, ამისთანა არაფერი უნახავს პოლიტიკას-მეთქი, მოგატყუებთ. თამარ მეფეს მიაყენა რუქნადინმა შეურაცხყოფა, მაგრამ ისტორია დიდად არ შეცვლილა ამით. რა თქმა უნდა, მოსაწონი­ არ იყო, მაგრამ გვაქვს მსგავსი ფაქტები, ადამიანთა ბუნებაში არის შეურაცხყოფის მიყენების პოტენციალი. მგონი, უფრო დიდი რეზონანსი სურთ მიიღონ ამ მოვლენისგან, ვიდრე მას ექნება, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ბერაიამ ბოდიში მოიხადა. მახსენდება, კვირიკაშვილმა რომ მელიას შეაგინა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი მოიხადა ბოდიში, მაპატიეთ, მდგომარეობიდან გამოვედიო.

- გენდერულ დისბალანსზე თუ გავაკეთებთ აქცენტს, მე მელიას და ირმა ინაშვილის დაპირისპირება გამახსენდა.

- მაია წყნეთელის რეჟიმში რომ იყო ხოლმე ინაშვილი? ასეთ შემთხვევებს ისიც მივამატოთ, თეა წულუკიანს რომ წინ გაუკრეს უწმაწური გამონათქვამი რუსულად. ეს არ იყო ქალის შეურაცხყოფა? სანამ სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ფიგურად იყო აღქმული, არ გახსოვთ, რა შეურაცხყოფასაც აყენებდნენ? ვინმემ მათი შემადგენლობიდან ქალის დაცვის სურვილი გამოხატა? ჰოდა, გამოდის, ჩვენს პარლამენტში ქალის უფლებებს პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით იცავენ და არა იმიტომ, რომ ქალის უფლებები აწუხებთ. პოლიტიკაში მოსულ ქალებს ამ ტიპის სიტუაციებთან ბრძოლის უნარიც უნდა ჰქონდეთ. რა თქმა უნდა, კაცებმა თავს უფლება არ უნდა მისცენ, მაგრამ მარტო იმიტომ, რომ შეურაცხყოფა ქალს მიაყენეს, ამხელა ხმაური უკვე რამდენი დღეა გრძელდება. მგონი, ამასაც­ პოლარიზაციის საბაბად იყენებენ.

ნამდვილად დაუშვებელია ქალის და მით უმეტეს, აქუბარდიასთანა მაღალი ინტელექტის მქონე მომხიბლავი ქალის შეურაცხყოფა, მაგრამ ერთიც და მეორე მხარეც პოლიტიკური დუელის ინსტრუმენტად იყენებს ამ თემას და არა იმიტომ, რომ მაინცდამაინც ან ერთი ებრძვის ქალებს­ და ან მეორე იცავს, ორივე, დამცველიც და მებრძოლიც, იმისდა მიხედვით იბრძვის და იცავს, თავის პარტიაშია ის ქალი თუ სხვის პარტიაში. ამიტომ, თუ დავაკვირდებით, მოსახლეობის ფართო ფენებში ამ ინციდენტს ისეთი ხმაურიანი რეაქცია არა აქვს, როგორც პოლიტიკოსები ცდილობენ გახმაურებას. ამას შედეგად ის მოჰყვება, რომ ვინც მეტად ხმაურობს, იმის სიტყვას ფასი დაეკარგება. როგორც ახლა ჩვენ აღარ ვენდეთ ოპოზიციას აქუბარდიას დაცვაში, იმიტომ, რომ თავის დროზე წულუკიანს რომ შეურაცხყოფდნენ, ის არ დაიცვეს. ესე იგი, ქალს კი არ იცავენ, თავიანთ მომხრეს იცავენ. ასეთი პროცესი თუ გაგრძელდა და კიდევ უფრო ხშირი და ხმაურიანი გახდა, მათ დაცვასაც და მათ ლაპარაკსაც ხალხისთვის აზრი დაეკარგება. მხოლოდ უცხოეთში შეიძლება გასაღდეს ეგ სტილი. მგონი, მაგათაც უცხოეთი უფრო აინტერესებთ, ვიდრე საქართველოს მოსახლეობა. უცხოეთი უფრო მგრძნობიარეა გენდერული საკითხების მიმართ.

- მარტო ბოდიში არ კმარა, უნდა გადადგესო, ითხოვენ.

- გადადგება თუ მარტო ბოდიშს იკმარებს, ეს უკვე პიროვნებაზეა დამოკიდებული. ახლა ბერაია რომ ადგეს და თქვას, შემეშალა და გადავდექიო, მე პირადად ტაშს დავუკრავ. მაგრამ თუ არ გადადგება,­ დაინგრა ქვეყანა და დავიწყოთ ნჯღრევა­ ქვეყნის უმაღლესი ორგანოსი? ადამიანი დაანამუსეს და ბოდიში მოიხადა. თუ არ გადადგა, ღიმილით შეხედონ, ეს რა კაცი ყოფილაო, დაამცირონ როგორც კაცი. ამისთანა გაუთავებელი პრეტენზია თუ აქვთ, ეს ნიშნავს, რომ მათ სალაპარაკო, სასაყვედურო მეტი არაფერი დარჩათ ხელისუფლებასთან, მაშინ ეგ რა ოპოზიციაა?!